ამერიკის შეერთებული შტატების მიერ 66 საერთაშორისო ორგანიზაციის დატოვების საკითხზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რიმა ბერაძემ ისაუბრა. დეპუტატის თქმით, აღნიშნული ორგანიზაციები ვერ ასრულებდნენ დაკისრებულ მოვალეობებს.
„მათი შეფასებით, ეს ორგანიზაციები არაფრის მთქმელია და ფინანსები ფაქტობრივად წყალშია გადაყრილი, რადგან მიზნებს და ამოცანებს ეს ორგანიზაციები ვერ ახორციელებენ. სწორად მიმაჩნია ეს გადაწყვეტილება და სწორედ ამიტომ მიიღო ჩვენმა ქვეყანამ გამჭვირვალობის კანონი, რადგან მსგავსი ორგანიზაციები, განსაკუთრებით „ენჯეოები“ და მედია, რომელიც დაფინანსებული იყო სხვადასხვა მიზნებით და ახორციელებდნენ არეულობას და, ზოგადად, თავს მოხვევას გარე ძალების ინტერესების, მიზანშეწონილად მიიჩნიეს, რომ ასეთი ორგანიზაციები არის ფუჭი და არ იყოს გამოყენებული ქვეყნის საწინააღმდეგოდ“, – აღნიშნა რიმა ბერაძემ.
ცნობისათვის, აშშ 66 საერთაშორისო ორგანიზაციას ტოვებს. როგორც სახელმწიფო მდივნის განცხადებაშია აღნიშნული, ორგანიზაციები ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მფლანგველ, არაეფექტიან და მავნე ორგანიზაციებად იყო მიჩნეული, რომლებსაც არაეფექტიანი შედეგები და ცუდი მმართველობა ჰქონდათ და მათი საქმიანობა ამერიკის ინტერესებს არ შეესაბამებოდა. მარკო რუბიო ხაზს უსვამს ორგანიზაციების არაკომპეტენტურობას, დაუსაბუთებელ ხარჯებსა და ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებს, რაც მათი ფედერალური ბიუჯეტიდან არ უნდა ფინანსდებოდეს. ორგანიზაციებს შორის, რომელთა წევრიც შეერთებული შტატები აღარ იქნება, ერთ-ერთი ვენეციის კომისიაცაა.

