ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებებით გათვალისწინებული ნორმები და სიახლეები, ონლაინ შეხვედრის ფორმატში, დაინტერესებულ პირებთან განიხილა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელშიც 30-მდე სამოქალაქო ორგანიზაციის, მათ შორის სახალხო დამცველის და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა, საუბარი კანონპროექტის შესახებ მომზადებულ რეკომენდაციებს შეეხო.
„საქართველოს პარლამენტი მთავრობის მიერ ინიცირებულ – „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონპროექტზე მუშაობს და აღნიშნული პროექტი ორი მოსმენით უკვე მიღებულია. კანონპროექტთან დაკავშირებით 50-მდე ორგანიზაციამ 41 რეკომენდაცია გამოითქვა, საიდანაც პარლამენტმა 35 ერთეული გაიზიარა. შესაბამისად, რეკომენდაციებისა და ინიციატივების 85% უკვე აისახა კანონპროექტის რედაქციაში, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. დარჩენილია რიგი საკითხები, რომლებიც დამატებით მუშაობას და კონსულტაციებს საჭიროებს. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტზე მუშაობის პროცესი საკმაოდ გამჭვირვალედ და მაღალი ჩართულობის სტანდარტით მიმდინარეობს. ონლაინ შეხვედრისას, ცალკეულმა ორგანიზაციებმა დღესაც გამოთქვეს გარკვეული კრიტიკა, მაგრამ რეალური სამართლებრივი არგუმენტები ვერ წარმოადგინეს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს კანონპროექტზე მუშაობა, რადგან კანონის მიღებას ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი შშმ პირი ელოდება“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღება მიმდინარე კვირაში, რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე იგეგმება.