კონსენსუსის საკითხი დაკავშირებულია მხოლოდ იმ პროცესებთან, რაც გულისხმობს საარჩევნო სისტემებს, ნებისმიერ სხვა საკითხზე აქცენტის გადატანა არის იმ პასუხისმგებლობიდან გაქცევა, რასაც კონსესუსი ჰქვია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
იონათამიშვილი აღნიშნული კომენტარით „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგი უგულავას განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მას ამ ნაწილში ეთანხმება.
იონათამიშვილის აზრით, კარგი იქნება, თუ ოპოზიციას გონიერება ეყოფა და კონსესუსის პროცესში წვილს შეიტანს.
„კონსენსუსის საკითხი დაკავშირებულია მხოლოდ იმ პროცესებთან, რაც გულისხმობს საარჩევნო სისტემებს, ნებისმიერ სხვა საკითხზე აქცენტის გადატანა არის იმ პასუხისმგებლობიდან გაქცევა, რასაც კონსესუსი ჰქვია. ამ ნაწილში გიგი უგულავას ვეთანხმები. არ შეიძლება, სხვა ნებისმიერი საკითხი იყოს ამ ჭრილში განხილული. თუ ოპოზიციას გონიერება ეყოფა და კონსესუსის პროცესში წვილს შეიტანს, ეს იქნება სწორი გადაწყვეტილება. ოპოზიცია მიზეზებს ეძებს იმისთვის, რომ დემოკრატიული პროცესების მიღმა იყოს და კონსესუსზე უარი თქვას. ჩვენთვის მთავარია, რომ კონსენსუსი შედგეს. ოპოზიცია უნდა იყოს კონსტრუქციული, ეს მათი პასუხისმგებლობაა და ამ პასუხისმგებლობის აღებას არ უნდა შეუშინდეს. დრო ცოტა რჩება და თუ გონიერება ეყოფათ, კარგია. ოპოზიციის ცალკეული წევრებისგან არაერთი არაკორექტული და არაკულტურული განცახდება მოვისმინეთ, რაც მათი მხრიდან ტრენდად იქცა. ეს მათი კულტურული დონის ნიშანია“ ,- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
„ევროპული საქართველოს“ წევრმა, პატიმრობაში მყოფმა გიგი უგულავამ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა, რომ არ სურს, მისი გათავისუფლების საკითხი გახდეს ბარიერი მაქსიმალურად პროპორციული სისტემის მიღების პროცესში, რაც ქვეყანას, მის მშვიდობიან განვითარებას, ჰაერივით სჭირდება.
გიგი უგულავა მიმართავს თანაგუნდელებსა და მთლიანად ოპოზიციის ერთობას, რომ მისი პატიმრობა, შეგნებული არჩევანი და საერთო ბრძოლის ნაწილია.
უგულავას განცხადებით, მაქსიმალურად პროპორციული სისტემის მისაღებად ყველაფერი უნდა გაკეთდეს.