ოთხშაბათი, მაისი 14, 2025

რატი ბრეგაძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: წარმოდგენაც კი შემზარავია, რა ფორმას მიიღებდა ძალადობრივი რეჟიმის ტირანია საპარლამენტო არჩევნებზე ქართველ ხალხს პროპაგანდისტულ ნეობოლშევიზმზე რომ არ გაემარჯვა

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე საქმეზე „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“ სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხმაურება. როგორც მინისტრი Facebook-პოსტში წერს, წარმოდგენაც კი შემზარავია, რა ფორმას მიიღებდა ძალადობრივი რეჟიმის ტირანია საპარლამენტო არჩევნებზე ქართველ ხალხს პროპაგანდისტულ ნეობოლშევიზმზე რომ არ გაემარჯვა.

„პატიმრების მორჩილებისა და ციხის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის მიზნით:

  • ახლად მოთავსებულ პატიმართა აუცილებლად ცემის პრაქტიკა – ე.წ. საკარანტინო პროცედურა;
  • პატიმრების სისტემატური ცემა კვირაში რამდენიმეჯერ;
  • ე.წ. კარცერსა და მცირე ზომის სამარტოო საკნებში დასჯის მიზნით ხანგრძლივი ვადით მოთავსება, სადაც მეტალის საწოლის გარდა არაფერი იყო და დღის განმავლობაში პატიმრებს უწევდათ ცემენტის იატაკზე ჯდომა. საწოლი აკეცილი და მიმაგრებული იყო კედელზე საკეტით. დაწესებულების თანამშრომლები საწოლს ხსნიდნენ და მომჩივანს ნებას რთავდნენ, გამოეყენებინა მხოლოდ საღამოს 10 საათიდან დილის 8 საათამდე;
  • პატიმრებს ასევე უწევდათ საკანში ერთდროულად რამდენიმე პატიმრის მოთავსების შემთხვევაში მთელი დროის განმავლობაში ფეხზე დგომა;
  • პატიმრებისთვის საკვების მიღებისა და საპირფარეშოს გამოყენების შეზღუდვა;
  • ოჯახის წევრებთან შეხვედრის გამუდმებით შეზღუდვა;
  • პატიმრებისთვის სპეციალური სახის ჩაფხუტის ჩამოფარება და პირში ბურთის ჩაჩრა, რათა მათ არ ესაუბრათ;
  • პატიმრებს შორის საუბარი მხოლოდ ჩურჩულით.

ეს სამწუხარო და დიდი ადამიანური ტკივილით გაჯერებული სიტყვების ერთობლიობა არა რომელიმე ნაწარმოების ან საშინელებათა ჟანრის ფილმიდან, არამედ ევროპული სამართლიანობის უმაღლესი ინსტანციის, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდანაა. ევროპულ სახელმწიფოში ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის უმაღლესი სამართლებრივი შემფასებლის უაპელაციო ბეჭდით დადასტურებული ტრაგიკული ქრონიკა 2012 წლამდე ჩვენი ქვეყნის ციხეებში არსებული რეალობაა.

რთულია, თვალი გაუსწორო ჩვენი ისტორიის ამ მძიმე დანაშაულებრივ მონაკვეთს, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა ხალხის დაცინვა, სახელმწიფოს დამცირება, კონსტიტუციის ღალატი და ფეხქვეშ გათელვა.

თავისუფლების აღკვეთა უმძიმესი სასჯელია, რომლის მიზანიც სამართლიანობის აღდგენა ,ახალი დანაშაულის პრევენცია და დამნაშავის რესოციალიზაცია, ანუ სასჯელის მოხდის შემდგომ, სახელმწიფოში არსებული სამართლებრივი ნორმების შესრულების აუცილებლობის სულისკვეთებით აღჭურვილი ადამიანის საზოგადოებაში ინტეგრაციაა. დადასტურდა, რომ ნაცვლად ამისა ფსევდო მოდერნიზაციის ნიღაბს ამოფარებული სისასტიკეზე შეყვარებული, საკუთარი უკანონო ძალაუფლების ფართო ჰორიზონტით მონუსხული, სახელმწიფოს სახელით მოქმედი ბოროტმოქმედები პატიმრობაში მყოფ ადამიანებს დამატებით უსჯიდნენ უკანონო, ღირსების შემლახველ და დამამცირებელ სასჯელებს. სხვების წამებით გამოწვეული ტანჯვისგან კი სიამოვნებას იღებდნენ და კიდევ უფრო სასტიკები ხდებოდნენ. წარმოდგენაც კი შემზარავია რა ფორმას მიიღებდა ძალადობრივი რეჟიმის ტირანია საპარლამენტო არჩევნებზე ქართველ ხალხს პროპაგანდისტულ ნეობოლშევიზმზე რომ არ გაემარჯვა.

გადაწყვეტილებაში ასევე აღნიშნულია, რომ მხოლოდ 2012 წელს, მთავრობის ცვლილების შემდეგ, გაბედეს პატიმრებმა საუბარი მას შემდეგ გახდა შესაძლებელი დარღვევებზე რეაგირება.

რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, მავანი მაინც არ ისვენებს და დამარცხებული, მწამებლებზე დამყარებული, რეჟიმის რეჟისორები და მთავარი მოქმედი პირები დღეს უსირცხვილოდ ცდილობენ „უფლებადამცველების“, „დემოკრატიის მცველებისა“ და „პროევროპელების“ ტყავში ფარისევლურად გახვეულებმა „დამოძღვრონ“ ქვეყანა. დროა მათ სარკეში დიდ ხანს უყურონ საკუთარ თვალებს, მოინანიონ ტერორი და ბოდიში მოიხადონ, რაც უმაღლესი სუვერენის-ქართველი ხალხის გამოხატული ნებაა!

ამ სისასტიკეზე ფიქრისა და შემდგომი დათრგუნვის თავიდან ასარიდებლად საჭიროა იმის გააზრება, რომ ბოროტსა სძლია კეთილმან და არსება მისი გრძელია. სიკეთე სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობაა, რასაც დღეს ქართული საზოგადოება დიდი მონდომებითა და წარმატებით ახორციელებს. ადამიანზე, როგორც უზენაეს სიკეთეზე, ფიქრით განმსჭვალული მუხლჩაუხრელი, გონივრული შრომა არის ერთადერთი გზა, რაც წარსულის ტრაგიკული შეცდომებისაგან დაგვიცავს და ფართოდ გაგვიღებს კარს ჩვენს ისტორიულ ნავსაყუდელში.

დღეს კი ყველა პატიმარმა და მისმა ახლობელმა უნდა იცოდეს, რომ სასჯელს ყველა ღირსეულ პირობებში მოიხდის და არავინ გაიგებს ჯალათის ხმას! სახელმწიფო მაქსიმუმს აკეთებს პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პირების ყველა უფლების დასაცავად და ამისთვის მადლობა ჩვენს ღირსეულ, ადამიანური თვისებებით უხვად დაჯილდოებულ ოფიცრებს!“ – წერს იუსტიციის მინისტრი.

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მიხეილ სარჯველაძე – წინა შემთხვევაში სამინისტრომ ალექსი თირქიას სამედიცინო მომსახურება დაუფინანსა, ამ შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულების მხრიდან არასწორი დოკუმენტაცია იყო ატვირთული

ეს ხელოვნურად ატეხილი აჟიოტაჟია. სამედიცინო დაწესებულების მხრიდან, არასწორ ადგილას, არასწორი დოკუმენტაცია იყო ატვირთული, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომელიც ალექსი თირქიას დაფინანსებასთან დაკავშირებულ საკითხს გამოეხმაურა.მინისტრის განმარტებით, მას შემდეგ, რაც კონკრეტული კლინიკა სწორ დოკუმენტაციას ატვირთავს, ყველა საფუძველი არსებობს იმის თქმისთვის, რომ ეს პიროვნება დაფინანსებას მიიღებს.„ეს ხელოვნურად ატეხილი აჟიოტაჟია, რომელიც რეალობასა და სიმართლესთან შესაბამისი არაა. რეალობა ასეთია: ერთ-ერთი კლინიკის, ექიმისა თუ პერსონალის დაუდევრობის გამო, განაცხადი და ინფორმაცია დაფინანსებასთან დაკავშირებით, არასწორი მიმართულებით იქნა გამოგზავნილი. კერძოდ, დოკუმენტაცია არასწორად იქნა ატვირთული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. ამ წესით დაფინანსება არ ხდება. ეს გადასარევად იცის თავად კლინიკამაც და თანამშრომლებმაც, რომლებმაც არასწორ ადგილას, არასწორი ფორმით ეს დოკუმენტაცია ატვირთეს. წინა სხვა შემთხვევაში სამინისტროს მხრიდან ამ კონკრეტულ პიროვნებას სამედიცინო მომსახურება დაუფინანსდა. მაგ: როდესაც ამ კონკრეტულ ადამიანს, დასჭირდა კონკრეტული მანიპულაცია – ამბულატორიული იქნებოდა ეს, თუ კვლევები – უწყების მხრიდან, ყოველთვის ფინანსდება. მანამდე, სამედიცინო დოკუმენტაცია რეფერალურ პროგრამაზე იყო ატვირთული და დაფინანსდა კიდეც, მორიგ ჯერზე ამავე რეფერალზე არ ატვირთეს. ამ ადამიანებმა გამოსავალი მშვენივრად იციან, უბრალოდ, ამ შუალედით ისარგებლა ვიღაცამ. როგორც კი სწორად შემოვა განაცხადი, ყველა საფუძველი არსებობს იმის თქმისთვის, რომ ეს პიროვნება დაფინანსებას მიიღებს. როდესაც კლინიკას ეშლება და სამინისტროს ჩირქს სცხებენ, ეს კატეგორიულად მიუღებელია. ჩემი მოწოდება იქნებოდა, რომ ვიდრე ადამიანები, რაღაც ხმამაღალ ბრალდებებს წამოაყენებენ, ცოტა უფრო დაფიქრებული იყვნენ, თავი შეიკავონ უსამართლო და არასწორი ბრალდებების გამოცხადებისგან. ეს ერთადერთი სწორი ქცევაა მათი მხრიდან. ამიტომ, მოვუწოდებ კლინიკებს, ასე დაუდევრად პაციენტების ინტერესებს ნუ მოეპყრობიან. საბედნიეროდ, კლინიკების უმრავლესობა ამას ასე არ აკეთებს. მაგრამ, სამწუხაროდ, არის უარყოფითი გამონაკლისებიც. როგორც ჩანს, ასეთთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა – ოქრუაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს

სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული 20 000 ლარიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა. შესაბამისად, ირაკლი ოქრუაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო თარაშვილმა დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე მიიღო, რითაც გირაოს პატიმრობით შეცვლის თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.შეგახსენებთ, რომ ოქრუაშვილს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებიან. დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობენ.ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული და საქმის წარმოების დასრულებამდე საქართველოს საზღვრის კვეთა აქვს აკრძალული. ოქრუაშვილს გირაოს გადახდის ვადად 30 დღე ჰქონდა განსაზღვრული, ეს ვადა 8 მაისს ამოიწურა. პროცესზე ბრალდების მხარემ დააყენა შუამდგომლობა, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული 20 000 ლარიანი გირაო პატიმრობით შეიცვალოს.ირაკლი ოქრუაშვილი პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად 26 მარტს დაიბარეს, სადაც მან მისვლაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩვენების მისაცემად დაიბარეს, მან საგამოძიებო უწყების კითხვებს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე უპასუხა.ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს. ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

სირიისა და საქართველოს მიმართ აშშ-ს აქვს სხვადასხვა სტანდარტი, საქართველოში მათი ინვესტიცია, გაწეული შრომა განუზომლად დიდია, ვიდრე სირიაში – ლევან სანიკიძე

სირიისა და საქართველოს მიმართ აშშ-ს აქვს სხვადასხვა სტანდარტი, საქართველოში მათი ინვესტიცია, გაწეული შრომა და ჯაფა განუზომლად დიდია, ვიდრე სირიაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.ლევან სანიკიძეს კითხვა დაუსვეს, რამდენად სწორია აშშ-ის გადაწყვეტილება სირიისთვის სანქციების მოხსნასთან დაკავშირებით.„იმ კატასტროფის შემდეგ, რასაც ბაშარ-ალ-ასადის რეჟიმი ერქვა, ბუნებრივია, შეუძლებელია, დღეს სირიაში ასე სწრაფად იყოს დამყარებული დემოკრატია, მაგრამ, რასაც ვუყურებ, ბაშარ-ალ-ასადის რეჟიმზე უკეთესი მდგომარეობა არის. მათ ძალიან ბევრი და სწორხაზოვანი ნაბიჯი აქვთ გადასადგმელი, რათა დემოკრატიული სახელმწიფო გახდნენ. სანქციები დაწესებული იყო ბაშარ-ალ-ასადის ავტოკრატიული დიქტატორული რეჟიმისთვის, რომელიც პირდაპირ ხვრეტდა განსხვავებული მოსაზრების ადამიანებს. ჩემი აზრით, ეს არის აშშ-ის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ ისინი შანსს მისცემენ, შანს აძლევენ სირიის ახალ ხელისუფლებას, რამენაირად მოხდეს ამ სახელმწიფოს დემოკრატიულ რელსებზე შეყენება“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.როგორც სანიკიძემ აღნიშნა, აშშ საქართველოს არ უწესებს სანქციებს, სანქციებს უწესებენ „ქართულ ოცნებას“.„საქართველოს არ უწესებენ, უწესებენ საქართველოს ხელისუფლებას. ეს კრიტიკული სხვაობაა. ხელისუფლებას და სახელმწიფოს შორის ძალიან დიდი სხვაობაა. სახელმწიფოსთვის დაწესებული სანქციაა მე და თქვენ რომ არ შეგვიშვან და თქვან, საქართველოს მოქალაქეებს აღარ ვიღებთო, მაგრამ შალვა პაპუაშვილზე თუ იტყვიან, არ ვუშვებთო, ეს პრობლემა არაა ჩემთვის. ქართული სახელმწიფო და „ქართული ოცნება“ არის სხვადასხვა. ისინი სანქციებს უწესებენ „ქართულ ოცნებას“, რათა გადარჩეს ქართული სახელმწიფო. ამ ვითარებაში ჩემი და მათი აზრი ემთხვევა ერთმანეთს. სირიის და საქართველოს მიმართ აშშ-ს აქვს სხვადასხვა სტანდარტი. საქართველოში მათი თუნდაც ინვესტიცია, გაწეული შრომა და ჯაფა არაღიარების პოლიტიკასთან, შეიარაღებული ძალების შენებასთან, ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით არის განუზომლად დიდი, ვიდრე სირიაში. შესაბამისად, სირიასთან მათ სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება არ ჰქონიათ გაფორმებული, რაც საქართველოსთან ჰქონდათ. ჩვენ ერთ ნაბიჯში ვიყავით 2012 წელს აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებასთან. „მეგობარ აქტში“ რატომ ხედავს „ქართული ოცნება“ მაინც და მაინც ცუდს, იქ უვიზო მიმოსვლაზე, თავისუფალ ვაჭრობაზე, შეიარაღებული ძალების გაძლიერებაზე არაა საუბარი? რითაც თითოეული ჩვენგანი იხეირებს. ირაკლი ზარქუას თუ დაასანქცირებენ, ამაზე ნამდვილად ვერ ვიჯავრებ, პირიქით, გამიხარდება“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.

ძლიერი მიწისძვრა თურქეთში – ექსპერტები უფრო ძლიერ ბიძგებსაც არ გამორიცხავენ

თურქეთში, მუგლას სანაპიროსთან ძლიერი მიწისძვრა იყო. ბიძგების სიმძლავრემ 6.0 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.მედიის ცნობით, ბიძგები მეზობელ პროვინციებშიც იგრძნობოდა, როგორიცაა დენიზლი, ანტალია, აიდინი, იზმირი, ისპარტა, ბურდური და მანისა, ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ დაფიქსირებულა.თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი 20.41 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.როგორც ადგილობრივ მედიასთან პროფესორმა სულეიმან პამპალმა განაცხადა, "თუ ამ რეგიონში უფრო ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდება, ეს მოულოდნელი არ იქნება".

ურსულა ფონ დერ ლაიენის ცნობით, ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა სანქციების 17-ე პაკეტი შეათანხმეს, რომელიც რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ არის მიმართული

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 17-ე პაკეტი შეათანხმეს.როგორც ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ „იქსში“ წერს, შემზღუდავი ზომების ახალი პაკეტი ძირითადად მიმართულია რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ.„ჩვენ კიდევ უფრო მეტად ვზღუდავთ წვდომას ტექნოლოგიებთან, რომლებიც ბრძოლის ველზე გამოიყენება. სიაში დავამატეთ კიდევ 189 ხომალდი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტიდან“, რათა დავარტყათ რუსეთის ენერგეტიკულ ექსპორტს. ეს ომი უნდა დასრულდეს. ჩვენ მხარს ვუჭერთ მზარდ ზეწოლას კრემლზე“, – დაწერა ევროკომისიის პრეზიდენტმა.„დოიჩე ველეს“ ცნობით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის დამტკიცების შემდეგ შეზღუდვები, მთლიანობაში, დაწესებული იქნება რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის შემადგენლობაში შემავალი 340-ზე მეტი ხომალდის მიმართ. ეს ის ხომალდებია, რომლებიც რუსული ნავთობით  უკანონოდ ვაჭრობენ.ამასთან, ახალ პაკეტში შევა რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების თავის არიდებაში მხილებული 30 კომპანია და 75 ფიზიკური, თუ იურიდიული პირი, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის სამხედრო მრეწველობასთან.ოფიციალურად, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 17-ე პაკეტს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 20 მაისს დაგეგმილ შეხვედრაზე დაამტკიცებენ.როგორც „დოიჩე ველე“ წერს, ევროკავშირმა ასევე შექმნა სამართლებრივი ბაზა, რომელიც საშუალებას იძლევა, სანქციები დაუწესდეს პროპაგანდისტებს. როგორც ნავარაუდებია, ამ სიაში მოხვდება 20 პირი და ორგანიზაცია, რომელიც დეზინფორმაციას ავრცელებს.ადამიანის უფლებათა დარღვევისთვის სანქციები დაუწესდებათ იმ მოსამართლეებსა და პროკურორებს, რომლებიც დაკავშირებულები არიან რუსი ოპოზიციონერების ალქსეი ნავალნისა და ვლადიმირ ყარა მურზას საქმეებთან. ამ სიას 20 ადამიანი დაემატება.ამასთან, ქიმიური იარაღის გამოყენების აკრძალვის ფარგლებში ევროკავშირი დააწესებს შეზღუდვას იმ ქიმიური ნივთიერებების ექსპორტზე, რომელთა გამოყენებაც რაკეტებში ხდება.

ბოლო სიახლეები