სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024

რატი ბრეგაძე – სამინისტროში მთელი სისტემის მასშტაბით შეხვედრის ყველა ოთახს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ქალაქებისა და სოფლების სახელი დაერქვა, დარწმუნებული ვარ, გონიერება აუცილებლად მიგვიყვანს მშვიდობით სოხუმში, სიმართლე გაიმარჯვებს

იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, რატი ბრეგაძემ უწყებაში ყოფნის პერიოდი და გატარებული რეფორმები შეაჯამა.

როგორც რატი ბრეგაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, ქვეყნის განვითარებისკენ მიმართული და ადამიანზე ორიენტირებული ბევრი ინოვაციური იდეა განხორციელდა.

„მინდა, დიდი მადლიერება გამოვხატო „ქართული ოცნების“ გუნდის და მისი ღირსეული ლიდერის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ ნდობისა და მხარდაჭერისთვის. განსაკუთრებული მადლობა ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც მანდო დიდი პასუხისმგებლობა და მომცა უნიკალური შესაძლებლობა, იუსტიციელთა ღირსეულ, პატრიოტ და სანიმუშო პროფესიონალების გუნდთან ერთად ვყოფილიყავი ქართველი ხალხის სამართლიანი ინტერესების სამსახურში. მადლიერი ვარ ბატონი ირაკლი კობახიძის, მთავრობის შემადგენლობაში მუშაობის პერიოდით. 2021 წელს მუშაობა ცარიელი ფურცლიდან არ დამიწყია, პირიქით, დამხვდა ჩემი წინამორბედების, ქალბატონი თეა წულუკიანისა და ბატონი გოჩა ლორთქიფანიძის მიერ იუსტიციის სამინისტროს სისტემის განვითარებისთვის გაწეული დიდი სამუშაო, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდი. წარმატებებს ვუსურვებ ბატონ ანრი ოხანაშვილს“, – დაწერა რატი ბრეგაძემ.

მისი თქმით, მისი მინისტრობის პერიოდში, ქვეყნის განვითარებისკენ მიმართული და ადამიანზე ორიენტირებული ბევრი ინოვაციური იდეა განხორციელდა.

„ყველაფერი განახორციელა იუსტიციელთა ერთ დიდ ჯაჭვად შეკრულმა გუნდმა, რომელშიც თითოეული რგოლი განსაკუთრებული და საკუთარი უნიკალური თვისებების მატარებელია. მინდა ყველა თანამშრომელს დიდი მადლობა გადავუხადო მაღალი ღირსების, სახელმწიფოებრივი აზროვნებისა და პროფესიონალიზმისთვის.

იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობა, მით უმეტეს იმ პერიოდში, როდესაც უსამართლობა სრული არსენალით ებრძოდა სიმართლეს, ბევრ რთულ გამოწვევას უკავშირდებოდა. მრავალი შავი მილიონით დაფინანსებული, მასშტაბურად ორგანიზებული ცილისმწამებლური კამპანიით ქართულ სახელმწიფოს ყოფილი პრეზიდენტის წამებას, მისი უფლებების ფეხქვეშ გათელვასა და პოლიტიკურ პატიმრობაში ყოფნას აბრალებდნენ. დეზინფორმაციის მძლავრ მანქანას სახელმწიფო ინტერესების უკომპრომისო დაცვა, სამართლიანობა, კანონიერება და ბრძოლისუნარიანობა დავუპირისპირეთ, რის შედეგადაც როგორც ეროვნულ სასამართლოებში, ასევე სტრასბურგის სასამართლოში დადასტურდა სახელმწიფოს სიმართლე და ის ფაქტი, რომ ჩვენს ქვეყანაში პენიტენციური სისტემა ადამიანის უფლებების დაცვის სადარაჯოზეა. ამ სიტყვების კიდევ ერთი ნათელი დასტური საზოგადოების ფართო ჩართულობით შემუშავებული და უკვე ამოქმედებული პენიტენციური კოდექსია, რომელიც თვისობრივად აუმჯობესებს პატიმრების მდგომარეობას“, – წერს რატი ბრეგაძე.

მისი თქმით, 2012 წელს, როდესაც ციხეში წამება და ადამიანური მოპყრობა სისტემური პრობლემა იყო, სრულიად წარმოუდგენელი იყო, ვინმეს ეფიქრა, რომ 12 წლის თავზე პატიმარს დისტანციურად, ინტერნეტის მეშვეობით, საქართველოში ავტორიზებულ უნივერსიტეტში უმაღლესი განათლების მიღების საშუალება ექნებოდა.

„ციფრული უნივერსიტეტის“ პროექტმა, რომელიც ქართული სიახლეა, ევროპის მასშტაბით პენიტენციურ სისტემებში ყველაზე ინოვაციური პროექტების სამეულში ღირსეული ადგილი დაიკავა. პენიტენციურ დაწესებულებებში გავხსენით იუსტიციის სახლები, რის შედეგადაც პატიმრებს სახელმწიფო სერვისების მიღება შეუძლიათ. სპორტის სტრატეგიის დოკუმენტის მიღებითა და განხორციელებით მსჯავრდებულებს სპორტის სხვადასხვა სახეობაში პროფესიონალი მწვრთნელები ავარჯიშებენ და რეგულარულად ტარდება სპორტული ფესტივალები.

რესოციალიზაციის პროცესის ხელშესაწყობად თბილისში ამოქმედდა მაღაზია RE-MARKET, რომელშიც ნებისმიერ მსურველს მსჯავრდებულთა მიერ დამზადებული პროდუქციის შეძენა არათუ ადგილზე, არამედ ინტერნეტის და მათ შორის ვოლტის აპლიკაციის მეშვეობითაც შეუძლია. სიამოვნებით მახსენდება არაერთი უცხოელი მეგობრის სასიამოვნოდ გაკვირვებული სახე, როდესაც ტელეფონში ამ შესაძლებლობას ვაჩვენებდი.

ლაითურში გაიხსნა უმაღლესი სტანდარტების პენიტენციური დაწესებულება, რომელსაც სრულიად ახალ სიმაღლეზე აჰყავს ადამიანის უფლებათა დაცვის ხარისხი. რუსთავში უახლოეს მომავალში ახალი მცირე ზომის დაწესებულება გაიხსნება, რაც სრულიად ახალი სიტყვა იქნება ქართულ პენიტენციურ სისტემაში.

თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით სააკაძეში გავხსენით სასწავლო ბაზა, სადაც ჩვენი თანამშრომლები, ავტომობილის ექსტრემალურ სიტუაციაში მართვის უნარებით დაწყებული, იმიტირებულ სასამართლო დარბაზებში პატიმართა განთავსების შესწავლით დასრულებული, საჭირო ცოდნასა და უნარებს იძენენ. ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ დაწესებულებას აქვს პენიტენციური სისტემების თანამშრომელთა საერთაშორისო სწავლებების ჩატარების პოტენციალი, რაც საქართველოს პოპულარიზაციის ერთ-ერთი ქმედითი საშუალებაა.

უსაფრთხოების ხარისხის კიდევ უფრო მეტად ასამაღლებლად შეიქმნა მაღალი დონის პროფესიონალებით დაკომპლექტებული სპეციალური დანიშნულების ჯგუფი, რომელიც უშუალოდ პენიტენციური დაწესებულებების სპეციფიკის გათვალისწინებით მზადდება.

სამართლებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და იურიდიული პროფესიების პოპულარიზაციის მიზნით გავხსენით მრავალი ინოვაციური პროექტითა და ულტრათანამედროვე აპარატურით აღჭურვილი „სტუდია იუსტიცია“, რომელიც თანამედროვე იურისტის პროფესიულ განვითარებაში თავის ღირებულ წვლილს შეიტანს და მრავალ ახალგაზრდას სამართლიანობის დაცვის სამსახურში ჩადგომის ინტერესს გაუღვივებს.

კიდევ ერთი საერთაშორისო მასშტაბის ინოვაციაა თითის ანაბეჭდისა და სახის ამომცნობი ტექნოლოგიებით აღჭურვილი Probbox, რომელიც პრობაციონერებს ბიუროებში გამოცხადების გარეშე საკუთარი მოვალეობის შესრულების შესაძლებლობას აძლევს. პარლამენტში წარსადგენად მომზადებულია საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც პრობაციის სისტემის საფუძვლიან რეფორმას ითვალისწინებს“, -დაწერა რატი ბრეგაძემ.

მისი თქმით, აქსიომაა, რომ წარსულის ცოდნა უკეთესი მომავლის საწინდარია, ქართველებს მდიდარი სამართლებრივი ისტორია აქვთ, რომელსაც უცხოელებიც უნდა იცნობდნენ.

„ამ სულისკვეთებით განმსჭვალულებმა გავხსენით სამართლის ისტორიის ჰოლოგრამული მუზეუმი, რომლის დამთვალიერებელიც თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით წარსულსა და აწმყოში მოგზაურობის შემდგომ, რწმუნდება, რომ ქართული მართალი სამართლით ნებისმიერი უსამართლო წინაღობის დაძლევა მხოლოდ ერთი ხელის გაწვდენაზეა.

სამართლის მეცნიერების განვითარების ხელშესაწყობად დავაფუძნეთ ჟურნალი იუსტიცია, რომლის უკვე გამოცემულმა მრავალმა ნომერმა მისი საჭიროება, სიცოცხლისუნარიანობა და განვითარების პოტენციალი დაადასტურა. მეცნიერებისა და სამართლის პრაქტიკოსების დიალოგის ხელშესაწყობად შეიქმნა სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო. იუსტიციის სასწავლო ცენტრის ბაზაზე დასრულდა სამართლის ბიბლიოთეკის მშენებლობა, რომელშიც ევროკავშირის სამართლის ცენტრი და ხელოვნური ინტელექტის სამართლის ინსტიტუტი უნდა გაიხსნას.

იურისტების მომავალი თაობების პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლების, მათი სამართლებრივი პრობლემების პრაქტიკულ გადაჭრაში ჩართულობისა და სამინისტროს მიერ დასახული გეგმების მიღწევაში თანამონაწილეობის უზრუნველსაყოფის მიზნით იუსტიციის სამინისტროში 2024 წელს დაფუძნდა ინოვაციური ახალგაზრდული პლატფორმა – კლუბი „YOUTHTITIA“, რომლის ღია კონკურსის შედეგად შერჩეული წევრებიც იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ერთი წლის განმავლობაში საკუთარ იდეებს განახორციელებენ.

დავნერგეთ საგრანტო პროგრამა, რომლის ფარგლებში დაფინანსებული 48 პროექტის შედეგად დაინტერესებულ საზოგადოებას იუსტიციის სამინისტროს კომპტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საკუთარი ინოვაციური იდეების განხორციელების შესაძლებლობა მიეცა.

სახელმწიფო სერვისების განვითარების კუთხით აღსანიშნავია იუსტიციის სახლების ინფრასტრუქტურის განვითარება და რაოდენობის ზრდა. 2012 წელს საქართველოს მასშტაბით მხოლოდ 12 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებდა, ცოტა ხნის წინ კი თერჯოლაში 123-ე გავხსენით. მიმდინარეა იუსტიციის სახლების მშენებლობა ცაიშში, საგარეჯოში, გლდანში, ახმეტაში, მცხეთაში, ხელვაჩაურში, ზოტსა და ჭალაში.

ამოქმედდა სრულიად ახალი ინიციატივა – მობილური იუსტიციის სახლი, რომელიც სოფლად, იუსტიციის სახლისაგან მოშორებით მცხოვრებ, მოსახლეობას საკუთარი სახლის ჭიშკართან აწვდის 500-მდე მომსახურებას. დღეისთვის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული სერვისით უკვე 130 000-მა მომხმარებელმა ისარგებლა.

გაიზარდა ნოტარიუსთა თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი და ნოტარიუსების რაოდენობა, რაც დადებითად აისახა სანოტარო სერვისების ხელმისაწვდომობასა და საქართველოში სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცებაზე.

ამოქმედდა ბიზნესის საჭიროებების გათვალისწინებით შემუშავებული „ბიზნესასისტენტის“ პროგრამა, რაც ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს სახელმწიფო სერვისებზე უფრო სწრაფი და კომფორტული წვდომის შესაძლებლობას სთავაზობს.

დაინერგა ინოვაციური ქართული პროდუქტი – გონიერი კონტრაქტი, რომლის მეშვეობითაც საქართველოს მოქალაქეები, ინტერნეტში ჩართული მოწყობილობებით, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, სახლიდან გაუსვლელად, დაცული აპლიკაციის მეშვეობით, მარტივად და უსაფრთხოდ დადებენ გარიგებებს, აიღებენ იპოთეკურ სესხებს, გადაიხდიან ნასყიდობის საფასურს და თანადროულად მიიღებენ ამონაწერს საჯარო რეესტრიდან. ეს სიახლე დიდ დახმარებას გაუწევს ქართულ დიასპორასაც.

ქართული სახელმწიფო სერვისების წარმატების კიდევ ერთი აღიარებაა გაეროს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 2026 წელს საქართველო გაეროს საჯარო სერვისების მსოფლიო ფორუმს უმასპინძლებს.

ცოდნა გაზიარებას საჭიროებს, რაც ახალი იდეებისა და მომავალი წარმატების საწინდარია. ჩვენ ხელი შევუწყვეთ პარტნიორ სახელმწიფოებთან სამართლის დარგის პროფესიონალებს შორის მჭიდრო ურთიერთობების გაღრმავებას. ტრადიციად დამკვიდრდა ორმხრივი სამართლებრივი ფორუმები ისეთ სახელმწიფოებთან, როგორებიცაა: გერმანია, ჩეხეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი. მათ რიცხვს მალე უნგრეთიც შეემატება.

საქართველოში საკუთრების უფლების დაცვის უზრუნველსაყოფად დაიწყო უპრეცედენტო მასშტაბის მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტი, რომელმაც წარმატების ყველა შესაძლო რეკორდი დაამყარა. 2022-2024 წლებში, არასრული 3 წლის მანძილზე, საქართველოს 59 მუნიციპალიტეტსა და დედაქალაქის გარკვეულ არეალებში, 10-ჯერ ნაკლებ დროში, სისტემური წესით აიზომა და დარეგისტრირდა იმდენივე მიწა, რაც ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 30 წლის განმავლობაში, რის შედეგადაც მილიონზე მეტი საქართველოს მოქალაქე უსასყიდლოდ გახდა მიწის ნაკვეთის მესაკუთრე.

საქართველოს ყველა გულშემატკივრისთვის განსაკუთრებულად სასიხარულოა ისტორიული სამართლიანობის აღდგენისაკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ხანგრძლივი და შეუპოვარი სამართლებრივი ბრძოლის შედეგად სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში საქართველოს სასარგებლოდ დასრულდა 2008 წლის ომთან დაკავშირებული ყველა საქმე (მათ შორის, საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი 3 300 საქმე), რაც იმის უტყუარი მტკიცებულებაა, რომ სიმართლის ბასრი მახვილი ნებისმიერ უსამართლო გოლიათს დაამარცხებს“, – წერს ყოფილი მინისტრი.

მისი თქმით, საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიას ბევრი მებრძოლი ემსხვერპლა და დაიჭრა, რომელთა შორის იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებიც იყვნენ.

„ბევრი პიროვნული მიზეზის გამო ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა მათთვის ვეტერანის სტატუსის მინიჭებას, რაც შესაძლებელი გახდა. მიწურულს კი ვიტყვი, რომ სამინისტროში შემოსვლისთანავე, მთელი სისტემის მასშტაბით ყველა შეხვედრის ოთახს დაერქვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ქალაქებისა და სოფლების სახელი. სიმბოლურია, რომ სოხუმში არაერთი პრინციპული და რთული შეხვედრა საქართველოს ინტერესების სასარგებლოდ დასრულდა. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ გონიერება, მონდომება და სამშობლოს წინაშე ჩვენი მოვალეობების ერთგულად შესრულება აუცილებლად მიგვიყვანს მშვიდობით სოხუმში. ჩვენ ყველაფერს შევძლებთ, სიმართლე გაიმარჯვებს. ვემსახურებით საქართველოს“, – დაწერა რატი ბრეგაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ენტონი ბლინკენი – აშშ აგრძელებს უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად დახმარების გაზრდას

აშშ აგრძელებს უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად დახმარების გაზრდას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ბლინკენის თქმით, რუსეთის მიერ უკრაინასთან ომში ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების განლაგება, შეშფოთების საგანი იყო „დიდი შვიდეულისთვის“ და ვაშინგტონი ყურადღებით ადევნებს თვალს, რას აკეთებს და რა შეიძლება გააკეთოს რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისთვის ამის სანაცვლოდ. „აშშ აგრძელებს დახმარების გაზრდას უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად და რუსეთის ესკალაციაზე რეაგირებას, განსაკუთრებით ახლა, ჩრდილოეთ კორეიდან ჯარისკაცების ჩართულობის ფონზე. ნება მომეცით, ვთქვა, რომ ეს არის დიდი შეშფოთების საკითხი „დიდი შვიდეულის“ ყველა წევრისთვის, იმის გამო, რას ნიშნავს ეს უკრაინისთვის, იმის გამოც, რას ნიშნავს ეს ევროპული უსაფრთხოებისთვის, ასევე იმის გამო, რას ნიშნავს ეს ინდო-წყნარი ოკეანესთვის. რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობა ორმხრივი გზაა. ჩვენ ვხედავთ, რას აკეთებს ჩრდილოეთ კორეა რუსეთისთვის, მაგრამ ჩვენ ასევე ყურადღებით ვუყურებთ, რას აკეთებს და რა შეიძლება გააკეთოს რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისთვის, მათ შორის პოტენციურად გაზარდოს მისი სარაკეტო და ბირთვული შესაძლებლობები“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

პაატა ბურჭულაძე: უფრო რადიკალური ზომებია საჭირო, პირველად, მარტის თვეში იყო პატარა შეტაკება „რუსულ კანონზე“, სიმღერით და დროშების ფრიალით ამათთან ვერ გავალთ ვერაფერს

ცოტა უფრო რადიკალური ზომებია საჭირო, საქართველოს ჰიმნის სიმღერა არ ჭრის. ხომ ხედავთ, ამ ადამიანებზე არაფერი არ მოქმედებს, - ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, არ სურს ჩხუბისა და შეტაკებებისკენ მოუწოდოს საზოგადოებას, მაგრამ „გამჭვირვალობის კანონის“ პირველი ინიციირების დროს გამართულ საპროტესტო აქციებზე იყო შეტაკებები, რის გამოც ხელისუფლებამ უკან დაიხია. შესაბამისად, ბურჭულაძეს მიაჩნია, რომ პოლიტიკოსებმა რაიმე რადიკალური გზა უნდა შესთავაზონ ხალხს. „ამათ ბატონებო, უკან დასახევი გზა არ აქვთ, მაგრამ შემოგვხედეთ ჩვენც - ჩვენ სხვა სამშობლო არ გვაქვს, უკან ვერ დავიხევთ, საქართველო არის ერთი ჩვენთვის, ჩვენი სამშობლო. ეს ხალხი, რომელიც ასიათასობით გამოდიოდა ქუჩაში, მადლობა ღმერთს, ჯერ არ წასულა საზღვარგარეთ. ისე ბევრს აქვს უკვე წასასვლელად და გასაქცევად საქმე, ესენი კიდევ აქ არიან, ამიტომაც ჩვენ უნდა შევთავაზოთ, უფრო სწორად, პოლიტიკოსებმა, რაღაც ცოტა რადიკალური. მე არ მინდა ჩხუბის და შეტაკებებისკენ მოვუწოდო, მაგრამ იყო პატარა შეტაკება პირველად შარშანწინ მარტის თვეში „რუსულ კანონზე“. მე იქ ვიდექი, ახალგაზრდები იდგნენ, ევროპული დროშით გოგონა რომ გვყავს ახლა ჩვენ. იყო დაიხია უკან , იმიტომ რომ რაღაც რეაგირება მოხდა. სიმღერა-სიმღერით სიარულით და დროშების ფრიალით ამათთან ვერ გავალთ ვერაფერს.“ - აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.

ანრი ოხანაშვილმა ხაზი გაუსვა პენიტენციურ სისტემაში დასაქმებულ პირთა შრომას, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა ანრი ოხანაშვილმა პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში მოხსენებით წარდგენის შემდეგ ახალ პენიტენციურ კოდექსზე ისაუბრა. იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა განაცხადა, რომ  იურიდიულმა კომიტეტმა 2022 წელს ახალ პენიტენციურ კოდექსზე  იმუშავა, რომელიც 2023 წელს პარლამენტმა მიიღო. „2022 წელს, როდესაც დაინიცირდა პენიტენციური კოდექსი, აქტიურად ვიმუშავეთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში და პარლამენტმა ეს კოდექსი მიიღო 2023 წელს. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი იყო მხარდაჭერა და შესაბამისი  სოციალური დაცვის გარანტიების შექმნა მათთვის, ვინც პენიტენციურ სამსახურში 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. ამ მიმართულებით უკვე გადაიდგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები. სწორედ ამ საკანონმდებლო პაკეტით გაიზარდა პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვის გარანტიები, ასევე, გაიზარდა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებები; მსჯავრდებულებს მიეცათ ხანგრძლივი პაემნის უფლება, განსაკუთრებული რისკის დაწესებულებაში  მოთავსებულ მსჯავრდებულებს ‒ ვიდეოპაემნის უფლება. ყველა სახის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულებს კი ‒ უმაღლესი განათლების მიღების უფლება. ამ პაკეტით, ასევე,  გაფართოებულია სახალხო დამცველის მანდატი. ეს არის სწორედ „ქართული ოცნების“ გუნდის ხელწერა, ჰუმანურობის პრინციპზე დაფუძნებით ადამიანის უფლებათა პატივისცემა და ეს მიდგომა სრულად შენარჩუნდება“, ‒ განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ნიკა გვარამია: ჩვენ ჯერ კიდევ ვიბრძვით და არ ვითვლით, ასე ვთქვათ, მოკვეთილ თავებს, ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ, მივდივართ წინ და აუცილებლად გავიმარჯვებთ

საზოგადოება დაიღალა, დაკარგა იმედი, რომ ჩატარდება რეალური არჩევნები, აღარ სჯერა დემოკრატიის და კარგავს რწმენას იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაც შეიძლება შეიცვალოს საქართველოში, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ სტრასბურგში, ევროპარლამენტარებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე შეკითხვის პასუხად განაცხადა. ნიკა გვარამიას ჟურნალისტმა დაუსვა კითხვა, რომლის თანახმადაც: „ჩემი შეკითხვა ეხება საპროტესტო აქციებს. რაც ვნახეთ ჩვენ გაზაფხულზე, რაც ვნახეთ დაახლოებით ერთი წლის წინ, ამას ვერ შევადარებთ იმ ყველაფერს, რაც ამჟამად ხდება თბილისში. რა არის ამის მიზეზი?“ „ჩვენ ვიმყოფებით იქ, სადაც ვართ და არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი პროტესტი, სპონტანური პროტესტი, რომელიც არ არის ორკესტრირებული ოპოზიციის მიერ ქვეყანაში. მეორე ფაქტორი, რა არის განსხვავება? განსხვავება არის ის, რომ საზოგადოება დაიღალა, საზოგადოებამ დაკარგა იმის იმედი, რომ ჩატარდება რეალური არჩევნები, აღარ სჯერა დემოკრატიის და კარგავს რწმენას იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაც შეიძლება შეიცვალოს საქართველოში. სწორედ ასე მოქმედებს ქვეყანაზე რუსული ოლიგარქია, რუსული ავტორიტარიზმი. და არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ბევრ ევროპულ ქვეყანაზე სწორედ ასეთი გავლენა აქვს, ევროკავშირის წევრების ჩათვლით. შესაბამისად, ჩვენ ჯერ კიდევ ვიბრძვით და ჩვენ არ ვითვლით, ასე ვთქვათ, მოკვეთილ თავებს, ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ, მივდივართ წინ და აუცილებლად გავიმარჯვებთ, ამაში დარწმუნებული ვარ“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

იაპონიის ცენტრალურ ნაწილში 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

იაპონიის ცენტრალურ ნაწილში 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, მიწისძვრა ნოტოს ნახევარკუნძულზე, 10 კილომეტრის სიღრმეში მოხდა. იაპონიის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ამ მიწისძვრამ, შესაძლოა, ზღვის დონის უმნიშვნელო ცვლილებები გამოიწვიოს. ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. გავრცელებული ცნობით, მიწისძვრის შედეგად ცვლილებები არც ატომურ ელექტროსადგურებზე დაფიქსირებულა.

ბოლო სიახლეები