კვირა, აპრილი 12, 2026

რატი ბრეგაძე – სააკაშვილთან დაკავშირებული პოლიტიკური კამპანიის გათვალისწინებით, პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს და მედპერსონალს ურთულეს პირობებში უწევთ მუშაობა, რაც დაუშვებელია

პატიმრის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჩვენი მოვალეობაა, რასაც განუხრელად ვასრულებთ ნებისმიერი პატიმრის მიმართ, მსჯავრდებულ სააკაშვილს მისი პატიმრობის ყველა ეტაპზე დროულად მიეწოდა შესაბამისი სამედიცინო მომსახურება და იგი ახლაც მკურნალობის მიზნით იმყოფება კლინიკაში, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან, როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სამარცხვინო პერიოდი 2012 წლიდან ისტორიას ჩაბარდა.

„საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ როდესაც პატიმარი სააკაშვილი შიმშილობდა, ვგულისხმობ პენიტენციურ დაწესებულებებს, მას პენიტენციური სამსახური შესაბამისი პროტოკოლის განუხრელი დაცვით შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებდა. დაინტერესებული მხარე კი, ყველა შესაძლო ფორმით უბიძგებდა შიმშილობის, ანუ ჯანმრთელობის მდგომარეობის ხელოვნურად გაუარესებისკენ. ადვოკატების მიერ შესაძლო მოწამვლის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე, პატიმარ სააკაშვილს შევთავაზეთ ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება, რაზეც მან უარი განაცხადა. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ იგი არ აძლევს გამოძიებას ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზისთვის საჭირო ნიმუშების აღების შესაძლებლობას, რაც იმის მანიშნებელია, რომ მხარე არ არის დაინტერესებული სიმართლის დადგენაში. ჯანმრთელობაზე ზრუნვის სულისკვეთებიდან გამომდინარე, ჩვენ ასევე შევთავაზეთ მსჯავრდებულ სააკაშვილს და მისი დაცვის მხარეს, ჩამოეყვანათ ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმი, რომელთა მკურნალობაში ჩართვასაც ჩვენ შევუწყობდით ხელს, თუმცა ამ შეთავაზებასაც მხარე არ გამოხმაურებია და არ ისარგებლეს აღნიშნული შეთავაზებით“, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, შიმშილი, ზრდასრულისთვის არასაკმარისი კალორაჟის საკვების მიღება, ექსპერტიზის ჩატარებისთვის აუცილებელი ნიმუშების არჩაბარება, მედიკამენტების შერჩევით მიღება, სამედიცინო პერსონალის მიმართ გამუდმებული მუქარა და შეურაცხყოფა, ამ ყველაფრის პირდაპირი ან ირიბი ფორმით წახალისება ვერ ჩაითვლება იმ პირთა ქმედებად, რომლებიც დაინტერესებული შეიძლება იყვნენ პატიმრის ჯანმრთელობით.

ბრეგაძის განმარტებით, მოვლენათა განვითარების მთელი ეს ჯაჭვი მიზნად ისახავს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას და ამ გზით სასჯელის აღსრულებისგან თავის დაღწევას.

„პატიმრის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, რა თქმა უნდა, ჩვენი მოვალეობაა, რასაც განუხრელად ვასრულებთ ნებისმიერი პატიმრის მიმართ. მსჯავრდებულ სააკაშვილს მისი პატიმრობის ყველა ეტაპზე დროულად მიეწოდა შესაბამისი სამედიცინო მომსახურება და იგი ახლაც მკურნალობის მიზნით იმყოფება კლინიკაში. პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სამარცხვინო პერიოდი 2012 წლიდან ჩაბარდა ისტორიას. დღევანდელი ქართული სახელმწიფო კი მოქმედებს პატიმართა მიმართ ადამიანის უფლებათა უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად“, – აღნიშნა ბრეგაძემ.

მინისტრის განცხადებით, იუსტიციის სამინისტრო, სპეციალური პენიტენციური სამსახური, სამედიცინო დაწესებულება და ცალკეული ექიმები ვერ იქნებიან პასუხისმგებელი პატიმრის თვითდაზიანებაზე, მათ შორის პატიმრის მიერ სამედიცინო დანიშნულების შეუსრულებლობაზე.

„500-დღიანი პოლიტიკური კამპანიის, სამედიცინო პერსონალის მიმართ პატიმრის ქცევისა და მისი მხრიდან რეგულარული თვითდაზიანების გათვალისწინებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს და სამედიცინო პერსონალს ურთულეს პირობებში უწევთ საკუთარი მოვალეობის შესრულება და დაუშვებელია, რომ ეს ადამიანები იყვნენ შეურაცხყოფის, თუ კიდევ უფრო დაუშვებელია ის, რომ ხშირად ხდებიან ისინი მუქარის ობიექტები. ასევე კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის ყოველგვარი მცდელობა, პატიმრის თვითდაზიანებაზე პასუხისმგებლობა პოლიტიკური კამპანიებით მათზე იქნას გადატანილი. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ამ ადამიანებს დიდი მადლობა გადავუხადო ღირსეული სამსახურისთვის“, – განაცხადა ბრეგაძემ.

მისი თქმით, აკვირდებიან სახელმწიფოს იმიჯის დაზიანებისთვის გამიზნულ პოლიტიკურ კამპანიას და ყოვლად მიუღებელ მცდელობას, კონკრეტულმა პატიმარმა თვითდაზიანებით უზრუნველყოს პატიმრობიდან თავის დაღწევა, რის მიმართაც, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ბუნებრივია, იუსტიციის სამინისტრო ვერ იქნება ლოიალური.

ბრეგაძის განმარტებით, ეს არის საშიში პრეცედენტი, რომელსაც შეუძლია, იქონიოს წამახალისებელი ეფექტი სხვა პატიმრების ქცევაზე, რაც სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის შესაძლოა, სერიოზულ გამოწვევად იქცეს.

„ვაკვირდებით სახელმწიფოს იმიჯის დაზიანებისთვის გამიზნულ პოლიტიკურ კამპანიას და ყოვლად მიუღებელ მცდელობას, კონკრეტულმა პატიმარმა თვითდაზიანებით უზრუნველყოს პატიმრობიდან თავის დაღწევა, რის მიმართაც, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ბუნებრივია, იუსტიციის სამინისტრო ვერ იქნება ლოიალური, ვინაიდან ეს არის საშიში პრეცედენტი, რომელსაც შეუძლია, იქონიოს წამახალისებელი ეფექტი სხვა პატიმრების ქეცევაზე, რაც სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის შესაძლოა, სერიოზულ გამოწვევად იქცეს.

კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ ჩვენ პასუხისმგებელი შეიძლება ვიყოთ მხოლოდ ჩვენი მოვალეობის სათანდო შესრულებაზე, მაგრამ ვერანაირად ვერ ვიქინებით პასუხისხმგებელი პატიმრის თვითდაზიანებაზე, რაც მის მიერ არაკალორიული საკვების შერჩევით მიღებასა და სამედიცინო დანიშნულების რეგულარულ არშესრულებაში გამოიხატება. პატიმრის ჯანმრთელობის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ ყველას, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ პატიმარ მიხეილ სააკაშვილის თვითდაზიანების მხარდაჭერა. მოუწოდონ მას მისი ჯანმრთელობისთვის სასიკეთო სამედიცინო რეკომენდაციების შესრულებისკენ და შეწყვიტონ სასჯელის აღსრულების საკითხის პოლიტიზება. და ბოლოს, საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო, რომელიც ერთი მხრივ, იცავს პატიმრის უფლებებს, ამავდროულად, უზრუნველყოფს კანონის აღსრულებას, რაც ამ შემთხვევაში სასჯელის აღსრულებით არის გამოხატული“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

როგორი ამინდი იქნება ხვალ – განახლებული პროგნოზი

14 აპრილამდე საქართველოში დროგამოშვებით ნალექი ამინდი იქნება.მოსალოდნელია ქარის გაძლიერება. მთიან და მაღალმთიან რაიონებში იწვიმებს თოვლჭყაპი და თოვლი. ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს და საშუალოდ 10–15 გრადუსის ფარგლებში იქნება, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში.12 აპრილს თბილისში ხანმოკლე წვიმებია მოსალოდნელი, ძირითადად ღამის საათებში. გაძლიერდება დასავლეთის ქარი აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში.13 აპრილს კვლავ მოსალოდნელია წვიმა და დასავლეთის ძლიერი ქარი.

საიდან გაჩნდა სააღდგომოდ კვერცხების დარტყმის ტრადიცია

აღდგომა უდიდესი რელიგიური დღესასწაულია, რომელსაც ხალხში ყოველთვის უამრავი ტრადიცია ახლდა, მათ შორის - კვერცხის წითლად შეღებვა და სააღდგომო კვერცხების ერთმანეთზე დარტყმა, რასაც დღემდე ყველა ქრისტიანულ ოჯახში ასრულებენ.გადმოცემის თანახმად, ამაღლებამდე იესო ქრისტემ თავისი მოწაფეები სხვადასხვა ადგილებში გაგზავნა, რათა ადამიანებისთვის მისი აღდგომის შესახებ ეხარებინათ.მაცხოვრის მიმდევარი მარიამ მაგდალინელი საქადაგებლად რომში ჩავიდა. ის ქვეყნის მმართველ ტიბერიუსს წარუდგინეს. იმდროინდელი წესის თანახმად, იმპერატორთან წარდგენილს მისთვის ძღვენი უნდა მიეტანა. მარიამმა იმპერატორს კვერცხი უძღვნა და ახარა: ქრისტე აღსდგა! ეს ისევე შეუძლებელია, როგორც ამ კვერცხის გაწითლება, - უპასუხა იმპერატორმა, მაგრამ სიტყვა არ ჰქონდა დასრულებული, რომ კვერცხმა ფერი იცვალა და გაწითლდა.ეს მოვლენა გახდა იმის დასაბამი, რომ ქრისტიანებს უფლის აღდგომა ერთმანეთისთვის წითელი კვერცხით მიელოცათ.რაც შეეხება კვერცხების დარტყმას, ევროპელმა მეცნიერებმა სცადეს, გაერკვიათ, საიდან მოდის და რას გულისხმობს ეს ტრადიცია.მანამდე არსებობდა რამდენიმე ვერსია, მათ შორის:ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ჩვენს წინაპრებს სადღესასწაულო სუფრა ღმერთისთვის განკუთვნილ წმინდა ადგილად მიაჩნდათ, აქედან გამომდინარე, კვერცხების ერთმანეთზე მირტყმა, სიმბოლურად, ქრისტესთან მისალმებას უნდა ნიშნავდეს.კიდევ ერთი ვერსია გვამცნობს, რომ სანამ კვერცხებს მიარტყამდნენ, ადამიანები ერთმანეთს ეკითხებოდნენ, მზად იყო თუ არა მათი ოჯახები თესვის დასაწყებად. ოჯახის უფროსს, რომლის კვერცხიც ტყდებოდა, ახალს აძლევდნენ და ეუბნებოდნენ, რომ მის ოჯახს გაძლიერება სჭირდება.ვერსიების შეგროვებისა და ძველი მითოლოგიის საკითხების შესწავლის შემდეგ მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ რიტუალი სრულიად სხვა, განსაკუთრებულ მოვლენას უკავშირდება.მოგეხსენებათ, რომ აღდგომა გაზაფხულის დღესასწაულია და სწორედ იმ დროს დგება, როცა ყინული ტყდება და მის ქვეშ მიწა გამოცოცხლებას იწყებს.მეცნიერების აზრით, კვერცხების მირტყმის ტრადიცია სწორედ ყინულის ტყდომას და ხანგრძლივი ძილისგან გამოღვიძებას ნიშნავს.კვერცხის გატეხით თითქოს სიცოცხლეს ვათავისუფლებთ ყინულის მარწუხებიდან.

სააღდგომო კვერცხის ჯადოსნური შესაძლებლობები – გადმოცემები წინაპრებისგან

სააღდგომო კვერცხები დღესასწაულის მთავარი ატრიბუტია.  მაგალითად, ახალგაზრდა მარტოხელა გოგონას  უნდა აჩუქოთ საქორწინო ბეჭდების ნიმუშით მოხატული კვერცხი, რომელიც უახლოეს მომავალში მოუტანს მას სიყვარულს და ოჯახურ ბედნიერებას.ადამიანების სურვილებს დიდი ძალა აქვს, მით უმეტეს, თუ მათ სურთ რაღაც საყვარელი ადამიანისთვის და არა პირადად საკუთარი თავისთვის. მაგალითად, წყვილს, რომელიც ბავშვზე ოცნებობს, დასახმარებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ შეღებილი სააღდგომო კვერცხი. ძნელი არ იქნება სწორად შერჩეული ნახატის ყიდვა და უბრალოდ შეღებილ კვერცხზე დაწებება, მაგრამ მაინც ჯობია საკუთარი ხელით დახატოთ, რითაც ამ ატრიბუტს დადებითი ენერგიით, სიყვარულით და სითბოთი დამუხტავთ.სააღდგომო კვერცხი იქნება გზავნილი უფლისადმი, რომელზედაც დახატული იქნება სურვილი. ამისთვის არაფერი გრანდიოზული არ არის საჭირო, მხოლოდ ფუნჯები, საღებავები, კვერცხი და უმაღლესი ძალების რწმენა. არსებობს მოსაზრება, რომ შვილზე მეოცნებე ქალმა უნდა დახატოს სააღდგომო კვერცხი და აჩუქოს ნებისმიერ ბავშვს და მალე ის შეძლებს დედობით ტკბობას.

საქართველოს ნაკრებმა უკრაინა დაამარცხა და ნახევარფინალში ითამაშებეს

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო მეორე დივიზიონში მეოთხედფინალური მატჩი უკრაინის ნაკრებთან გამართა, მეტოქე 20:9 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.მატჩი ქართველი წყალბურთელების უპირატესობით წარიმართა. რევაზ ჩომახიძის გაწვრთნილმა გუნდმა ოთხივე მეოთხედი მოიგო (3:2, 5:4, 5:1, 7:2). საქართველოს ნაკრებიდან ყველაზე მეტი ბურთი ვატო დადვანმა (5) გაიტანა.საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:ირაკლი რაზმაძე, გიორგი გვეტაძე; საბა ტყეშელაშვილი (2 გოლი), ვატო დადვანი (5), ნიკა შუშიაშვილი (2), ანდრია ბითაძე (1), იოვან სარიჩი (1), ხვიჩა ჯახაია (1), ბესარიონ ახვლედიანი (1), გიორგი მესხი (2), ველიკო ტანკოსიჩი (2), ლუკა ჩიქოვანი (1), სტეფან პიეშივაცი (1), ანდრია ვლაჰოვიჩი (1).ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე მოგვიანებით, ავსტრალიისა და გერმანიის ნაკრებების მატჩში გაირკვევა.მერე დივიზიონის ორი საუკეთესო გუნდი მსოფლიო თასის სუპერფინალის საგზურს მოიპოვებს, რომელიც 2026 წლის 22-26 ივლისს ავსტრალიაში ჩატარდება.

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

12-13 აპრილს თბილისის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.„აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 12 და 13 აპრილს, საბურთალოს სასაფლაოს მიმდებარედ, უნივერსიტეტის ქუჩაზე გადაადგილება ცალმხრივად იქნება შესაძლებელი – სატრანსპორტო საშუალებები ახალი გვირაბიდან თამარაშვილის გამზირის მიმართულებით იმოძრავებენ.უნივერსიტეტის ქუჩაზე გამომსვლელი ქუჩებიდან ავტომანქანები გადაადგილებას თამარაშვილის გამზირის მიმართულებით შეძლებენ.ასევე, კუკიის სასაფლაოს მიმდებარე ქუჩებზე მოძრაობა იქნება ცალმხრივი. გადაადგილება შესაძლებელი იქნება შემდეგ ქუჩებზე: ჩიტაიას (საბჭოს) მოედანი, მამარდაშვილის ქუჩა, ნორიოს აღმართი, ცაიშის ქუჩა, მახათას აღმართი. ჩამოსვლა შესაძლებელი იქნება ხუდადოვის ქუჩით ცოტნე დადიანის ქუჩის მიმართულებით“, – ნათქვამია დედაქალაქის მერიის ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები