მოვუწოდებ ევროკავშირის ლიდერებს, წევრ ქვეყნებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, თავი შეიკავონ ყველა ქმედებისგან, რომელიც ლეგიტიმაციას მისცემს თვითგამოცხადებული „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხზე დებატებისას განაცხადა.
იუკნევიჩიენეს თქმით, მოსახლეობის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ ძალადობა გრძელდება და ევროპას ამაზე რეაგირება უნდა ჰქონდეს ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწესებით.
ამასთან, რასა იუკნევიჩიენემ აღნიშნა, რომ „კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი არის ახალი, დამოუკიდებელი, სამართლიანი არჩევნები“.
„მამაცი ქართველები უკვე 50 დღეზე მეტია, აპროტესტებენ თავიანთ მოპარულ ევროპულ მომავალს, მიუხედავად „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სისასტიკის და ძალადობისა, როგორც ქუჩაში ხალხი მათ უწოდებს, „კრემლის ოცნების“ ან „რუსული ოცნების“. რადგან ქართველები იბრძვიან თავიანთი ევროპული გზისთვის, ჩვენი მოვალეობაა, მკაფიოდ განვაცხადოთ ჩვენი მხარდაჭერის შესახებ. პირველ რიგში, ქართველი ხალხის ერთადერთი ჭეშმარიტი და ლეგიტიმური წარმომადგენელი და ერთადერთი აღიარებული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია. მეორე, „ქართული ოცნება“ და თვითგამოცხადებული ერთპარტიული პარლამენტი არ არის ლეგიტიმური. მოვუწოდებ ევროკავშირის ლიდერებს, წევრ ქვეყნებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, თავი შეიკავონ ყველა ქმედებისგან, რომელიც ლეგიტიმაციას მისცემს თვითგამოცხადებული „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას. მოსახლეობის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ ძალადობა გრძელდება, სასტიკად სცემეს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი გახარია და თავს დაესხნენ დამოუკიდებელ ჟურნალისტებს, მათ შორის მზია ამაღლობელს, რომელიც ორი თვით ციხეში იმყოფება. ევროპას ამაზე რეაგირება უნდა ჰქონდეს პასუხისმგებელი პირების, კერძოდ, ბიძინა ივანიშვილის მიმართ პერსონალური სანქციების დაწესებით. ამ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი არის ახალი, დამოუკიდებელი, სამართლიანი არჩევნები ყოველგვარი შეფერხების გარეშე“, – განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.