ვინ იფიქრებდა, რომ საქართველო, რომელიც ერთ დროს დემოკრატიის მედროშე იყო არა მხოლოდ რეგიონში, არამედ აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანას შორის, გადაიქცეოდა ლუკაშნეკოს სტილის ავტოკრატიად? დღეს ჩვენ ვისაუბრებდით არა მხოლოდ ბელარუსებზე ლუკაშენკოს ციხეებში, არამედ ქართველებზე ბიძინა ივანიშვილის ციხეებში, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუნკევიჩიანემ საქართველოს საკითხზე ევრპარლამენტში გამართულ დებატებზე განაცახადა.
იუნკევიჩიანე გამოვიდა წინადადებით, რომ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ ივნისში მიღებულ რეზოლუციის ტექსტში გარკვეული ცვლილებები შევიდეს და ტექსტი უფრო მკაცრი გახდეს.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა პროევროპულ ჯგუფებს ევროპარლამენტში და მათ მიერ დანიშნულ მომხსენებლებს შესანიშნავი თანამშრომლობისთვის. ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენელთა თავდასხმებმა ევროპარლამენტის წევრებზე და ევროკავშირის ელჩებზეც კი, მხოლოდ გააძლიერა ჩვენი საერთო პოზიცია. ჩვენ გვესმის, რომ ეს განცხადებები არ გამოხატავს ქართველი ხალხის შეხედულებებს, ვხედავთ მათ ბრძოლას და ვაღიარებთ მკაფიო სურვილს, გააგრძელონ გზა ვეროკავშირის წევრობისკენ.
იმ ფონზე, როდესაც სიტუაცია გაუარესდა, ევროკავშირის საგარეო კომიტეტში გამართული კენჭისყრის შემდეგ, პროევროპული პარტიების მიერ მომზადებულ იქნა ახალი შესწორებები და მე გაძლევთ რეკომენდაციას, მათ მხარი დავუჭიროთ. ცვლილებები მოიცავს ტექსტის განახლებას, რათა მასში შევიტანოთ მოვლენების სერიოზული განვითარება, კერძოდ, თითქმის ყველა მთავარი ოპოზიციონერი ლიდერის დაკავება და მათთვის პოლიტიკურად მოტივირებული მსჯავრის გამოტანა და სამოქალაქო საზოგადოების წამყვანი ორგანიზაციების სამართლებრივი დევნა, ასევე ჩვენი პოზიციის განახლება მუნიციპალურ არჩევნებზე, მთავარი ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრების გამო ეს არჩევნები არ შეიძლება, ჩაითვალოს თავისუფლად და სამართლიანად“, – აღნიშნა იუკნევიჩიანემ.
როგორც ევროპარლამენტარმა აღნიშნა, ასევე მომზადებულია ორი ზეპირი ცვლილება, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების გადახედვის შესახებ.
„მე გთავაზობთ, ორივეს დავუჭიროთ მხარი. ერთი ეხება მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას, პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სწრაფად უარესდება, ის კარგავს მხედველობას, მას უარი ეთქვა სათანადო სამედიცინო მკურნალობაზე და რჩება გისოსებს მიღმა პოლიტიკური მიზეზების გამო. კიდევ ერთი ცვლილება ამკაცრებს ჩვენს მიდგომას ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების გადახედვის შესახებ, ეს ცვლილება მოითხოვს დაუყოვნებლივ მოქმედებას, რადგანაც საქართველო მკაფიოდ დაარღვია ძირითადი დემოკრატიული პრინციპები. მინდა ხაზი გავუსვა, რომ მთელი პასუხისმგებლობა საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე ეკისრება ივანიშვილსა და მის პარტიას. უვიზო მიმოსვლა გადაეცემა დემოკრატიულ ქვეყნებს და არა რეჟიმებს, რომლებიც აპატიმრებენ მოქალაქეებს პოლიტიკური მიზეზებით.
საქართველო მნიშვნელოვანია მთელი ევროპისთვის, რეჟიმი ტყუილს ავრცელებს, როდესაც ამტკიცებს, რომ არავის ანაღვლებს ქართველი ხალხი, სწორედ ამიტომ მათი მეგობრები კრემლში და ულტრამემარჯვენეები გამოდიან ცვლილების წინადადებებით საქართველოს ევროკავშირის გაწევრიანების პროცესის წინააღმდეგ. არა, ჩვენ ამ ცვლილებას მხარს არ დავუჭერთ, ქართველი ხალხი, რომელიც ევროპული საქართველოსთვის იბრძვის უკვე 200 დღეზე მეტია, არიან ნამდვილი ევროპელი გმირები, ისინი იმსახურებენ ჩვენს სრულ პატივისცემას და მტკიცე მხარდაჭერას“, – განაცხადა იუკნევიჩიანემ.