რუსეთში შავი ჭირის სავარაუდო გავრცელების ფონზე, ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა განმარტავს, რამდენად რეალურია ინფექციის ფართომასშტაბიანი პანდემიის საფრთხე.
„პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ საუბრისას მან აღნიშნა, რომ ბაქტერიული ინფექციის კორონავირუსივით სწრაფი და მასობრივი გავრცელება, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია. მისივე თქმით, შავი ჭირის რუსეთიდან გასვლის თეორიული შანსი ძალიან დაბალია. „არსებობს სხვადასხვა ფაქტორი, თუ რატომ არ შეიძლება კოვიდპანდემიისა და შავი ჭირის ლოკალური ეპიდაფეთქების შედარება. პირველ რიგში, კოვიდი არის ვირუსი, შავი ჭირი არის ბაქტერია. კოვიდითა და სხვა ვირუსული ინფექციებით, რომელიც რესპირატორული გზით ვრცელდება, ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს საკმაოდ დიდ მანძილზე. გარკვეულ შემთხვევებში, 4-5 მეტრზე შეიძლება დაინფიცირება. როდესაც საუბარი გვაქვს შავ ჭირზე, ის არის ბაქტერია, ბევრად უფრო მძიმეა და იმისათვის, რომ მოხდეს ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა, მინიმუმ 2 მეტრზე უფრო ახლო კონტაქტი უნდა იყოს და ასევე უნდა იყოს ინტენსიური კონტაქტი. შესაბამისად, ამ დაავადების ფართომასშტაბიანი და სწრაფი გავრცელება, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია.

