შაბათი, მარტი 29, 2025

რა თქვა სანიოლმა სომხეთთან მატჩის შემდეგ

უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა „დინამო არენაზე“ სომხეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და 6:1 გაანადგურა, ორი მატჩის ჯამში კი 9:1 დაამარცხა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ჟურნალისტებთან განვლილი მატჩი შეაფასა.

„ყოველთვის გვსურს, რომ საუკეთესო შედეგს მივაღწიოთ. ამ ეტაპზე, აუცილებელი იყო B დივიზიონში დარჩენა. კმაყოფილი ვარ პირველი ტაიმით, რომელიც უმაღლეს დონეზე ჩავატარეთ. ძალიან მომეწონა მოედანზე შესული ფეხბურთელები.

მიქაუტაძე ახლა თავის საუკეთესო ფორმაშია, მაგრამ ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და ვფიქრობ, უფრო მაგარიც გახდება. ვიმედოვნებ, რომ უკეთესი სეზონები ექნება და თუ თავის კლუბში ასე თამაშს გააგრძელებს, მაშინ ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო იქნება. გოგლიჩიძე ძალიან მომეწონა, მაგრამ მასთან ერთად, ლოჩოშვილმაც პირველ მატჩში კარგად ითამაშა.

დღეს საბას გვერდით კაშია ჰყავდა და მისი პროფესიონალიზმი უფრო დაეხმარა. ზოგადად, ვფიქრობ, რომ დაცვაში სწორი მიმართულებით მივდივართ. საბას სახით ძალიან კარგი ფეხბურთელი გვყავს, დანარჩენი კი მასზეა დამოკიდებული. ზაფხულში პრიორიტეტი 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი იქნება. ახალგაზრდები სლოვაკეთში გაემგზავრებიან და ეს მათი გამოცდილებისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება.

რაც შეეხება ბუდუს, ის ნაკრებს კარგად ეწყობა, მაგრამ მიქაუტაძე ისეთ ფორმაშია, მისი სათადარიგოზე დატოვება შეუძლებელი იყო. მესმის, შეიძლება ჩემი გადაწყვეტილებები იმ ფეხბურთელებისთვის, რომლებსაც ნაკრებში დიდი სათამაშო დრო არ ეძლევა, გულდასაწყვეტი იყოს, მაგრამ ვეტყვი, რომ თავიანთ კლუბებში ფორმა შეინარჩუნონ და შანსს აუცილებლად მიიღებენ. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩემი ნება რომ იყოს, ნიდერლანდების ნაკრებს დავუპირისპირდებოდი.

ესპანეთს ბოლო რამდენიმე წელში ბევრჯერ ვეთამაშეთ და ამიტომ სიახლეებს ვისურვებდი. მაგრამ ამას საბოლოო მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ნებისმიერ ნაკრებთან რთული თამაში გველოდება. მთავარია მოედანზე მაღალი დონის ფეხბურთი ვითამაშოთ. 3-4 წლის წინ გადავწყვიტე 3 მცველით მეთამაშა, რამაც გაამართლა.

ახლა გოგლიჩიძე და ლოჩოშვილი თავის კლუბებში ბევრს თამაშობენ და ეს ტაქტიკის შეცვლის შესაძლებლობას გვაძლევს. ფეხბურთში არასდროს იცი რა მოხდება… შესაძლოა, ტრავმები იყოს, ან სხვა ნიუანსები, მეტოქესაც გააჩნია… ამიტომ ბევრი სქემის დალაგებაა საჭირო,“ – განაცხადა მწვრთნელმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

18 წლის ქართველი მეკარე ბელგიურ კლუბში ჩაირიცხა – გიორგი ყავლაშვილი „უნიონ სენტ-ჟილეში“ ითამაშებს

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მეკარე გიორგი ყავლაშვილი კარიერას ბელგიის ჩემპიონატის მესამეადგილოსან „უნიონ სენტ-ჟილეში“ გააგრძელებს – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.„გიორგი ყავლაშვილმა „უნიონ სენტ-ჟილესთან“ კონტრაქტი გააფორმა. ეს ბელგიაში დაბადებული ქართველი მეკარისთვის პირველი პროფესიული ხელშეკრულებაა. 18 წლის ყავლაშვილი ახალ კლუბში გადასვლამდე „ვესტერლოსა“ და „ანტვერპენის“ ახალგაზრდულ გუნდებში თამაშობდა. კონტრაქტი 2028 წლამდეა გათვლილი – ყავლაშვილი გუნდის მეოთხე მეკარე იქნება. მოგესალმებით, გიორგი“, – აღნიშნულია კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.გიორგი ყავლაშვილი ქართველი ემიგრანტების ოჯახშია გაზრდილი, მან საფეხბურთო კარიერა ბელგიაში დაიწყო. თამაშობდა საქართველოს 17-წლამდელების ნაკრებში, ამჟამად კი 19-წლამდელთა გუნდის წევრია.

პრემიერი: ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ გვაქვს ნამდვილად სამაგალითო თანაცხოვრება და მუსლიმ თემთან ერთად ვქმნით ჩვენი საერთო ქვეყნის მომავალს

ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ საქართველო მრავალფეროვანი, მრავალეთნიკური და მრავალრელიგიური ქვეყანაა, საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად ხელს უწყობს მუსლიმ თემს და ეს მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მუსლიმი თემის პატივსაცემად გამართულ იფთარზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.„ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ გვაქვს ნამდვილად სამაგალითო თანაცხოვრება და ერთად ვქმნით ჩვენი საერთო ქვეყნის მომავალს. საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად ხელს უწყობს მუსლიმ თემს, განსაკუთრებით 2014 წლის შემდეგ და ეს მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება. გასული 10 წლის განმავლობაში მუსლიმ თემს მუდმივ სარგებლობაში გადაეცა 250-ზე მეტი მეჩეთი, ასევე დაფინანსების სახით მთავრობისგან გამოეყო 35 მილიონი ლარი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იმის გამოხატულებაა, რომ საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მუსლიმი თემის წვლილს საქართველოს განვითარებაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. იფთარზე შეკრებილ მუსლიმ თემს სიტყვით მიმართეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ, დასავლეთ საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ, საქართველოს მუსლიმთა შეიხმა ფაიგ ნაბიევმა და აღმოსავლეთ საქართველოს მუფთმა ეტიბარ ემინოვმა.საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელით მუსლიმი თემის პატივსაცემად გამართულ იფთარს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, პარლამენტის წევრები, სახელმწიფო რწმუნებულები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტემი ბრიუსმა საქართველოს შესახებ კითხვაზე პასუხისგან თავი შეიკავა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში პრესკონფერენციაზე საქართველოზე დასმულ შეკითხვაზე პრესსპიკერმა, ტემი ბრიუსმა განაცხადა, რომ შეკითხვას დაუბრუნდება და პასუხი ექნება.აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს შეკითხვა დაუსვეს, ჰქონდა თუ არა ტრამპის ადმინისტრაციას კომუნიკაცია საქართველოში მმართველ პარტიასთან. საპასუხოდ ტემი ბრიუსმა აღნიშნა, რომ ამ კითხვას დაუბრუნდებოდა.„მე მსურს ამაზე გიპასუხოთ. ჩვენ ამას დავუბრუნდებით და თქვენთვის პასუხი გვექნება“, – აღნიშნა ტემი ბრუსმა.აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოსთან დაკავშირებით ტემი ბრიუსს აღარ უსაუბრია.

გუგეშაშვილის პაოკ-ში ტრანსფერი „პანსერაიკოსმა“ ოფიციალურად დაადასტურა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე ლუკა გუგეშაშვილი პაოკ-ში გადავა – ტრანსფერი ოფიციალურად ქართველის ამჟამინდელმა კლუბმა, „პანსერაიკოსმა“ დაადასტურა.„სალონიკის გუნდმა დაასრულა 25 წლის მეკარის ტრანსფერზე მუშაობა, რომელიც ახალი სეზონიდან 2028 წლის ზაფხულამდე პაოკ-ში ითამაშებს. ქართველი მეკარე „პანსერაიკოსში“ შესანიშნავ სეზონს ატარებს და ეს ყველაფერი კარგი ტრანსფერით დაასრულა“, – წერია sport-fm.gr-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში, სადაც კლუბის პოზიციაა დაფიქსირებული.„ლუკა გუგეშვილი ახალი სეზონიდან პაოკ-ში ითამაშებს. გარიგება მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ გააქტიურდება, მანამდე კი ქართველი მეკარე „პანსერაიკოსის“ კარის დაცვას ისეთივე წარმატებით გააგრძელებს, როგორც აქამდე აკეთებდა. ლუკა გუგეშაშვილი ჩვენს გუნდში 2024 წლის ზაფხულში „ყარაბაღიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩაირიცხა. ის საქართველოს ნაკრების წევრია, რომელმაც გასულ ზაფხულს ევროპის ჩემპიონატზე პლეი ოფში ითამაშა“, – წერია „პანსერაიკოსის“ განცხადებაში.ლუკამ საბერძნეთის სუპერლიგაში „პანსერაიკოსის“ შემადგენლობაში 25 მატჩი ჩაატარა, კარი „მშრალად“ ოთხჯერ შეინარჩუნა.

„პოლიტიკო“ – ევროპელი დიპლომატები კაია კალასს აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ ის პრემიერ-მინისტრივით იქცევა

ევროპელი დიპლომატები ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელს, კაია კალასს აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ ის პრემიერ-მინისტრივით იქცევა. ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.გამოცემა წერს, რომ კაია კალასი კრიტიკის ობიექტია რუსეთის წინააღმდეგ ძალიან აგრესიული გამოსვლის და აშშ-ს პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან მიმართების გამო.„პოლიტიკოს“ ცნობით, კაია კალასის პრობლემები პირველივე დღიდან დაიწყო, როდესაც კიევში მიმავალმა დაწერა, რომ ევროკავშირს სურს უკრაინამ ომში გაიმარჯვოს. გამოცემის თანახმად, ევროკავშირის ზოგიერთმა ოფიციალურმა პირის თქმით, ისინი თავს უხერხულად გრძნობენ, რომ ევროპის საგარეო მოქმედების სამსახურის ხელმძღვანელმა, სამუშაოზე ერთი დღეზე ნაკლები ხნის განმავლობაში თავი თავისუფლად იგრძნო, გადაელახა ის, რაც მათ მიაჩნიათ დამკვიდრებულ ენად.„ის პრემიერ-მინისტრივით იქცევა“, – განაცხადა ევროკავშირის ერთ-ერთმა დიპლომატმა.როგორც „პოლიტიკო“ წერს, ზემოხსენებულმა დიპლომატმა, ასევე ევროკავშირის ცხრა სხვა დიპლომატმა და ოფიციალურმა პირმა კალასის სამსახურში მუშაობის პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში გადაცომებზე მიუთითეს. „პოლიტიკო“ წერს, რომ მომდევნო თვეებში ეს შეშფოთება გაიზარდა, მათ შორის, კალასის აგრესიულ დამოკიდებულებაზე რუსეთთან დაკავშირებით. გამოცემის ცნობით, განსაკუთრებით ესპანეთი და იტალია არ იზიარებენ კალასის შეფასებას მოსკოვის, როგორც ევროკავშირის გარდაუვალი საფრთხის შესახებ.„თუ მას მოუსმენთ, ჩანს რომ ჩვენ ომში ვართ რუსეთთან, ეს კი არ არის ევროკავშირის ხაზი“, – განაცხადა ევროკავშირის ოფიციალურმა პირმა.

ბოლო სიახლეები