ოთხშაბათი, დეკემბერი 17, 2025

რა თქვა მეუფე შიომ ქადაგებისას

მხოლოდ სინანულის გზაზე შეიძლება, გაიხსნას ჩვენში ის ყველა სიკეთე, რაც ღმერთმა ასე უხვად მისცა ადამიანის ბუნებას, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.

„პატიოსანნო მამანო, ძვირფასო ძმებო და დებო, გილოცავთ დიდი მარხვის მე-4 კვირას. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

დღეს არის ხსენება ეკლესიის დიდი წმინდა მამის, იოანე კიბისაღმწერლისა. იგი ამბობდა, რომ სინანულის ღვაწლს აჩრდილივით თან ახლავს ორი საშიში თანამგზავრი – მოწყინება და სასოწარკვეთილება. ეს ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი საკუთარ თავში ხედავს მხოლოდ ცოდვასა და ბოროტებას. როგორც საპყრობილეში, ასე იკეტება ამ განწყობაში, ამ ხედვასა და ამ განწყობის ტყვეობაში ექცევა.

სულისთვის სახიფათოა, როდესაც ადამიანი თავის ცოდვებთან და ბოროტებასთან ერთად, ვერ ხედავს საკუთარ თავში მეორე, ნათელ მხარეს, რაც არის ხატება და მსგავსება ღვთისა. სხვა ყველაფერთან ერთად, ეს სახიფათოა თუნდაც იმიტომ, რომ ადამიანის სულში პარალიზებას ახდენს იმ დიდი შემოქმედებითი და ნათელი ძალისა, რომელიც ღმერთმა მისცა ადამიანის ბუნებას საოცარი ნიჭის სახით.

ურწმუნო ადამიანებისგან ხშირად გვსმენია, რომ არა მარტო ჩვენი სინანული, არამედ მთელი ქრისტიანული ცხოვრება გამსჭვალულია ამ მოწყინებით, სევდითა და სასოწარკვეთილებით. ისინი გვეუბნებიან, რომ თქვენ სულ თავს იმდაბლებთ და ყველგან ხედავთ მხოლოდ ცოდვას, ბოროტებას. განა შეიძლება ასე ცხოვრებაო? მაგრამ ეს არის დიდი ცილისწამება ქრისტიანობის მისამართით, ვინაიდან ჩვენ არ ვხედავთ მხოლოდ ბოროტებას, ეს დიდი ტყუილია! მართალია, წმინდა მოციქული იოანე ღვთისმეტყველი ამბობს, რომ „სოფელი ესე ბოროტსა ზედა დგას“, ანუ ეს ქვეყანა ბოროტებაშია დანთქმული; და იგივე მოციქული ამბობს, რომ „ნუ შეიყვარებთ ამასოფელს, ნურც ამასოფლიურ რასმე“, მაგრამ ეს არ ეხება იმას, რაც ღვთის არის ამ სამყაროში, ვინაიდან სამყაროა ღვთისა.

ამქვეყნად ბევრი რამ არის ღვთისა, ბევრია სიკეთე და ბევრია სინათლე. სწორედ ამ სინათლეზე ქადაგებს ქრისტიანული სარწმუნოება. სინანულის ღვაწლი ყველაზე უკეთ ხსნის ჩვენში ამ სინათლის ძალას. რა არის ეს სინათლის ძალა? ეს არის ქრისტეს აღდგომის სინათლე. ჩვენ ვხედავთ მხოლოდ ამ სიხარულს და ვიცით, რომ ჩვენი ცოდვების ხედვა, მათთან ბრძოლა, ეს არის გზა სიხარულისკენ, რადგან მხოლოდ სინანულის გზაზე შეიძლება გაიხსნას ჩვენში ის ყველა სიკეთე, რაც ღმერთმა ასე უხვად მისცა ადამიანის ბუნებას.

დიდმარხვაშიც, ძვირფასო ძმებო და დებო, დედაეკლესია სწორედ ამ სიხარულზე გვასწავლის. თქვენში ჩადებულია ხატება ღვთისა, – გვეუბნებოდა ეკლესია დიდი მარხვის პირველ კვირას. დიდი მარხვის მეორე კვირას ჩვენ გვესმოდა წმინდა გრიგოლ პალამას სიტყვები, რომ ჩვენ ვართ თანაზიარნი საღვთო ბუნებისა, მესამე კვირას (გასულ კვირას), ტაძრის შუაგულში გამობრძანებული იყო წმინდა ჯვარი, როგორც საღვთო სიყვარულის დიდი ნიშანი. აი, რა გვაძლიერებს და რა გვიცავს, რა ნიშანს ვატარებთ ჩვენს სხეულზე. და აი, დღესაც, მარხვის მეოთხე კვირასაც, უფალი მოგვიწოდებს, რომ ვირწმუნოთ ღმერთის, გვწამდეს ადამიანის და გვწამდეს იმ სიკეთის, რომელიც ყოველ ადამიანში, ჩვენშია ჩადებული; რაც არის, როგორც მოგახსენეთ, ღმერთისგან გამომავალი მარადიული ნათელი, რომელიც სინანულის გზაზე უნდა გაიხსნას ჩვენში.

დღეს ღირსი იოანე კიბისაღმწერლის მაგალითით, შემდეგ კვირას კი ღირსი მარიამ ეგვიპტელის მაგალითით ეკლესია გვაჩვენებს, თუ რა სულიერ სიმაღლეზე აჰყავს ამ სინათლის ძალას ადამიანი და შეგვაძლებინოს უფალმა, რომ მთელი გულით ვუპასუხოთ ამ მოწოდებას, ვუერთგულოთ ღმერთის, ადამიანისა და სიკეთის ისეთ რწმენას, რომელიც გვასწავლა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულით წმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ“,- განაცხადა მეუფე შიო მუჯირმა ქადაგებისას.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დღეს ბარბარობაა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა დიდმოწამე ბარბარეს იხსენებს, რომელიც ქრისტიანობისთვის მე-4 საუკუნის დასაწყისში ეწამა.ქალწულმოწამე ბარბარე მე-3 საუკუნის მეორე ნახევარში ფინიკიის ქალაქ ილიოპოლისში დაიბადა. ერთადერთ შვილს მამა ზრდიდა, რომელიც კერპთაყვანისმცემელი იყო. მას შემდეგ, რაც ბარბარეს ჩუმად მონათვლის ამბავი შეიტყო, მამამ ის ქვეყნის მმართველ მარკიანესთან მიიყვანა. რამდენიმედღიანი წამების შემდეგ, წმინდა ბარბარეს თავი თავად მამამისმა მოკვეთა.წმინდა ბარბარე ბავშვების განსაკუთრებულ მფარველად ითვლება. ბარბარობის დღესასწაულზე ტაძრებში საზიარებლად განსაკუთრებით ბევრი პატარა მიყავთ.დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ტაძარში საღმრთო ლიტურგია ჩატარდება.

იაგო ხვიჩია: „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ ტრიალით ქართულ პოლიტიკას თავბრუ იმდენად დაეხვა, რომ ფაქტობრივად პოლიტიკა საერთოდ არ გვაქვს

დიდი ხნის მანძილზე ვამბობდით, რომ  ქართულ პოლიტიკაში არსებობს სამი პოლიტიკური ძალა „ქოცები“, „ნაცები“ და „გირჩები“, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.მისივე თქმით, დიდი მნიშვნელობა არ აქვს პარტიებიდან ვინ ვის ირგვლივ ტრიალებს.„ჩვენ თვითონ დიდი ხნის განმავლობაში ვამბობდით, რომ  ქართულ პოლიტიკაში არსებობს სამი პოლიტიკური ძალა „ქოცები“, „ნაცები“ და „გირჩები“. მგონი, აწმყოში პრობლემა სხვა რამეა. როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ ტრიალით ქართულ პოლიტიკას თავბრუ იმდენად დაეხვა, რომ ფაქტობრივად პოლიტიკა საერთოდ არ გვაქვს. პარტიები ვინ არიან და ვინ ვის ირგვლივ ტრიალებს ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. რაც შეეხება გარე ძალებს, გარე ზეწოლა რამდენიც იყო საქართველოს ხელისუფლებაზე, მაგდენი მგონი არასოდეს ყოფილა. თუმცა, იმის გამო, რომ შიგნით გასაკეთებელი საქმის გაკეთება არავის არ უნდოდა და პირიქით, ყველაფერი სიგიჟეს წააგავდა, გარე ზეწოლები ამას ვერ შველის. ზოგადად არ შეიძლება ქვეყნის შეცვლა გინდოდეს და გარე ძალების იმედად იყო“, – განაცხადა ხვიჩიამ.ცნობისთვის, ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში განაცხადა: ქართული პოლიტიკა ტრიალებს „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო, ოპოზიციური პარტიები იდენტობას იშენებენ, რომ „ნაცები“ არ არიან, აბა, ვინ არიან?“.

ზურაბ ქადაგიძე: ქვეყნები, რომლებიც ჩვენ გვიკიჟინებდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას და თვითონ, მანიპულაციებითა და მაქინაციებით არიდებდნენ თავს, ყველა არის რუსეთის სამხედრო ბიუჯეტის მთავარი კონტრიბუტორი

ხალხის ძალის“ დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში, ლატვიის ტელევიზიის ( LTV ) გადაცემა De facto - ში გასულ სიუჟეტს ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ გასულ წელს ევროკავშირიდან ლატვიის გავლით, რუსეთში თითქმის ორი ათასი ტონა ნატურალური კაუჩუკი იქნა ექსპორტირებული.ქადაგიძის შეფასებით, მაშინ როცა რუსულ გადამუშავებულ ნედლ ნავთობს მესამე ქვეყნის გავლით იღებდა ევროკავშირი, ლიეტუვამ ყველა რეკორდი მოხსნა ღვინის ექსპორტში 2023 წელს, არ არის გასაკვირი კაუჩუკსაც რომ აწვდიდეს ლატვია რუსეთის ფედერაციას.„ნატურალური კაუჩუკი რუსეთში, ლატვიის გავლით შედისო...რა არის გასაკვირი ამაში?- სადაც რუსულ გადამუშავებულ ნედლ ნავთობს, მესამე ქვეყნის გავლით იღებდა ევროკავშირი და სადაც, ლიეტუვამ ყველა რეკორდი მოხსნა ღვინის ექსპორტში 2023 წელს, კაუჩუკსაც რომ აწვდიდეს ლატვია რუსეთის ფედერაციას, რა გასაკვირია?დიახ, ის ქვეყნები, რომლებიც ჩვენ გვიკიჟინებდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას და თვითონ, მანიპულაციებითა და მაქინაციებით არიდებდნენ თავს, ყველა არის, რუსეთის სამხედრო ბიუჯეტის მთავარი კონტრიბუტორი!“ - წერს ქადაგიძე.

,,წითელი ხიდის“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი -,,წითელი ხიდის“, მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის, როგორც ფიზიკური, ასევე მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა - 165 გრამი) გამოვლინდა. სამართალდამრღვევი მოქალაქე, საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, შეეცადა პოლიეთილენის შეფუთვაში განთავსებული ძვირფასეულობა ავტომობილის სალონში მალულად განეთავსებინა.არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 42 907 ლარი შეადგინა.საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა- ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბიძგები თბილისის დროით 16:39-ზე ქალაქ გურჯაანიდან დასავლეთით 7 კმ-ში, სოფელი ჭერემიდან 4 კმ-ში დაფიქსირდა.ბიძგების სიმძლავრემ 3.5 მაგნიტუდა შეადგინა.დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ბოლო სიახლეები

დღეს ბარბარობაა