სამშაბათი, ივლისი 15, 2025

პროკურატურის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის დათვალიერებისას მექანიკური დაზიანების ან სხვა ხელოვნური ზემოქმედების კვალი ვერ აღმოაჩინეს

საზოგადოების ინფორმირების მიზნით, საქართველოს პროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შესახებ მორიგ განმარტებას აკეთებს.

„თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე დანიშნული კომპლექსური ექსპერტიზის ფარგლებში, 2020 წლის 31 აგვისტოს, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერება ჩატარდა, რაშიც მონაწილეობას ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტები, „ჰიუნდაი აუტო საქართველოს“- წარმომადგენელი და ოჯახის ადვოკატი იღებდნენ.

ნივთმტკიცების გახსნა-დათვალიერების ფარგლებში დადგინდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი „Hyundai Accent’’-ის მარკის ავტომანქანა აღჭურვილი იყო არაქარხნული წესით დამონტაჟებული ცენტრალური საკეტის ჩაკეტვა-გაღების ფუნქციით, რაც იმართება ე.წ ,,პულტით“, დათვალიერებით სხვა დამატებითი ელექტრო მოწყობილობა ვერ იქნა აღმოჩენილი. ასევე დადასტურდა, რომ ავტომანქანის ცენტრალური საკეტის ჩაკეტვა-გაღების მოწყობილობა, სამუხრუჭე სისტემა და კონდიცირება გამართულად მუშაობდა.

გარდა ამისა, ავტომანქანის ვიზუალური და კომპიუტერული დათვალიერებით დადგინდა, რომ იგი არ არის აღჭურვილი GPS ან სხვა მსგავსი მოწყობილობით. ამასთან, ავტომანქანას არ აღმოაჩნდა მექანიკური დაზიანების კვალი, რაც გამოიწვევდა ზეთის ან ბენზინის დაღვრას და შესამჩნევი გახდებოდა, როგორც ადგილმდებარეობის, ასევე ავტომანქანის ვიზუალური დათვალიერებით. ამასთან, ექსპერტების მიერ, ადვოკატის მონაწილეობით, დათვალიერდა ავტომანქანის საბურავები, რის შედეგადაც ბუქსირებისგათრევის ან სხვა ხელოვნური ზემოქმედების კვალი ვერ იქნა აღმოჩენილი. რაც შეეხება ავტომობილთან დაკავშირებულ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე სხვა ინფორმაციას, ექსპერტიზის დასრულების შემდგომ გახდება ცნობილი“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილს ექსპერტიზა 31 აგვისტოს ჩაუტარდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გია ბარამიძე: რუსულ-ქოცურ თამაშში არცერთი ფორმით არ უნდა მიიღოს მონაწილეობა არცერთმა ნორმალურმა, პატრიოტულმა ძალამ, რომელსაც უნდა, რომ ეს რეჟიმი მშვიდობიანი გზით მოვიცილოთ

რუსულ-ქოცურ თამაშში არანაირად, არცერთი ფორმით არ უნდა მიიღოს მონაწილეობა არცერთმა ნორმალურმა, პატრიოტულმა ძალამ, რომელსაც უნდა, რომ ეს რეჟიმი მშვიდობიანი გზით მოვიცილოთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია ბარამიძემ განაცხადა.ბარამიძის თქმით, ამისთვის საჭიროა თანმიმდევრული, პრინციპული ბრძოლა ქართველ ხალხთან ერთად, რაც შვიდი თვეა, მიმდინარეობს.„სწორედ ამ ბრძოლას ღალატობენ ისინი, როდესაც ბრძოლაში კი არ შედიან, შედიან რუსულ-ქოცურ სპეცოპერაციაში, რის შედეგადაც მიიღებენ გადმოგდებულ ძვალს, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაწერილ ციფრებს და არა იმას, რომ ვიღაცამ მისცეს მათ ხმა და აზრი გამოხატოს, არამედ მიიღებენ იმ ციფრებს, რა ციფრებსაც დაუწერს ეს რეჟიმი. ეს ორჯერ ორი ოთხია.ოპოზიციამ მოიგო მთლიანობაში და მაშინ წაგვართვეს ხმები, შესაბამისად, ახლა ორი ყველაზე ცუდი პარტიული რეიტინგის მქონე პარტია რომ მიიღებს მონაწილეობას, თან ამ სპეცოპერაციაში, როგორ მოიგებენ? თავებს იდებილებენ, ხალხი ჰგონიათ დებილები. უკაცრავად, მაგრამ ძალიან უხერხულია, რასაც ისინი ლაპარაკობენ, უბრალოდ დგანან და ასე უტიფრად იტყუებიან. ამით ბუნებრივია, ქოცურ თამაშში შევიდნენ და ქოცებს დაემსგავსნენ რიტორიკითაც, ამ სისულელეეების ლაპარაკითაც. ყველასთვის ნათელია, რომ ორი ყველაზე მთავარი, ძლიერი პოლიტიკური პარტია არ იღებს მონაწილეობას და არათუ ჩვენ ვაპირებთ, რომ პასიური ბოიკოტი გამოვაცხადოთ, ამასაც ტყუიან და ეთერებში ლაპარაკობენ, რომ ჩვენ შევდივართ ბრძოლაში და აბა, პასიური ბოიკოტი გვინდა? ვინ თქვა პასიური ბოიკოტი? მილიონჯერ გავუვით ხაზი, რომ არანაირი პასიური ბოიკოტი არაა ჩვენი გზა და სახლში ჯდომა, არამედ ჩვენი გზა არის ბრძოლა, ამ რეჟიმის მხილება, ქუჩა-ქუჩა უბან-უბან, სოფელ-სოფელ მხილება და ხალხის დარწმუნება, რომ ეს რეჟიმი უნდა მოვიშოროთ და არ უნდა მივიღოთ მის მოღალატურ პროცესში მონაწილეობა და მის მიერ დადგმულ რუსულ სქემებში. ეს არის ჩვენი ბრძოლის ერთ-ერთი მიმართულება და არა უბრალოდ პასიური ბოიკოტი. მათ ეს ძალიან კარგად იციან. მილიონჯერ ვთქვით, მაგრამ მაინც ჯიუტად ამ სისულეებს ლაპარაკობენ, მათ მაგივრად შეიძლება, ნორმალურ ადამიანს შერცხვეს“, – აღნიშნა ბარამიძემ.

რობინ დანიგანი – ამერიკელი და ქართველი ხალხის განსაკუთრებული კავშირი გაუტეხელია, საქართველოს ადგილი დასავლური დემოკრატიების ოჯახშია, ერთად მუშაობით შეგვიძლია უკეთესი მომავლის შექმნა

ვიცი, რომ ამერიკელი და ქართველი ხალხის განსაკუთრებული კავშირი გაუტეხელია, საქართველოს ადგილი დასავლური დემოკრატიების ოჯახშია. ერთად მუშაობით ჩვენი შვილებისთვის უკეთესი მომავლის შექმნა შეგვიძლია, – ამის შესახებ რობინ დანიგანმა გამოსამშვიდობებელი ვიდეომიმართვისას განაცხადა.დანიგანის თქმით, სამუდამოდ იქნება ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი.„გამარჯობა, საქართველო. მსურს, ვისარგებლო ამ შესაძლებლობით, რომ დაგემშვიდობოთ და მადლობა გადაგიხადოთ. ჩემო 33-წლიანი დიპლომატიური კარიერის განმავლობაში მსოფლიოს გარშემო არასოდეს შევხვედრივარ ქართველებივით თბილ, სტუმართმოყვარე და დიდსულოვან ხალხს. მადლობა, რომ გაგვიღეთ თქვენი გულისა და სახლის კარი მე და ჩემს ოჯახს. მადლობა, რომ გამიზიარეთ თქვენი გულითადი სადღეგრძელოები და გემრიელი სუფრა, თქვენი დიდებული პოლიფონიური სიმღერა და უნიკალური კულტურა. ჩვენ მოვიარეთ ეს ულამაზესი ქვეყანა სვანეთიდან უშგულამდე, კახეთიდან თუშეთამდე და თბილისის ყველა კუთხის ჩათვლით. სადაც არ უნდა წავსულიყავით, ყველგან საკუთარი ოჯახივით გვიღებდნენ. განცვიფრებული ვართ თქვენი გულუხვი სტუმართმოყვარეობით. ვიცი, რომ ამერიკელი და ქართველი ხალხის განსაკუთრებული კავშირი გაუტეხელია. ვიცი, რომ საქართველოს ადგილი დასავლური დემოკრატიების ოჯახშია. ერთად მუშაობით, ვიცი, რომ ჩვენი შვილებისთვის უკეთესი მომავლის შექმნა შეგვიძლია. საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი. დიდი მადლობა და შეხვედრამდე“, – განაცხადა რობინ დანიგანმა.აშშ-ის საელჩომ 5 ივნისს გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ რობინ დანიგანი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის თანამდებობას ტოვებს.„მივიღე პირადი გადაწყვეტილება, გავიდე პენსიაზე, ჩემი გაწვევა ჩემს მთავრობას არ მოუთხოვია“, – განაცხადა რობინ დანიგანმა.რობინ დანიგანი საქართველოში ელჩის თანამდებობაზე 2023 წელს დაინიშნა.

კაია კალასი – განვიხილავთ, რა შეგვიძლია, გავაკეთოთ კიდევ, ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეჩერება, რაც შეაცვლევინებს საქართველოს მთავრობას გათვლებს

ვხედავთ სერიოზულ უკუსვლას საქართველოში და განვიხილავთ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ კიდევ, ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეჩერება, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.„ჩვენ განვიხილავთ საქართველოს საკითხს, ვხედავთ სერიოზულ უკუსვლას საქართველოში და განვიხილავთ, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ კიდევ. ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეჩერება და სხვა ელემენტები, რაც შეაცვლევინებს საქართველოს მთავრობას გათვლებს“, – განაცხადა კალასმა.კითხვაზე, თუ დაადასტურებს ინფორმაციას მიზნობრივი სანქციების შესახებ და ასევე იმას, რომ სასანქციო სიაში ორი მოსამართლეა, კალასი პასუხობს:„ჩვენ შევთავაზეთ სია, რადგან ვხედავთ, რომ სასჯელები, მათ შორის ახალგაზრდა მომიტინგეებისთვის, ნამდვილად არაპროპორციულია, ამიტომ ცხადია, რომ სასამართლო სისტემაც ოპერაციის ნაწილია. ასე რომ, დიახ, სანქციების პაკეტში ორი მოსამართლეა, ჩვენ ამას განვიხილავთ, როგორც იცით. ადრეც გვქონდა ბლოკირება, მაგრამ ასევე განვიხილავთ სამუშაო მეთოდებს. დღეს ჩვენ საქართველოს წერილს გავუგზავნით უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით, მათ გარკვეული პირობები უნდა შეასრულონ და თუ ეს პირობები კონკრეტულ ვადაში არ დაკმაყოფილდება, მაშინ უვიზო რეჟიმის შეჩერება მოგვიწევს“,- განაცხადა კალასმა.ჟურნალისტის კითხვაზე, კონკრეტულად რა ვადაზეა საუბარი, კალასმა განაცხადა, რომ არ ახსოვს, თუმცა ყველაფერი წერილშია მითითებული.მედიის წარმომადგენელმა კალასს კიდევ ერთი კითხვა დაუსვა, „შეგვიძლია თუ არა, ველოდოთ საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს“, რაზეც კალასმა უპასუხა:„როგორც ვთქვი, ამაზე ვმუშაობთ, წინადადებები წარვადგინეთ, მაგრამ კითხვა მდგომარეობს იმაში, შეგვიძლია თუ არა ერთი წევრი სახელმწიფოს ვეტოს დაძლევა. ვცდილობთ, ამაზე ვიმუშაოთ. ვარიანტებია სანქციები, როგორც მანამდე ვთქვი, უვიზო რეჟიმის შეჩერება და ყველა ის ელემენტი, რაც გვაქვს ამასთან დაკავშირებით“.

დღეს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც უნდა წაიკითხოთ

15 ივლისს ვლაქერნობაა.წელიწადში მხოლოდ ერთხელ, მორწმუნეები ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი საგანძურის, ღმრთისმშობლის სამოსლის სანახავად, მთელი საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ზუგდიდში ჩადიან.უდიდესი სიწმინდე, ღვთისმშობლის კვართი, ზუგდიდშია დაბრძანებული. ყოველ წელიწადს, 15 ივლის აღინიშნება ვლაქერნობა. ამ დღეს ღვთისმშობლის კვართს მუზეუმიდან ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის ტაძარში გადააბრძანებენ ხოლმე.ტროპარიღმრთისმშობელო ქალწულო, კაცთა მფარველო, სამოსელი და სარტყელი უხრწნელისა გვამისა შენისა მტკიცედ მცველად მოსცენ ქალაქსა სენსა, რომელნი იგი უთესლოსა მის შობისა შენისა მიერ განუხრწნელად ჰგიან მარადის, რამეთუ შენ ზედ ბუნებანი მოუძლურდეს და ჟამნიცა; ამისთვის გევედრებით: მშვიდობაი სოფელსა მოანიჭე და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.

დონალდ ტრამპი – აშშ დაუყოვნებლივ მიაწოდებს იარაღს უკრაინას

აშშ დაუყოვნებლივ მიაწოდებს იარაღს უკრაინას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან საუბრის შემდეგ განაცხადა.„ჩვენ ვაპირებთ, ნატო-ს დიდი რაოდენობით მივაწოდოთ იარაღი. ისინი მიაწოდებენ იარაღს და გადაიხდიან იარაღის 100 პროცენტს. ეს სრულად არის დამტკიცებული. ეს გაკეთდა. ჩვენ გავუგზავნით მათ ბევრ, ყველა სახის იარაღს და ისინი ამ იარაღს უკრაინას დაუყოვნებლივ მიაწოდებენ. ისინი გადაიხდიან 100 პროცენტს“, – განაცხადა ტრამპმა.ამასთან, ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ თუ 50 დღეში შეთანხმება არ მიიღწევა, რუსეთს ძალიან მკაცრ სანქციებს დაუწესებს.„50-დღიანი ვადის ბოლოს თუ ჩვენ არ გვექნება შეთანხმება, მაშინ ჩვენ ამას გავაკეთებთ. ჩვენ არ გვექნება არჩევანი. ეს საკმაოდ მკაცრი სანქციებია, ამის გაკეთება არ გვინდა, მაგრამ ვნახოთ, რა მოხდება. ჩვენ ვფიქრობდით, რომ შეთანხმება გვქონდა“, – განაცხადა ტრამპმა.

ბოლო სიახლეები