პარასკევი, ნოემბერი 22, 2024

პროკურატურა მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს ბრალდებას დაუმძიმებს

საქართველოს პროკურატურა საგარეჯოში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს, დაზარალებულის გარდაცვალების გამო ბრალდებას დაუმძიმებს. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 11 ნოემბერს, საგარეჯოში, ბრალდებულმა გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მეუღლეს განსაკუთრებული სისასტიკით, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა. მიღებული დაზიანებებით დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 12 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 381-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (დამცავი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევა) და იმავე კოდექსის 19, 109-ე მუხლის „თ“, „კ“, „მ“, „პ“ ქვეპუნქტებით  (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით, არაერთგზის), რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით უკვე შეფარდებული აქვს პატიმრობა.

დაზარალებული მიღებული დაზიანებების შედეგად 21 ნოემბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა“, – აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის ინფორმაციაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

დანგრეული სახლები, მოგლეჯილი ხეები, რამდენიმე მეტრიანი ტალღები ზღვაზე

ფილიპინებს ქარიშხალი "მან-ი"” დაატყდა თავს. ინფორმაციას Nbcnews-ი ავრცელებს. ქარიშხალმა დაანგრია სახლები, მოგლიჯა ხეები და დააზიანა ინფრასტრუქტურა. ზღვაზე გამოიწვია უზარმაზარი ტალღები და ათასობით ადამიანი აიძულა სახლები დაეტოვებინათ. ეს უკვე მეექვსე ყველაზე მომაკვდინებელი ქარიშხალი იყო, რომელიც ფილიპინებს ერთ თვეზე ნაკლებ დროში დაატყდა თავს.

საგამოძიებო სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

19 ნოემბრის აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ლიზი თირქიას ბრალდებას, თითქოს მას ტელეფონით დაუკავშირდნენ სამართალდამცველები და ის 5 პოლიციელზე თავდასხმასა და შემდგომ მიმალვაში დაადანაშაულეს, უარყოფს სპეციალური საგამოძიებო სამსახური და შესაბამის აუდიო მასალას ავრცელებს. უწყებაში აღნიშნავენ, რომ მსგავსი შინაარსის კომუნიკაცია გამომძიებელსა და ლიზი თირქიას შორის არ შემდგარა და აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება სამსახურის დისკრედიტაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება. "აქციის მონაწილეების მიმართ ძალის შესაძლო გადამეტების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამომძიებლის მხრიდან ნამდვილად შედგა კომუნიკაცია მოქალაქე ლიზი თირქიასთან და შემოსული შეტყობინების საფუძველზე, დაკავების გარემოებებისა და მიღებულ დაზიანებებთან დაკავშირებით გამოკითხვაზე მისვლა შესთავაზა. მედიაში გავრცელებული ცრუ ინფორმაციის შემდეგ, ლიზი თირქიასთან კომუნიკაციის დეტალების დაზუსტების და გამომძიებლის შესაძლო არაეთიკური ქცევის შესწავლის მიზნით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გენერალური ინსპექციის თანამშრომელი დაუკავშირდა ლიზი თირქიას, რომელმაც სატელეფონო საუბრისას უარყო მანამდე მის მიერ გაცხადებული ტექსტი და განმარტა, რომ პოსტი სოციალურ ქსელში თავის დაზღვევის მიზნით განათავსა და საგამოძიებო ორგანოში გამოცხადების შემდეგ შეიტყო მისი დაბარების რეალური მიზეზი. ლიზი თირქია გამოიკითხა, განემარტა მისი უფლებები და შესთავაზა სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება", - წერია განცხადებაში. სპეციალური საგამოძიებო სამსახური მედიას ცრუ ინფორმაციის გავრცელებამდე საკითხის გადამოწმებისკენ მოუწოდებს.

მამუკა ხაზარაძე – ჯინიანობის დრო არ არის, ახლა არის დარწმუნების და იმის ჩვენების დრო, რომ ოთხივე პარტია ერთად თუ არ დავდგებით, ქვეყანას წავაგებთ, გახარიას...

ჩვენ განვაცხადეთ, რომ არჩევნები არ ჩატარებულა საქართველოში, შესაბამისად, „ძლიერმა საქართველომ“ განაცხადა, რომ კანონის შესაბამისად აბარებს მანდატებს, ჩახსნის სიას. ეს არის მკაფიო, წყალი არ გაუვა. ამავე დროს, ეს ყველაფერი უნდა მოხდეს ოთხივე ოპოზიციური პარტიის ერთდროული მოქმედებით, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა. ხაზარაძეს გადაცემის წამყვანმა მიმართა, რომ „მეოთხე პარტია, გახარია არ აპირებს უფლებამოსილების შეწყვეტას და სიის ჩახსნას“, რაზეც ხაზარაძემ განაცხადა: „ეს არის დიდი პრობლემა, მაშინ ახლავე უნდა ვთქვათ, რომ როცა ამბობ, ლეგიტიმაციას არ მივცემ პარლამენტს, ეს არის ტყუილი და იღებ პასუხისმგებლობას. სიების ჩახსნა და ბოიკოტი სხვადასხვა რაღაც არის. ბოიკოტი არ არის ლეგიტიმაციის არმიცემა. მოდით, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. მინდა, ძალიან კორექტული ვიყო. იცით, მე და ჩვენს პარტიას მორატორიუმი გვაქვს გამოცხადებული თავდაუსხმელობის შესახებ, ბევრი ნაბიჯი გადავდგი ამისკენ, მაგრამ საკითხი ეხება ჩვენს ხვალინდელ დღეს. ახლა სიტყვებით გაფორმება და შემდეგ უცბად, „გაპრავება“ არალეგალური, მოპარული არჩევნების და „ქართული ოცნების“, არ გამოვა. ამიტომ უნდა შევიკრიბოთ ოთხივე. მაშინ გაუგებარია, დანარჩენი სამი პარტია რატომ ტოვებს მანდატებს. ერთმანეთს და საზოგადოებას ნუ მოვატყუებთ. თუ ბრძოლაა, იყოს ბრძოლა ბოლომდე გულწრფელი და ხვალინდელი დღისთვის. იმაზე თუ არის ლაპარაკი, რომ ვიღაცას ხელფასი უნდა პარლამენტში, შემდეგ კომისიებში ჩაჯდომა, უცხოეთში მოგზაურობა და თან ბოიკოტში ხარ – ასე არ ხდება. უნდა ვიცოდეთ, ვინ რა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იღებს. პირდაპირ უნდა ვუთხრათ ერთმანეთს. ბოიკოტი არ არის მანდატების ჩახსნა. არავის ვაიძულებ, არც სურვილი მაქვს და არც თავს მივცემ უფლებას, ვიღაც ვაიძულო. სხვათა შორის, ქართულ პოლიტიკაში ბევრს აქვს ამისი სურვილი და მათაც მოვუწოდებ, მსგავს მეთოდებს ყველამ თავი დაანებოს. ამას არ ვაკეთებ. ეს დამკვიდრებული პრაქტიკაა“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. ჟურნალისტმა ხაზარაძეს კითხვა დაუსვა, ოპოზიციაში ხომ არ არის ეს პრაქტიკა დამკვიდრებული, რაზეც მან აღნიშნა: „დიახ, მაგრამ ამაზე არ არის საუბარი ახლა. მინდა, ყველას ვუთხრა, რომ ეს მეთოდები მოძველებულია – დაბულინგება, „ფეისბუქის“ სტატუსები, ვიღაცების მოთაგვა თუ რაღაც. მოდით, რა ხვალინდელ დღეზე ვილაპარაკოთ. ყველამ გადადოს გვერდზე ბავშვობა, ზურგში მოპარვა და თითქოს რაღაც ეგოების თამაში. საუბარია ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეზე. ეს მამოძრავებს მე დღეს. ან ბრძოლაში მივდივარ ბოლომდე, ან დღესვე ვიღაცამ პირდაპირ თქვას, რომ „ქართულ ოცნებას“, ამ პარლამენტს ვუკეთებ ლეგიტიმაციას. ნახევრად ფეხმძიმე ვითარება არ შეიძლება, იყოს. ყველამ თავის გულში ჩაიხედოს და თქვას, თუ ეს არის გულწრფელი ბრძოლა და ყველას გვინდა ახალი არჩევნები, გადავარჩინოთ ქვეყანა და იყოს სამართლიანი არჩევნები. ეს ჩემთვის პრინციპული საკითხია. იცით, ეს პოზიცია დავაფიქსირე, განცხადებაც გვქონდა გაკეთებული, ოთხივე პარტია შევიკრიბოთ პრეზიდენტთან. პრეზიდენტი მზაობას გამოთქვამს, თუ ოთხივე პარტია მივა მასთან. ეს უკვე ფრონტია, ეს უკვე პოზიციაა, მართლა კუთხეში მიყენებაა „ქართული ოცნების“ და გარანტიას გაძლევთ, ძალიან მალე ახალი არჩევნები ჩაინიშნება“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. კიდევ ერთ კითხვაზე, „სინქრონი თუ არ იქნა და გახარიას პარტია არ ჩახსნის სიებს, აზრს კარგავს ამის გაკეთება თქვენგანაც?“, ხაზარაძემ აღნიშნა: „ეს არ მითქვამს, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი და უნდა ავუხსნათ გახარიას პარტიას, რომ ეს არ არის ბრძოლა. მესმის, რომ მათ თავიანთი სტრატეგია აქვთ, მაგრამ ჩვენ უნდა ავუხსნათ მას და საზოგადოებამაც მკაფიოდ უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია, მისმა ამომრჩეველმა უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია, რომ ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი. მოლაპარაკებების, დარწმუნების და ახსნა-განმარტების გზით. რაც არ უნდა საოცარი იყოს ,ამ ბოლო დროს მე გამოვდივარ რაღაც ყველაზე დიდი ადვოკატი  გახარიასი და მისი პარტიის. დარწმუნებული ვარ, მის გუნდში მიზნის მიღწევა უნდათ, ისევე როგორც ჩვენ. ამიტომ კონსულტაციები უნდა გაიმართოს, ეს ალტერნატიული სახალხო პარლამენტი უნდა გაკეთდეს, კოალიციამ და კოალიციებმა თანამშრომლობა უნდა გააუმჯობესონ. ოთხი კოალიცია უნდა ვსაუბრობდეთ ერთად საქმისთვის. ვინაიდან მოხდა პრეცედენტი ვენესუელაში, გარანტიას გაძლევთ, ეს ამბავი მოხდება საქართველოში, თუ კიდევ ერთხელ ვიქნებით თანმიმდევრულები, მტკიცენი, გვექნება კარგი კოორდინაცია ამ ოთხ ოპოზიციურ კოალიციას. სხვა რას გააკეთებს, ამას ვნახავთ, მაგრამ ახლა ჯინიანობის დრო არ არის, ახლა არის დარწმუნების, ახსნა-განმარტებების და იმის ჩვენების დრო, რომ ოთხივე ერთად თუ არ დავდგებით და სტრატეგიაზე არ შევთანხმდებით, უბრალოდ, ქვეყანას წავაგებთ. ამიტომ, ეს საკითხი არის დისკუსიის და შეხვედრებისთვის გადადებული. ვთხოვ თქვენი ტელეეთერიდან გახარიას გუნდს და გახარიას, უახლოეს ხანში შევხვდეთ და ამ თემაზე ვისაუბროთ, რადგან ამ საკითხში ბუნდოვანება არ შეიძლება იყოს“, – განაცხადა ხაზარაძემ.

ვლადიმერ პუტინი – უფლება გვაქვს, გამოვიყენოთ ჩვენი იარაღი იმ ქვეყნების სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ, რომლებიც ჩვენი სამიზნეების წინააღმდეგ იარაღის გამოყენების ნებას რთავენ

რუსეთი მიიჩნევს, რომ უფლება აქვს, გამოიყენოს იარაღი იმ ქვეყნების სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ, რომლებიც იარაღს მის წინააღმდეგ იყენებენ, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. პუტინის თქმით, რუსეთი გადამწყვეტად და სარკისებურად უპასუხებს ესკალაციას. „მიგვაჩნია, რომ გვაქვს უფლება, გამოვიყენოთ ჩვენი იარაღი იმ ქვეყნების სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ, რომლებიც ჩვენი სამიზნეების წინააღმდეგ იარაღის გამოყენების ნებას რთავენ და აგრესიული მოქმედებების ესკალაციის შემთხვევაში, ჩვენ ასევე ვუპასუხებთ გადამწყვეტად და სარკისებურად. ამ საკითხზე სერიოზულად დაფიქრებას ვურჩევ იმ ქვეყნების მმართველ ელიტებს, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო კონტინგენტების გამოყენების გეგმებს აყალიბებენ“, – განაცხადა პუტინმა. მიმართვაში პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტმა გლობალური სახე შეიძინა. „როგორც ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტმა, რომელიც მანამდე დასავლეთის მიერ იყო პროვოცირებული, ამ მომენტიდან გლობალური სახე შეიძინა“, – განაცხადა პუტინმა.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ფინეთი დაამარცხა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტი 2025-ის შესარჩევ ეტაპზე ესპოოში ფინეთის წინააღმდეგ ითამაშა და 90:83 გაიმარჯვა. მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 24 ნოემბერს თბილისში ისევ ფინეთთან გამართავს, გადამწყვეტი ორი ტური კი თებერვალში გაიმართება: საქართველო დანიას უმასპინძლებს და სერბეთს ესტუმრება.

ბოლო სიახლეები