ოთხშაბათი, იანვარი 15, 2025

პროკურატურა არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს გენერალური პროკურატურა არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

პროკურატურის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში ამ ეტაპზე უკვე ჩატარებულია 800-მდე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით ჩატარდა არაერთი საგამოძიებო ექსპერიმენტი და დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები.

უწყების განმარტებით, სასამართლოში დაკითხვისას მოწმეთა უმეტესმა ნაწილმა გამოძიებას ვერ მიაწოდა ვერანაირი სახის მტკიცებულება და მათი არგუმენტაცია მხოლოდ მესამე პირების მიერ მიწოდებულ დაუზუსტებელ ინფორმაციას ეყრდნობოდა, ცალკეულმა მოწმეებმა კი გამოძიებას განუცხადეს, რომ მათ მიერ გაკეთებული განცხადებები არჩევნების გაყალბების კონკრეტულ ფაქტებზე ემსახურებოდა პრევენციულ ღონისძიებას.

ამასთან, გენერალური პროკურატურის ცნობით, ამ ეტაპზე, სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხულია ოთხასამდე ფიზიკური პირი და მოწმეთა გამოკითხვის პროცესი ამჟამადაც გრძელდება.

„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ამ ეტაპზე არსებული შედეგების შესახებ.

მოგეხსენებათ, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტთან დაკავშირებით. საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების მოცულობიდან და მასშტაბურობიდან გამომდინარე, სწრაფი და ეფექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად, გამოძიების პროცესში ასევე ჩართულია თბილისის და საოლქო პროკურატურების ყველა საგამოძიებო დანაყოფი.

გამოძიების შესწავლის საგანია სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების, საქართველოს პრეზიდენტის, სახალხო დამცველის, არასამთავრობო სექტორის, სადამკვირვებლო ორგანიზაციების, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, მასმედიის, ასევე ცალკეულ პირთა მიერ საჯაროდ, ან სოციალური ქსელების მეშვეობით გაკეთებული და საქართველოს პროკურატურაში შემოტანილი განცხადებები, რომლებიც არჩევნების გაყალბების სავარაუდო ფაქტებზე მიუთითებდნენ.

გამოძიების ფარგლებში ამ ეტაპზე უკვე ჩატარებულია რვაასამდე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. მათ შორის უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით ჩატარდა არაერთი საგამოძიებო ექსპერიმენტი და დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები.

არსებული და მოსაპოვებელი მტკიცებულებების დასაცავად, გამოძიების მიერ საწყის ეტაპზევე დაილუქა ცესკო-ს შესაბამისი საცავები, სადაც განთავსებული იყო ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატები. ხსენებული აპარატებიდან ინფორმაციის მოსაპოვებლად ჩვენ მიერ მოწვეული იქნენ შესაბამისი ცოდნის უცხოელი ექსპერტები, კერძოდ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ლიცენზირებული კომპანიის, „სმარტმატიკის“ წარმომადგენლები. „სმარტმატიკის“ ექსპერტთა უშუალო ჩართულობით, გამოძიების მიერ სასამართლოს შესაბამისი განჩინების საფუძველზე, 2300-მდე ვერიფიკაციის აპარატიდან ამოღებულია მეხსიერების ბარათები, რომლებზეც განთავსებულია თითოეულ საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად გამოცხადებული ამომრჩევლის შესახებ ინფორმაცია.

ასევე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ვერიფიკაციის აპარატებიდან გამოთხოვილია მასში არსებული გამოძიებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რის შემდეგაც 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამოყენებული ყველა ვერიფიკაციის აპარატი დაილუქა.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების, ასევე სხვადასხვა პირის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების და გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო მასიური გაყალბება გამოიწვია, ერთი ამომრჩევლის მიერ ერთი და იმავე ან სხვადასხვა საარჩევნო უბანზე ხმის არაერთჯერადმა მიცემამ, რასაც საარჩევნო უბნებზე უხარისხო მარკირების სითხის გამოყენებამ შეუწყო ხელი.

აღნიშნულის შესასწავლად გამოძიების მიერ საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით დაიგეგმა და ჩატარდა რამდენიმე საგამოძიებო ექსპერიმენტი. ექსპერიმენტის ფარგლებში, მონაწილე პირების მიერ შეიქმნა რეალური საარჩევნო უბნების ანალოგიური საარჩევნო უბნები, რის შემდეგაც მოხდა ერთი და იგივე პირის მიერ ორ განსხვავებულ უბანზე ხმის მიცემის მცდელობა. ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგად დადგინდა, რომ საპარლამენტო არჩევნების დროს გამოყენებული ვერიფიკაციის აპარატებით შეუძლებელია ერთი და იგივე პირის მიერ სხვადასხვა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა. ჩატარებული ექსპერიმენტით, ასევე გამოირიცხა ერთი ამომრჩევლის მიერ ერთი და იგივე საარჩევნო უბანზე ხმის განმეორებით ან/და მრავალჯერადად მიცემის შესაძლებლობა.

ექსპერიმენტის ფარგლებში ასევე დადგინდა, რომ ვერიფიკაციის აპარატში ერთი რომელიმე საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სიის გააქტიურების შემთხვევაში, იმავე აპარატში სხვა უბნის მონაცემების გააქტიურება შეუძლებელია.

აქედან გამომდინარე, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტების შედეგებით და მასში მონაწილე საერთაშორისო ექსპერტების გამოკითხვით გამორიცხა ერთი ამომრჩევლის მიერ როგორც სხვადასხვა, ასევე ერთსა და იმავე საარჩევნო უბანზე განმეორებითი თუ მრავალჯერადი ხმის მიცემის თეორიული შესაძლებლობა.

მოცემული ფაქტი ასევე დადასტურებულია ცესკო-დან გამოთხოვილი საერთაშორისო აუდიტორული დასკვნებითაც.

მიუხედავად საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგებისა, გამოძიების მიერ დამატებით დაინიშნა კომპლექსური კომპიუტერული ექსპერტიზა, რათა საექსპერტო კვლევების შედეგად დადგინდეს ამომრჩეველთა ორმაგი ან/და არაერთჯერად ვერიფიკაციის შესაძლებლობა. ექსპერტიზის შესწავლის საგანს ასევე წარმოადგენს ის გარემოება, არჩევნების დასრულების მომენტიდან ექსპერტიზის წინაშე გამოძიების მიერ ინფორმაციის წარდგენამდე ხომ არ განხორციელდა რამე სახის ხელოვნური ჩარევა ვერიფიკაციის აპარატებში დაცულ ინფორმაციაზე.

გამოძიების მსვლელობისას ასევე ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს გამოყენებულ მარკირების სითხის ვარგისობისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.

ამისათვის გამოძიების მსვლელობისას ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დაინიშნა ქიმიური ექსპერტიზა. ექსპერტიზას შესაბამისი კვლევისათვის წარედგინა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების დღეს გამოყენებული მარკირების სითხის (როგორც გამოყენებული, ასევე გამოუყენებელი) ნიმუშები და მარკირების დადგენისთვის საჭირო სპეციალური ფარნები. ჩატარებული კვლევით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი მარკირების სითხე ხელის თითის ფრჩხილზე და კანზე დატანის შემთხვევაში, ულტრაიისფერი სხივებით დანათებით ლუმინისცირებას (ნათებას) ინარჩუნებს არანაკლებ 12 საათის განმავლობაში, ხელის მრავალჯერადი დაბანის შემთხვევაშიც კი.

გარდა ზემოაღნიშნულისა, ყველა იმ პირს, ვინც მიუთითებდა არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტებზე, მიეცა შესაძლებლობა მიეწოდებინა მის ხელთ არსებული ინფორმაცია თუ მტკიცებულებები, მათ მიერვე გაჟღერებულ ფაქტებთან დაკავშირებით. უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად საჯაროდ გაცხადებული სურვილისა, გამოძიებასთან თანამშრომლობის თაობაზე, მათმა დიდმა ნაწილმა უარი განაცხადა საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვაზე და სასამართლოში გამოკითხვა მოითხოვა, ნაწილმა კი საერთოდ უარი განაცხადა თანამშრომლობაზე.

აღსანიშნავია, რომ სასამართლოში დაკითხვისას მოწმეთა უმეტესმა ნაწილმა გამოძიებას ვერ მიაწოდა ვერანაირი სახის მტკიცებულება და მათი არგუმენტაცია მხოლოდ მესამე პირების მიერ მიწოდებულ დაუზუსტებელ ინფორმაციას ეყრდნობოდა. ისინი აპელირებდნენ მასმედიაში გაჟღერებულ ფაქტებზე, ხოლო ცალკეულმა მოწმეებმა გამოძიებას განუცხადეს, რომ მათ მიერ გაკეთებული განცხადებები არჩევნების გაყალბების კონკრეტულ ფაქტებზე ემსახურებოდა პრევენციულ ღონისძიებას და არ შეიცავდა რეალურ ფაქტებზე დამყარებულ ინფორმაციას.

მიუხედავად ამისა, გამოძიების მიერ გამოიკითხა იმ პირთა უმრავლესობა, ვინც დასახელდა რაიმე სახის ქმედებაში მონაწილედ და ფაქტების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით ჩატარდა სათანადო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიების მიერ ასევე გამოიკითხა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, კომისიის ცალკეული წევრები და სხვა თანამშრომლები, რომლებიც ფლობდნენ ინფორმაციას არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით.

ამ ეტაპზე, სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხულია ოთხასამდე ფიზიკური პირი და მოწმეთა გამოკითხვის პროცესი ამჟამადაც გრძელდება. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მოვუწოდო გამოსაკითხ პირებს ითანამშრომლონ საგამოძიებო ორგანოსთან და წარმოადგინონ ნებისმიერი სახის მტკიცებულება არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტებთან დაკავშირებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

საქართველოს პროკურატურა აგრძელებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას, რომლის შედეგებთან დაკავშირებითაც პერიოდულად მოვახდენთ საზოგადოების ინფორმირებას“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ყველა ინსტანციამ დაადასტურა, რომ არავითარი გაყალბება, ან რაიმე მნიშვნელოვანი მანიპულაცია ამ არჩევნებზე არ ყოფილა, ეს პირველ რიგში დაადგინა ეუთო/ოდირმა, რომელმაც უარყო რადიკალური ოპოზიციის ხუთივე...

ყველა ინსტანციამ დაადასტურა, რომ არავითარი არც გაყალბება, არც რაიმე მნიშვნელოვანი მანიპულაცია ამ არჩევნებზე არ ყოფილა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ეს დაადასტურა პირველ რიგში ეუთო/ოდირმა, რომელმაც უარყო ხუთივე ძირითადი ბრალდება, რითაც გამოდიოდა რადიკალური ოპოზიცია. „ყველა ინსტანციამ დაადასტურა, რომ არავითარი არც გაყალბება, არც რაიმე მნიშვნელოვანი მანიპულაცია ამ არჩევნებზე არ ყოფილა. ეს პირველ რიგში დაადგინა ეუთო/ოდირმა, რომელმაც უარყო ხუთივე ძირითადი ბრალდება, რითაც გამოდიოდა რადიკალური ოპოზიცია, ეს დაადგინა საკონსტიტუციო სასამართლომ და ეს პრაქტიკულად უკვე დაადგინა საქართველოს პროკურატურამ. ასევე, ეს ფაქტი დასტურდება იმით, რომ ყველა თავს არიდებს გამოძიებას, მისვლას გამოკითხვაზე, მიზეზი არის მარტივი, არავის აქვს არავითარი მტკიცებულება, არათუ გაყალბებასთან, არამედ რაიმე არსებით მანიპულაციასთან დაკავშირებითაც კი. შესაბამისად, ყველაფერი დღესავით ნათელია. როგორც ჩვენ 4 წლის წინ დავუმტკიცეთ რადიკალურ ოპოზიციას, რომ არა არჩევნები იყო გაყალბებული, არამედ გაყალბებული იყო მათი პარალელური დათვლის შედეგები, ასევე წელსაც დამტკიცდა, რომ გაყალბდა არა არჩევნები, არამედ გაყალბდა მათი ეგზიტპოლები. შესაბამისად, ყველაფერი დანარჩენი არის აქაც უსუსური მცდელობა, რომ რაღაცნაირად შემოიტანონ არეულობა პოლიტიკურ პროცესებში, თუმცა 4 წლის წინანდელი მოვლენებისგან განსხვავებითაც კი, წელს ამის არანაირი რესურსი აღარ აქვთ,“- განაცხადა პრემიერმა.

კახა კალაძემ სამტრედიაში მცხოვრებ ადეიშვილების ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა

ძველით ახალი წელი თბილისის მერმა კახა კალაძემ მშობლიურ სამტრედიას საზეიმო კონცერტით მიულოცა და სამტრედიაში მცხოვრებ ადეიშვილების ოჯახს საჩუქრად საცხოვრებელი სახლი გადასცა. მარტოხელა მამას, გოჩა ადეიშვილს, რომელიც სამ შვილს ზრდის, ამ დრომდე საკუთარი საცხოვრებელი არ გააჩნდა. სახლის გასაღები ოჯახს საზეიმო კონცერტზე გადაეცა, რომელიც ტრადიციულად, ძველით ახალ წელს, კახა კალაძის ინიციატივით ტარდება. კონცერტს, რომელიც სამტრედიის ცენტრალურ მოედანზე გაიმართა, კახა კალაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად დაესწრო. „ეს ტრადიცია 2012 წლიდან დავამკვიდრეთ. ყოველ წელს ვიკრიბებით სამტრედიაში, ტარდება საახალწლო კონცერტი და პარალელურად, საქველმოქმედო ღონისძიება, რომელზეც ოჯახებს ვაბედნიერებთ. რა თქმა უნდა, ეს ტრადიცია წელსაც არ დაირღვა. მინდა, ყველა იმ კომპანიას, ადამიანს გადავუხადო მადლობა, ვინც ჩემთან ერთადაა ჩართული ამ საქველმოქმედო ღონისძიებაში და გასულ წლებშიც იყო ჩართული. მოქალაქეების მხარდაჭერასა და თანადგომას ყოველთვის გავაგრძელებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. აღსანიშნავია, რომ დღევანდელ ღონისძიებაზე კომპანია „არქისგან“ და ერთ-ერთი ბიზნესმენისგან საცხოვრებელი სახლები საჩუქრად კიდევ ორმა ოჯახმა მიიღო. „რვა წელია მარტო ვზრდი სამ შვილს. ამას ემატებოდა უსახლკარობა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია. დღეს ბედნიერი დღე გვაქვს მე და ჩემს შვილებს, ბატონმა კახა კალაძემ საჩუქრად გადმოგვცა საცხოვრებელი სახლი. მადლობა მას ჩემი ოჯახის სახელით“, - განაცხადა გოჩა ადეიშვილმა. საზეიმო კონცერტზე საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ასევე, ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი, მეუფე საბა იმყოფებოდნენ.

ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის ემოციურად დაემშვიდობა – რა კადრები ვრცელდება

AreaNapoli-ს ცნობით, პსჟ-ში გადასვლის წინ სკუდეტოს მომპოვებელი ხვიჩა კვარაცხელია, კასტელ ვოლტურნოზე თანაგუნდელებს დაემშვიდობა. გამოცემა წერს, რომ ეს ძალიან ემოციური და გულის ამაჩუყებელი მომენტი იყო და მან ადგილობრივი დროით 15:00 საათზე დატოვა კლუბის ბაზა: „ეს „ნაპოლიში“ „კვარას“ ბოლო დღე გახლდათ, რომელმაც აქ თითქმის 2.5 წელი გაატარა. ის საკმაოდ ცივად მიესალმა ანტონიო კონტეს. მწვრთნელი ქართველის მოულოდნელი წასვლით აშკარად იმედგაცრუებული დარჩა. ხვიჩა საერთო ჯამში კარგი ბიჭია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბევრს თავისი გადაწყვეტილებით გული დასწყვიტა“. რადიო Crc-ის ჟურნალისტმა მასიმო დ’ალესანდრომ განაცხადა, რომ კვარაცხელიამ კარიერის ნეაპოლური ეტაპი ტრამპლინად გამოიყენა, ახალ თავგადასავალს იწყებს, თუმცა ლორენცო ინისინიესგან, დრის მერტენსისგან და პიოტრ ზილენსკისგნ განსხვავებით თავისუფალი აგენტის სტატუსით კი არ წავიდა, არამედ კლუბის ხაზინას 75 მილიონი ევრო შესძინა.

იენს სტოლტენბერგს ახალი სამსახური აქვს

ამის შესახებ ინფორმაციას სკანდინავიის ქვეყნების მედია ავრცელებს. ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი „ჩრდილოეთის და ბალტიის რვიანში" (Nordic-Baltic Eight) დასაქმდა. დანიშვნის შესახებ დღეს, სტოკჰოლმში, სტოლტენბერგის და შვედეთის პრემიერ მინისტრ ულფ კრისტერსონის ერთობლივ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი. „ჩვენ არქტიკული სახელმწიფოები ვართ და ჩრდილოატლანტიკური უსაფრთხოება და კონტროლი ჩვენთვის აბსოლუტურად აუცილებელი საჭიროება. მე მთხოვეს შევიმუშავო კონკრეტული ზომები ჩვენს დიდ რეგიონში თანამშრომლობის გასაძლიერებლად“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. კრიტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, თავდაცვის ინდუსტრიის ოპტიმიზაციისა და ტრანსატლანტიკური კავშირების გაძლიერების მიზნით კონკრეტული ზომების შემუშავება, ანგარიშის მომზადება და მოხსენების წარდგენა დაგეგმილია ივნისისთვის, ნატოს მომდევნო სამიტის დაწყებამდე. „ჩვენ აღარ შეგვიძლია მშვიდობა თავისთავად არსებულად განვიხილოთ“, - თქვა სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე. მან მიუთითა რუსეთის მოსაზღვრე ჩრდილოეთ ევროპისა და ბალტიისპირეთის რეგიონის განსაკუთრებულ პრობლემებზე. „ჩვენ არ ვართ საომარ მდგომარეობაში, მაგრამ არც ნორმალურ მშვიდობიან ვითარებაში ვართ“, - განაცხადა მან და მაგალითად მოიყვანა რუსეთის დივერსიულ ქმედებები და სკანდინავიურ ქვეყნებში პოლიტიკურ პროცესებში ჩარევა.

სენსაციური მოვლენა-ცუდი მოგონებებისა და ტრავმული მოვლენების წაშლის მეთოდს მიაგნეს

ცუდი მოგონებებისა და ტრავმული მოვლენების წაშლის შესაძლებლობა შეიძლება სხვადასხვა ფსიქიკური პრობლემების მოგვარებაში დაგვეხმაროს. და, აი, ახლა მეცნიერებმა ამის გასაკეთებლად ახალი პერსპექტიული მეთოდი აღმოაჩინეს - უარყოფითი მოგონების შესუსტება პოზიტიური მოგონების ხელახალი გააქტიურებით. ექსპერიმენტში, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდა, მკვლევრებმა 37 მონაწილეს სთხოვეს დაეკავშირებინათ შემთხვევითი სიტყვები ნეგატიურ სურათებთან. ამის შემდეგ მოგონებების ნახევრის "გადაპროგრამირება" სცადეს და ისინი დადებით მოგონებებთან დაკავშირებას. "ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ამ პროცედურამ შეასუსტა ავერსიული მეხსიერება და გაზარდა დადებითი მეხსიერება", - აღნიშნეს მკვლევრებმა. კვლევისთვის ჯგუფმა გამოიყენა სურათების მონაცემთა ბაზები, რომლებიც კლასიფიცირებულია როგორც ნეგატიური ან დადებითი. მაგალითად, ადამიანის დაზიანებები ან სახიფათო ცხოველები შედარებული მშვიდ პეიზაჟებთან და მოღიმარ ბავშვებთან. კვლევის პირველ საღამოს მეხსიერების სავარჯიშოები გამოიყენეს, რათა მონაწილეებს ნეგატიური გამოსახულებები კვლევისთვის შექმნილ სიტყვებისთვის დაეკავშირებინათ. მეორე დღეს მოგონებების გასამყარებლად, მკვლევრებმა სცადეს ამ სიტყვების ნახევარი მონაწილეთა გონებაში დადებით სურათებთან დაეკავშირებინათ. მეორე ღამის განმავლობაში (NREM ძილის ფაზაში) მონაწილეებს გამოგონილ სიტყვებს ასმენინებდნენ. ცნობისთვის NREM ფაზა მეხსიერების ჩამოყალიბებასთან არის დაკავშირებული. მეცნიერები კვლევის მონაწილეების ტვინის აქტივობის მონიტორინგს ელექტროენცეფალოგრაფიის გამოყენებით ახორციელებდნენ. ტვინში ისეთი აქტივობა დაფიქსირდა, რომელიც ემოციური მეხსიერების დამუშავებასთან არის დაკავშირებული. ეს აქტივობა გაიზარდა აუდიო მეხსიერების გააქტიურებისას და მნიშვნელოვნად მაღალი იყო დადებით მახსოვრობასთან დაკავშირებული მახასიათებლებისას. რამდენიმე დღის შემდეგ, მკვლევრებმა კითხვარების მეშვეობით დაადგინეს, რომ მოხალისეები ისეთ უარყოფით მოგონებებს ნაკლებად იხსენებდნენ, რომლებიც შერეული იყო პოზიტიურთან. საინტერესოა, რომ პოზიტიური მოგონებები უფრო ხშირად ჩნდებოდა მათ გონებაში, ვიდრე ნეგატიური. "ეს ნიშნავს, რომ არაინვაზიური ძილის ინტერვენცია შესაძლებელია და მას შეუძლია შეცვალოს ავერსიული მეხსიერება. ამას შეუძლია შემოგვთავაზოს ახალი შეხედულებები ტრავმებთან დაკავშირებული მეხსიერების მკურნალობის მხრივ", — აღნიშნულია კვლევაში. თუმცა, კვლევა ჯერ ახალია და მას გადამოწმება კიდევ სჭირდება. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ცუდ მოგონებასთან დაკავშირებული ვიზუალის გონებიდან "წაშლა" შეიძლება უფრო ადვილი იყოს, ვიდრე ტრავმული მოვლენის. ჩვენ ვიცით, რომ ტვინი მოგონებებს ძილის დროს მათი ხანმოკლე გამეორებით ინახავს და ბევრმა კვლევამ უკვე შეისწავლა, თუ როგორ შეიძლება ამ პროცესის გაკონტროლება. ამით შეიძლება დადებითი მოგონებების გააქტიურება და ცუდი მოგონებების დავიწყება. ეს მეხსიერების რედაქტირების კიდევ ერთი საინტერესო საშუალებაა. ყველაფერი ამის გაერთიანებით მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ მალე მოგონებებზე კონტროლი შეგვეძლება და ამით ტრავმული მოვლენებისგან ჩვენი ფსიქიკის დაცვას შევძლებთ.

ბოლო სიახლეები