აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ევროპელ მოკავშირეებს განუცხადა, რომ შეერთებული შტატებს სურს, სამშვიდობო შეთანხმება დაიდოს, ვიდრე უკრაინისთვის უსაფრთხოების რაიმე გარანტიებს დათანხმდება. ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების თქმით, ეს პირობა ამერიკულ ვერსიაში იყო ჩაწერილი, რომელიც კიევს გაეგზავნა. როგორც „პოლიტიკო“ წერს, მარკო რუბიომ ევროპელ ოფიციალურ პირებთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი მოლაპარაკებას წარმართავს უკრაინის გრძელვადიან უსაფრთხოების გარანტიებზე.
გამოცემის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში არ მიიწვევს, ვიდრე შეთანხმება არ გაფორმდება.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ევროპელ მოკავშირეებს განუცხადა, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები ტრამპის ადმინისტრაციისთვის პრიორიტეტია და ეს საკითხი გამოყოფილია სხვა საკითხებისგან, რომლებზეც უკვე მიღწეულია შეთანხმება.
„პოლიტიკოს“ ცნობით, მარკო რუბიომ თავის ევროპელ კოლეგებს განუცხადა, რომ აშშ არ ითვლება სამართლიან შუამავლად მოლაპარაკებებში, რადგან იგი სამხედრო დახმარებას უწევს უკრაინას და სანქციებს აწესებს რუსეთის წინააღმდეგ.
სახელმწიფო დეპარტამენტმა უარყო რუბიოს კომენტარების მსგავსი ინტერპრეტაცია.
„სახელმწიფო მდივანმა რუბიომ, ტრამპის მთელ ადმინისტრაციასთან ერთად, მკაფიოდ აღნიშნა, რომ უსაფრთხოების გარანტიები უნდა იყოს ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების ნაწილი. ეს მან არაერთხელ განაცხადა როგორც საჯაროდ, ისე კერძოდ“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტომი პიგოტმა.

