ვოლოდიმირ ზელენსკი ამტკიცებს, რომ არ იცოდა ვიზიტის შესახებ, რადგან უნგრეთის მთავრობამ ვიზიტი უკრაინის საგარეო სამინისტროსთან არ შეათანხმა, რეალობა კი სხვაა, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო სოციალურ ქსელში წერს.
ამგვარად, სიიარტო ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, სადაც ზელენსკიმ აღნიშნა, რომ არ იცის, რას აკეთებს უკრაინაში უნგრეთის დელეგაცია.
სიიარტოს განმარტებით, უნგრული დელეგაციის ვიზიტი წინასწარ იყო შეთანხმებული და შესაბამის დოკუმენტს აქვეყნებს. მისი თქმით, 10 მარტს უნგრეთის საელჩომ უკრაინის საგარეო სამინისტროს ოფიციალურად აცნობა, რომ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის მეთაურობით დელეგაცია „დრუჟბას“ მილსადენის მდგომარეობის შესამოწმებლად ჩავიდოდა.
პიტერ სიიარტო ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინამ უნგრეთში ნავთობის მიწოდება მაშინ შეაჩერა, როდესაც საზღვაო გზით ნავთობის გადაზიდვა ყველაზე არაპროგნოზირებადია და „დრუჟბა“ ერთადერთ რეალურ ალტერნატივად რჩება.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკმ განაცხადა, რომ დელეგაციის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიიღო. „არ ვიცი, რას აკეთებს დელეგაცია აქ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ მითხრა, რომ რამდენიმე ადამიანი ჩამოვიდა. მათ ეს კერძო მოგზაურობად შეაფასეს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

