საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 31 მაისს აპრილში ეკონომიკური ზრდის, დღეს კი მაისში ინფლაციის დონის შესახებ გამოაქვეყნა მონაცემები.
სახელმწიფო პენსიის შესახებ კანონის თანახმად, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსიის ზრდა (ინდექსაცია) ხდება ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლის შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ 20 ლარის ოდენობით, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისთვის კი ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლისა და ბოლო 6 კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულის 80 პროცენტის ჯამით, მაგრამ არანაკლებ 25 ლარის ოდენობით.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ინფლაციის და მშპ-ს მაჩვენებლების შესახებ გამოქვეყნებული მონაცემებიდან და არსებული ტენდენციიდან გამომდინარე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ფინანსთა სამინისტროს მიერ პარლამენტისთვის ბიუჯეტის პროექტის წარდგენის მომენტისთვის 12 თვის (ოქტომბერი 2023 წელი – სექტემბერი 2024 წელი) საშუალო ინფლაცია იქნება 1,5%, ხოლო ბოლო ექვსი კვარტალის (2023 წლის 4 კვარტალი და 2024 წლის პირველი 2 კვარტალი) მშპ-ს რეალური ზრდის მაჩვენებლების საშუალოს 80% კი 6,1%.
შესაბამისად, პენსიის მოცულობის მოსალოდნელი ზრდა 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის არის 20 ლარი (კანონით გათვალისწინებული ზრდის მინიმალური ოდენობა), 70 წელს ზემოთ ასაკის პენსიონერებისთვის კი 35 ლარი (415*7,6%=35).
ცხადია, მთავრობას, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, სხვადასხვა გარემოებიდან გამომდინარე, მაგალითად, საპარლამენტო არჩევნებში პენსიონერთა მხარდაჭერის უზრუნველყოფის, შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება პენსიის ოდენობის უფრო მეტად ზრდის შესახებ, თუმცა ამ მომენტისთვის ასეთი ვარაუდის გამოთქმის მეტ-ნაკლებად მყარი საფუძველი არ არსებობს
ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი:
ოქტომბერი, 2022წ – 4,1%
ნოემბერი, 2022წ – 3,2%
დეკემბერი, 2022წ – 2,5%
იანვარი, 2023წ – 1,7%
თებერვალი, 2023წ – 1,1%
მარტი, 2023წ – 0,7%
აპრილი, 2023წ – 0,6%
მაისი, 2023წ – 0,7%
ივნისი, 2023წ – (მოსალოდნელი მაჩვენებელი) 0,7%
ივლისი, 2023წ – (მოსალოდნელი მაჩვენებელი) 0,7%
აგვისტო, 2023წ – (მოსალოდნელი მაჩვენებელი) 0,7%
სექტემბერი, 2023წ – (მოსალოდნელი მაჩვენებელი) 0,7%
მშპ-ს რეალური ზრდის მონაცემები:
I კვარტალი, 2023წ – 8,2%
II კვარტალი, 2023წ – 8,1%
III კვარტალი, 2023წ – 7,0%
IV კვარტალი, 2023წ – 6,9%
I კვარტალი, 2024წ – 7,8%
II კვარტალი, 2023წ – (მოსალოდნელი მაჩვენებელი) 7,8%