სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში „კატეგორიულად უარყოფენ“ მსჯავრდებულ საბა სხვიტარიძის გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებენ, რომ რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა.
„კატეგორიულად უარვყოფთ მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, არანაირი ვენების გადაჭრა, შიმშილობა და ა.შ. დაწესებულებაში არის სრული სიმშვიდე. სრული სიცრუეა მის პოსტში მოყვანილი ფაქტები და დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა“, – აღნიშნავენ პენიტენციურ სამსახურში.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, საბა სხვიტარიძემ საპატიმროდან გავრცელებულ წერილში განაცხადა, რომ მეექვსე „მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში“ ვითარება დაძაბულია. სხვიტარიძის თქმით, პატიმრებს პროვოკაციას უწყობენ და სასჯელს 10-12 წელს უმატებენ. ამასთან, მისი თქმით, „პატიმარმა ვენები გადაიჭრა“.
„გუშინ ჩემ საკანთან პატიმარი სცემეს – მესმოდა ჩხუბის და ცემის ხმა. პატიმრების ნაწილი გადაყვანილია სხვა ციხეში, არ ვიცით სად არიან. ნაწილი დეესკალაციის ოთახში არიან გადაყვანილები. პატიმრების გარკვეულმა ნაწილმა შიმშილობა დაიწყო – ითხოვენ გავრცელებულ კადრებში მყოფი თანამშრომლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას! ასევე, სახალხო დამცველის შესვლას ყველა მოშიმშილე პატიმართან! ჩვენი სურვილია საჯარო გახდეს ეს ამბავი და გვერდში დაგვიდგეს ხალხი“, – წერს საბა სხვიტარიძე.

