პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრებს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ.
პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე გადაწყვეტილება დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მიიღეს.
კერძოდ, სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ პარტიის შემდეგ წევრებს: თეონა აქუბარდიას, ანა ბუჩუკურს, გიორგი გახარიას, ლევან გოგიჩაიშვილს, ზაზა თავაძეს, ბექა ლილუაშვილს, ნათია მეზვრიშვილს, ბერდია სიჭინავას, კახაბერ ქემოკლიძეს, როინ ქოჩორაშვილს, დიმიტრი ცქიტიშვილს, ზვიად ძიძიგურს.
პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო სია არ ჩაუხსნია, შესაბამისად, მისი 12 წევრი დღემდე საქართველოს პარლამენტის წევრად ითვლებოდა. როგორც პარლამენტის სხდომაზე საკითხზე მომხსენებელმა აღნიშნა, გახარიას პარტიის წევრებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველი საქართველოს პარლამენტის სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენა გახდა.