პარტია „ჯერ საქართველო“ და ოპოზიციურ ალიანსში შემავალი პარტიები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა -კონფერენციას მართავენ.
შეხვედრის ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობა 10-ზე მეტმა დიპლომატიურმა მისიამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ დაადასტურა. მათ შორის არიან ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირის, გაეროს (UN), პოლონეთის, შვედეთის, იტალიის, ჩეხეთის, ჰოლანდიისა და რუმინეთის წარმომადგენლები.
როგორც „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა აღნიშნა, მუდმივი შეხვედრები მიმდინარეობს პარტნიორებთან და მათი ინტერესის საგანს წარმოადგენს ის, თუ რას აპირებენ ოპოზიციური პარტიები.
„ჩვენ გვაქვს მუდმივი შეხვედრები ჩვენს პარტნიორებთან, ეს არის ორმხრივი პროცესი. მათ აქვთ კითხვები და ინტერესი ოპოზიციური პარტიები რას აპირებენ და როგორ იმოქმედებენ, მეორეს მხრივ, ჩვენც გვაინტერესებს, რა თქმა უნდა, მათი მოსაზრებები. ეს არის სამუშაო პროცესი და ვიმედოვნებთ, საქართველოში ჩვენი საზოგადოება, მიუხედავად, „ქართული ოცნების“ სურვილებისა, არ დაუშვებს იმას, რომ ქვეყანაში მოისპოს თავისუფალი აზრი, თავისუფალი არჩევანის პერსპექტივა და დავკარგოთ ყოველგვარი დემოკრატიული მომავლის გარანტიები“, – აღნიშნა წერეთელმა.

