პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და 87 ხმით მიიღო „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილება.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ხათუნა თოთლაძის განმარტებით, ცვლილებებით, დიპლომატიური თანამდებობის პირისთვის და ადმინისტრაციული პერსონალისთვის როტაციის ვადის გაგრძელების შესაძლებლობა იზრდება არა უმეტეს ერთ წლამდე ვადით.
მისი თქმით, ტექნიკური ხასიათის ცვლილებები ხორციელდება კანონის იმ ნორმებში, რომელიც ითვალისწინებს როტაციის წესით გრძელვადიან სამუშაო მივლინებაში წარგზავნისა და მივლინებიდან გამოწვევის საკითხებს.
კანონპროექტით, შეიქმნა ეთიკისა და ქცევის წესების საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ნორმატიული აქტით დამტკიცების სამართლებრივი საფუძველი, რომელიც უფრო დეტალურ დონეზე მოაწესრიგებს როგორც სამინისტროს ცენტრალური აპარატის, ასევე, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულებებში დასაქმებული პირებისთვის ეთიკისა და ქცევის ზოგად წესებს.