სამშაბათი, იანვარი 14, 2025

ორგანოთა გადანერგვის შესახებ კანონის ამოქმედება 2026 წლის პირველ სექტემბრამდე გადავადდება

ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ კანონის ამოქმედება გადავადდება. ინიციატივა საქართველოს პარლამენტის წევრებს ზაზა ლომინაძესა და ვლადიმერ კახაძეს ეკუთვნის და მას კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

როგორც ჯანდაცვის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ვლადიმერ კახაძემ განაცხადა, გადავადების მიზანია, ცვლილებისთვის სექტორს შესაბამისი ვადები მიეცეს.

„მოგეხსენებათ, წინა მოწვევის პარლამენტის მიერ მიღებული იყო გადაწყვეტილება, რომ ევროასოცირების კომპონენტში მთლიანად მოხდეს ჩვენი საკანონმდებლო სივრცის ადაპტაცია ჯანმრთელობის სფეროშიც. ერთ-ერთი საკითხი გახლავთ ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ კანონი და სექტორთან გავლის შემდეგ, რომ ეს ყველაფერი იყოს სრულფასოვანი და მთლიანად ინფრასტრუქტურული ნაწილი თუ პერსონალის მომზადებისათვის საკმარისი ვადები იყოს გამოყოფილი და ეს ყველაფერი ჩატეული იყოს იმ პარამეტრებში, რომელიც დააკმაყოფილებს ევროასოცირების მისაერთებელ კანონმდებლობას, შემოვდივართ წინადადებით, ფორმისა და შინაარსის ხელშეუხებლობით, მხოლოდ ამოქმედების ვადის გადატანის თაობაზე, რომ ამოქმედების ვადა გადავადდეს, ნაცვლად 2025 წლის პირველი იანვრისა, 2026 წლის პირველ სექტემბრამდე“, – განაცხადა კახაძემ.

განმარტებითი ბარათის თანახმად, იმისათვის, რათა უზრუნველყოფილ იქნას კანონების სრულყოფილი აღსრულება და ხელი არ შეეშალოს უსაფრთხო სამედიცინო მომსახურეობის პროცესს, არ მოხდეს ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისის მიწოდების რამე ფორმით შეფერხება, მოცემულ ეტაპზე მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, კანონის ამოქმედებისთვის გარდამავალი პერიოდი გახანგრძლივდეს 2026 წლის პირველ სექტემბრამდე.

ცნობისთვის, „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ კანონი ძალაში 2023 წლის ნოემბერში შევიდა. კანონის თანახმად, აკრძალულია ორგანოს დონაციის სანაცვლოდ ფულადი ანაზღაურების ან ნებისმიერი სხვა სარგებლის მიღება, შეთავაზება ან მიცემა. ასევე, აკრძალულია ორგანოებით ვაჭრობა.

კანონის მიხედვითვე, პირს უფლება აქვს, სიცოცხლეში, დონორთა ეროვნულ რეესტრში დარეგისტრირდეს და ამით განაცხადოს ინფორმირებული თანხმობა გარდაცვალების შემდეგ გადასანერგად მისი ორგანოს ან ორგანოების უანგარო დონაციაზე. დონაციაზე თანხმობის განცხადების უფლება აქვს მხოლოდ სრულწლოვან, ქმედუნარიან პირს. სამედიცინო დაწესებულებებმა, სადაც ორგანოთა გადანერგვა მოხდება, შესაბამისი ლიცენზია უნდა მოიპოვონ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

რასა იუკნევიჩიენე – დროა, ვიფიქროთ გეგმაზე, როგორ დავეხმაროთ ქართველ ხალხს მოპარული ხმების დაბრუნებაში, სხვა არჩევანი არაა

საქართველოში რაც ხდება, ევროპის პერიფერიაზე მხოლოდ ადგილობრივი მოვლენა არ არის, რაც იქ ხდება ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა. „დეკემბერში შვიდი დეპუტატი ვეწვიეთ საქართველოს. აქ სამი მნიშვნელოვანი პუნქტია. პირველი, არაღიარება; მეორე, სანქციები და მესამე, ახალი არჩევნები. პირველი – არაღიარება. „ქართული ოცნება“, ზოგიერთი მას „ქართულ კოშმარსაც“ უწოდებს, სასოწარკვეთილი მიისწრაფვის საკუთარი ლეგიტიმაციისკენ. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი მოუმზადებელი ვიზიტების თავიდან არიდება. თუმცა, მეორე მხრივ, ჩვენ უნდა ვნახოთ, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია. ქართველმა ხალხმა დაიწყო დეპუტინიზაციის პროცესი და ამას განაგრძობენ. ხალხი, რომელსაც ქუჩაში შევხვდით, ამბობს, რომ არასდროს დანებდებიან და არ დაუშვებენ, რომ საქართველო გახდეს რუსული სამყაროს ნაწილი თუ რუსეთის ფედერაცია; მეორე, სანქციები. აშშ-მ უკვე ახსენა, რომ ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესდა საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლისთვის ძირის გამოთხრისა და რუსეთის ფედერაციისთვის სარგებლის მოტანის გამო; და მესამე, ძალიან მნიშვნელოვანია, ახალი არჩევნები“, – განაცხადა რასა იუკნევიჩიენენ. მისი თქმით, დროა, დაიწყონ ფიქრი, როგორ შეიძლება ქართველი ხალხის დახმარება მოპარული ხმების დაბრუნებაში. „დროა, ვიფიქროთ თავად გეგმაზე, როგორ დავეხმაროთ ქართველ ხალხს მოპარული ხმების დაბრუნებაში. სხვა არჩევანი არაა. მეტი უნდა გავაკეთოთ. როგორც უკვე განვაცხადე, საქართველო ჩემი პრიორიტეტების სათავეში იქნება. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ევროპარლამენტის ყველა წევრს, რომლებიც აქტიურად ხართ დაკავებული საქართველოთი და გვაწვდით ინფორმაციას. ამას ვაფასებ და უახლოეს დღეებში განვიხილავთ სამივე პუნქტს, რომელიც თქვენ ახსენეთ, სანქციებზე, ვიზებზე და ყველაფერზე. ეს წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებაა, მზად ვართ, ის განვიხილოთ“, – განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.

სოზარ სუბარი – ჩვენთვის ტრამპის არჩევა მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან ჩვენი ხედვები და, შესაბამისად, ინტერესებიც ბევრ რამეში ემთხვევა ერთმანეთს

ამერიკისა და საქართველოს ინტერესების თანხვედრის შესახებ ისაუბრა ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, სოზარ სუბარმა. როგორც მან განაცხადა, ტრამპის არჩევა მნიშვნელოვანი მოვლენაა საქართველოსთვის, რადგან ჩვენი ხედვები და, შესაბამისად, ინტერესებიც, ბევრ რამეში ემთხვევა ერთმანეთს. სოზარ სუბარმა შტატებთან საერთო ინტერესებზე საუბრისას განსაკუთრებით გამოყო შემდეგი მიმართულებები: საქართველოზე შეწყდება რუსეთთან ომში ჩარევაზე ზეწოლა; არავინ მოითხოვს კანონის ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ გაუქმებას;  მოიხსნება უცხოური გავლენის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით თემის გადახედვის აუცილებლობა. „დონალდ ტრამპი აირჩია ამერიკელმა ხალხმა ამერიკის პრეზიდენტად იმისთვის, რომ დაიცვას ამერიკის ინტერესები. ჩვენთვის ტრამპის არჩევა მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან ჩვენი ხედვები და, შესაბამისად, ინტერესებიც ბევრ რამეში ემთხვევა ერთმანეთს. მაგალითად, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შეწყდება ზეწოლა ჩვენზე, რომ ჩავერთოთ რუსეთის წინააღმდეგ ომში და ეს არის ძალიან კარგი; ასევე, შეწყდება ზეწოლა, რომ გავაუქმოთ კანონი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ და ესეც ძალიან კარგია. ევროპიდან ალბათ ჯერ კიდევ გაგრძელდება ზეწოლა, რომ გავაუქმოთ ეს კანონი, მაგრამ აშშ-დან ზეწოლის შეწყვეტა ევროპიდან ზეწოლასაც მკვეთრად შეასუსტებს; ასევე თანხვედრა გვაქვს უცხოური გავლენის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, კონკრეტულად საქართველოში USAID-ის, NED-ის, სოროსის და ზოგიერთი სხვა ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში არ გაგრძელდება ისეთი ანტისახელმწიფოებრივი პროექტების დაფინანსება, სადაც ახალგაზრდებს ამერიკული ფულით უტარებენ ტრენინგებს, როგორ მოახდინონ სახელმწიფო გადატრიალება, როგორ გადაწვან პარლამენტი, როგორ ებრძოლონ ტრადიციებს, ეკლესიას. და თუ არ შეწყდება, მინიმუმ, შემცირდება ასეთი დაფინანსებები და ესეც ძალიან კარგია“, –  განაცხადა ვიცე-სპიკერმა. სოზარ სუბარმა იმაზეც ისაუბრა, რომ არსებობს თემები, მაგალითად, ირანი, რომლის ირგვლივაც, შესაძლოა, ორი ქვეყნის ინტერესი ერთმანეთს არ დაემთხვეს. „ბუნებრივია, არის თემები, სადაც ჩვენი პოზიციები ერთმანეთს ვერ დაემთხვევა. მაგალითად, წინასწარ ვერავინ იტყვის, როგორ განვითარდება აშშ-ის და ირანის ურთიერთობები, მაგრამ ეს ის სფეროა, სადაც ჩვენი ინტერესები, შეიძლება, სერიოზულად ასცდეს ერთმანეთს. ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ირანი, ათასწლეულებია, ჩვენი მეზობელია და მომავალშიც ჩვენი მეზობელი იქნება. ცხადია, ისტორიულად ჩვენი ურთიერთობები არ იყო ყოველთვის ია-ვარდით მოფენილი, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ დღეს ირანი არის 80-მილიონიანი ქვეყანა, უძველესი და უნიკალური კულტურით, სერიოზული ეკონომიკური პოტენციალით და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ქვეყანასთან ნორმალური ურთიერთობა შევინარჩუნოთ, მიუხედავად იმისა, თუ რა პოლიტიკას აწარმოებენ მის მიმართ გლობალური მოთამაშეები. ჩვენ ყოველთვის უნდა ვეცადოთ, დავიცვათ ჩვენი სამშობლოს ინტერესები – მაშინაც, როცა ეს ინტერესები არ ემთხვევა ჩვენი დიდი პარტნიორების ინტერესებს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

საქართველოში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების ვიზიტი დაიწყო

საქართველოში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების ვიზიტი დაიწყო. თანამომხსენებლები კლოდ კერნი და ედიტ ესტრელა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან მიმდინარე მონიტორინგის პროცედურის ფარგლებში, ქვეყანაში ფაქტების დასადგენი მისიით ჩამოვიდნენ და პირველ შეხვედრას არასამთავრობო სექტორთან მართავენ. შეხვედრაში მონაწილეობს საპროტესტო აქციების დროს დაშავებული ჟურნალისტი გურამ როგავა. სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში თანამომხსენებლები ასევე შეხვდებიან ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობას, შესაბამის სამთავრობო ოფიციალურ პირებს და ინსტიტუტებს. „ეს ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია. ერთი საკითხი უკავშირდება მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, მათ შორის არჩევნებს და მის შემდგომ განვითარებულ მოვლენებს, არსებულ სამართლებრივ და პოლიტიკურ კრიზისს და მისი მოგვარების გზებს; მეორე ეხება კანონმდებლობაში „ქართული ოცნების“ მხრიდან განხორციელებულ ცვლილებებს, იქნება ეს საარჩევნო კოდექსში განხორციელებული თუ სხვა ცვლილებები, რომლებიც, მათ შორის, მიმართულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ. ჩვენ კიდევ ერთხელ ვისაუბრებთ ჩატარებულ არჩევნებზე, რომ არ იყო თავისუფალი და სამართლიანი და არ გამოხატა ქართველი ხალხის ნება. თუმცა ჩვენს პარტნიორებს, ფაქტობრივად, აღარ აქვთ კითხვები არჩევნების ნაწილში, განსაკუთრებით, რაც ვიხილეთ ეუთო/ოდირის დასკვნა, თუმცა თუ იქნება კითხვები ამ საკითხზე, ვუპასუხებთ“, – განაცხადა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო დოლიძემ.

შალვა პაპუაშვილი – უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ გვაქვს ერთი დროშა, ერთი გერბი, ერთი ჰიმნი და ერთი სამშობლო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს მოსახლეობას სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავს. აღნიშნულის შესახებ პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ გვაქვს ერთი დროშა, ერთი გერბი, ერთი ჰიმნი და ერთი სამშობლო“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ნიკა გილაური – დასასანქცირებელთა სიაში ჩემი ძმის მოხვედრა მიზანმიმართულ, პროცესის მადისკრედიტირებელ ოპერაციას ჰგავს, რომელსაც კარგად ეტყობა „კაგებეშნიკური“ ხელწერა

დასასანქცირებელთა სიაში ჩემი ძმის მოხვედრა მიზანმიმართულ, პროცესის მადისკრედიტირებელ ოპერაციას ჰგავს, რომელსაც კარგად ეტყობა „კაგებეშნიკური“ ხელწერა და რომლის მიზანი რეჟიმის რეალური მაცოცხლებელი ქსელიდან ფოკუსის გადატანა და მისი სიმწვავის განელებაა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური სოციალურ ქსელში წერს. ნიკა გილაური წერს, რომ პირადი არხებით აშშ-ის კონგრესსა და მომავალი ადმინისტრაციის წარმომადგენლებს დაუკავშირდა და დარწმუნებულია, რომ შეცდომა მალე გასწორდება. „„რადიო თავისუფლების“ მიერ გავრცელებულ „ბიძინა ივანიშვილის მაცოცხლებელი ქსელის სიაზე“, სადაც ჩემი ძმაც არის მოხსენიებული, არ მინდოდა კომენტარის გაკეთება, სანამ „საქართველოს კაპიტალის“ დირექტორთა საბჭო არ გააკეთებდა განცხადებას. გუშინ დაიდო ეს განცხადება, სადაც ძალიან კარგად არის განმარტებული, რომ კომპანიის დირექტორთა საბჭო (რომელიც სრულად ევროპელი და ამერიკელი დამოუკიდებელი დირექტორებისგან შედგება) უცხადებს სრულ ნდობას ირაკლი გილაურს და „არ ეთანხმება არანაირ მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის მთავრობა, შესაძლოა, განიხილავდეს მის წინააღმდეგ რაიმე მოქმედების განხორციელებას. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენისა და განხილვის შედეგად ნებისმიერი უფლებამოსილი ორგანო გაიზიარებს ჩვენს შეხედულებას“. მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ „საქართველოს კაპიტალი“ ლონდონის ბირჟაზე განთავსებული კომპანიაა, რომელიც მართავს ამერიკული და ევროპული უმსხვილესი ფონდების ფულს. ჩემი ძმა კი არის „საქართველოს კაპიტალის“ დირექტორი, რომელსაც ამ დასავლურმა ფონდებმა თავიანთი ფული ანდეს იმისათვის, რომ მას საქართველოში ინვესტიციები გაეკეთებინა. ძალიან ცოტა ადამიანია საქართველოში, ვისაც ასეთ ნდობას უცხადებენ დასავლური ფონდები და ვისაც ამხელა თანხების მოტანა შეუძლია ჩვენს ქვეყანაში. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ სწორედ იმის გამო, რომ ამ კომპანიის აქციები ლონდონის ბირჟაზე ივაჭრებს, მას აქვს ძალზედ მკაცრად გაწერილი ნებისმიერ პოლიტიკურ პროცესში არმონაწილეობის წესები, რაც საქართველოში ხანდახან არასწორად „ითარგმნება“ ხოლმე – თითქოს სიჩუმე თანხმობის ნიშანია. ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების გათვალისწინებით უნდა ვთქვა, რომ ჩემი ძმის ამ სიაში მოხვედრა უფრო მიზანმიმართულ, პროცესის მადისკრედიტირებელ ოპერაციას ჰგავს, რომელსაც კარგად ეტყობა ე.წ. კაგებეშნიკური ხელწერა და რომლის მიზანი რეჟიმის რეალური მაცოცხლებელი ქსელიდან ფოკუსის გადატანა და მისი სიმწვავის განელებაა. ეს ხომ სწორედ რომ „კაგებეშნიკური“ მიდგომაა – თუ ვერ აჩერებ პროცესს, რომელიც შენ წინააღმდეგ მუშაობს, მაშინ ამ პროცესის დისკრედიტაცია უნდა მოახდინო. ჩემი ძმის ამ სიაში ჩასმის ინიციატორები, სავარაუდოდ, სწორედ ისინი არიან, ვინც რეალურად არის და უნდა იყვნენ ამ სანქციების სამიზნე. არც „სასარგებლო იდიოტების“ გამოყენების გარეშე მოხდებოდა ეს ამბავი, თუმცა „არა არს დაფარული, რაც არ გაცხადდეს“, და ამის შესახებ ინფორმაციას დამატებით მოგაწვდით. „საქართველოს კაპიტალის“ განცხადებაში ასევე წერია შემდეგი: „დირექტორთა საბჭო აქტიურად მუშაობს აშშ-ის ოფიციალურ პირებთან გარემოებების გარკვევის მიზნით. „საქართველოს კაპიტალი“ არის ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული საჯარო კომპანია და მის ძირითად აქციონერებს ამერიკის შეერთებული შტატების და ევროპის ინსტიტუციური ინვესტორები წარმოადგენენ. ირაკლი გილაურის ხელმძღვანელობით კომპანია იმართება კორპორატიული მართვის უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად“. მინდა, აქვე დავამატო, რომ მეც ჩემი არხებით დავუკავშირდი აშშ-ის კონგრესს და მომავალი ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეცდომა მალე გასწორებული იქნება. ხოლო ის ადამიანები კი, ვისზეც მართლაც დგას ეს რეჟიმი, აუცილებლად დასანქცირდებიან. როგორც დამარწმუნეს ჩემმა ამერიკელმა მეგობრებმა, „ეს სია დასაკალიბრებელია – შეიძლება ვიღაც არასწორად მოხვდა (სხვადასხვა მიზეზის გამო და ესეც გაირკვევა) და ვიღაც კი დასამატებელი იყოს““, – წერს ნიკა გილაური.

ბოლო სიახლეები