ოპოზიციის შეცვლილი პოზიცია – 46 დეპუტატი სალომე ზურაბიშვილს ჯერ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას სთხოვდა, სადაც დღეს საგამოძიები კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა უნდა გამართულიყო, თუმცა გუშინ საღამოს გადაიფიქრეს და პრეზიდენტს ამჯერად უკვე მიმართავენ, მათ მიერ მოთხოვნილი რიგგარეშე სესია დღეისთვის აღარ მოიწვიოს.
როგორც თავად განმარტეს, გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზი გახდა ის, რომ ორმა დეპუტატმა – ანა წითლიძემ და ლევან ხაბეიშვილმა ქვეყანა დაუგეგმავად დატოვეს და შესაბამისად, ოპოზიციას არ ჰყოფნის ხმები იმისათვის, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღოს.
საკითხის გატანას კენჭისყრაზე ისინი მომავალ კვირას გეგმავენ. პრეზიდენტისთვის გაგზავნილი ოპოზიციის წერილის თანახმად, დროებითი საგამოძიებო კომისიის გამოსაკვლევი საკითხებია: სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის არსებობა, მოსამართლეებზე უკანონო ზემოქმედების, კორუფციისა და ნეპოტიზმის სავარაუდო ფაქტები.

