ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ხელი მოაწერა სამხედრო გაწვევის დე ფაქტო განკარგულებას, რომლის თანახმად, 2022 წლის 1-ელ ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, სამხედრო სამსახურში 18-დან 27 წლამდე ასაკის იმ მოქალაქეებს გაიწვევენ, რომლებიც სარეზერვო აღრიცხვაზე არ იმყოფებიან. ინფორმაციას დე ფაქტო პრეზიდენტის ვებგვერდი და „აფსნიპრესი“ ავრცელებენ.
ამავე განკარგულების თანახმად, იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც გაწვევის ვადა ამოეწურათ, სამსახურიდან დაითხოვენ. ასლან ბჟანიამ დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტს, რაიონებისა და სოხუმის ე.წ. ადმინისტრაციებს გაწვევასა და სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება დაავალა.