კვირა, აპრილი 5, 2026

ნუკი კოშკელიშვილი-თუ ბიჭის რამე კარგი სახელი იცით, მომწერეთ „ინსტაგრამზე”, ან „ფეისბუქზე”

ჟურნალი “თბილისელები” მოდელ ნუკი კოშკელიშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს.

ნუკი კოშკელიშვილი: ამჯერად გრანდიოზული სიახლით ვარ ჩამოსული. როცა საქართველოში ჩამოვდივარ, სულ ვცდილობ, რამე ახალი ჩამოვიტანო. ახლა ისეთი სიახლით ვარ, რომ შემიძლია, ცოტა ხანი დავისვენო და ჩემზე აღარ იჭორაონ.

– ალბათ, ჭორებს აღარ აქცევ ყურადღებას.
– არა, რადგან თვითონაც მიყვარს ჭორების კითხვა. იქიდან გამომდინარე, რომ მეც დიდი ჭორიკანა ვარ, არასდროს არანაირი ჭორი არ მწყინს. პირიქით, მიხარია და ვხალისობ. თან, ზუსტად რომ ვიცი, იმ ვიღაცაზე ნათქვამი ტყუილია, კარგად ვხალისობ ხოლმე. მოკლედ, დიდი ამბავი მაქვს. ცოტა მეშინია, ამაზე თამამად ვილაპარაკო. მაინც პირველია და ყოველთვის რაღაც საშიშროება არსებობს. ერთი დღე რომ გათენდება და ისე ძალიან არ მოძრაობს ბავშვი, როგორც მოძრაობს ხოლმე, ვამბობ: დედა, ნეტავ არავისთვის არაფერი მეთქვა, თვალი ხომ არ მეცა-მეთქი.

– გჯერა ასეთი ცრურწმენების?
– კი, მჯერა. სადღაც 16 წლის ასაკში მქონდა საყვარელი ჯინსი და მჯეროდა, როცა ის ჯინსი მეცვა, ყველაფერი კარგად იქნებოდა: გამოცდებსაც ვაბარებდი და ყველაფერი გამოდიოდა. ეს ჯინსი გაცვდა და მერე ვდარდობდი, ჩემი დადებითი ემოციების დრო დასრულდა-მეთქი. მაგრამ, ასე არ ყოფილა. მერე თავი მოვატყუე: ახლა მაისური იქნება ასეთი – ჯინსის სული გადავა მასში-მეთქი. მადლობა ღმერთს, აღარ მაქვს მსგავსი რაღაცები, მაგრამ ზოგი ცრურწმენის მჯერა. არასდროს გადავკოცნი ადამიანს კარში გასვლისას, ვეტყვი: კართან გადაკოცნა ხომ არ შეიძლება-მეთქი. ბენსაც ავკიდე, გადააფურთხებს ხოლმე, აკაკუნებს, საოცრებებს აკეთებს. ჩუსტი თუ გადატრიალებულია, მორბის და ასწორებს: ვინმე ცუდად არ გახდესო. მე მაქვს ცრურწმენების მთელი პაკეტი. თან, ხალხში ვამბობ: არ ვარ ცრუმორწმუნე-მეთქი, მაგრამ როგორც კი ჩუსტი გატრიალდება, შინაგანად ვიღრინები: ვიღაც ცუდად უნდა გახდეს-მეთქი. ჩანგალი თუ დავარდება,
– ბენმა ყველაფერი ისწავლა: ჩუსტის შემოტრიალებები, მარილის გადაყრები, ჩანგლის შემოწმებები, ყველაფერი.

– მათაც ჰქონდათ ასეთი ცრურწმენები?
– არა, მათ არაფერი ჰქონიათ. დალაგებული ხალხია.

– შავი კატისაც გეშინია?
– შავი კატა არ მაწუხებს და ეგ ბენისთვის არ მისწავლებია.

– გარკვეული პერიოდის განმავლობაში რომ არ ამხელდი შენს ორსულობას, ესეც ცრურწმენებს უკავშირდება თუ უბრალოდ, გინდოდა, ცოტა მოზრდილიყო?
– სიურპრიზის გარდა, ზოგადად, ამბობენ, რომ 10 კვირამდე მუცლის მოშლის დიდი რისკიაო. მე ვთქვა, ფეხმძიმედ ვარ და მერე, ღმერთმა დაიფაროს და რამე მოხდეს-მეთქი, არ მინდოდა ასე. ბევრი ქალი მთელ ფეხმძიმობას მალავს და მიმაჩნია, რომ სწორიცაა. შენთვის ხარ და ამ დიდ საიდუმლოს ინახავ. მე ვერ გავძელი, რადგან ძალიან მიყვარს ყველაფერზე წივილი-კივილი. არაფერს არ ვმალავ. ამიტომ, როგორც კი ექიმმა მითხრა: მუცლის მოშლის პროცენტმა დაიწიაო, მაშინვე ხმამაღლა ვთქვი. ბენმა, რა თქმა უნდა, იცოდა – მხოლოდ ჩვენ ორმა ვიცოდით.

– როგორი იყო პირველი ემოცია?
– მოგატყუებთ, რომ ვთქვა, ორივეს რაიმე ემოცია გვქონდა-მეთქი. ვაპირებდით, დაგეგმილი იყო და არანაირი ემოცია არ გვქონია. ერთმანეთს გადავხედეთ: ყოჩაღ ჩვენ და ახლა რას ვშვრებითო. ექიმი გვინდა, ჰო?! – დაახლოებით ასეთი საუბარი გვქონდა. არანაირი ახტა-დახტა და ტირილები. გაუხარდა, იტირა – მსგავსი არაფერი ყოფილა. ძალიან სწრაფად მოხდა ყველაფერი, დავგეგმეთ და გამოვიდა. დღემდე თამაში მგონია, არ მჯერა. ალბათ, სანამ ამ ბავშვს არ დავინახავ, მეგონება, რომ ცეკვა-თამაშია. თითქოს მოვიგონეთ და ვერთობით. ბენი კი ამბობს, რომ აბსოლუტურად გააზრებული მაქვსო, მაგრამ არა მგონია. პირველია და ამიტომაც არ გვაქვს ბოლომდე გააზრებული, რომ კიდევ ერთი ისეთი ვინმე გვეყოლება, რომელიც სულ ჩვენთან იქნება, ვერ მოვიშორებთ. ვიღაცები მეუბნებიან: ისე გეყვარება, როგორც არასდროს არავინ გყვარებიაო. ჩემთვის ვფიქრობ: ღმერთო, რა საინტერესოა, არ ვიცნობ და მეყვარება-მეთქი. რა ვიცი, იქნებ, არ არის კარგი პიროვნება – რა თქმა უნდა, ვხუმრობ.

– დავგეგმეთო – რას გულისხმობ?
– ჩვენ ვილაპარაკეთ: ხომ არ გავიდა საკმარისი დრო მარტო ყოფნისა? შევირგეთ ტკბილი ცოლქმრობა და მოდი, კიდევ ერთი შემოგვემატოს. კარგი, ვცადოთო და გამოგვივიდა. არ მეგონა, ასე მარტივად თუ გამოვიდოდა, მადლობა ღმერთს. ამას ახლა ვაფასებ, რომ ვიხედები მარჯვნივ-მარცხნივ. ამის სულ მეშინოდა და ალბათ, ეს შიში ყველას დაჰყვება. ისეთი ისტორიები ვიცი: საერთოდ რომ არ გამოსდიოდათ არაფერი და საბოლოოდ, გამოუვიდათ. მთავარია, დაიჯერო და იმედი არ დაკარგო, შემდეგ აუცილებლად გამოვა.

– როგორი იყო შენი ოჯახის წევრების რეაქცია?
– ძალიან გაუხარდათ. დიდად არ დამიანონსებია, ჯერ დედაჩემს ვუთხარი და იმან უთხრა დანარჩენებს. მათთვისაც მოულოდნელია, პირველად ხდებიან ბებია-ბაბუა. ბენის მშობლებისთვის არ ყოფილა მოულოდნელი, რადგან 755 შვილიშვილი ჰყავთ უკვე. ჩემებსაც ბოლომდე არ აქვთ გააზრებული. ვერ ხვდებიან, მე რომ ღიპიანი დავდივარ აქეთ-იქით.

– როგორ მიდის ორსულობის პროცესი?
– რომ გადაშალო ენციკლოპედია და ნახო ყველა ის გართულება (ცუდ გართულებას არ ვგულისხმობ), რაც ორსულობას ახლავს, ყველა მაქვს მე: ტოქსიკოზი, გასუქება, ფეხების ტკივილი, სიმძიმე – სრული პაკეტი. ორსულები რომ მხვდებიან და მეუბნებიან: მართლა, მე საერთოდ არაფერი მჭირდაო, მინდა, მოვკლა. იმიტომ რომ, ტოქსიკოზიც მქონდა, თან, 24-საათიანი – პირველი სამი თვე ვკვდებოდი, ვერ გავდიოდი სახლიდან. მერე სულ მეძინებოდა, ვერ ვიღვიძებდი. ახლა დამეწყო სიმძიმის შეგრძნება. თითქოს დიდად არ გამოვიყურები, მაგრამ მიჭირს ადგომა, სიარული. ადვილად ვიღლები, წელი მტკივა, 100 წლის ბებერი ვარ. რომ ვბანაობ, მერე ნახევარი საათი მჭირდება იმისთვის, რომ დავისვენო. შხაპს რომ გადავივლებ, მერე ისე ცუდად ვარ, ისეთი დაღლილი, რომ ცოტა ხანი უნდა წამოვწვე. კიბეზე ასვლა ძალიან მიჭირს.

– ბენი როგორ ზრუნავს შენზე?
– უკან დაბრუნდა, ამერიკაში. რაც დავმძიმდი, იმის მერე არ არის ჩემთან. ახლა ჩავაკითხავ და წამიღოს-წამომიღოს, მიმიტანოს-გამომიტანოს.

– ბენი გუდაურში გყავდა. რამდენად მოეწონა იქაურობა?
– გაგიჟდა გუდაურზე, კავკასიონი რომ დაინახა: ასეთი სილამაზე არ მინახავს. მე მგონი, ყველაზე შთამბეჭდავი იყო, რაც საქართველოში ვანახეო. მეც რომ მივდივარ გუდაურში, მგონია, რომ სამოთხეში ვარ, არარეალურ სამყაროში და ისიც გაგიჟდა.

– როდის ელოდები ბავშვის დაბადებას?
– ივნისში, ჩემს დაბადების დღეზე ველოდები. იქ უნდა გავაჩინო, მივდივარ უკვე. ჩემი დაბადების დღე არასდროს მიყვარდა და თუ მოახერხებს, ჩემს დაბადების დღეზე გაჩნდება, ნამდვილად შემიყვარდება ეს დღე. ჯერჯერობით არ ვნერვიულობ მშობიარობაზე. თუ გართულება არ არის, ეს იმდენად ბუნებრივი პროცესია, ფიზიოლოგიურად მინდა, ვიმშობიარო. თუმცა, არ ვიცი, ბოლო წუთებში რა იქნება. ადამიანურად, ყოველგვარი სიგიჟეების გარეშე ვაპირებ მშობიარობას. აი, გაუტკივარების მეშინია. ნემსი ხერხემალში: მაგიჟებს, არ მინდა, ამაზე ფიქრი.

– მოიფიქრეთ უკვე სახელი?
– ჯერ არ გვაქვს მოფიქრებული და ეს არის ჩემი „აქილევსის ქუსლი”. წარმოდგენა არ მაქვს, რა დავარქვა. ყველას ვეუბნები, თქვენს მკითხველსაც: თუ ბიჭის რამე კარგი სახელი იცით, მომწერეთ „ინსტაგრამზე”, ან „ფეისბუქზე-მეთქი“. საერთაშორისო სახელი მინდა ან ქართული და ძველი. ბენიც აქტიურადაა ჩართული, თან, ბოლო წუთამდე გოგონა გვეგონა და ცივი წყალი გადაგვასხეს. თუმცა, სქესს ჩვენთვის, არცერთისთვის, არ ჰქონია მნიშვნელობა, მაინც მეყვარებოდა სიგიჟემდე. რომ ვიმშობიარებ, დედა აუცილებლად ჩამოვა და მერე მეც მალევე წამოვალ საქართველოში. ბათუმში მინდა, რომ წავიყვანო – ბაკურიანში, ბორჯომში… ზაფხულში აქ ვიქნებით. იმოგზაუროს. ინტერნაციონალურ ოჯახში გაჩნდა, მიჩვეული იქნება მოგზაურობას.

– ბენი აპირებს მშობიარობაზე დასწრებას?
– კი. ბენი აპირებს, რომ დაესწროს მშობირობას. მეც არ ვარ წინააღმდეგი, ვეუბნები: თავთან დადექი-მეთქი. ვნახოთ, ალბათ, ასე იქნება. წინასწარ არ მინდა რამის თქმა.

სრული ვერსია იხილეთ: tbiliselebi.ge
ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მეუფე დანიელი – დებულებაში ცვლილება უნდა მოხდეს გაფართოებულ კრებაზე, პატრიარქის არჩევის შემდეგ, ყველანი პატრიარქის შვილები ვართ, გვინდა, მისი გზა გავაგრძელოთ, გარწმუნებთ, ყველაფერი იქნება კარგად

პატრიარქმა გაგვიკვალა გზა სიწმინდისა და ჭეშმარიტებისკენ. რომ გავყვეთ გზას, რომელსაც სამეუფო გზა ეწოდება, მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ ერთსულოვნება. სინოდის ამჟამინდელი მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია. არ აქვს მნიშვნელობა, ვის აირჩევს სინოდი – ის იქნება ღვთის რჩეული და მას ყველანი უნდა მივესალმოთ, – ამის შესახებ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.მისი თქმით, სინოდის არცერთი წევრი არ ეძებს საკუთარ ინტერესს, არამედ ვეძებს ღვთის ნებას.„გაგვიხარდება ნებისმიერი პიროვნება. თამამად შემიძლია ვთქვა, სინოდში ნებისმიერი პიროვნება დღეს არის მზად, გააგრძელოს პატრიარქის გზა. მთელი სინოდი ვართ ერთსულოვანი. არ იყო საკითხი, სადაც რაიმე გართულება გვქონდა. განსხვავებული აზრი როცა არის და ამის გამო არ არის უხერხულობა, ეს არის მაღალი დონე, ეს არის ერთსულოვნება, ეს არის გამარჯვება ადამიანურ, სუბიექტურ განწყობაზე, რომელიც ადვილი დასაძლევი არ არის. ჩვენ გვქონდა ეს ერთსულოვნება. შეიძლება, ზოგჯერ მოსაზრების გამოთქმისას ემოციური ვყოფილიყავით, მაგრამ არა ერთმანეთის მიმართ. ჩვენი სურვილია, ჩვენი განცდები მივწვდეთ ღვთის ნებას, როგორც ეს გვესახება. ყველაფერი იქნება სულიწმიდის კარნახით, ამაში დარწმუნებული ვართ“, – განაცხადა მეუფე დანიელმა.მიტროპოლიტმა საზოგადოებას მოუწოდა, რომ სუბიექტური აზრები არ იყოს კატეგორიული.„ყველას გვაქვს უფლება, გვქონდეს შეხედულება, მაგრამ არა კატეგორიული. ერთი შეხედულების მქონე საზოგადოების ნაწილმა, მეორე შეხედულების მქონე საზოგადოების მიმართ არ უნდა გამოთქვას უნდობლობა, არ უნდა გამოხატოს ეჭვი, რომ ეს არის ადამიანი და ჩემი არის ღვთაებრივი. ეს ნიშნავს გარკვეულ უხერხულობაში, დაპირისპირებაში შესვლას. უხილავი ძალა ცდილობს, ეს მოხდეს და ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ. ჩვენ ვამბობთ, რომ სინოდში ეს დაცულია, მაგრამ ერიც მოქმედებს, ერის მდგომარეობას შეუძლია, დაგვეხმაროს ან პირიქით, დაამძიმოს. ჩვენი თხოვნაა ერისადმ: გავერთიანდეთ ლოცვაში, ურთიერთ პატივისცემაში. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს სინოდმა, გვწამდეს, ეს არის სულიწმიდის კარნახი. ყველანი პატრიარქის შვილები ვართ, ყველანი მისი ერთგული ვართ და გვინდა, გავაგრძელოთ მისი გზა. ასე უნდა იყოს როგორც სასულიერო, ასე საერო დასი. ეს არის ჩვენი თხოვნა. გარწმუნებთ, ყველაფერი იყო და იქნება კარგად“, – განაცხადა მეუფე დანიელმა.რაც შეეხება პატრიარქობის კანდიდატის ასაკობრივ ზღვარს, მეუფე დანიელი აცხადებს, რომ არსებობს ეკლესიის გამგეობის დებულება და სინოდი მოქმედებს ამ დებულების საფუძველზე და გაფართოებული კრებისთვის ემზადება.„ყოველ ეტაპზე ეკლესიას შეუძლია, განავითაროს მართვა-გამგეობის დებულება, რაღაც სიახლე შეიტანოს, კორექტირება გააკეთოს. ამის სურვილი შეიძლება, ყველა წევრს ჰქონდეს, მაგრამ ეს უნდა მოხდეს გაფართოებულ კრებაზე, რომელიც პატრიარქის არჩევის შემდეგ გადაწყდება, როდის იქნება მოწვეული. ამიტომ აქ ცვლილებები არ მოხდება, რაც წესია ის არის, უბრალოდ წესთან და პროცედურასთან დაკავშირებით შეიძლება, იყოს გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა. პრობლემა არ იქნება, სინოდი რასაც გადაწყვეტს. ჩვენ არ ავჩქარდით, გადავწყვიტეთ, ვილოცოთ და შემდეგ სინოდზე, რომელიც გაიმართება, საბოლოოდ შევჯერდებით ყველა საკითხზე, მათ შორის ასაკზე. შეიძლება ერთი და იგივე დებულება გაგებული იქნას სხვადასხვანაირად. სწორედ აქ არის ჩვენი რწმენა, რომ სულიწმინდა გვიკარნახებს, რა არის ღმერთის ნება, როგორ უნდა წავიკითხოთ, როგორ უნდა განვმარტოთ და უმრავლესობა რასაც გადაწყვეტს, ეს იქნება ღვთის ნება“, – გნაცხადა მეუფე დანიელმა.

ირაკლი კობახიძე – ჩვენი ამოცანაა, თვითკმარი გახდეს ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგეტიკის მიმართულებით

ჩვენი ამოცანაა, თვითკმარი გახდეს ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგეტიკის მიმართულებით, ამას სჭირდება 11 500 მგვტ დადგმული სიმძლავრე, ამ გენერაციის შექმნა და ამას სჭირდება შესაბამისი გეგმა და დაახლოებით, ათწლიანი პერიოდი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.პრემიერის შეფასებით, გამოწვევები არის ძალიან ბევრი, კომპლექსური და ამას სჭირდება კონკრეტული გეგმა.„სწორედ ამიტომ დავიწყეთ ჩვენ მუშაობა კონკრეტულ გეგმაზე, რომელიც გვაქვს შემუშავებული და მზად ვართ, რომ ფართო ჩართულობით დავამუშაოთ საბოლოოდ ეს გეგმა. ეს არის აუცილებელი, რათა ეს კომპლექსური ვითარება შეიცვალოს დადებითი  მიმართულებით. ძალიან ფართო სპექტრია პრობლემების.ჩვენი ამოცანაა, თვითკმარი გახდეს ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგეტიკის მიმართულებით, ამას სჭირდება 11 500 მგვტ დადგმული სიმძლავრე, ამ გენერაციის შექმნა და ამას სჭირდება შესაბამისი გეგმა და დაახლოებით, ათწლიანი პერიოდი. ეს არის ჩვენი ამოცანა. რაც შეეხება კონკრეტულ პროექტებს, რა თქმა უნდა, საჭიროა ფართო ჩართულობა, როგორც ექსპერტული, ისე არაექსპერტული და ამისთვისაც ვართ მზად.ვფიქრობ, ალბათ, ყველა ვჯერდებით იმაზე, რომ დიდი ჰესების მშენებლობაც არის საჭირო, რათა ჩვენ უზრუნველვყოთ სისტემის სტაბილურობა, სისტემის სწორად განვითარება. ვჯერდებით ასევე იმაზე, რომ ამას სჭირდება სათანადოდ აღსრულება, ამას სჭირდება ექსპერტული ჩართულობა, გეგმაზომიერი მუშაობა. ამისთვის ვართ მზად. ჩვენ შეგვიძლია, საზოგადოებას დავპირდეთ, რომ ჩვენი მიდგომა იქნება აბსოლუტურად სერიოზული. რა სერიოზულობაც ვაჩვენეთ გასული თვეების განმავლობაში სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით, კონკრეტულად ენერგეტიკის სექტორში, გეგმაზომიერების კუთხით და ა.შ. ასეთივე მიდგომით გავაგრძელებთ მუშაობას. ჩვენი კარი არის აბსოლუტურად ღია ექსპერტებისთვის, ექსპერტული ჩართულობისთვის. ეს არის ჩვენი მოწოდებაც და მადლობა ასეთი ინიციატივისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.

ეს უკვე აღარ არის მხოლოდ ირანის წინააღმდეგ მიმართული ომი-ირანის ელჩი

,,ეს უკვე აღარ არის მხოლოდ ირანის წინააღმდეგ მიმართული ომი. აშშ-ისა და ისრაელის აგრესიული თავდასხმები პეტროქიმიურ მრეწველობასა და ბუშეჰრის ატომური სადგურის მიმდებარე ტერიტორიებზე წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ყველა წითელი ხაზის, ჰუმანისტური პრინციპებისა და თვით სტრატეგიული რაციონალურობის აშკარა დარღვევას. ეს კატასტროფა კონკრეტულად ერთი რეგიონით არ შემოიფარგლება. ამ გზამ შესაძლოა სპარსეთის ყურე გადააქციოს ქიმიური და ბირთვული კრიზისის ეპიცენტრად. ეს კრიზისი მილიონობით ადამიანს, ცოცხალ არსებასა და რეგიონის გარემოს ათწლეულების განმავლობაში განადგურების საფრთხის წინაშე დააყენებს. მსოფლიომ არ უნდა მოიტყუოს თავი: ამ ქმედებების შედეგები გასცდება ირანის საზღვრებს. მსურს განვაცხადო: ეს არ არის „მუქარა“, ეს არის სერიოზული გაფრთხილება, რომლის შედეგებიც კაცობრიობის მომავალს ემუქრება. სპარსეთის ყურის ქვეყნები, რომლებმაც დაუშვეს, რომ ამერიკას მათი სამხედრო ბაზები გამოეყენებინა და ისრაელთან ე.წ. აბრაამის შეთანხმებას დაჰყაბულდნენ, დღეს თავად გადაიქცნენ მთავარ მსხვერპლად. ის, ვინც ცეცხლში გაიარა, გახლდათ აბრაამი, უფლის წინასწარმეტყველი, ხოლო აბრაამის სახელით ცეცხლის დამნთები არის სიონიზმი. სწორედ ამიტომ მოხდა, რომ Randy George, აშშ-ის სახმელეთო ძალების სარდალი, თანამდებობიდან გაათავისუფლეს — რადგან მას არ სურდა, რომ მის სამხედრო კარიერაში სტრატეგიული უგუნურება ჩაწერილიყო. ეს არის გაფრთხილება: დღევანდელობისთვის და მომავალი ათწლეულებისთვის''-წერს ირანის ელჩი სეიედ ალი მოჯანი

ლოცვა, რომელიც მრევლმა 4 აპრილის საღამოდან 6 აპრილის დილის ჩათვლით უნდა წაიკითხოს

4 აპრილის საღამოდან 6 აპრილის დილის ჩათვლით, ღირს არსის ნაცვლად, ეს ლოცვა იკითხება:ბზობის კვირას წასაკითხი.ღმერთი უფალი გამოგვიჩნდა ჩუენ დღეს, განმზადეთ დღესასწაული და მხიარულებით მოვედით და განვადიდოთ ქრისტე ბაიაითია და რტოებითა ქებისმეტყუელთა, კურთხეულ არს მომავალი სახლითა უფლისათა უკუნისამდე.

სომხეთის პარლამენტის სპიკერი – რუსეთი გაზის საფასურს თუ გაზრდის, სომხეთი დატოვებს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს

სომხეთის პარლამენტის სპიკერმა, ალენ სიმონიანმა განაცხადა, რომ სომხეთი დატოვებს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს, თუ რუსეთი გაზის საფასურს გაზრდის.„ისინი ასეთ გადაწყვეტილებას თუ მიიღებენ, სომხეთიც მიიღებს თავის გადაწყვეტილებას და საბოლოოდ გამოვა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს“, – განაცხადა სიმონიანმა ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე.ამასთან, მისი თქმით, „არ ფიქრობს, რომ საქმე აქამდე მივა“, რადგან სომხეთის პრემიერ-მინისტრსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის „ძალიან კარგი, ეფექტიანი საუბარი შედგა“.ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრისას, სხვა საკითხებთან ერთად აღნიშნა, რომ სომხეთი რუსულ გაზს შეღავათიან ფასად იღებს.„დღეს, თქვენ იცით, ენერგომატარებლების, გაზის ფასები ევროპაში 600 დოლარს აღემატება ათას კუბურ მეტრზე, ხოლო რუსეთი სომხეთს გაზს 177.5 დოლარად აწვდის. სხვაობა დიდია, სხვაობა არსებითია,“ — განაცხადა პუტინმა.სომხეთმა 2024 წლიდან შეაჩერა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრობა და აღარ იხდის შენატანებს ამ ორგანიზაციაში, თუმცა ფორმალურად ქვეყანა ორგანიზაციიდან არ გამოსულა.

ბოლო სიახლეები