რეგლამენტი დარღვეული არ არის, რეგლამენტით ამ თემაზე იმ ვადებით და პროცედურებით პარლამენტმა უნდა იმსჯელოს საგაზაფხულო სესიაზე, შესაბამისად, საგაზაფხულო სესია თებერვალში იწყება და როცა გაიხსნება, მივუბრუნდებით ამ საკითხს, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ ოპოზიციისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
„პატრიოტთა ალიანსთან“ იყო განსხვავებული ვითარება, სიიდან გარკვეულმა დეპუტატებმა, რომლებიც არ იყვნენ ჩახსნილი, გამოხატეს მზაობა პარლამენტში ადგილმონაცვლეობის. ამ შემთხვევაში განხილვა მოხდა შედარებით ადრე, ვიდრე ამას წესები და პროცედურები მოითხოვს და ვადებში არის გაწერილი“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ამასთანავე, როგორც სამხარაძემ განაცხადა, თუკი ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტში შესვლას გადაწყვეტენ, სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებული საკითხი განხილვის საგანი აღარ იქნება.
„იმედი მაქვს, მოლაპარაკების პროცედურა დასრულდება, რადგან ეს ოპოზიციის ინტერესშიც არის. რაც უფრო მეტი დრო გადის, ეს დრო ოპოზიციის საწინააღმდეგოდ მუშაობს, რადგან ისინი არ არიან ჩართული საკანონმდებლო პროცესში და ხდება მათი მარგინალიზაცია. შესაბამისად, თუ ისინი უფრო მალე შემოვლენ, რა თქმა უნდა, ეს საკითხი საერთოდ აღარ იქნება განხილვის თემა. ვიმედოვნებ, თებერვლამდე, ვიდრე საგაზაფხულო სესია დაიწყება, ეს საკითხი მოგვარებული იქნება“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.