ორშაბათი, ივნისი 9, 2025

ნიკოლოზ გოგუაძე ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციაზე: მეგის ქარდავას გადაწყვეტილი ჰქონდა ჩემთვის ესროლა. რამდენიმე წუთი ველოდით ზარს, რომ დარეკეს სახე შეეცვალა, გადარჩიო და შემაგინა. ეტყობა უთხრეს არ გაისროლოო, ჩანდა ჩვენი დაკავება მათ ინტერესში არ შედიოდა

2003–2012 წლებში პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ყინწვისის სპეცოპერაციის სახელით ცნობილი სისხლის სამართლის საქმე განიხილება, “ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობის” დამფუძნებელმა ნიკოლოზ გოგუაძემ ისაუბრა.

ნიკოლოზ გოგუაძე იხსენებს ყინწვისში დაკავების მომენტში მეგის ქარდავასთან შეხვედრის მომენტს, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის მაღალჩინოსანი და სპეცრაზმის ხელმძღვანელი იყო.

გოგუაძის თქმით, დაკავების მომენტში დიდ გაურკვევლობაში იყო მეგის ქარდავაც და სპეცრაზმიც, რამდენადაც ყინწვისში მყოფი ადამიანების ლიკვიდაცია სურდათ და დაკავება მათ ინტერესში არ შედიოდა.

“ყველანი დაგვყარეს იატაკზე, მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი მეგის ქარდავა როგორ გამოიყურებოდა, ან ვინ იყო საერთოდ. მეგის ქარდავა მოვიდა, კითხულობდა გოგუაძე რომელიაო, მე ვუთხარი მე ვარ- მეთქი. ეგრევე კონდახი ჩამარტყა თავში, გავითიშე, ამწია და მიკროავტობუსში შემაგდო. სადაც მითხრა პირდაპირ, რომ გადაწყვეტილი ჰქონდა ჩემთვის ესროლა “აი ამ მარშუტკაში დაგტოვებო”. ავტომატი მოშვერილი აქვს მეგის ქარდავას, ერთ ხელში ტელეფონი უჭირავს, მეორით მუხლზე უდევს ავტომატი. იღებს ტელეფონს და სადღაც რეკავს – წინ მიზის და დავამთავროო, ეს მესმის საუბარი. შემდეგ ყურმილს უთიშავს ის და ეტყობა უთხრა გადმოგირეკავ მოიცაო, აი ეხლა წყდება შენი ბედიო, მე მეუბნება. რამდენიმე წუთი ველოდებოდით ზარს, რომ დარეკეს სახე შეეცვალა, გამწარდა, გადარჩიო და შემაგინა. ეტყობა იქედან უთხრეს არ გაისროლოო, ჩავიდა დაბლა და მერე ნელ-ნელა ყველა ბიჭი გადაგვანაწილეს სხვადასხვა მიკროავტობუსში, დიდი გაურკვევლობა იყო, იქ უკვე ჩანდა, რომ ჩვენი დაკავება როგორც ასეთი მაგათ ინტერესში საერთოდ არ შედიოდა, იმიტომ, რომ არ იცოდნენ რა ექნათ ჩვენთვის, ყველა სადღაც რეკავდა, რა ვქნათ, აქ გვყავს, ეს გვესმოდა ჩვენ”, -განაცხადა ნიკოლოზ გოგუაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სერგეი ლავროვი – მოსკოვი მზად იქნება, განაახლოს მოლაპარაკებები შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ, როდესაც დისკუსია თანაბარ პირობებში წარიმართება

მოსკოვი მზად იქნება, განაახლოს მოლაპარაკებები შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ, როდესაც დისკუსია თანაბარ პირობებში წარიმართება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სტრატეგიულ სტაბილურობაზე მოლაპარაკებების დაწყებამდე ამ ეტაპზე დამატებითი ძალისხმევაა საჭირო.ლავროვის განმარტებით, რუსეთი აშშ-ის ამჟამინდელ ადმინისტრაციასთან უფრო ნორმალურ ურთიერთობაშია, ვიდრე ბაიდენის ადმინისტრაციასთან იყო. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, მოსკოვმა არ იცის, როგორ არის ტრამპი ინფორმირებული უკრაინის მიერ რუსეთზე თავდასხმების შესახებ.ლავროვმა ასევე თქვა, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შენობაში ამერიკელი მრჩევლების დიდი რაოდენობა ზის.„უკრაინაში სპეცოპერაცია გაგრძელდება, თუმცა პარალელურად რუსეთი მზადაა დიპლომატიური ზომებისთვის. ადგილზე მიღწეული სპეცოპერაციის შედეგები ერთ დღეს სამართლებრივი დოკუმენტების სახით გაფორმდება“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის უნიკალურ ექსპონატებს გაეცნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები და ნოდარ ტაბიძის საუნივერსიტეტო სტუდენტური კლუბის წევრები, სტუ-ის ქრისტიანული კულტურის კვლევის ლაბორატორიის ორგანიზებით, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ეწვივნენ და იქ დაცულ უნიკალურ ექსპონატთა ფონდი დაათვალიერეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, ქრისტიანული კულტურის კვლევის ლაბორატორიის ორგანიზებითა და ნოდარ ტაბიძის საუნივერსიტეტო კლუბის აქტიური ჩართულობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები, გარკვეული პერიოდულობით, საქართველოს მუზეუმებში დაცულ ეროვნულ საგანძურს ეცნობიან.ნოდარ ტაბიძის საუნივერსიტეტო კლუბის პრეზიდენტის, სტუდენტ არჩილ გურგენიძის თქმით, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულმა ექსპონატებმა და მათმა ისტორიამ, ახალგაზრდებზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა.“ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულია უნიკალური ხელნაწერები - ეს 70 000 ექსპონატისგან შემდგარი ჩვენი ეროვნული საგანძურია. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა მოგვეცა გვენახა სიგელი თამარ მეფის ხელმოწერით, ერეკლე მეფის მიმოწერა, მიხაი ზიჩის ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციის დედნები, ვეფხისტყაოსნის 164 ხელნაწერი, მე-10 საუკუნის ლაილაშის ბიბლია და ქართული კულტურის მრავალი უნიკალური ძეგლი, რომლებიც ჩვენი ეროვნული სიამაყეა. მნიშვნელოვანია, რომ ეს საგანძური საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად არის დაცული ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში და მისი დათვალიერება ნებისმიერ მსურველისთვის ხელმისაწვდომია. ვფიქრობთ, ამ მუზეუმს ხშირად უნდა ესტუმრონ ახალგაზრდები, რათა უკეთ შეიმეცნონ ჩვენი კულტურა და მრავალსაუკუნოვანი ისტორია”, - ამბობს არჩილ გურგენიძე.როგორც სტუ-ის ქრისტიანული კულტურის კვლევის ლაბორატორიის კონსულტანტი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი ხათუნა საგინაშვილი აღნიშნავს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რომ სტუდენტებს ჰქონდეთ სრულყოფილი წარმოდგენა საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ, რაც ახალგაზრდობისთვის ეროვნული თვითმყოფადობისა და იდენტობის შენარჩუნების ძლიერი ინსტრუმენტია.“საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიგვაჩნია, რომ ჩვენი ახალგაზრდები აუცილებლად უნდა ეზიარონ ქართულ კულტურას, უნდა იცოდნენ თავიანთი ქვეყნის ისტორია, რათა განიმსჭვალონ მაღალი ეროვნული თვითშეგნებით, შეინარჩუნონ ეროვნული იდენტობა, რაც უდიდეს როლს თამაშობს სახელმწიფოებრივი აზროვნების განვითარების, კულტურული ტრადიციების შენარჩუნების და შემდგომი თაობებისთვის ამ მემკვიდრეობის გადაცემის საქმეში. ეს ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია, ქართული სახელმწიფოს საერთაშორისო სივრცეში სტაბილურად პოზიციონირებისთვის. გარდა ამისა, ასეთი ღონისძიებები მნიშვნელოვან სულიერ საზრდოს აძლევს ჩვენს სტუდენტებს. ჩვენთვის, პედაგოგებისთვის, სასიხარულოა, რომ მსგავს საუნივერსიტეტო აქტივობებში თანამონაწილეობის სურვილს ახალგაზრდები თავად გამოთქვამენ”, - აცხადებს ხათუნა საგინაშვილი.

“საგარეო დახმარება არ არის ქველმოქმედება – ის ჩვენი ეროვნული ინტერესებისკენ უნდა იყოს მიმართული” – მარკო რუბიო

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი მარკო რუბიოს განცხადებას ავრცელებს, რომელიც აღნიშნულია, რომ "უცხოური დახმარება არ არის ქველმოქმედება" და რომ ის აშშ-ის ეროვნული ინტერესებისკენ უნდა იყოს მიმართული."უცხოური დახმარება არ არის ქველმოქმედება. ის შექმნილია შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესების გასაძლიერებლად. საგარეო დახმარება ჩვენი ეროვნული ინტერესებისკენ უნდა იყოს მიმართული. ჩვენ უნდა შევქმნათ სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელიც ამას გააკეთებს", - აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.

სალომე ზურაბიშვილი თინა ბოკუჩავას განცხადებაზე – ეს უკვე ამ რეჟიმის განაჩენია – აღარ იცის, რას მიმართოს, რომ ადამიანები დააშინოს, დაემუქროს, აუკრძალოს ლაპარაკი, facebook-ზე რაღაცის...

კოტე იოსელიანმა რაღაც მოსაზრება, შეიძლება არაკორექტული, გამოთქვა რვა წლის წინ და დღეს ისჯება იმიტომ, რომ ეს ეხებოდა „შიშველი მეფის ოჯახს“, ეს უკვე არის ამ რეჟიმის განაჩენი , - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ავრცელებს.სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მსგავსი ქმედებები მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების სისუსტის ნიშანია და „ჩვენ ერთის მხრივ უნდა დავგმოთ ეს მოქმედება და ამავე დროს ვიცოდეთ, რომ ეს არის მართლაც მათი განაჩენი“.„არ შეიძლება არ ვიყოთ ყველანი შეშფოთებული იმით, რაც მოხდა კოტე იოსელიანის შემთხვევაში. ეს გატაცება, მუქარა, რაც მოხდა იმიტომ, რომ ადამიანმა რაღაც მოსაზრება, შეიძლება არაკორექტული, გამოთქვა რვა წლის წინ და დღეს ისჯება იმიტომ, რომ ეს ეხებოდა შიშველი მეფის ოჯახს, ეს უკვე არის ამ რეჟიმის განაჩენი. ეს რეჟიმი ყოველდღიურად გვაჩვენებს, თუ როგორი შეშინებულია თვითონ, როგორ არამყარად დგას და აღარ იცის, რას მიმართოს, რომ ადამიანები დააშინოს, დაემუქროს, აუკრძალოს არა მხოლოდ ლაპარაკი, არა მხოლოდ სიტყვების გამოყენება, თუნდაც facebook-ზე რაღაცის დაწერა, ეს არის მცდელობა სრული კონტროლისა. მგონი, უკვე გადავედით ჩრდილოეთ კორეის დონეზე, არ ვიცი იქ ამ დონის კონტროლი თუ არის. ეს მხოლოდ და მხოლოდ სისუსტის ნიშანია. არ არსებობს რეჟიმი, რომელსაც გააჩნია შიდა შემართება და რომელსაც აქვს მხარდაჭერა თავისი მოსახლეობის - რაც არ უნდა დიქტატორული რეჟიმი იყოს, თუ აქვს ოდნავ მაინც მხარდაჭერა თავისი მოსახლეობის, ასე არ იქცევა და არც სჭირდება, რომ ასე მოიქცეს. ჩვენ ერთის მხრივ უნდა დავგმოთ ეს მოქმედება და ამავე დროს ვიცოდეთ, რომ ეს არის მართლაც მათი განაჩენი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.ცნობისთვის, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ მის მეუღლეს, კოტე იოსელიანს საცხოვრებელი სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიაზე 5 ნიღბიანი პირი ჩაუსაფრდა, თავს დაესხნენ და გაიტაცეს. ამის შესახებ ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მისი მეუღლის მიერ ვიდეოს ჩაწერას გამოეხმაურა, სადაც ის უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის.მისივე თქმით, გამტაცებლები, მის მეუღლეზე 8 საათის განმავლობაში ზეწოლას ახორციელებდნენ და ემუქრებოდნენ ბავშვების უსაფრთხოებით.როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, ვარაუდობენ, რომ კოტე იოსელიანი "მრავალი საათის განმავლობაში იმყოფებოდა ე.წ მოდულის შენობაში".ამასთან, ბოკუჩავას თქმით, მომხდარის რეალური მიზეზი მისი დაშინება და გაჩუმებაა.შეგახსენებთ, გუშინ კოტე იოსელიანმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ბოდიშს უხდის ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილის, რამდენიმე წლის წინ მისი მისამართით გაკეთებული განცხადების გამო.

აქცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან – ორგანიზატორებმა ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს აღდგენა მოითხოვეს

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გაიმართა. ორგანიზატორებმა ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს აღდგენა მოითხოვეს, რათა გადაწყვეტილებები შშმ თემის, მშობელთა და პროფესიონალების ჩართულობით მიიღოს უწყებამ.ინკლუზიური განათლების სამმართველოს გაუქმების შესახებ ინფორმაცია 7 ივნისს გავრცელდა. სამინისტრომ განმარტა, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ოფიციალური განცხადების თანახმად, ოპტიმიზაციის ფარგლებში, გაერთიანდა სტრატეგიული დაგეგმვის და ინკლუზიური განვითარების სამმართველო.

ბოლო სიახლეები