„ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა „ქართულ ოცნებას“ შანსი მისცა ურთიერთობების დალაგების კუთხით, თუმცა ხელისუფლებას ეს „არ გამოსდის“.
აღნიშნული შესახებ გვარამიამ გადაცემის წამყვანის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. კერძოდ, ჟურნალისტმა გვარამიას ჰკითხა: „მაგალითად, არის ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს ამერიკელებთან ურთიერთობის დალაგებას. რამდენად აქვთ ამისი შანსი? მოვისმინეთ პოზიცია, ღიად ნათქვამი რუბიოსგან ტრაექტორიის ცვლილების აუცილებლობასთან დაკავშირებით. ამერიკელებთან არ გამოსდის ოცნებას?“
„ვხედავთ, რომ არ გამოსდით. ამერიკელებმა შანსი მისცეს, განა, არ მისცეს. არ მიმაჩნია, რომ ეს სწორი იყო, მაგრამ ეს მოხდა. მოხდა პრაგმატული ინტერესით“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
გვარამიას შეფასებით, სინამდვილეში, უდიდესი ამბავია ის ინტერესი, რაც არსებობს ანაკლიის პორტის, საქართველოს სატრანზიტო დერეფნის მიმართ.
„სინამდვილეში, ინტერესი, რომელიც არსებობს იგივე ანაკლიის პორტის, საქართველოს სატრანზიტო დერეფნის მიმართ, ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის პატრიოტისთვის და პოლიტიკოსისთვის, უდიდესი ამბავია, მაგრამ ჩვენც ვეუბნებოდით ჩვენს მეგობრებს და თვითონაც დარწმუნდნენ, რომ გამორიცხულია, არ არსებობს, ბიძინა ივანიშვილი არის კლასიკური გადამგდები. თვითონ თუ არ ხეირობს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ქვეყნის ინტერესი რა არის. რუსეთის ანგარიშგამწევია იმდენად, რომ მისთვის დაუშვებელი იქნებოდა, რაც რუსეთს მინიმალურად მაინც არ აწყობს და ანაკლია სიკვდილია ამ რეგიონში რუსული ლოგისტიკის. ამიტომაც, გამოვიდა კობახიძე თუ ეკონომიკის მინისტრი და თქვა, რომ ჩინეთს აღარ ვაძლევთ. ხვალ რომ არ მისცემს, ეგ რა ვიცით? მეორე – ჩვენ თვითონ ავაშენებთ და შემდეგ გავაქირავებთ, მათ შორის ჩინელი იქნება თუ ირანელი, ვინც უკეთეს პირობას შემოგვთავაზებსო, ეს ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი თვითონ გადაწყვეტს, ვის მისცემს, მაგრამ მოდით, ახლა გადავავადოთ ეს გადაწყვეტილება და დღეს ასე გამოვაცხადოთო. რუსეთის შეეშინდათ, მაგრამ დასავლეთისაც რაკიღა შეეშინდათ, თქვეს, რომ ჩინეთი არ იქნება. აბსურდია. ჯერ ერთი, საქართველო არ არის ამისი თავისით ამშენებელი, გამორიცხულია. ამდენი ფული არ გვაქვს, რომც მოგვცენ, მოიპარავენ. ეს არის სინამდვილეში ახსნა ამ ვითარების. ჩვენ ვაგდებთ, „ქართული ოცნება“ აგდებს იმ პროექტს. ორი რამ არის, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს მომავლის დაღუპვის კუთხით, თორემ აწმყოში რასაც შვება, ყველა ვხედავთ. პირველი – ეს არის ტრანსკასპიური, საქართველოზე გამავალი შავ ზღვამდე დერეფნის მკვლელობა. პირდაპირ ვამბობ, ანაკლიის პორტის მკვლელობა არის ამ ქვეყნის მომავლის მკვლელობა. შანსი აქვს ამ ქვეყანას, რომ განახორციელოს დავით აღმაშენებლის ფორმულა, ნიკოფსიიდან დარუბანდამდე, ოღონდ გეოპოლიტიკურად და არა გეოგრაფიულად. დღეს შეგვიძლია, რომ ეს იყოს, ამას კლავს ბიძინა ივანიშვილი. მეორე – მისი პარაზიტირება უკრაინის ომზე. იმაში კი არ არის მთავარი პრობლემა, რომ დღეს ომის ეკონომიკა ააშენა საქართველომ. ხდება ხოლმე ეს ქვეყნების ისტორიაში, სხვადასხვა ქვეყანაში და მარტო საქართველო არ იქნებოდა, მაგრამ ქართველი ერი ხეირობს? გულწრფელად მაინტერესებს. ეს ხომ ბიძინა ივანიშვილის და მისი „სასტავის“ ჯიბეებში წასული ფულია. სამაგიეროდ, რა იქნება, იცით? უკრაინა მალე რომ ომს მოიგებს, ტრილიონები დაიხარჯება უკრაინის აღდგენაში ათწლეულის განმავლობაში, აი, საქართველოს არ მიასუნინებენ იმ ტრილიონებთან. ბიძინა ივანიშვილის ხალხმა დღეს რომ რაღაც ათობით მილიონი იშოვოს, მომავალი, უზარმაზარი აღმშენებლობითი პროცესების მიღმა აღმოვჩნდებით. იმ ფულს მარტო უკრაინელები კი ვერ აითვისებენ, მთელი ევროპა იქნება მშენებლობით და ფულის კეთებით დაკავებული, იმხელა მოცულობის სამუშაო იქნება. საქართველოს ეტყვიან, წადი და ბიძინა ივანიშვილს მოკითხე პასუხიო“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

