ორშაბათი, ნოემბერი 25, 2024

ნიკა გვარამია საზღვარგარეთ გაემგზავრა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია საზღვარგარეთ გაემგზავრა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გვარამიას ჟურნალისტებთან გამგზავრების მიზნებზე ვრცლად არ უსაუბრია. მან მედიის კითხვების საპასუხოდ მოკლე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ევროპარლამენტში მიემგზავრება.

ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ მიატოვა აქციის მონაწილეები და რატომ არ იმყოფება მათ გვერდით, გვარამიამ განაცხადა, რომ დემონსტრანტები არ მიუტოვებია და უფრო მნიშვნელოვან საქმეზე მიდის ევროპარლამენტში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტმა სამეცნიერო კონფერენციაზე „საქართველოს კურორტების განვითარების მომავალი“ საპრიზო ადგილი დაიკავა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტი ანა დოლიძე სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის „საქართველოს კურორტების განვითარების მომავალი“, გამარჯვებული გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. მისივე ცნობით, სტუდენტთა მეორე სამეცნიერო კონფერენცია, თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის, სასტუმროების ქსელის - „მარკო პოლო“ და ციფრული ტექნიკის მაღაზიათა ქსელის - „ზუმერი“ მხარდაჭერითა და კურორტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა და მასში მონაწილე სტუდენტთაგან, ჟიურიმ, საუკეთესო თეზისის ავტორი 18 სტუდენტი გამოავლინა. სტუ-ის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ხელმძღვანელის, პროფესორ ნოე ხოზრევანიძის თქმით, ჟიურიმ ანა დოლიძის მოხსენება - „მდგრადი განვითარების კონცეპტუალური მოდელი კურორტ ნუნისის მაგალითზე“, საუკეთესოთა შორის დაასახელა. „კონფერენციის ფორმატში განხილული იქნა სტუდენტური თეზისები საქართველოს კურორტების მოდერნიზების, ბალნეოლოგიური, კლიმატური, ველნეს და სპა კურორტების, მდგრადი განვითარების, ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების, ინოვაციური მიდგომების დანერგვის და სხვ მიმართულებით. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტმა ანა დოლიძემ მეორე ადგილი მოიპოვა, რომელსაც დაჯილდოების ცერემონიაზე კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა სერტიფიკატი გადასცა, სამთო სათხილამურო კურორტ გუდაურის „სასტუმრო ალპინას“ და ციფრული ტექნიკის მაღაზიათა ქსელის „ზუმერი“ წარმომადგენლებმა კი სასაჩუქრე ვაუჩერები გადასცეს. ვულოცავ ჩვენს სტუდენტს და მისი თემის სამეცნიერო ხელმძღვანელს, ფაკულტეტის დეკანის მოადგილეს, ასოცირებულ პროფესორ თამარ ქობლიანიძეს გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებ“, - განაცხადა ნოე ხოზრევანიძემ. ცნობისთვის, ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ჩატარდა და მას პროფესორ-მასწავლებლები, თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის უნივერსიტეტებიდან 100-ზე მეტი სტუდენტი და დაინტერესებული პირი ესწრებოდა.

შალვა პაპუაშვილი – არც თანამედროვე და არც ისტორიულ წარსულში უცხო ქვეყნის ჩარევა ჩვენთვის უცხო ხილი არ ყოფილა, ყველა ქვეყანა, მეზობელი თუ შორეული, თავისი ინტერესის...

არც თანამედროვე რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში და არც ისტორიულ წარსულში უცხო ქვეყნის ჩარევა ჩვენთვის უცხო ხილი არ ყოფილა. ყველა ქვეყანა, მეზობელი თუ შორეული, თავისი ინტერესის სასიკეთოდ მოქმედებს. რაც უფრო დიდია ქვეყანა, რაც მეტი რესურსი და შესაძლებლობა გააჩნია, მით უფრო ქმედითი და ძლიერია მისი გავლენა. თუმცა ისტორიულადაც და თანამედროვეობაშიც ყველაზე ეფექტურ ძალად შინაური მტერი გამოიყენება. ციხე შიგნიდან ტყდება. სწორედ ამიტომ, გავლენის მოსაპოვებლად უცხო ძალა სწორედ შიდა დასაყრდენს ეძებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, თანამედროვე სამყაროში გავლენის როგორც არეალი, ასევე ინსტრუმენტები მრავალფეროვანი და დახვეწილია. „თანამედროვე ცოდნის ტექნოლოგიები უზრუნველყოფენ, რომ სხვისი გავლენის მატარებელმა პირებმა ხანდახან თავადაც არ უწყიან, სინამდვილეში რას და ვის ემსახურებიან. ამაში თავის როლს თამაშობს ყალბად და სტერეოტიპების სახით ჩანერგილი ღირებულებები. ფეტიშად ქცეული და შინაარსისგან დაცლილი ფასეულობები ადამიანს დაუფიქრებელი და გაუაზრებელი მოქმედებებისკენ ისე უბიძგებს, რომ საკუთარ ცხვირზე შორს ვერაფერს ხედავს. ასეთ ადამიანებს უჭირთ სახელმწიფოს ინტერესის, მისი რაობის, პოლიტიკისა და შორს მიმავალი გეგმების დანახვა. გავლენის ამგვარ გამტარებლებთან ერთად არსებობენ უცხო ინტერესების სრულიად ნათლად და გააზრებულად მსახურნიც. მათი სამშობლო სხვაგანაა, მათი იდენტობა უცხო და სტერილურია. მათი ჭკუა მოკლეა და ბუნება კი – ვიწრო. ისინი გარე ძალებისთვის ყველაზე მყარი დასაყრდენი არიან. ზოგიერთი ქართველის მოკლე თვალსაწიერი, აზროვნების სიმწირე და ჭარბი ემოციურობა ის მდგენელებია, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში სწორი მიზნების რეალიზების გზაზე ძვირად რომ დაგვჯდომია. ბედისწერა იმგვარად დაგვყვა, რომ ქართველს თითოეული საფეხურის გავლაში ხშირად ძვირის გადახდა უწევს. სამწუხაროა, რომ ზოგიერთი ხშირად საკუთარ მაგალითზეც ვერ სწავლობს ჭკუას. არადა, სწორედ ჭკუა და გონიერებაა ის გამორჩეული ნიჭთაგანი, რასაც ჩვენი წინაპარი აფასებდა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი – მინდა, პირობა მოგცეთ, ისევე როგორც მე-10 მოწვევის პარლამენტში, ახლაც ჩემი ფიქრი და საქმე მიმართული იქნება ქართველი ხალხის ინტერესების ურყევად მსახურებისკენ

განსაკუთრებული მადლობა, მინდა, გადავუხადო „ქართული ოცნების“ გამოცდილ და მრავალ ბრძოლაგადახდილ გუნდს იმ ნდობისთვის, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ჩემს წარდგენაში გამოიხატა და პირობა მოგცეთ, ისევე როგორც მე-10 მოწვევის პარლამენტში, ახლაც ჩემი ფიქრი და საქმე მიმართული იქნება ქართველი ხალხის ინტერესების ურყევად მსახურებისკენ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით,  2024 წლის არჩევნები 2012 წელს მიღწეულ შედეგს არ ჩამოუვარდებოდა. „მე ვახსენე ბრძოლა და პირველ, რიგში, მსურს აღვნიშნო ის მართლაც უთანასწორო ბრძოლა, რომელშიც ჩვენ ამ არჩევნებზე შევედით და სახელოვნად გავიმარჯვეთ. თავისი სიმძაფრით, დრამატულობით თუ ამომრჩევლის აქტიურობით, 2024 წლის არჩევნები არ ჩამოუვარდებოდა 2012 წელს მიღწეულ შედეგს. გარკვეული ასპექტით კი ეს არჩევნები უფრო მნიშვნელოვანიც გამოდგა. დასრულებული პროცესის შემდეგ თანდათანობით ვაცნობიერებთ მოპოვებული გამარჯვების მნიშვნელობას. გამარჯვების, რომელმაც განამტკიცა და შეინარჩუნა განვლილი 12 წლის განმავლობაში მიღწეული ყველა შედეგი. ეს შედეგი წარმოადგენს იმ მყარ საძირკველს, რაზეც უნდა დაშენდეს ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ ზედიზედ მეოთხედ მივიღეთ ამომრჩევლის ნდობა, მადლობა ხალხს, რომელმაც თავი არ მოატყუებინა არავის, მხარი დაუჭირა გუნდს, ვისი მთავარი საზრუნავიც საქართველოა

„ქართულმა ოცნებამ“ ზედიზედ მეოთხედ მივიღეთ ამომრჩევლის ნდობა. მინდა, მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს, რომელმაც თავი არ მოატყუებინა არავის და მხარი დაუჭირა იმ გუნდს, ვისი მთავარი საზრუნავიც საქართველო და მისი თითოეული მოქალაქეა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, შალვა პაპუაშვილმა მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საპარლამენტო არჩევნებზე ქართველმა ხალხმა გამოხატა თავისი თავისუფალი, პირდაპირი და მტკიცე ნება, ვის ანდობდა მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ქვეყნის მართვის სადავეებს. „მოგესალმებით, ძვირფასო კოლეგებო, მოგესალმებით, ძვირფასო სტუმრებო, მივესალმები ჩვენს თანამოქალაქეებს ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, მივესალმები ჩვენს თანამოქალაქეებს აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში. გავიმეორებ იმ სიტყვებს, რომლებიც სამი წლის წინ პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევისას ვთქვი: ეს პარლამენტი სრულფასოვანი იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ დარბაზში, ჩვენთან ერთად, აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან არჩეული წარმომადგენლები ისხდებიან. ერთი თვის წინ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, ამ არჩევნებზე ქართველმა ხალხმა გამოხატა თავისი თავისუფალი, პირდაპირი და მტკიცე ნება, ვის ანდობდა მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ქვეყნის მართვის სადავეებს. ჩვენ, „ქართულმა ოცნებამ“, ზედიზედ მეოთხედ მივიღეთ ამომრჩევლის ნდობა და მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტში სრული უმრავლესობა მოვიპოვეთ. მინდა, მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს, რომელმაც მორიგ ჯერზე ბრძნულად განჭვრიტა ვითარება, თავი არ მოატყუებინა არავის და მხარი იმ გუნდს დაუჭირა, ვისი მთავარი საზრუნავიც საქართველო და მისი თითოეული მოქალაქეა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ევროპარლამენტის „მემარცხენეების“ ჯგუფმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაარეგისტრირა, რომელშიც მხარეებს 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების აღიარებისკენ მოუწოდებს

ევროპარლამენტში მემარცხენეების ჯგუფმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტი დაარეგისტრირა, რომლის ტექსტშიც ნათქვამია, რომ ყველა მხარემ 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები უნდა მიიღოს. „ვითვალისწინებთ 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს. მოვუწოდებთ ყველა მხარეს პატივი სცეს შედეგებს, იმუშაოს კონსტრუქციულად, დაიცვას კანონის უზენაესობა და საქართველოს საზოგადოებაში მზარდი პოლარიზაციის პრობლემა მოაგვაროს“, - ნათქვამია რეზოლუციის პროექტში. რეზოლუცია, რომლის სახელია „საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და შესაძლო გაყალბების გამო დემოკრატიული კრიზის გაღრმავების შესახებ“, აგრეთვე მოუწოდებს ევროკავშირს დაამყაროს საქართველოს მთავრობასთან მიზანზე ორიენტირებული დიალოგი. დოკუმენტის პროექტში აგრეთვე გათვალისწინებულია ეუთო/ოდირის წინასწარი დასკვნა არჩევნების შესახებ, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოში სამართლებრივი ბაზა ადეკვატურ საფუძველს ქმნის დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად. არჩევნებში 18 პარტია მონაწილეობდა. მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა თავისუფლად ეწარმოებინათ წინასაარჩევნო აგიტაცია, ხოლო თავად არჩევნები კარგად იყო ორგანიზებული. რეზოლუციის პროექტში აგრეთვე აღნიშნულია, რომ ეუთო/ოდირი მწუხარებას გამოთქვამს იმის გამო, რომ არჩევნები პოლარიზებულ გარემოში, უთანასწორო პირობებში ჩატარდა. არსებობდა ინფორმაცია ამომრჩევლებზე საარჩევნო უბნებზე ზეწოლის შესახებ, რის გამოც პოტენციურად, შესაძლოა, დარღვეული იყოს კენჭისყრის ფარულობა. ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ახალ მთავრობას გაითვალისწინოს ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. რეზოლუციის პროექტში გაკრიტიკებულია საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. „მემარცხენეების“ ჯგუფი აგრეთვე მიიჩნევს, რომ კანონი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საქართველოში კრძალავს სქესის შეცვლას, ბავშვების შვილად აყვანას იდენტური სქესის ადამიანების მიერ, რაც ხელისუფლებას, შესაძლოა, აძლევდეს პრაიდების აკრძალვის სამართლებრივ საფუძველს.

ბოლო სიახლეები