ოთხშაბათი, ოქტომბერი 8, 2025

ნიკა გვარამია – საზოგადოება რევოლუციური კომიტეტის წევრებისგან სიმართლეს იმსახურებს

რევოლუციის ლოგიკა ცინიკურია, ოლიმპიური სისტემასავითაა – წააგე-წადი (ციხეში), თუ გაიმარჯვებ, „გამარჯვებულებს არ ასამართლებენ“. სწორედ ამ თავგანწირვისთვის იმსახურებენ რევოლუციური კომიტეტის წევრები პატივისცემას, თანაგრძნობას, მხარდაჭერას, მაგრამ საზოგადოება ნამდვილად იმსახურებს მათგან სიმართლეს, – ამის შესახებ პარტია „ახალის“ ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

ნიკა გვარამია ასევე წერს, როგორ შეიძლება განვითარდეს პროტესტი უახლოეს კვირებში.

„არ ვაპირებ არც ჭკუის დარიგებას, არც უფლებას მივცემ ჩემს თავს, ინფორმაციული შიმშილის პირობებში კონსპირაციებს მივყო ხელი. დღეს კი მთავარი მინდოდა მეთქვა: პროტესტმა გაუძლო ერთ დღეში განხორციელებულ უმძიმეს ორმაგ დარტყმას და 24 საათიც არ დასჭირდა, რომ იმავე დროს, იმავე ადგილიდან ხმამაღლა ეთქვა, ჩვენ ისევ აქ ვართ! ჩვენ ვაგრძელებთ! ჩვენ გავიმარჯვებთ! ახლა ყველაზე ცუდი სიტყვები/განწყობები არის „ხომ ვამბობდი“, „ესენი ვინ ყოფილან“ და მსგავსები. ჩემს მეგობრებს და მათ, ვისთვისაც ჩემი პოზიცია საინტერესო და გასათვალისწინებელია, მინდა, შევახსენო: მორალურ უპირატესობას ნიშნისმოგება არ სჭირდება, პირიქით, დაგაკარგვინებთ. მართალი რომ იყავი, იმაზე უსასრულო ლაპარაკი, სიმართლეს აუფერულებს. მესმის, რომ ბოლო სამი თვე უმძიმესი გქონდათ. ყველაზე რთული მდგომარეობა იყო, რადგან ორივე მხრიდან დარტყმებს იღებდით. ეს ყველაფერი მესმის, მაგრამ აპლოდისმენტებისათვის და ნიშნის მოგებისათვის ხომ არ ვაკეთებდით ამას? ხომ საერთო საქმისთვის ვაკეთებდით? ხოდა ამ საქმეს ახლა ნიშნისმოგება კი არა, გადაფურცლა სჭირდება.

რევოლუციის ლოგიკა ცინიკურია: ოლიმპიური სისტემასავითაა – წააგე-წადი (ციხეში), თუ გაიმარჯვებ, „გამარჯვებულებს არ ასამართლებენ“. არ მგონია, ეს ვინმეს არ სცოდნოდა. ამიტომაცაა უმძიმესი ტვირთი მისი საკუთარ მხრებზე წამოკიდება და სწორედ ამ თავგანწირვისთვის იმსახურებენ რევოლუციური კომიტეტის წევრები პატივისცემას, თანაგრძნობას და მხარდაჭერას, ცხადია, მაგრამ საზოგადოება ნამდვილად იმსახურებს მათგან სიმართლეს.

ახლა რა მგონია „წინ ბევრი საქმე“. ბიძინას ყველაზე მეტად რა ტკივა, ეს კარგად ჩანს და არჩევნების დღეს მის მედიის წინაშე გამოჩენაშიც ცხადად იგრძნობოდა. ესაა სანქციები და ამ სანქციებამდე უმნიშვნელოვანესი გზა გავიარეთ ყველამ ერთად. სამი საყრდენი აქვს ამ წარმატებას და 4 ოქტომბრის ორმაგი დარტყმის ამოცანა სამივეს ჩამოშლა იყო.

პირველი, ოპოზიციის ართანამშრომლობა. ამ მხრივ უმთავრესი იყო და რჩება ოპოზიციის უარი საპარლამენტო მანდატებზე. ამაზე მნიშვნელოვანი არც ფორმით და არც შინაარსით, არაფერი გაგვიკეთებია პოლიტიკოსებს. სწორედ ამის პირდაპირი შედეგია რეჟიმის არალეგიტიმურობა, რაც, თავის მხრივ, მთავარი (მაგრამ არასაკმარისი) წინაპირობაა ქოცების საერთაშორისო იზოლაციის და სანქციების. ამის გადახედვა უბრალოდ დაუშვებელია. ლეგიტიმაციის მიმართულებით დარტყმა იყო არჩევნებში მეინსტრიმული პარტიების შეთრევა. საბედნიეროდ, მათი მონაწილეობით „თვითმმართველობის არჩევნების“ შედეგები ლეგიტიმური ვერ გახდა – ბევრგან 100%-იანი შედეგები, არც ერთი რეალური დამკვირვებელი, თბილისში ისტორიაში უმდაბლესი გამოცხადება – 1/3-ზე ნაკლები (და რომ არ შესულიყო ოპოზიცია, საერთოდ ¼ არ იქნებოდა). ყველაფერ ამან განაპირობა უკვე ამ არჩევნების არაღიარებაც და ამჯერად კალაძის სტატუსიც „ე.წ. მერია“. არცერთი საერთაშორისო მილოცვაც არ არსებობს, პირიქით – უკიდურესად ნეგატიური გამოხმაურებებია. ცდება ის, ვისაც ჰგონია, რომ ხელისუფლებას ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვებას არ ულოცავენ. მოკლედ ბოიკოტი შედგა, არჩევნები კი ვერა. ეს ყველაფერი არამც და არამც არ მიმაჩნია არჩევნებში მონაწილეთა მიმართ თავდასხმების საფუძვლად. პირიქით, კვლავ უნდა გამოვნახოთ ერთმანეთამდე მისასვლელი გზა. მეორეს მხრივ, პირიქით, არჩევნებში მონაწილეთა მხრიდან თავდასხმები უკიდურესად გასაკვირია. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენი კოალიციის მიერ გინდ მანდატებზე უარი, გინდ არჩევნებში არშესვლა ზევიდან-ქვევით ვერტიკალში არ გადაწყვეტილა. პირიქით, ამომრჩეველმა მოითხოვა ეს ჩვენგან და ჩვენც მათი მოთხოვნის ადეკვატურები ვიყავით.

მეორე – ოპოზიციის უცხოელებთან მუშაობა. აქამდე ეს უკიდურესად წარმატებულად მიდიოდა და, მჯერა, პირველ რიგში, ამიტომაა დაპატიმრებული პოლიტიკურ ლიდერთა დიდი ნაწილი, რაც ოპოზიციის ეფექტიანობას მნიშვნელოვნად ამცირებს.

მესამე და მთავარი – პროტესტი. პროტესტს დღეს პირველი და მეორე ფუნქციაც აქვს შეთავსებული: პარლამენტში ოპოზიციის შესვლის პრევენცია და სანქციებზე მუშაობა. ამიტომაც, ვფიქრობ, დიდი აქციებია საჭირო: ერთ შაბათს დიდი ბრიტანეთის და საქართველოს დროშებით, მოთხოვნით „დაასანქცირეთ ბიძინა“, მეორე შაბათს ევროკავშირის და საქართველოს დროშებით „დაასანქცირეთ რეჟიმი“, მესამე შაბათს ამერიკის და საქართველოს დროშებით, მოთხოვნით მიიღეთ MEGOBARI ACT. ეს კონკრეტულ მიზანსაც დასახავს, საერთაშორისო მედიის და პოლიტიკის რადარებზეც დააბრუნებს პროტესტს, დიდი ალბათობით, წარმატებასაც მიაღწევს და ასე საჭირო გამარჯვებების გამოცდილებას განაახლებს. მე ასე ვხედავ პროტესტის განვითარებას უახლოეს კვირებში, თუმცა ჩემი გადასაწყვეტი არ არის. ჩვენ არ გამოგვიცხადებია ბოლო ბრძოლა, ჩვენ გამოვაცხადეთ ბრძოლა ბოლომდე, გამარჯვებამდე! ყოველ დღე ბიძინა ივანიშვილის დამარცხებამდე ვიდგებით იქ, სადაც ვიდექით გასული 313 დღე. ბოლოს, კვლავ გილოცავთ გამარჯვებას უმძიმეს გამოწვევაზე და ჩემ თავსაც ვულოცავ თქვენნაირი გაუტეხელი პატრიოტების თანამებრძოლობის პატივს. ოლიგარქია უნდა დაემხოს! გაუმარჯოს საქართველოს!“, – წერს ნიკა გვარამია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შალვა პაპუაშვილი – „ლელომ“, გახარიამ აღიარეს არჩევნები, ამ არჩევნებს თუ აღიარებენ, შარშან რატომ არ აღიარეს, ახლა პრეტენზია აღარ აქვთ?

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ლელომ“ და გახარიას პარტიამ აღიარეს არჩევნები, იმ პირობებში, როდესაც შარშანდელ არჩევნებთან შედარებით, ნახევარი ხმა მიიღეს.პაპუაშვილის თქმით, რადიკალური ოპოზიციის მთავარი პრობლემაა, რომ დაკვეთით მუშაობენ.„ლელომ“, გახარიამ და ა.შ. აღიარეს არჩევნები. მოისმინეთ მათი მერობის კანდიდატების, თუ სხვა ლიდერების განცხადებები. მათ აღიარეს არჩევნები იმ პირობებში, როდესაც მიიღეს ნახევარი ხმა იმასთან შედარებით, რაც შარშან მიიღეს, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო იმავე რაოდენობის ხმა, რაც მიიღო შარშან. მილიონ ასი ათასზე მეტი. გავიხსენოთ, რას ამბობდნენ შარშან. ხომ გახსოვთ 300 000 ფოკუსად გაჩენილი ხმა, ახლა იმ 300 000 ხმის მიმართ პრეტენზია აღარ აქვთ? საკუთარი ხმა რომ გაუნახევრდათ და სამჯერ ნაკლები გაუხდა გახარიას და ნახევარი „ლელოს“, ამაზე პრეტენზია აღარ აქვთ? არაფერზე ხომ პრეტენზია აღარ აქვთ. რით განსხვავდებოდა ეს არჩევნები შარშანდელი არჩევნებისგან? ამ არჩევნებს თუ აღიარებენ, შარშან რატომ არ აღიარეს მაშინ. სინამდვილეში, ეს არის რადიკალური ოპოზიციის მთავარი პრობლემა, რომ დაკვეთით მუშაობენ. ეტყვიან, ასე გააკეთე, ასე გააკეთებენ, სხვა რამეს ეტყვიან, სხვანაირად გააკეთებენ. ამიტომ ირცხვენენ თავს, ამიტომაც სამჯერ ნაკლები ხმა აიღეს ამ არჩევნებზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“.

პროფესორი მარინე ჩიტაშვილი: 4 ოქტომბერი რომ განვითარებულიყო უფრო დრამატულად, ყოფილიყო მსხვერპლი, სისხლი, გასროლა, მაშინ შეგვეძლო გვეთქვა, რომ ეს იქნებოდა გადამწყვეტი მნიშვნელობის, ეს 4 ოქტომბერი...

პროფესორმა, მარინე ჩიტაშვილმა გადაცემაში "ახალი ფორმულა" 4 ოქტომბრის მოვლენები შეაფასა.მარინე ჩიტაშვილი 4 ოქტომბერს აფასებს, როგორც „არარაციონალურად დაგეგმილი“ და აცხადებს, რომ ეს დღე იმ შემთხვევაში შედგებოდა, თუ მოვლენები განვითარდებოდა უფრო დრამატულად იქნებოდა სისხლი, მსხვერპლი და გასროლა."მე მგონია, რომ ახალი ეტაპი არ დაწყებულა. იმიტომ რომ 4 ოქტომბერი რომ განვითარებულიყო უფრო დრამატულად, ყოფილიყო მსხვერპლი, ყოფილიყო სისხლი, ყოფილიყო გასროლა, მაშინ შეგვეძლო გვეთქვა იმის შესახებ, რომ ეს 4 ოქტომბერი იქნებოდა გადამწყვეტი მნიშვნელობის, ეს 4 ოქტომბერი იყო უბრალოდ, ეს ჩემი პირადი მოსაზრება გახლავთ, არარაციონალურად დაგეგმილი. იმიტომ რომ, ასეთ შემთხვევაში მთელი ეს პროტესტი, რომელიც გამოვიდა გარეთ გულისხმობდა იმას, რომ ჩვენ არჩევნებში არ მიგვიღია მონაწილეობა, იმიტომ რომ რეალური არჩევანი არ გვქონია. ჩვენ ვითხოვთ იმას, რასაც ვითხოვდით 2024 წლის 28 ნოემბრიდან, ქვეყანა ჩადგეს ისევ ჩვენი კონსტიტუციის ფარგლებში“,- განაცხადა მარინე ჩიტაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი – პროექტი, რომელიც ხელისუფლების დამხობას გულისხმობს, არის დასრულებული, ახლა ყველას უნდა ეყოს სითამამე, რომ მიიღონ სასჯელი

პროექტი, რომელიც გულისხმობს ხელისუფლების დამხობას, არის დასრულებული, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.„რაც მთავარია, ახლა ყველამ უნდა მიიღოს ამის შედეგები. იმის სითამამე თუკი ჰქონდათ, რომ წასულიყვნენ სახელმწიფოს და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ახლა იმის სითამამეც უნდა ეყოთ, რომ მიიღონ სასჯელი, რომელიც ქვეყნის წინააღმდეგ წამსვლელებს შემდეგ მოსდევს. ასე რომ, ამ სასჯელისთვისაც უნდა იყვნენ მზად“, – განაცხადა პაპუაშვილმა.მისი თქმით, საზოგადოება უსმენდა ორგანიზატორებს, რომლებიც დადგნენ რამდენიმე ათასი ადამიანის წინაშე, მათ პირდაპირ მოუწოდეს საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის აღებისკენ და გასაღების ჩაბარებისკენ, დღეს კი ამ ზრდასრული ადამიანების მხრიდან ნიანგის ცრემლებს ვხედავდით.„ამბობდნენ, რა იცოდნენ, რომ ასე მოხდებოდა და სხვა რამ მოხდებოდა. ასეთია აგენტის ბედი, მისცემენ დავალებას, გაათამამებენ, აფიქრებინებენ, რომ ყველაფერი წავა პრობლემების გარეშე, შემდეგ ჩავარდება, ამ აგენტსაც ჩასვამენ ციხეში, როგორც მიხეილ სააკაშვილის ზის და კაცის შვილი მაგის გამომშვები ვერ არის გარედან, ხედავს თვითონაც, ასე ჩატოვებენ ციხეში და იქნება საკუთარი სასჯელის მოსახდელად“, – განაცხადა პაპუაშვილმა.გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, სად გაქრნენ 4 ოქტომბრის მოვლენების შემდეგ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რადგან თავდაპირველად კეთდებოდა განცხადებები, რომ მშვიდობიან დამხობას უერთდებოდა ფაქტობრივად, ყველა პოლიტიკოსი, მათ შორის, „ლელოდან“, მაგრამ შემდეგ პროცესები როგორც განვითარდა, აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ხუთი ადამიანი დარჩა სცენაზე, დანარჩენები კი არ ჩანდნენ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ გემი როცა იძირება, ვირთხები გარბიან.„საით გარბიან ხოლმე ვირთხები, როცა გემი იძირება? აი, ასე ვირთხებივით გაიქცა ყველა. ასე ვირთხებივით გაიქცნენ თავის დროზე, როდესაც საქართველოში 2008 წელს ომი იყო, გარბოდნენ საზღვრისკენ მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები და ასე ვირთხებივით გარბიან ყოველი ჯერზე. ჩვენ ვნახეთ, სხვა დროს რომ ყოყლოჩინობენ პოლიტიკოსები, დღეს თავის მართლება უწევთ, სად იყვნენ, რუსთაველზე რატომ არ იყვნენ, ერთს რომ აკავებდნენ, მეორე სად იყო და ასე შემდეგ. ყველა ვირთხები ვიცი იყო გაფანტული, ზოგის სახლიდან აიყვანეს შემდეგ და ზოგი საავადმყოფოდან გულყრებით. ასე რომ, ეს არის ბუნება მოღალატის და ასე იქნება ყოველთვის. არ უნდა დაგვავიწყდეს მათი ვითომ ნათამაშები მიამიტობა, თითქოს რაღაც მშვიდობიან დამხობას აწყობდნენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, უნდა მომხდარიყო ის, რაც დაანონსებული იყო და ის, რაც დღეს მათ ერთ-ერთ პროპაგანდის გაეპარა.„უნდა მომხდარიყო სისხლისღვრა, იარაღის გასროლა და მსხვერპლი. აი, ეს უნდა მომხდარიყო, შემდეგ ქაოსი და 90-იანი წლები; შემდეგ გვექნებოდა, რა თქმა უნდა, ბრიუსელიდან და სხვადასხვა მხრიდან შეშფოთებები, მწუხარებები, ჰუმანიტარული დახმარებები და ნიანგის ცრემლებს ვნახავდით. შეგახსენებთ, იმავე ღამეს, შტურმი რომ მიდიოდა პრეზიდენტის რეზიდენციაზე, მოლდოვის პრეზიდენტმა განცხადება გააკეთა და ქართველ ხალხს, ანუ ამაში გულისხმობს ექსტრემისტებს, ექსტრემისტებს დაუჭირა მხარი. მეორე დღეს მოლდოვას საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰქონდა უფრო რბილი განცხადება. მიხვდნენ, რომ ნამეტანი შეტოპეს ძალადობის მხარდაჭერაში და შემდეგ შეეცადნენ უკან დახევას, მაგრამ სიტყვები არსად არ იკარგება და მანუსკრიპტები არ იწვის. ასე რომ, მისი განცხადება დარჩა, როგორც მოძალადეების მხარდამჭერი განცხადება, რომელიც ჰქონდა მოლდოვას პრეზიდენტს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.მისივე თქმით, მათ შორის ვნახეთ ნაცნობი სახეები.„ჟიგიმანტას პავილიონისი რამდენი ხანია, აღარ გაგვიგია და აგერ გამოძვრა, რასა იუკნევიჩიანე ყველა, ვინც კი ოდესმე ქართველი ხალხის მტრობაშია შემჩნეული, ერთბაშად გამოჩნდა იდენტური განცხადებებით. რა თქმა უნდა, არის იმის აღქმა, რომ ეს იყო წინასწარ მომზადებული ტექსტები და წინასწარ მომზადებული სპიკერები, რომ აქ უნდა ამტყდარიყო დავიდარაბა, სისხლი, მსხვერპლი და გასროლა და შემდეგ იქიდან მხარდაჭერა, რომ მხარს უჭერენ პროტესტს, ხალხს, მშვიდობა, დიალოგი და ასე შემდეგ. შეხედეთ, ვისგან იყო 4 ოქტომბერს განცხადებები და ეს ადამიანები არიან ქართველი ხალხის მტრები. დავიმახსოვროთ ჟიგიმანტას პავილიონისები და მსგავსი ადამიანები. გაგანია შტურმი მიდიოდა პრეზიდენტის რეზიდენციაზე და ქალბატონი სანდუ თავის „ტვიტერზე“ წერდა, თითქოს თავისი საქმე გამოლევიათ მოლდოვაში. პოსტსაბჭოთა, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის პრეზიდენტმა უნდა გვასწავლოს ჩვენ ჭკუა? რა გვესწავლება საერთოდ მისგან?“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი – 4 ოქტომბერს გაიმარჯვეს არა ექსტრემისტებმა, რომლებიც შეიკრიბნენ და დაიშალნენ, არამედ გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა, რომელმაც თავისი სათქმელი თქვა საარჩევნო უბნებზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 4 ოქტომბერს მთავარი საკითხი იყო, რომ გაიმარჯვა დემოკრატიამ და გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა, რომელმაც თავისი სათქმელი თქვა საარჩევნო უბნებზე.როგორც პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა“ განაცხადა, 4 ოქტომბერს გაიმარჯვა „არა იმ ექსტრემისტებმა, რომლებიც შეიკრიბნენ და დაიშალნენ, ნაწილი ციხეში აღმოჩნდა, არამედ ქართველმა ხალხმა, რომელმაც საკუთარი სახელისუფლებო მანდატი გადასცა 64 მუნიციპალიტეტის მერს და საკრებულოებს“.„მინდა, მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს, არა იმ ექსტრემისტებს, რომლებსაც ასე გულში იხუტებენ უცხოელები, არამედ ქართველ  ხალხს, რომელმაც 4 ოქტომბერს საკუთარი არჩევანი გააკეთა. „ქართულმა ოცნებამ“ ამ შემთხვევაშიც გარკვეული რეკორდები მოხსნა, მათ შორის თვითმმართველობის არჩევნებს თუ შევხედავთ, მივიღეთ ყველაზე მაღალი მხარდაჭერა, როგორც საქართველოს მასშტაბით, ისე თბილისის მასშტაბით.  ჩვენ რეალურად საქართველოს მასშტაბით გავიმეორეთ საპარლამენტო არჩევნების შედეგები, 2024 წლის და 2021-ის. მილიონ ასიათასზე მეტმა ადამიანმა მისცა ხმა „ქართულ ოცნებას“. გახსოვთ, 2024 წელს მილიონ 120 000 იყო და დაახლოებით ამდენი, მილიონ 160 000 იყო 2012 წელს. ანუ, ქართველი ხალხი 4 ოქტომბერს გამოვიდა დეზინფორმაციის, ტერორის, გარედან ზეწოლის ფონზე და კიდევ ერთხელ, ერთი წლის თავზე 2024 წლის არჩევნებიდან, თავისი მანდატი გადასცა „ქართულ ოცნებას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.შალვა პაპუაშვილის განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ ამ ჯერზე რადიკალურმა ოპოზიციამ აღიარა არჩევნები.„ლელომ“, გახარიამ და ა.შ. აღიარეს არჩევნები. მოისმინეთ მათი მერობის კანდიდატების, თუ სხვა ლიდერების განცხადებები. მათ აღიარეს არჩევნები იმ პირობებში, როდესაც მიიღეს ნახევარი ხმა იმასთან შედარებით, რაც შარშან მიიღეს, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო იმავე რაოდენობის ხმა, რაც მიიღო შარშან. მილიონ ასი ათასზე მეტი. გავიხსენოთ, რას ამბობდნენ შარშან. ხომ გახსოვთ 300 000 ფოკუსად გაჩენილი ხმა, ახლა იმ 300 000 ხმის მიმართ პრეტენზია აღარ აქვთ? საკუთარი ხმა რომ გაუნახევრდათ და სამჯერ ნაკლები გაუხდა გახარიას და ნახევარი „ლელოს“, ამაზე პრეტენზია აღარ აქვთ? არაფერზე ხომ პრეტენზია აღარ აქვთ. რით განსხვავდებოდა ეს არჩევნები შარშანდელი არჩევნებისგან? თუ ამ არჩევნებს აღიარებენ, შარშან რატომ არ აღიარეს მაშინ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ეუთო/ოდირ-ი – მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრების და გამოხატვის თავისუფლების უფლებებს

ქვეყანაში დემოკრატიული და ადამიანის უფლებების გარემოს სწრაფი გაუარესების ფონზე, ოდირ-ი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრების და გამოხატვის თავისუფლების უფლებებს, უზრუნველყოს, რომ სამოქალაქო საზოგადოებას შეეძლოს თავისი მნიშვნელოვანი საქმიანობის თავისუფლად და უსაფრთხოდ განხორციელება, – ამის შესახებ აღნიშნულია ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.განცხადების მიხედვით, ეუთო-ს ადამიანის უფლებათა ოფისი შეშფოთებას გამოთქვამს, საქართველოს ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების შემდგომ ძალადობრივი აქციების გამო.„საქართველოში გრძელდება მშვიდობიანი მომიტინგეების დაკავება და ჯარიმების დაწესება მათი უფლებების გამოყენებისთვის. ხელისუფლებას აკისრია ვალდებულება, შეასრულოს ეუთო-ს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ვალდებულებები და საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის მშვიდობიანი შეკრების უფლების პატივისცემა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს, რომ სამოქალაქო საზოგადოება და ადამიანის უფლებათა დამცველები არ იყვნენ სამიზნე და მოისმინონ მათი ხმა, რადგან მათი საქმიანობა გადამწყვეტია ცოცხალი დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის“, – აღნიშნავს ოდირ-ის დირექტორი მარია თელალიანი.როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი კიდევ ერთხელ გამოხატავს მწუხარებას, იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ ადგილობრივი არჩევნების დამკვირვებლად მიწვევა გაიგზავნა არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები დროით ადრე, რამაც არასაკმარისი დრო დატოვა სანდო და მნიშვნელოვანი დაკვირვებისთვის ოდირ-ის დამკვიდრებული მეთოდოლოგიის შესაბამისად.„ამან ქვეყნის მოქალაქეები და ინსტიტუტები მიუკერძოებელი, გამჭვირვალე და ყოვლისმომცველი შეფასების გარეშე დატოვა. ეუთო-ს ყველა წევრმა სახელმწიფომ აღიარა სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობა დემოკრატიისთვის და აიღო ვალდებულება,  უზრუნველყოს სივრცე, რომელიც აუცილებელია მნიშვნელოვანი და თანაბარი პოლიტიკური მონაწილეობისთვის. თავისი მანდატის შესაბამისად, ოდირ-ი მზად არის, ჩაერთოს საქართველოსთან და დაუჭიროს მხარი ქვეყანას ეუთოს ვალდებულებების შესრულებაში კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების, მათ შორის მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლების მიმართ“, – აღნიშნულია განცხადებაში.ამასთან, ეუთო-ს ადამიანის უფლებათა ოფისის განცხადებაში აღნიშნულია, რომ „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობის შემზღუდავი ბოლოდროინდელი კანონმდებლობა აგრძელებს მათი გაერთიანების, მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებების ხელშეშლას“.„როგორც ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა გასულ წელს იურიდიულ მიმოხილვაში აღნიშნა, ე.წ. უცხოური აგენტების კანონი სერიოზულ შეშფოთებებს იწვევს და უნდა გაუქმდეს. საქართველომ აიღო ვალდებულება პატივი სცეს და დაიცვას შეკრების თავისუფლების უფლება თავისი საერთაშორისო და ეუთო-ს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ვალდებულებების შესაბამისად. ბოლო თვეებში მშვიდობიანი მომიტინგეების, ადამიანის უფლებათა დამცველებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავება, აქციებზე მშვიდობიანი მონაწილეობისთვის დიდი ოდენობის ჯარიმების დაკისრებასთან ერთად, ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებს. როგორც ზოგადი წესი, სამართალდამცავმა ორგანოებმა თავი უნდა აარიდონ ძალის გამოყენებას საჯარო შეკრებების დროს და ხელი შეუწყონ მათ დიალოგისა და კომუნიკაციის მეშვეობით. ყველა შემთხვევაში, თუ ძალა გამოიყენება, ეს ყოველთვის უნდა მოხდეს კანონის შესაბამისად, იყოს აუცილებელი და პროპორციული სიტუაციის მოთხოვნებთან მიმართებით“, – ნათქვამია განცხადებაში.

ბოლო სიახლეები