საქართველოში სამუშაო ვიზიტით ნატო-ს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრის (JFTC) მეთაური, გენერალ-მაიორი ბოგდან რიცერსკი იმყოფებოდა.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში გენერალი თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეს, გენერალ-მაიორ ირაკლი ჭიჭინაძეს შეხვდა.
„მხარეებმა საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობებსა და თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს.
ნატო-ს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრის მეთაურს ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივმა ცენტრმა (JTEC) უმასპინძლა. კრწანისში ვიზიტისას გენერალ-მაიორ ბოგდან რიცერსკის JTEC-ის მეთაურმა, პოლკოვნიკმა დავით გაგუამ საინფორმაციო ბრიფინგი წარუდგინა და ცენტრის ისტორია, მიზნები, ამოცანები, განხორციელებული პროექტები და გეგმები გააცნო. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საწვრთნელ ცენტრებს შორის არსებულ მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობასა და JTEC-ის განვითარების პროცესში JFTC-ის მიერ გაწეულ მნიშვნელოვან მხარდაჭერას.
საინფორმაციო ბრიფინგის დასრულების შემდეგ, ნატოს მრჩეველთა ჯგუფის უფროსის, ვიცე-პოლკოვნიკ პერ ივარ პედერსენის და მთავარი სერჟანტის, იაკობ იენსენის გაცილების ცერემონიაც გაიმართა.
თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ირაკლი ჭიჭინაძემ, ასევე JTEC-ისა და JFTC-ის მეთაურებმა ნატო-ს მრჩეველთა ჯგუფის წარმომადგენლებს საქართველოსა და ნატო-ს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
ვიზიტის ფარგლებში ნატო-ს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრის (JFTC) მეთაური JTEC-ის შემადგენლობაში არსებული საბრძოლო მომზადების ცენტრშიც (CTC) იმყოფებოდა“, – ნათქვამია თავდაცვის უწყების ინფორმაციაში.

