ნატო ისტორიაში ყველაზე ძლიერი ალიანსია, რომელიც მილიარდი ადამიანის თავისუფლებას, ჩვენი ტერიტორიის მთლიანობასა და ჩვენი ღირებულებების დაცვას უზრუნველყოფს. ამის შესახებ ნატოს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებაშია ნათქვამი.
„ნატო თავდაცვითი ალიანსია და არც ერთ ქვეყანას არ ემუქრება. უფრო საშიში და არაპროგნოზირებადი უსაფრთხოების გარემოს საპასუხოდ, ჩვენ მნიშვნელოვნად ვაძლიერებთ ნატოს შეკავებისა და თავდაცვისუნარიანობის შესაძლებლობებს, რასაც საფუძვლად უდევს შვიდი წლის განმავლობაში თავდაცვის ხარჯების ზრდა, უფრო ქმედითი და მომზადებული ძალები და პარტნიორებთან უფრო ღრმა ურთიერთობები“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ნატოს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები აღნიშნავენ, რომ ალიანსი ადაპტირებას განაგრძობს.
„ჩვენ მზარდი საფრთხეებისა და სისტემური კონკურენციის წინაშე ვდგავართ. რუსეთის აგრესიული ქმედებები ევროატლანტიკური უსაფრთხოებისათვის საფრთხეს წარმოადგენს. ტერორიზმი ყველანაირი ფორმითა და გამოვლინებით ყველას გვემუქრება. აგრესიული და ავტორიტარული ხელისუფლებები და არასახელმწიფო აქტორები წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს ეწინააღმდეგებიან“, – ნათქვამია განცხადებაში.
ბრიუსელში დღეს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი იწყება, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების ახალი სახელმწიფო მდივანი პირველად დაესწრება.