კონფლიქტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ბოლო საუკუნის ყველაზე სასტიკი გვალვა ნამიბიაში და ჩრდილოეთ კორეის უკიდურესი თვითიზოლაცია: იანვრის ბოლოს, არასამთავრობო ორგანიზაცია Care-მ 2025 წლის განმავლობაში ათი ყველაზე „დავიწყებული ჰუმანიტარული კრიზისის“ შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. მასში დახასიათებულია კრიზისში ჩაძირული ქვეყნები, რომლებიც საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან არასაკმარისად ფინანსდება და რომელთა შესახებ ინფორმაცია მედია-გამოცემების სათაურებში თითქმის ვერ ხვდება.
„მედიის მიერ ყველაზე ნაკლებად გაშუქებული“ ათი კრიზისის დასადგენად, არასამთავრობო ორგანიზაციამ შეაგროვა სტატიები, რომლებიც 2025 წლის იანვრიდან სექტემბრამდე პერიოდში, მსოფლიოს თითქმის 350 000 ონლაინ მედიაში, ხუთ ენაზე გამოქვეყნდა.
შედეგი ასეთია: მხოლოდ 1 500 სტატია მიეძღვნა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას, რომელიც ამ საუკუნის ათიან წლებში სამოქალაქო ომმა გაანადგურა და სადაც დაახლოებით 2.4 მილიონი ადამიანი კვლავ „საგანგებო ჰუმანიტარულ სიტუაციაში“ იმყოფება. ორგანიზაცია Care-ს ცნობით, ეს შემაშფოთებელი ამბავი 63-ჯერ უფრო ნაკლებად გაშუქდა იმ ქორწილთან შედარებით, რომელიც „ამაზონის“ დამფუძნებელმა, ჯეფ ბეზოსმა 2025 წლის ივნისიში ვენეციაში გადაიხადა – ამ უკანასკნელ ამბავს სოცმედიაში თითქმის 97 000 პოსტი მიეძღვნა.
Care-ის სპიკერმა, ადეა გიიომ, შვეიცარიის საზოგადოებრივი მაუწყებლის (RTS) ერთ-ერთ გადაცემაში გამოსვლისას, აღნიშნა, რომ 2025 წელს მწვავე კრიზისების იგნორირება კიდევ უფრო თვალშისაცემი გახდა. „ათი კრიზისი, რომლებიც ჩვენ ანგარიშში გამოვყავით, 2025 წელს მედიაში მხოლოდ 40 000-ჯერ ახსენეს, მაშინ როცა 2024 წლის ანალოგიურ ანგარიშის თანახმად, ათი იმდროინდელი კრიზისი მედიაში 80 000-ჯერ დაფიქსირდა“.
პოლიტიკა სხვა მხარეს იყურება
ადეა გიიო ინტერესის ნაკლებობას რამდენიმე ფაქტორით ხსნის. ის, უპირველეს ყოვლისა, ერთგვარ ინფორმაციულ დაღლილობაზე ამახვილებს ყურადღებას: „ხშირად ეს არის კრიზისები, რომლებიც დიდხანს გრძელდება. ზოგიერთი მათგანი უკვე 20 ან 30 წელია მიმდინარეობს“. ამას ემატება სიტუაციების სირთულე. ეს არ არის „მანიქეური“ კრიზისები, სადაც ცალსახად ჩანს ერთ მხარეს სიკეთე და მეორე მხარეს – ბოროტება, როგორც ეს სხვა კონფლიქტებშია. ამ შემთხვევაში, მრავალფაქტორიან კრიზისებთან გვაქვს საქმე. ასეთი ქვეყნების უმეტესობაში ხანგრძლივ კონფლიქტს, ხშირად, კლიმატის ცვლილების შედეგებიც ემატება.
მედიის მხრიდან ყურადღების ნაკლებობა პოლიტიკური ნების არარსებობაზეც მიუთითებს. Care-ს მიერ დასახელებული ათი კრიზისიდან რვა აფრიკაშია, რაც შემთხვევითი არ არის. „აშკარაა ინტერესის ნაკლებობა ლიდერების, განსაკუთრებით ევროპელების მხრიდან. აფრიკული კონფლიქტები ევროპულ დღის წესრიგში არ დგას და ხშირად აღიქმება, როგორც შორეული კონფლიქტები“, – ამბობს გიიო.
გარდა ამისა, ზოგიერთ ქვეყანაზე, მაგალითად, ჩრდილოეთ კორეაზე, ჟურნალისტებს, უბრალოდ, არ აქვთ წვდომა, რაც პირდაპირ აისახება გაშუქებაზე. თავად ორგანიზაციასაც აქვს შეზღუდვები: „ათი კრიზისული ქვეყნიდან ოთხში ჩვენც კი ვერ შევდივართ“, – აცხადებს Care-ს სპიკერი.
ეს 43 მილიონამდე ადამიანს ეხება
ის ფაქტი, რომ ეს კრიზისები ჭიანურდება, მათ ნაკლებ სიმწვავეზე ნამდვილად არ მიუთითებს: „მხოლოდ ამ ანგარიშში გაანალიზებული ათი სიტუაცია 43 მილიონ ადამიანს ეხება, რომლებიც მწვავე, „საგანგებო ჰუმანიტარულ სიტუაციაში“ იმყოფებიან. ამ ციფრების მიღმა, რომლებიც შეიძლება არაფრისმთქმელადაც კი მოგეჩვენოთ, დგანან ქალები, ბავშვები და მთელი ოჯახები, რომლებსაც გადარჩენისთვის აუცილებელი ელემენტარული საჭიროებებიც კი არ გააჩნიათ“.
სუსტი მედიაგაშუქება პირდაპირ გავლენას ახდენს საერთაშორისო დახმარებაზე. „მწვავე სტატიების გარეშე საზოგადოებრივი წნეხი არ არსებობს, საზოგადოებრივი წნეხის გარეშე პოლიტიკური გადაწყვეტილებები არ მიიღება, პოლიტიკური გადაწყვეტილებების გარეშე კი ჰუმანიტარული დაფინანსება არ გამოიყოფა“, – წერს Care თავის ანგარიშში. მასში მაგალითისთვის მოყვანილია ზიმბაბვე და მალავი, სადაც გაერო-ს ჰუმანიტარული გეგმების მხოლოდ 14 პროცენტია დაფინანსებული.
ამბის სხვანაირად მოყოლა
ადეა გიიო ყურადღებას სამოქალაქო სოლიდარობის მნიშვნელობაზეც ამახვილებს. „როდესაც კრიზისი ხილვადი ხდება, როდესაც მედია მასზე საუბრობს – რადიოში, დილის გადაცემებში, სოციალურ ქსელებსა თუ პრესაში – ასეთ დროს, 24 საათის განმავლობაში ვიღებ ათობით ელექტრონულ წერილს შეკითხვით, თუ როგორ შეუძლიათ დახმარება. სიკეთე ნამდვილად არსებობს: ადამიანებს ერთმანეთის დახმარება სურთ“.
საზოგადოების ჩართულობის გასაზრდელად და ინფორმაციული დაღლილობის დასაძლევად, სპიკერი ფოკუსის შეცვლის მომხრეა. „ჩვენ უნდა მოვყვეთ ისტორიები იმ კრეატიულობისა და გამძლეობის შესახებ, რომლითაც ეს მოსახლეობა კრიზისს უძალიანდება“ – ამბობს ის. „არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიამ ერთად უნდა იფიქრონ ამ რეალობის გადმოცემის ახალ გზებზე, სადაც აქცენტი შესაძლო გადაწყვეტილებებზე გაკეთდება. ეს ამბავს ნაკლებად დამთრგუნველს და უფრო შთამაგონებელს გახდის“, – დაასკვნის გიიო.
წყარო:https://www.swissinfo

