ბრაზილიაში აღმოაჩინეს სამი და, რომლებიც მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმულებად მიიჩნევიან. მათ შესახებ ცნობილი გახდა ორგანიზაცია LongeviQuest-ის წყალობით, რომელიც ასაკოვან ადამიანებს იკვლევს.
რეკორდსმენებს შორის არიან 108 წლის ლევიტ დე დეუს ნუნესი, 104 წლის ზორაიდა დე დეუს მოტა და 103 წლის ზულინა დე დეუს ნუნესი. ქალები ბრაზილიის სოფლის რეგიონში დაიბადნენ და გაიზარდნენ ოჯახში, სადაც რვა ბავშვი იყო.
ლევიტი ყოველთვის ოჯახის საყრდენი იყო: ის ზრუნავდა უმცროს და-ძმებზე, მოგვიანებით კი — დისშვილებსა და ძმისშვილებზე. ქალი 15 წლის განმავლობაში ტელეარხზე მუშაობდა, სადაც მასობრივ სცენებში მონაწილეობდა. ახლა ის საწოლს არის მიჯაჭვული, ლევიტის საყვარელი საქმიანობა კითხვაა.
ზორაიდამ მასწავლებლის პროფესია მიიღო, შემდეგ კი ექთნების სკოლა დაამთავრა. მედიცინაში კარიერის შექმნის შემდეგ, ის გათხოვდა და ხუთი შვილი გააჩინა.
ზულინა ექვსი შვილის დედა გახდა და განქორწინების შემდეგ მათ თავად არჩენდა. ქუჩაში ნაქარგების გაყიდვით მან შეძლო თითოეული შვილის განათლების დაფინანსება. 103 წლის ასაკშიც კი ის კვლავ უძღვება საოჯახო საქმეებს და თავისი დიდი ოჯახისთვის საჭმელს ამზადებს.
მკვლევრების თქმით, დები მხოლოდ ასაკით კი არა, ერთმანეთისადმი ერთგულებითაც გამოირჩევიან. მათ უამრავი სირთულე გადაიტანეს, თუმცა ოჯახური ერთიანობა შეინარჩუნეს.

