ოთხშაბათი, მარტი 19, 2025

მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმულ ქალზე ჩატარებული კვლევა გვიჩვენებს, როგორ გადავაბიჯოთ 100 წელს

2024 წლის აგვისტოში კატალონიელი მარია ბრანიასი 117 წლის და 168 დღის ასაკში გარდაიცვალა; იმ დროს ის ოფიციალურად იყო მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ადამიანი.

იმის დასადგენად, თუ როგორ იცოცხლა მარიამ ამდენ ხანს, ესპანეთის ხოსეპ კარერასის ლეიკემიის კვლევითი ინსტიტუტის ჯგუფმა ყოვლისმომცველი ანალიზები ჩაუტარა ყველაფერს, დაწყებული მისი გენებიდან და ცილებიდან, მიკრობიომითა და მეტაბოლიზმით დამთავრებული.

ანგარიში, რომელიც ჯერ რეცენზირებული არ არის, უიშვიათეს ცნობებს გვთავაზობს იმ უჯრედული აპარატის შესახებ, რაც შეიძლება ზოგიერთ ადამიანს მეორე ასწლეულში გადაბიჯების საშუალებას აძლევდეს.

მარია სუპერმხცოვანი იყო — ადამიანი, რომელმაც 110 ან მეტი წელი იცოცხლა, რაც საკმაოდ დიდი მიღწევაა. საუკუნეს მიღწეული ყოველი 10 ადამიანიდან მხოლოდ ერთი ახერხებს კიდევ ერთი ათწლეულის ცხოვრებას.

სხვადასხვა ანალიტიკური მეთოდისა და ინტერვიუს გამოყენებით, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ მარია ბევრ რეკომენდაციას აკმაყოფილებდა, როცა საქმე ეხება დღეგრძელობას და ჯანმრთელად დაბერებას.

მას მენტალურად, სოციალურად და ფიზიკურად აქტიური ცხოვრების სტილი ჰქონდა; მაგალითად, დროს ხარისხიანად ატარებდა ოჯახთან და მეგობრებთან — ცნობილია, რომ ყველა ეს ფაქტორი დემენციის რისკს ამცირებს. ამას გარდა, მარია კარგად იკვებებოდა, ძირითადად ხმელთაშუაზღვიური სტილის რაციონით, რომელიც ასევე დაკავშირებულია დიდხანს სიცოცხლესთან.

ერთი რამ, რაც მკვლევრებმა შენიშნეს, იყო მარიას სიყვარული იოგურტისადმი. მკვლევართა აზრით, სუპერმხცოვანის საკვების არჩევანმა ნაწლავის ჯანსაღი ბაქტერიები წაახალისა — მართლაც, მის ნაწლავის მიკრობიომს გაცილებით ახალგაზრდის მახასიათებლები ჰქონდა.

„მიკროორგანიზმები კრიტიკულად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი სხეულის მეტაბოლურ შემადგენლობაში, არამედ ანთებაში, ნაწლავის გამტარობა, ცნობიერებაში, ძვლისა და კუნთის ჯანმრთელობაში“, — წერენ მკვლევრები პუბლიკაციაში.

დიდი ხანია, სიკვდილიანობის კრიტიკულ განმსაზღვრელად მიიჩნევა ჩვენს დნმ-ში არსებული ვარიაციები. მარიას ჰქონდა გენები, რომლებიც დაკავშირებულია ძლიერ იმუნურ სისტემასთან, გულის დაავადებებისგან დაცვასთან და კიბოს რისკის შემცირებასთან.

კვლევაში ასევე შეისწავლეს დნმ-ის მეთილირება — ქიმიური მარკირების მექანიზმი, რომელიც გავლენას ახდენს გენების გამოხატვაზე (ექსპრესია). ვინაიდან ამ მექანიზმზე გავლენას ახდენს გარემოში არსებული სტრესი, მას ხშირად იყენებენ ბიოლოგიური დაბერების აღწერისთვის.

„აღსანიშნავია, რომ დნმ-ის მეთილირებაზე დაფუძნებულმა ასაკის ყველა სხვადასხვა ალგორითმმა ერთნაირი შედეგი დადო. ჩვენს სუპერმხცოვანს გაცილებით პატარა ბიოლოგიური ასაკი ჰქონდა, ვიდრე მისი რეალური ქრონოლოგიური ასაკი იყო და ასე აღმოჩნდა შესწავლილ სამ სხვადასხვა ქსოვილში“, — წერენ მკვლევრები.

მკვლევართა მიერ გამოვლენილ სხვა ფაქტორებს შორის იყო ძლიერ ეფექტიანი მეტაბოლიზმი, რაც განაპირობებს „ცუდი“ ქოლესტერინის დაბალ დონეს და „კარგი“ ქოლესტერინის მაღალ დონეს, ასევე ანთების დაბალ დონეს.

თავად მარია თავის დღეგრძელობას უკავშირებდა „მოწესრიგებულ ცხოვრებას და სასიამოვნო გარემოცვას“, მაგრამ აშკარაა, რომ საქმეში მრავალი ფაქტორი იყო ჩართული. მიუხედავად იმისა, რომ უმეტესი ჩვენგანი 117 წელს ვერ მიაღწევს, კვლევა დაგვეხმარება გავიგოთ, როგორ შეიძლება მივცეთ სხეულს დაზიანებისა და დაავადების გარეშე დაბერების საუკეთესო შანსი — ამის შედეგად კი გავაუმჯობესოთ საკუთარი ჯანმრთელობა ხანდაზმულ ასაკში.

„სურათი, რომელიც ჩვენმა კვლევამ დახატა, აჩვენებს, რომ უკიდურესად დიდი ასაკი და ცუდი ჯანმრთელობა ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული არ არის და ორივე პროცესი შეიძლება გამოცალკევდეს და დავიდეს მოლეკულურ დონეზე“, — წერენ მკვლევრები.

კვლევა ხელმისაწვდომია სერვერზე BioRxiv.

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ჯარიმები 1300 ლარამდე გაიზარდა – რა შემთხვევაში დაჯარიმდება მოქალაქე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე მცენარეული ნარჩენის გადაწვა სახიფათო და დასჯადია.როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სტატისტიკის თანახმად, ფერმერების უპასუხისმგებლო ქმედებით, სამეურნეო სავარგულებზე ნარჩენების დაწვის შედეგად გაჩენილი ხანძრით, ათობით ჰექტარი სახნავ-სათესი მიწაა გადამწვარი და რამდენიმე ათეული კილომეტრი ქარსაცავი ზოლია განადგურებული.„სამწუხაროდ, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, საგაზაფხულო სამუშაოების დაწყების დროს, ფერმერები მაინც ხშირად იყენებენ ამ მავნე პრაქტიკას, რომელიც საფრთხეს უქმნის ქარსაცავ ზოლებს და ტერიტორიის ახლომდებარე ინფრასტრუქტურას; იწვევს ნიადაგის თვისებების გაუარესებას, ნაყოფიერების დონის შემცირებას და საბოლოოდ, ნიადაგის დეგრადაციას; ფერმერების მიერ გაჩენილი ხელოვნური ხანძრები მნიშვნელოვან ზიანს აყენებს გარემოს, ბიომრავალფეროვნებას, იწვევს გაუდაბნოებას.შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე მცენარეული ნარჩენის გადაწვა კანონით აკრძალული ქმედებაა. სამართალდარღვევა, გარემოებებიდან გამომდინარე, ითვალისწინებს 500-დან 1300 ლარამდე ჯარიმას, რასაც გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხაც ემატება. სტატისტიკა აჩვენებს, რომ რიგი ფერმერების უპასუხისმგებლო ქმედებით, სამეურნეო სავარგულებზე ნარჩენების დაწვის შედეგად გაჩენილი ხანძრით, ათობით ჰექტარი სახნავ-სათესი მიწაა გადამწვარი და რამდენიმე ათეული კილომეტრი ქარსაცავი ზოლია განადგურებული. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები მკაცრად გააკონტროლებენ ტერიტორიებს, სადაც მსგავსი ქმედების ჩადენის რისკი არსებობს. სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ირაკლი კობახიძე – ჩვენ გვაქვს თანმიმდევრული პოლიტიკა, ამან მოიტანა, რომ მუდმივი წინააღმდეგობის მიუხედავად, მხოლოდ და მხოლოდ წინ მივდიოდით ყველა მიმართულებით, მათ შორის ევროინტეგრაციისკენ

ჩვენ გვაქვს თანმიმდევრული პოლიტიკა ყველა მიმართულებით და საბოლოო ჯამში ამან მოიტანა ის, რომ მუდმივი წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ წინ მივდიოდით ყველა მიმართულებით, მათ შორის ევროინტეგრაციის მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე ოთხი ხელშესახები შედეგი ჰქონდა – ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ვიზალიბერალიზაცია და კანდიდატის სტატუსი.„ოთხივეზე იყო წინააღმდეგობა, თუმცა ოთხივე შემთხვევაში მივაღწიეთ შედეგს. განსაკუთრებით მძიმე იყო წინააღმდეგობა კანდიდატის სტატუსის შემთხვევაში. აქაც რეალურად ბრძოლით და კარგად გააზრებული, თანმიმდევრული პოლიტიკით მოვიპოვეთ კანდიდატის სტატუსი, მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატის სტატუსი თავიდანვე იყო მოაზრებული, როგორც ინსტრუმენტი ქვეყანაზე ზეწოლისთვის. როდესაც ეს საკითხი დადგა დღის წესრიგში, ეს იყო ომიდან მეხუთე დღე, 28 თებერვალი ან 1 მარტი, როდესაც უკრაინას შესთავაზეს განაცხადის შეტანა კანდიდატის სტატუსზე. ეს გაგვიკვირდა ერთი მარტივი მიზეზის გამო – ამ დროს რუსული ტანკები შესული იყო უკვე კიევში. მაშინ ყველაზე რთული ვითარება იყო და ასეთ დროს კანდიდატის სტატუსზე განაცხადის შეტანის შეთავაზება უკრაინისთვის აბსოლუტურად ალოგიკური იყო ჩვენთვის. მაშინვე გაგვიჩნდა აზრი, რომ რეალურად კანდიდატის სტატუსის თემა მოაზრებული იყო, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ჩვენ, რა თქმა უნდა, შევიტანდით განაცხადს კანდიდატის სტატუსზე, თუმცა საბოლოო ჯამში მოხდებოდა ისე, რომ უკრაინა და მოლდოვა მიიღებდნენ კანდიდატის სტატუსს და ჩვენ – არა. ეს იყო ჩვენი პროგნოზი, რაც მეორე დღესვე გავუზიარეთ უმრავლესობის წევრებს“, – განაცხადა პრემიერმა.ირაკლი კობახიძისდ თქმით, უმრავლესობასთან შეხვედრისას გაიმართა დისკუსია და ორი დღის განმავლობაში საქართველოს არ შეჰქონდა განაცხადი, თუმცა მესამე დღეს გაკეთდა საჯარო განცხადება კანდიდატის სტატუსზე განაცხადის შეტანასთან დაკავშირებით და მაშინვე დაიწყო აქტიური მუშაობა.„მოვამზადეთ დაახლოებით 5000-გვერდიანი დოკუმენტი, მთელი საჯარო სამსახური და პოლიტიკოსები იყვნენ ჩართული ამ პროცესში და ყველაზე დახვეწილი განაცხადი წარვადგინეთ ევროკავშირში, თუმცა შედეგად მივიღეთ რა – უარი ივნისში კანდიდატის სტატუსზე ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, მაშინ, როდესაც საქართველო ბევრად უსწრებს წინ როგორც უკრაინას, ისე მოლდოვას ყველა მიმართულებით. არ შევედაროთ უკრაინას, ომში მყოფი ქვეყანაა, შევედაროთ მოლდოვას. ეკონომიკური კუთხით, მარტო ამ სამ წელიწადში, მოლდოვას გავასწარით დაახლოებით ცხრა მილიარდი დოლარით, გავზარდეთ სხვაობა მოლდოვასთან იმის გამო, რომ ჩვენ გვაქვს უფრო ეფექტიანი, სწორი და რაციონალური ეკონომიკური პოლიტიკა. მოლდოვაში ეკონომიკური პოლიტიკა არის უსუსტესი, ინსტიტუტები არის უსუსტესი, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების კუთხით შედარება არ არის საქართველოსთან, იმდენად არის ჩამორჩენილი, დსთ-ს წევრი ქვეყანაა. არის ქვეყანა, რომელსაც უნდა, ერთდროულად დარჩეს დსთ-ს წევრადაც და გახდეს ევროკავშირის წევრიც. რაზეა აქ საერთოდ საუბარი, ხელის გულზე დევს, რომ იყო აშკარა უსამართლობა. კორუფცია ყვავის, ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა ევროპის მასშტაბით და ასეთ დროს მოლდოვას აძლევ კანდიდატის სტატუსს და საქართველოს არა, გასაგებია, რაც შეიძლება იდგეს ამის უკან. უსამართლობას ყოველთვის აქვს ხოლმე გარკვეული მიზეზი და ამას შეიძლება ჰქონდეს ერთადერთი ახსნა – რეალობა იყო ის, რაც ჩვენ გავთვალეთ თავიდანვე. რეალურად არავის აინტერესებდა სხვათა შორის არც უკრაინის, არც მოლდოვის და არც საქართველოს ევროინტეგრაცია, ეს ყველაფერი დიფ სთეითის, გლობალური ომის პარტიის მხრიდან გაკეთდა იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსის თემა გამოეყენებინათ შანტაჟისთვის ხელისუფლების წინააღმდეგ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თეთრი სახლი: დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის ფანტასტიკური სატელეფონო საუბარი ჰქონდათ

დღეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ფანტასტიკური სატელეფონო საუბარი ჰქონდათ, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.თეთრ სახლში აღნიშნეს, რომ ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უკრაინა და ამერიკა გააგრძელებენ ერთად მუშაობას ომის რეალური დასასრულის მისაღწევად და რომ პრეზიდენტ ტრამპის ლიდერობით მდგრადი მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია.„პრეზიდენტმა ტრამპმა პრეზიდენტ ზელენსკის სრულად გააცნო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მისი საუბრისა და განხილული საკითხების შინაარსი. მათ განიხილეს კურსკის ოლქში არსებული ვითარება და შეთანხმდნენ ინფორმაციის მჭიდრო გაზიარებაზე. პრეზიდენტმა ზელენსკიმ მოითხოვა საჰაერო თავდაცვის დამატებითი სისტემები მშვიდობიანი მოქალაქეების დასაცავად, განსაკუთრებით Patriot-ის სარაკეტო სისტემები. პრეზიდენტი ტრამპი დათანხმდა მასთან მუშაობას, რათა გაარკვიოს, თუ რა არის ხელმისაწვდომი, განსაკუთრებით ევროპაში“, - აღნიშნულია განცხადებაში.გარდა ამისა, ორი ლიდერი ასევე შეთანხმდა ენერგეტიკული ობიექტების წინააღმდეგ ცეცხლის ნაწილობრივ შეწყვეტაზე, ხოლო „ტექნიკური გუნდები საუდის არაბეთში უახლოეს დღეებში შეიკრიბებიან, რათა განიხილონ ცეცხლის შეწყვეტის გაფართოება შავ ზღვაზე ცეცხლის სრული შეწყვეტამდე და შეთანხმდნენ, რომ ეს შეიძლება იყოს პირველი ნაბიჯი ომის სრული დასრულებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ“.„პრეზიდენტმა ტრამპმა ასევე ისაუბრა უკრაინის ელექტრომომარაგებაზე და ატომურ ელექტროსადგურებზე. მისი თქმით, აშშ-ს შეუძლია ძალიან სასარგებლო იყოს ამ სადგურების მართვაში. ამ სადგურების ამერიკული საკუთრება იქნებოდა საუკეთესო დაცვა ამ ინფრასტრუქტურისთვის და მხარდაჭერა უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

ირაკლი კობახიძე – ევროკავშირის ბიუროკრატიიდან კონკრეტული ადამიანები საუბრობენ, რომ ხელი უნდა შეუწყონ ომის გახანგრძლივებას, ასეთ დროს, რატომ უნდა გაგვიკვირდეს, რომ სურთ, საქართველოში მეორე ფრონტი...

დღეს, ერთადერთი ვინც საუბრობს, რომ რაც შეიძლება მალე უნდა შეწყდეს ომი უკრაინაში, არის ამერიკის ახალი ადმინისტრაცია, რაც შეეხება ევროპულ ბიუროკრატიას, ევროპელ პოლიტიკოსებს, ისინი აკრიტიკებენ ტრამპის მიდგომას და ყველანაირად ცდილობენ, დაბრკოლებები შეუქმნან მის სამშვიდობო პროცესს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმa, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემაში – „დღის თემა“ განაცხადა.მისივე თქმით, ევროკავშირის წევრი ერთ-ერთი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მშვიდობა უკრაინაში შეიძლება იყოს უფრო საშიში, ვიდრე ომი, რაც პირდაპირ მიუთითებს მათ დამოკიდებულებაზე უკრაინაში მიმდინარე ომის მიმართ.„გაგახსენებთ კონკრეტულ განცხადებებსაც კი, ევროკავშირის წევრი ერთ-ერთი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა პირდაპირ განაცხადა, წამოცდენა დავარქვათ ამას, თუ არ ვიცი, რა დავარქვათ, რომ ახლა მშვიდობა უკრაინაში შეიძლება იყოს უფრო საშიში, ვიდრე ომი უკრაინაშიო. ამაზე მეტი რა უნდა გვითხრას, რომ კარგად გავიაზროთ ევროპელი ბიუროკრატების დამოკიდებულება უკრაინაში ომის მიმართ. პირიქით, ეს ბიუროკრატია არის „დიფ სთეითის“ წარმომადგენლობა, ვსაუბრობ კონკრეტულ ადამიანებზე, რომლებიც მნიშვნელოვნად განსაზღვრავენ პოლიტიკას ევროკავშირში, ისინი პირდაპირ საუბრობენ იმაზე, რომ ხელი უნდა შეუწყონ ომის გახანგრძლივებას უკრაინაში. ასეთ დროს რატომ უნდა გაგვიკვირდეს ის, რომ კონკრეტულ ადამიანებს სურდათ და დღესაც სურთ, რომ იხილონ ანალოგიური პროცესები საქართველოში, ვგულისხმობ მეორე ფრონტს. პირდაპირ ხელის გულზე დევს მათი განცხადებები, პირდაპირ უქმნიან ხელოვნურ დაბრკოლებებს პრეზიდენტ ტრამპს იმ გზაზე, რასაც ჰქვია სამშვიდობო პროცესის წარმართვა“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – აშშ-ში ელჩის კანდიდატურა შერჩეული გვყავს, პროცესებიც დაწყებულია და იმედი გვაქვს, მალე მივა ბოლომდე

აშშ-ში ელჩის კანდიდატურა შერჩეული გვყავს, პროცესებიც არის დაწყებული და იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესები მალე მივა ბოლომდე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.პრემიერის თქმით, ამის შესახებ ინფორმაცია საჯაროდ მოგვიანებით გახდება ცნობილი.„შეგვიძლია გითხრათ, რომ აშშ-ში ელჩის კანდიდატურა შერჩეული გვყავს. უფრო მეტიც, პროცესებიც არის დაწყებული და იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესები მალე მივა ბოლომდე. ამ ინფორმაციას საჯაროდ გავუზიარებთ საზოგადოებას მოგვიანებით, როდესაც გვექნება შემდგომი ნაბიჯები ამ პროცედურებში. ჩვენ მზად ვართ დღესვე კომუნიკაციისთვის და ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ბოლო სიახლეები