რომის პაპმა, ლეო XIV-მ ესპანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ კონფლიქტების ესკალაციამ, პოლარიზაციის გაღრმავებამ და ადამიანის უფლებებისადმი უპატივცემულობამ მსოფლიო „ღრმა სულიერ და კულტურულ კრიზისამდე“ მიიყვანა.
პონტიფიკოსის თქმით, მოუწოდებს პოლიტიკოსებს, ძალისხმევა მიმართონ ომების დასრულებისა და ყველაზე დაუცველი ადამიანების, მათ შორის მიგრანტების, მხარდაჭერისკენ.
„მსოფლიო განიცდის ღრმა სულიერ და კულტურულ კრიზისს, რომელიც ძალადობის, პოლარიზაციისა და ურთიერთუნდობლობის მრავალი ფორმით ვლინდება. იარაღს შეუძლია დროებითი სიჩუმის დამყარება, მაგრამ ვერასოდეს შექმნის ნამდვილ და ხანგრძლივ მშვიდობას“, – განაცხადა რომის პაპმა.
რომის პაპმა შეშფოთება გამოთქვა ევროპაში სამხედრო ხარჯების ზრდის გამო. მისი თქმით, თავდაცვაზე გაწეული დანახარჯების ზრდა, რომელმაც გასულ წელს ცივი ომის დასრულების შემდეგ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია, საგანგაშო ტენდენციაა.
როგორც „როიტერი“ წერს, ესპანეთის პარლამენტში რომის პაპის გამოსვლა ისტორიული მოვლენაა, რადგან მსგავსი ფორმატის მიმართვა ქვეყნის ისტორიაში პირველად გაიმართა.
ლეო XIV 6-12 ივნისს ოფიციალური ვიზიტით ესპანეთში იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, მადრიდში, ღია ცის ქვეშ ჩატარებულ წირვას მილიონზე მეტი ადამიანი დაესწრო.
ამასთან, არსებული ინფორმაციით, ლეო XIV 25-28 სექტემბერს სახელმწიფო ვიზიტით საფრანგეთს ეწვევა. ეს იქნება რომის პაპის პირველი ოფიციალური ვიზიტი საფრანგეთში თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში.

