ხუთშაბათი, აპრილი 2, 2026

მოსამართლემ კაცს, რომელიც სანადირო თოფით რუსთავის ბაზარში შევარდა და 4 ადამიანი მოკლა, ერთი კი დაჭრა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

კაცი, რომელმაც რუსთავის ბაზარში 4 ადამიანი მოკლა და მეხუთეს – საკუთარ ბიძაშვილს სასიკვდილოდ იმეტებდა, მოსამართლემ ციხეში უვადოდ გაუშვა. ეს უპრეცედენტო განაჩენია, რადგან ექსპერტიზით დადგინდა, რომ გიორგი ორეველაშვილი შემზარავი დანაშაულის ჩადენის დროს შეზღუდული შერაცხადი იყო. კანონით დაშვებულია, თუმცა აქამდე არსებული პრაქტიკით ფსიქიკური პრობლემების მქონე ბრალდებულის მიმართ, უვადო პატიმრობის გადაწყვეტილება არასდროს გამოუტანიათ.

რას დაეყრდნო მოსამართლე “კურიერი პიესმა” მაია შოშიაშვილის განაჩენის წერილობითი ვერსია მოიპოვა, სადაც მოსამართლე მსაჯულის შეზღუდულ შერაცხადობას შემამსუბუქებელ გარემოებად არ მიიჩნევს და უმაღლესი სასჯელის მოტივად დანაშაულის სიმძიმეს ასახელებს.

2024 წლის 9 თებერვალი – ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული მკვლელობა, რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარში მოხდა. სანადირო თოფით შეიარაღებული გიორგი ორველაშვილი სავაჭრო ობიექტზე შეიჭრა და ხორცის სექციაში 7 წამში 5-ჯერ, დამიზნებით ისროლა. დამნაშავე აქ წლების განმავლობაში ბიძასთან და ბიძაშვილთან ერთად ვაჭრობდა. პირველი სამიზნე სწორედ მისი ახლო ნათესავები იყვნენ, ჯერ ბიძას, ნოდარ ორველაშვილს ესროლა, შემდეგ ბიძაშვილს – ნიკა ორველაშვილს. ამის შემდეგ მოკლა მოპირდაპირე დახლზე მოვაჭრე ძმები მალხაზ და დავით აბულაშვილები. ბოლოს კი – ტაქსის მძღოლი, რომელმაც მისი შეკავება სცადა. 4 მოკლა, დაჭრილი ბიძაშვილი კი, ექიმებმა გადაარჩინეს. მკვლელმა იარაღი დააგდო და ტერიტორიიდან გაიქცა. ახლოს მდებარე აფთიაქში შევარდა და დამამშვიდებელი ითხოვა. სწორედ აქ დააკავეს დამნაშავე სამართალდამცველებმა.

გაირკვა, რომ გიორგი ორველაშვილმა სანადირო თოფი ძმას მოჰპარა და კაჭრეთიდან რუსთავში, დაგეგმილი მკვლელობის შესასრულებლად ჩამოიტანა. მასთან ერთად, იარაღის დაუდევრად შენახვისთვის დააკავეს ძმა – გოგიტა ორველაშვილი.

მომხდარიდან 9 თვის შემდეგ, თვითმხილველებს შემზარავი ფაქტის გახსენება ახლაც უჭირთ.

რატომ გაიმეტა ბიძა, ბიძაშვილი და კიდევ 3 ადამიანი – სასამართლო განხილვების დროს, ბრალდებულს არაფერი უთქვამს. გამოძიების ვერსიით, კი უმძიმესი დანაშაულის მოტივი მსჯავრდებულის ფსიქიკური მდგომარეობა და ამ ფონზე ბაზარში მომხდარი კონფლიქტები გახდა.

დაზარალებულები სასამართლო დარბაზში გიორგი ორველაშვილის უვადო პატიმრობას ერთხმად ითხოვდნენ. ერთ-ერთი დაზარალებული მკვლელის ბიძაშვილი ხატია ორველაშვილია, რომელსაც დამნაშავემ მამა მოუკლა. ნათესავები ოჯახისგან განსხვავებით, გიორგი ორველაშვილს ფსიქიკურ ხარვეზებს ამჩნევდნენ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა კაცმა მკვლელობის ჩადენამდე ცოტა ხნით ადრე, ნაქირავები სახლი დაწვა. რეაგირებას კი, დამნაშავის დედას და დებს სთხოვდნენ, თუმცა უშედეგოდ.

გიორგი ორველაშვილი უვადო სასჯელის ათვლამდე მოსამართლის გადაწყვეტილებით, ფსიქიატრიულ მკურნალობას გაივლის. მანამდე კი მისი ადვოკატი, რუსთავის სასამართლოს გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში გაასაჩივრებს. დამცველს მოლოდინი აქვს, რომ მსჯავრდებულს სასჯელი შეუმსუბუქდება, ისევე როგორც გოგიტა ორველაშვილს, მკვლელის ძმას, რომელსაც იარაღის დაუდევრად შენახვისთვის 2 წელი მიესაჯა.

ადვოკატი სასჯელის შემსუბუქების საჭიროებას ვერ დაასაბუთებს – ასეთია ბრალდების მხარის პოზიცია. პროკურორი განმარტავს, რომ პირველმა ინსტანციამ სამართლიანობის პრინციპის გარდა, უვადო განაჩენის შეფარდების შემდეგ, მსგავსი დანაშაულის პრევენციაზეც იზრუნა.

მოკლულების ოჯახებს მოლოდინი აქვთ, რომ განაჩენი საბოლოოა და გიორგი ორველაშვილი ციხეს ვერასდროს დატოვებს.

თუ კი ზემდგომი ინსტანციის სასამართლოები შეზღუდულ შერაცხადს გიორგი ორველაშვილს უვადო პატიმრობაში დატოვებენ, ეს ქართული მართლმსაჯულებისთვის ახალი პრეცედენტი იქნება, რაც სავარაუდოდ პრაქტიკაში აისახება. შესაბამისად სიმულანტობა ან რეალური ფსიქიკური პრობლემები მძიმე დანაშაულების შემამსუბუქებელ გარემოებად აღარ გამოდგება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ბენიამინ ნეთანიაჰუ – ისრაელი ახალ ალიანსებს ქმნის რეგიონის მნიშვნელოვან ქვეყნებთან, რათა დაუპირისპირდეს ირანულ საფრთხეს

ირანის რეჟიმი უფრო სუსტია, ვიდრე ოდესმე, ხოლო ისრაელი უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ „ადრე თუ გვიან“ ირანის რეჟიმი დაეცემა.ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ისრაელი ახალ ალიანსებს ქმნის რეგიონის „მნიშვნელოვან ქვეყნებთან“, რათა დაუპირისპირდეს „ირანულ საფრთხეს“. ნეთანიაჰუს კონკრეტული ქვეყნები არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ ამის შესახებ მოგვიანებით ვრცლად ისაუბრებს.„იმედი მაქვს, რომ მალე, ისრაელის მოქალაქეებო, მეტს გეტყვით ამ მნიშვნელოვანი ალიანსების შესახებ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ „ჰეზბოლა” ისრაელისთვის „სტრატეგიულ საფრთხეს“ აღარ წარმოადგენს.

კაია კალასი – ევროპელმა მინისტრებმა უნდა იმუშაონ ევროპისთვის და არა რუსეთისთვის

ევროპელმა მინისტრებმა ევროპისთვის უნდა იმუშაონ და არა რუსეთისთვის, – ასე გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი სერგეი ლავროვსა და პიტერ სიიარტოს შორის საუბრების აუდიოჩანაწერებს, რომლებიც მედიაში გავრცელდა.„მოკლედ ვიტყვი, რომ ევროპელმა მინისტრებმა უნდა იმუშაონ ევროპისთვის და არა რუსეთისთვის“, – განაცხადა კალასმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანდრეი სიბიგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.ცნობისთვის, მედიაში სერგეი ლავროვსა და პიტერ სიიარტოს შორის საუბრების აუდიოჩანაწერები გამოქვეყნდა. ერთ-ერთი საუბარი რუსი ოლიგარქის, ალიშერ უსმანოვის დის, გულბაჰორ ისმაილოვას წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მოხსნის ლობირებას ეხებოდა.მანამდე „ვაშინგტონ პოსტმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პიტერ სიიარტო რეგულარულად აწვდიდა სერგეი ლავროვს ინფორმაციას იმის შესახებ, რა განიხილებოდა ევროკავშირის შეხვედრებზე, ასევე, ინფორმაციას პოტენციური გადაწყვეტილებების შესახებ. თავად სიიარტომ განაცხადა, რომ სერგეი ლავროვთან მუშაობაში ცუდს ვერაფერს ხედავს.

საპატრიარქოში სინოდის სხდომა ჩაინიშნა

ამა წლის 3 აპრილს, 12:00 საათზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) მოწვევით საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. სხდომის მიზანია იმ საორგანიზაციო თემების განხილვა, რომლებიც არ არის გაწერილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით. მათ შორის, სინოდის შემდგომ სხდომებთან და გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებული დამატებითი დეტალები, კრების გამართვის ადგილი, დელეგატების მოწვევის პროცედურა და სხვა აუცილებელი საკითხები.

საქართველოში ირანის ელჩს ალი მოჯანს ფეისბუქ ანგარიში დაუბლოკეს

ირანის ელჩს ალი მოჯანს სოციალური მედია დაუბლოკეს.,,თქვენი აზრით, რა გახდა მიზეზი საქართველოში ირანის ელჩის ფეისბუქ ანგარიშის დაბლოკვისა — ქვემოთ ჩამოთვლილი რომელი ფოტოსურათი ან პუნქტი?-ამის შესახებ ირანის ელჩი პლათფორმა X-ზე წერს

ფრაქცია „ქართული ოცნება“ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ცოტნე ანანიძეს წარადგენს

აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ 2026 წლის 31 მარტის სხდომაზე, რომელსაც ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე - ლაშა სირაბიძე უძღვებოდა, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევაზე იმსჯელეს.ფრაქციამ, აღნიშნულ თანამდებობაზე, ერთხმად დაუჭირა მხარი უმაღლეს საბჭოში ქობულეთის დელეგატისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის - ცოტნე ანანიძის კანდიდატურას.სხდომის დაწყებისას, ფრაქციის წევრებმა საკანონმდებლო ორგანოში 10-წლიანი, ნაყოფიერი მოღვაწეობის, ღირსეული ხელმძღვანელობისა და რეგიონისთვის გაწეული ღვაწლისათვის მადლობა გადაუხადეს უმაღლესი საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს - დავით გაბაიძეს, ხოლო მომავალ ხელმძღვანელს წარმატებები უსურვეს.ცოტნე ანანიძემ თანაგუნდელებს მადლობა გადაუხადა გამოცხადებული ნდობისათვის და აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელობა, პირველ რიგში, უდიდესი პასუხისმგებლობაა ხალხის, ქვეყნის, რეგიონისა და თანაგუნდელების წინაშე.ფრაქცია „ქართული ოცნება“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ცოტნე ანანიძის კანდიდატურას უახლოეს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე წარადგენს.

ბოლო სიახლეები