პარასკევი, იანვარი 31, 2025

მიხეილ ყაველაშვილი – ხელოვნური ჩარევები როგორც კი შეწყდება, აუცილებლად გავმართავთ დისკუსიას, რას მოუტანს საქართველოს ევროპა და ევროპას – საქართველო

ჩვენი მოქმედებები არის გააზრებული, რაციონალური და გრძელვადიანი. კონკრეტული ევროპარლამენტარები, ცალკეული ბიუროკრატები, ცალკეული საგარეო საქმეთა მინისტრები დემოკრატიულ პრინციპებს არღვევენ. მათი ჩარევა წინასაარჩევნო შეკრებებში არის მიუღებელი, ვინაიდან ჩვენ ვიცით, საიდან არის ეს პროცესები ინსპირირებული და ვინ დგას ამის უკან, სწორედ ამიტომ, შეგვიძლია, წინააღმდეგობა გავუწიოთ. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ რეალპოლიტიკა და ობიექტურობა დაბრუნდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა შვეიცარიულ გამოცემა Neue Zürcher Zeitung-თან ინტერვიუში განაცხადა.

პრეზიდენტმა მოქალაქეთა უკმაყოფილებისა და საპროტესტო აქციების თაობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი მზად არის, ევროკავშირთან განაახლოს მოლაპარაკებები, როდესაც კონკრეტული, საქმიანი საკითხები წამოიჭრება.

„რა თქმა უნდა, გვაქვს ეს რეალობა თბილისში, თუმცა ჩვენი რაციონალური ნაბიჯების გარეშე კიდევ უფრო უარესი მდგომარეობა იქნებოდა, ჩვენ ომი ავიცილეთ. ჩვენ შევაჩერეთ ევროკავშირთან მოლაპარაკებები, რადგან არ გვინდოდა ბრიუსელის მოთხოვნებისადმი დამორჩილება, რადგან ეს მოთხოვნები მოლაპარაკებების საგანს არ წარმოადგენს. კონკრეტული, საქმიანი საკითხები როდესაც წამოიჭრება, მზად ვართ, მოლაპარაკებები კვლავ განვაახლოთ. ამიტომაც ვთქვი, რომ ხელოვნურია, მათ უნდათ საპროტესტო აქციების მეშვეობით რევოლუციური პროცესები გამოიწვიონ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ამასთან, როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, როგორც კი ხელოვნური ჩარევები შეწყდება, აუცილებლად გაიმართება დისკუსია, რას მოუტანს საქართველოს ევროპა და ევროპას – საქართველო.

„ხელოვნური ჩარევები როგორც კი შეწყდება, აუცილებლად გავმართავთ დისკუსიას, რას მოუტანს საქართველოს ევროპა და ევროპას – საქართველო. ჩვენ რომ საღად მოაზროვნე ოპოზიცია გვყავდეს, სწორედ ამ კითხვაზე უნდა ვმსჯელობდეთ ჩვენს მოქალაქეებთან ერთად. ჩემი შვეიცარიული გამოცდილება მაჩვენებს, თუ როგორ ხდება მსგავსი თემების განხილვა. როგორც კი ხელოვნური ჩარევები შეწყდება, აუცილებლად გავმართავთ დისკუსიას რას, მოუტანს საქართველოს ევროპა და ევროპას – საქართველო“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, ქართველებმა არ უნდა დათმონ საკუთარი განსხვავებულობა და არ უნდა იყვნენ მხოლოდ ევროპელები.

„ეს ეხება ჩვენს სამშობლოს, ჩვენს ენას და ჩვენს ქრისტიანულ რწმენას. ქართველი არსებობას და რწმენას ერთმანეთს უკავშირებს. ენის და რელიგიის გარეშე საქართველო ვერ გადარჩებოდა. ჩვენ არ ვართ მრავალრიცხოვანი ერი, თუმცა მრავალფეროვნება არის ჩვენი განაცხადი. ჩვენ არ უნდა დავთმოთ ჩვენი განსხვავებულობა და არ უნდა ვიყოთ მხოლოდ ევროპელები“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მამუკა ხაბარელი – საორგანიზაციო კომიტეტი უკვე მზად არის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობისთვის, საქართველოს 45 ქვეყნის ათასამდე სპორტსმენი ეწვევა

ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა შეიქმნა საქართველოში, ზამთრის სპორტის განვითარების მიმართულებით. აშენდა ორი, სრულიად ახალი საერთაშორისო სტანდარტის ყინულის მოედანი, ერთი თბილისში და მეორე ბათუმში, ბაკურიანში კი – უნიკალური საშეჯიბრო არენა ბიატლონის და ქროს ქანთრისთვის, – ამის შესახებ ევროპის ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის „ბაკურიანი 2025“ საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ, მამუკა ხაბარელმა განაცხადა. როგორც მამუკა ხაბარელმა აღნიშნა, საქართველო პრაქტიკულად უკვე მზად არის შეჯიბრის მასპინძლობისთვის და ქვეყანას ფესტივალის ფარგლებში 45 ქვეყნის 1000-მდე სპორტსმენი ეწვევა. „პრემიერ-მინისტრს მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია. საორგანიზაციო კომიტეტი პრაქტიკულად უკვე მზად არის შეჯიბრის მასპინძლობისთვის. ჩვენი გუნდი უკვე შესულია საშეჯიბრო არენების მოსაწყობად და პირველ დელეგაციებს საქართველოში ველოდებით 4 რიცხვიდან, დავხვდებით მათ, განაწილდებიან ათლეტთა სოფელში და 6 რიცხვიდან უკვე დაგეგმილია პირველი შეჯიბრი ყინულის ჰოკეიში, გოგონათა გუნდი დაიწყებს შეჯიბრს, 9 თებერვალს იქნება ოფიციალურად ფესტივალის გახსნის ღონისძიება და 10 რიცხვიდან ყველა სპორტის სახეობა დაიწყებს შეჯიბრებებს. ზამთრის სპორტის განვითარების მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა შეიქმნა საქართველოში. უშუალოდ ფესტივალი რვა სპორტის სახეობას მოიცავს, აშენდა ორი სრულიად ახალი, საერთაშორისო სტანდარტის ყინულის მოედანი, ერთი თბილისში და მეორე ბათუმში, ბაკურიანში კი აშენდა ბიატლოის და ქროს ქანთრისთვის უნიკალური საშეჯიბრო არენა. ფესტივალის ფარგლებში საქართველოს 45 ქვეყნის წარმომადგენელი ეწვევა, ეს ძალიან დიდი მაჩვენებელია ზამთრის სახეობებისთვის. ევროპის ოლიმპიურ კომიტეტებში სულ 50 ქვეყანაა გაწევრიანებული და მათ შორის 45 იღებს მონაწილეობას ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში. 1000-მდე სპორტსმენი და 2000-მდე დელეგაციის წევრი ჩამოვა. საკმაოდ შთამბეჭდავი ღონისძიება გველოდება წინ“, – განაცხადა ხაბარელმა.

ოთხი ოპოზიციური გაერთიანება სირიის ლიდერს მიმართავს, საქართველოს დროებით ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება გააუქმოს

ოთხი ოპოზიციური გაერთიანება სირიის ლიდერს, აჰმედ ალ-შარაას რუსეთის მიერ საქართველოს დროებით ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გაუქმების თხოვნით მიმართავს. ამის შესახებ ნიკა გვარამიას, ბადრი ჯაფარიძის და თინა ბოკუჩავას ერთობლივ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. „მის აღმატებულებას, სირიის სახელმწიფოს მეთაურსა და სირიის დიად ხალხს, თქვენო აღმატებულებავ, ჩვენ, საქართველოს დემოკრატიული პოლიტიკური ძალები, ვულოცავთ სირიის ხალხს ბაშარ ალ-ასადის სასტიკი დიქტატურის თქვენი ხელმძღვანელობით დამხობას. ვიმედოვნებთ, რომ თქვენს ქვეყანაში განხორციელებული ცვლილებები ჩვენს სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობისთვის ახალ პერსპექტივებს გახსნის. ქართველი ხალხი მშვიდობიანად იბრძვის კრემლის მიერ მხარდაჭერილი არალეგიტიმური, ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ. შესაბამისად, ჩვენ, ოთხი ძირითადი დემოკრატიული ძალა საქართველოში, რომლებიც წარმოვადგენთ საქართველოს მოქალაქეების ნებასა და მათ მისწრაფებებს თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფოებრიობისკენ, მოგმართავთ თხოვნით, თქვენი ძალისხმევით გაუქმდეს სირიის მხრიდან რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს რეგიონები – აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებულია მხოლოდ რუსეთის მოკავშირე დიქტატურული რეჟიმების მიერ, როგორებიცაა ვენესუელა და ნიკარაგუა. 2018 წელს დიქტატორმა ბაშარ ალ-ასადმაც, რუსეთის მიერ მისი სასტიკი რეჟიმის მხარდაჭერის საპასუხოდ, აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს აღნიშნული რეგიონები. სირიელ და ქართველ ხალხს ურთიერთთანამშრომლობისა და მეგობრობის ათასწლოვანი ისტორია აკავშირებს. ჩვენს ერებს აქვთ ყველა საშუალება, რათა განავითარონ მართლაც ძმური და ნაყოფიერი ურთიერთობები ორივე ქვეყნის საკეთილდღეოდ. ამ კონტექსტში, სირიის მიერ საქართველოს რეგიონების აღიარების გაუქმება გადამწყვეტ როლს ითამაშებდა. თქვენო აღმატებულებავ, გვსურს, დაგიდასტუროთ ჩვენი გულწრფელი პატივისცემა“, – ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს აწერენ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე – „კოალიცია ცვლილებისთვის“; თინათინ ბოკუჩავა – „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“,; ირაკლი კუპრაძე – „ძლიერი საქართველო“; ბერდია სიჭინავა – „გახარია – საქართველოსათვის“.

ბათუმში მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ბათუმში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. „თავისუფლება მზია ამაღლობელს და პოლიტპატიმრებს“ – ამ შინაარსის მოწოდებებით მართავენ აქციას ბათუმის სტადიონთან შეკრებილები. აქციის მონაწილეები ცენტრალური ავტომაგისტრალის ე.წ. ზებრაზე მოძრაობენ ისე, რომ გზას არ კეტავენ და გამვლელ მძღოლებს ბანერებს აჩვენებენ. აქციაზე ისმის მოწოდებები მეგაფონებისა და საყვირების მეშვეობით. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. სამართალდამცველები ჯერჯერობით აქციის მონაწილეებს წინააღმდეგობას არ უწევენ.

გიორგი კალანდია: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე საქართველოს დელეგაციის გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად სწორი და ლოგიკური. ამ გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაასაბუთა, რომ საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე საქართველოს დელეგაციის გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად სწორ და ლოგიკური. ამ გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაასაბუთა ის, რომ საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო, ამ ქვეყანაში უმთავრესია ამ ქვეყნის ხალხის ინტერესები და ამ სახელმწიფოს სუვერენული უფლებები, - განაცხადა საზოგადოება „ქართულის“ წევრმა გიორგი კალანდიამ. „ის, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის გარშემო მოვლენები ვითარდება გარკვეულწილად არასწორად, ეს არის ძალიან დროებითი. მსოფლიოში, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე პროცესები ცხადყოფს იმას, რომ ჩვენი სახელმწიფო სწორი გზით მიდის და მიდიოდა. გარდაუვალია ისიც, რომ არა თავს მოხვევა, არა ხელის გადაგრეხა, არამედ დემოკრატიული პრინციპების გათვალისწინება, შეჯიბრებითობის პრინციპი იქნება სულ მალე ევროპაში წარმმართველი, სადაც საქართველო თავის ღირსეულ ადგილს დაიკავებს“, - განაცხადა გიორგი კალანდიამ. საზოგადოება „ქართულმა“ PACE-ს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 29 იანვარს მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმად, საქართველოს დელეგაციას აპრილამდე შეზღუდული უფლებამოსილება ექნება. დოკუმენტში მოცემულია გარკვეული პირობები, რომელთა შესრულებასაც საქართველოს ხელისუფლებას აპრილამდე სთხოვენ. მათ შორის არის „პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების გამოცხადება“. მოგვიანებით საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ქართველი დეპუტატები წყვეტენ მუშაობას საპარლამენტო ასამბლეაში, თუმცა ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრად რჩება.

ინგლისი ნამდვილად არის დემოკრატიის აკვანი, ეს არის ჯონ ლოკის ქვეყანა და ასეთ ქვეყანაში მტკიცებულებების გარეშე ადამიანების დასჯაზე საუბარი აბსოლუტურად სამარცხვინო მოვლენაა – კობახიძე

ვიღაცებს „შერატონი“ ჰგონიათ ცივილიზაციის აკვანი, თუმცა სინამდვილეში სხვა რამეშია საქმე, ინგლისი ნამდვილად არის დემოკრატიის აკვანი და როდესაც ასეთი ქვეყანა ყოველგვარი მიზეზის გარეშე საუბრობს სანქციებთან დაკავშირებით, ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე შეფასებით, სამარცხვინო მოვლენაა, როდესაც ჯონ ლოკის ქვეყანაში მტკიცებულებების გარეშე ადამიანების დასჯაზეა საუბარი. „ზოგადად, ინგლისი, დიდი ბრიტანეთი არის ერთგვარი აკვანი დემოკრატიული ცივილიზაციის, დემოკრატიის აკვანი. ვიღაცებს „შერატონი“ ჰგონიათ ცივილიზაციის აკვანი, თუმცა სინამდვილეში სხვა რამეშია საქმე. ინგლისი ნამდვილად არის დემოკრატიის აკვანი. როდესაც ასეთი ქვეყანა ყოველგვარი მიზეზის გარეშე საუბრობს სანქციებთან დაკავშირებით, ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი. ეს არის ჯონ ლოკის ქვეყანა და ასეთ ქვეყანაში მტკიცებულებების გარეშე ადამიანების დასჯაზე საუბარი აბსოლუტურად სამარცხვინო მოვლენაა,“- განაცხადა პრემიერმა.

ბოლო სიახლეები