სამშაბათი, აპრილი 21, 2026

მიხეილ ყაველაშვილი: ძვირფასო სამხედროებო, თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი და მყარი საფუძველი, რომელზეც დაფუძნებულია საქართველოს მშვიდობიანი აწმყო. სწორედ თქვენს პროფესიონალიზმსა და ერთგულებაზე დგას ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი მომავალი

„ძვირფასო სამხედროებო, თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი და მყარი საფუძველი, რომელზეც დაფუძნებულია საქართველოს მშვიდობიანი აწმყო. სწორედ თქვენს პროფესიონალიზმსა და ერთგულებაზე დგას ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი მომავალი“,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის  აკადემიის  106 წლის იუბილესა და  აკადემიის კურსდამთავრებულთა დაჯილდოვების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, ეროვნული თავდაცვის აკადემიის პირად შემადგენლობას, იუნკრებსა და მსმენელებს აკადემიის 106 წლის იუბილე მიულოცა და კურსდამთავრებულებს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

„ამაყი ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, სიტყვით მოგმართოთ ღირსეულ, მამაც და პატრიოტ მამულიშვილებს, ჯარისკაცებს, ვინც საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ყველაზე ძვირფასს – ჩვენი სამშობლოს სუვერენიტეტსა და თავისუფლებას იცავთ. დღეს ჩვენ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის 106 წლის იუბილეს აღვნიშნავთ. თითოეულ თქვენგანს გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ ჩვენი ქვეყნისთვის საკეთილდღეო საქმიანობაში. განსაკუთრებით გილოცავთ კურსდამთავრებულებს, ვინც იმ დიდებული ქართველი ოფიცრების რიგებს უერთდებით, რომელთა სიმამაცეზე, პატრიოტიზმსა და პროფესიონალიზმზე იდგა, დგას და მომავალშიც იდგება ჩვენი ქვეყნის ღირსება და უსაფრთხოება!“- განაცხადა პრეზიდენტმა.

მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ქართული სამხედრო საქმიანობა, ყოველთვის ეფუძნებოდა ერთი მხრივ წინდახედულობას, სიბრძნესა და ისტორიულ გამოცდილებას,  ხოლო მეორე მხრივ, ერთგულებას, თავდადებას და სამშობლოს უანგარო სიყვარულს.

„თქვენ ხართ ადამიანები, ვინც უნდა იყოს ქართული, პატრიოტული, შეუდრეკელი სულის მაგალითი დანარჩენი საზოგადოებისთვის. ქართული სამხედრო საქმიანობა, ყოველთვის ეფუძნებოდა ერთი მხრივ წინდახედულობას, სიბრძნესა და ისტორიულ გამოცდილებას,  ხოლო მეორე მხრივ, ერთგულებას, თავდადებასა და სამშობლოს უანგარო სიყვარულს. სწორედ აღნიშნული პრინციპების დაცვა იქნება თქვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. გერქვას ღირსეული ჯარისკაცი, ნიშნავს რომ განუხრელად იცავდე ამ პრინციპებს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასა და უწყების თითოეულ თანამშრომელს დაკისრებული მოვალეობის უმაღლეს დონეზე შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა.

„საქართველოს თავდაცვის ძალების გაძლიერება და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა. მინდა მადლობა გადაგიხადოთ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას და თითოეულ თანამშრომელს დაკისრებული მოვალეობის უმაღლეს დონეზე შესრულებისთვის. მიხარია, რომ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ გაიზარდონ უმაღლესი დონის ოფიცრები. პროფესიული მომზადების მიღმა, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ენთუზიაზმს, სიყვარულსა და პატრიოტიზმს, რომელიც ამ ქვეყნის შვილებს ისტორიულად მოგვდგამს. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა მაშინ, როდესაც საქმე სამშობლოს დაცვას ეხება“- განაცხადა პრეზიდენტმა.

ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის კურსდამთავრებულებს დიპლომები გადასცა. ასევე,  მიხეილ ყაველაშვილმა, თავდაცვის მინისტრთან და თავდაცვის ძალების მეთაურთან ერთად, აკადემიის ბიბლიოთეკაში ოკუპაციის მუზეუმი გახსნა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი ქადაგიშვილი – სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ მთავარი ბრენდია, თუ გაემიჯნებიან, „მიშისტების“ ხმას დაკარგავენ, არ გაემიჯნებიან და სააკაშვილის, როგორც უპირობო ლიდერის, აღიარება მოუწევთ, ეს კი ეხამუშებათ

სააკაშვილი-ბოკერია-გვარამიას ალიანსს რაიმე პერსპექტივა არც ახლა აქვს და არც მომავალში ექნება. დასავლეთში ჯერ კიდევ ფიქრობენ, რომ ეს ძალა საქართველოში პროვოკაციული ქმედებებისთვის შეიძლება იყოს გამოყენებული. ეს არის პერსპექტივა, რაც მათ აქვთ, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, ცდება ის, ვისაც ჰგონია, რომ პროვოკაციებით პოლიტიკურ მიზნებს მიაღწევენ.„26 მაისის მიმართ ალიანსის დამოკიდებულება ნათლად მიგვანიშნებს მიზანზე. მათი ამოცანაა, 26 მაისს პროვოკაცია მოახდინონ. სააკაშვილმა-გვარამიამ-ბოკერიამ ხელისუფლებაში ყოფნის დროს რაც იცოდა, ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგაც იგივე მოცემულობაში არიან დარჩენილი. ცდება, გარეთ ვისაც ჰგონია, რომ ამათი პროვოკაციებით თავის პოლიტიკურ მიზნებს მიაღწევენ. ესენი პოლიტიკურ ველზე ვაივაგლახით იარსებებენ. მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ბრენდია. აქედან გამომდინარე, მათი ამომრჩევლის დიდი უმრავლესობა დაკავშირებულია სააკაშვილის სახელთან. თუ გაემიჯნებიან, „მიშისტების“ ხმას დაკარგავენ, არ გაემიჯნებიან და სააკაშვილის, როგორც უპირობო ლიდერის, აღიარება მოუწევთ. ეს ცოტა ეხამუშებათ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის წარმომადგენლებს მოსკოვში ხშირი სტუმრობის გამო აკრიტიკებს – „უპატივცემულობაა მოსკოვში ჩასვლა და კიევში არ ჩამოსვლა“

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ამერიკელი მომლაპარაკებების მიერ მოსკოვში ხშირად ჩასვლა და კიევისთვის გვერდის ავლა უპატივცემულობაა.„უპატივცემულობაა მოსკოვში ჩასვლა და კიევში არ ჩამოსვლა“, – ამის შესახებ ზელენსკიმ უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა.ამასთან, ზელენსკიმ კიდევ ერთხელ უარყო რუსეთის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც უკრაინელმა სამხედროებმა ნებაყოფლობით უნდა დატოვონ დონბასის ის ნაწილი, რომელიც რუსეთმა სამხედრო ძალით ვერ დაიკავა.„ეს, რა თქმა უნდა, ჩვენთვის სტრატეგიული მარცხი იქნებოდა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.მისი განმარტებით, თავდაცვითი ხაზის მოწყობისა და გამაგრების გარეშე, უკრაინა დასუსტდება, ხოლო უკან დახევის შესახებ ბრძანება არმიის სულისკვეთებას ძირს გამოუთხრიდა.როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ომის უფრო სწრაფად ომის დასრულება შესაძლებელია ფრონტის არსებული ხაზის გაყინვით. მან ასევე მიუთითა იმ რისკებზე, რომლებიც თან ახლავს უკრაინის შეიარაღებული ძალების დონბასიდან გასვლას.„საქმე იმაშია, თუ რამდენი ადამიანი მოკვდა იქ. მე მიმაჩნია, რომ ეს ნაბიჯი დღეს უპასუხისმგებლოა. რა უსაფრთხოების გარანტიებს აძლევენ უკრაინას? თუ იქ ფრონტის ხაზზე არ არიან პარტნიორები, მაშინ რატომ არ დაიწყებენ რუსები გარკვეული პერიოდის შემდეგ ისევ შეტევას? რა შეაკავებს მათ? აშშ-ში აცხადებენ, რომ მათ პრეზიდენტი ტრამპი შეაჩერებს. პრეზიდენტი ტრამპი ორ წელიწად-ნახევარი იქნება თანამდებობაზე და მერე რას ვიზამთ?“ – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი – საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას გლობალური გაურკვევლობის ფონზე

ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის 2026 წლის საგაზაფხულო შეხვედრების დასრულების შემდეგ,m სსფ-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, იერუნ კლიკმა საქართველოს ეკონომიკის მიმდინარე მდგომარეობა დადებითად შეაფასა.იერუნ კლიკის განცხადებით, საქართველოს დელეგაციასთან გამართული შეხვედრები კონსტრუქციული იყო. მისი თქმით, განხილვის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეროვნული ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ქვეყნის ეკონომიკის წინაშე არსებულ გამოწვევებს გლობალური გაურკვევლობის ფონზე.სსფ-ის აღმასრულებელი დირექტორის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას და, რეგიონული და გლობალური რისკების მიუხედავად, პოზიტიურ დინამიკას ავლენს.ამასთან, იერუნ კლიკმა ხაზი გაუსვა ტექნიკური დახმარების მიმართულებით თანამშრომლობას და დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ სსფ-ის მხარდაჭერის ეფექტიანი გამოყენება, რაც, მისი თქმით, დამატებით ღირებულებას ქმნის.მისივე განცხადებით, თბილისში განხორციელებული ვიზიტის ფარგლებში IV მუხლის მისია წარმატებით წარიმართა და ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტების განსაზღვრას შეუწყო ხელი.ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის პრესსამსახური ავრცელებს.

ირანის უმაღლესი სამხედრო შტაბის გენერალი – რევოლუციურმა გვარდიამ ისრაელი და აშშ სასოწარკვეთამდე, დაღლილობამდე მიიყვანა და ზავის დადების თხოვნა აიძულა

ირანის უმაღლესი სამხედრო შტაბის გენერლის განცხადებით, რევოლუციურმა გვარდიამ ისრაელი და აშშ „სასოწარკვეთამდე და დაღლილობამდე მიიყვანა და ზავის დადების თხოვნა აიძულა“.გენერალ-მაიორ აბდულაჰის თქმით, ირანის შეიარაღებული ძალები არ დაუშვებენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა „მიწაზე არსებული ვითარების შესახებ მცდარი სურათი შექმნას“, განსაკუთრებით ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით.ამასთან, როგორც „ბიბისი“ წერს, კვლავ გაურკვეველია,  გაემგზავრება თუ არა ირანის დელეგაცია ისლამაბადში აშშ-თან მოლაპარაკებების მეორე რაუნდისთვის. 

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატების სფეროში თანამშრომლობის მოთხოვნა 11 ქვეყნისგან მიიღო, ვაკვირდებით კავკასიასაც

უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატების სფეროში თანამშრომლობის მოთხოვნა 11 ქვეყნისგან მიიღო, ვაკვირდებით კავკასიასაც, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ტელეგრამარხზე გავრცელებულ განცხადებაში ამბობს.მისი თქმით, უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებს სფეროში უკვე გააფორმა 10-წლიანი კონტრაქტები საუდის არაბეთთან, კატართან და არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან.„ჩვენ ასევე  გვაქვს მოთხოვნა 11 ქვეყნისგან – ახლო აღმოსავლეთის და სპარსეთის ყურის რეგიონიდან, დამატებით თანდათან ვაკვირდებით კავკასიასაც. დრონების თაობაზე ამ გარიგებაში იქნება, სულ მცირე, 10 სხვადასხვა შეთანხმება უკრაინული შეიარაღების ამა თუ იმ ექსპორტის შესახებ“, – წერს ზელენსკი.მისივე თქმით, შეთანხმებების ფარგლებში გათვალისწინებულია როგორც დრონების ერთობლივი წარმოება, ასევე საწარმოო ხაზის მშენებლობა როგორც უკრაინაში, ისე სხვა სახელმწიფოებში.ზელენსკი ასევე ამბობს, რომ ამ კუთხით უკვე დაწყებულია სამუშაოები გერმანიასთან, იტალიასთან, ნორვეგიასთან, შვედეთსა და ნიდერლანდებთან.

ბოლო სიახლეები