ხუთშაბათი, მარტი 5, 2026

მიხეილ ყაველაშვილი: ძვირფასო სამხედროებო, თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი და მყარი საფუძველი, რომელზეც დაფუძნებულია საქართველოს მშვიდობიანი აწმყო. სწორედ თქვენს პროფესიონალიზმსა და ერთგულებაზე დგას ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი მომავალი

„ძვირფასო სამხედროებო, თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი და მყარი საფუძველი, რომელზეც დაფუძნებულია საქართველოს მშვიდობიანი აწმყო. სწორედ თქვენს პროფესიონალიზმსა და ერთგულებაზე დგას ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი მომავალი“,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის  აკადემიის  106 წლის იუბილესა და  აკადემიის კურსდამთავრებულთა დაჯილდოვების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, ეროვნული თავდაცვის აკადემიის პირად შემადგენლობას, იუნკრებსა და მსმენელებს აკადემიის 106 წლის იუბილე მიულოცა და კურსდამთავრებულებს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

„ამაყი ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, სიტყვით მოგმართოთ ღირსეულ, მამაც და პატრიოტ მამულიშვილებს, ჯარისკაცებს, ვინც საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ყველაზე ძვირფასს – ჩვენი სამშობლოს სუვერენიტეტსა და თავისუფლებას იცავთ. დღეს ჩვენ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის 106 წლის იუბილეს აღვნიშნავთ. თითოეულ თქვენგანს გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ ჩვენი ქვეყნისთვის საკეთილდღეო საქმიანობაში. განსაკუთრებით გილოცავთ კურსდამთავრებულებს, ვინც იმ დიდებული ქართველი ოფიცრების რიგებს უერთდებით, რომელთა სიმამაცეზე, პატრიოტიზმსა და პროფესიონალიზმზე იდგა, დგას და მომავალშიც იდგება ჩვენი ქვეყნის ღირსება და უსაფრთხოება!“- განაცხადა პრეზიდენტმა.

მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ქართული სამხედრო საქმიანობა, ყოველთვის ეფუძნებოდა ერთი მხრივ წინდახედულობას, სიბრძნესა და ისტორიულ გამოცდილებას,  ხოლო მეორე მხრივ, ერთგულებას, თავდადებას და სამშობლოს უანგარო სიყვარულს.

„თქვენ ხართ ადამიანები, ვინც უნდა იყოს ქართული, პატრიოტული, შეუდრეკელი სულის მაგალითი დანარჩენი საზოგადოებისთვის. ქართული სამხედრო საქმიანობა, ყოველთვის ეფუძნებოდა ერთი მხრივ წინდახედულობას, სიბრძნესა და ისტორიულ გამოცდილებას,  ხოლო მეორე მხრივ, ერთგულებას, თავდადებასა და სამშობლოს უანგარო სიყვარულს. სწორედ აღნიშნული პრინციპების დაცვა იქნება თქვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. გერქვას ღირსეული ჯარისკაცი, ნიშნავს რომ განუხრელად იცავდე ამ პრინციპებს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასა და უწყების თითოეულ თანამშრომელს დაკისრებული მოვალეობის უმაღლეს დონეზე შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა.

„საქართველოს თავდაცვის ძალების გაძლიერება და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა. მინდა მადლობა გადაგიხადოთ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას და თითოეულ თანამშრომელს დაკისრებული მოვალეობის უმაღლეს დონეზე შესრულებისთვის. მიხარია, რომ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ გაიზარდონ უმაღლესი დონის ოფიცრები. პროფესიული მომზადების მიღმა, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ენთუზიაზმს, სიყვარულსა და პატრიოტიზმს, რომელიც ამ ქვეყნის შვილებს ისტორიულად მოგვდგამს. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა მაშინ, როდესაც საქმე სამშობლოს დაცვას ეხება“- განაცხადა პრეზიდენტმა.

ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის კურსდამთავრებულებს დიპლომები გადასცა. ასევე,  მიხეილ ყაველაშვილმა, თავდაცვის მინისტრთან და თავდაცვის ძალების მეთაურთან ერთად, აკადემიის ბიბლიოთეკაში ოკუპაციის მუზეუმი გახსნა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ლაშა ფარულავა – ჩვენი ამოცანაა, გაგრძელდეს ბრძოლა მშვიდობიანი კალაპოტით, გაძლიერდეს საგარეო წნეხი, ვაიძულოთ „ქართული ოცნება“, დანიშნოს სამართლიანი არჩევნები, გაათავისუფლონ პოლიტპატიმრები

ჩვენი ამოცანაა, მშვიდობიანი გზით, საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით ვაიძულოთ „ქართული ოცნება“, დანიშნოს სამართლიანი არჩევნები, გაათავისუფლონ პოლიტპატიმრები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ ოპოზიციის გაერთიანების საკითხზე საუბრისას განაცხადა.მისივე თქმით, განაგრძობენ კომუნიკაციას ყველა პოლიტიკურ პარტიასთან.„დემოკრატიულმა ოპოზიციამ გააფორმა ალიანსი. ვაგრძელებთ კომუნიკაციას ყველა პოლიტიკურ პარტიასთან. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ უნდა გაგრძელდეს ბრძოლა, რა თქმა უნდა, მშვიდობიანი კალაპოტით, ასევე გაძლიერდეს საგარეო წნეხი, მათ შორის ივანიშვილის რეჟიმის მიმართ ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენებით. ვმუშაობთ, რომ პოლიტპატიმრები დავიხსნათ და ქვეყანაში თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები ჩავატაროთ, რათა ქართველმა ხალხმა შეძლოს საკუთარი სურვილების რეალიზება. პირველ რიგში, ევროპული არჩევანის საკითხი არის უმნიშვნელოვანესი. სწორედ ივანიშვილმა მოაწყო ევროპული არჩევანის საბოტაჟი და ჩვენი ამოცანაა, მშვიდობიანი გზით, საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით ვაიძულოთ „ქართული ოცნება“, დანიშნოს სამართლიანი არჩევნები, გაათავისუფლონ პოლიტპატიმრები. ჩვენი გეგმა არის, რომ ვაგრძელებთ მუშაობას ერთიანობისთვის, შენარჩუნდება ბრძოლის მშვიდობიანი კალაპოტი, გაძლიერდება საერთაშორისო მექანიზმები, მათ შორის ფინანსური ინსტრუმენტები, რათა ივანიშვილი იძულებული გახდეს, დანიშნოს სამართლიანი არჩევნები, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.ცნობისთვის, 2 მარტს რამდენიმე ოპოზიციური პარტიის შეხვედრა შედგა, რომლის შემდეგაც ნიკა გვარამიამ განაცხადა: „ოპოზიციის ალიანსი შედგა, ჩვენ ვქმნით ერთობას ერთად გამარჯვებისთვის“.შეხვედრის მონაწილე ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივი განცხადებაც გაავრცელეს, რომელსაც ხელს აწერენ: „ახალი“, „გირჩი“, „დროა“, „ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „თავისუფლების მოედანი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“.

გია ვოლსკი – ოპოზიციამ იცის, რომ თეთრ სახლსა და სახელმწიფო დეპარტამენტში საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრები ურთიერთობების განვითარების წინაპირობას ქმნის, რაც მათ ისტერიკას იწვევს

ოპოზიციამ იცის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში, თეთრ სახლსა და სახელმწიფო დეპარტამენტში საპარლამენტო დელეგაციის მაღალი დონის შეხვედრები არათუ რამეს ნიშნავს, არამედ სწორედ ის ქმედებაა, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებისთვის წინაპირობას ქმნის და მათ ისტერიკას იწვევს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.ვოლსკი აშშ-ში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრებსა და ამასთან დაკავშირებით ოპოზიციის შეფასებებს გამოეხმაურა.„შემაშფოთებელი, შემაძრწუნებელია, რომ საქართველოში არსებობენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველომ ვერ უნდა ამოისუნთქოს, ვერ უნდა გაიხაროს იქამდე, ვიდრე იუკნევიჩიანესა და მარტა კოსს გარკვეული პრობლემები აქვთ. ამ ყველაფერს ცივსისხლიანად უნდა შევხედოთ, მათ თავისი ინტერესი აქვთ. მათი ინტერესია, როგორმე რუსეთის აგრესია, მათ შორის საქართველოს მიმართულებით იყოს დივერსიფირებული. ჩვენი ინტერესია, ეს არ დავუშვათ და ინტერესთა ჯახი იწვევს ამ ისტერიკას. ინტერესების დაპირისპირებაში საღი პოლიტიკური ძალა იმარჯვებს. ამ ვიზიტის კრიტიკას და ნებისმიერ სხვა ქმედებას, რომელსაც საქართველოსთვის დივიდენდი არ მოაქვს, უნდა შევხედოთ, როგორც უსამშობლო ადამიანების მოღალატეობრივ საქციელს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონში ვიზიტით იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: ნიკოლოზ სამხარაძე, მარიამ ლაშხი და ლიკა შარტავა.ვიზიტის ფარგლებში ნიკოლოზ სამხარაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ბრენდან ჰანრაჰანს შეხვდა. როგორც სამხარაძემ განაცხადა, შეხვედრაზე დაადასტურა მზაობა, დაიწყონ მუშაობა სტრატეგიული პარტნიორობის ახალ შეთანხმებაზე.ნიკოლოზ სამხარაძემ ასევე შეხვედრა გამართა აშშ-ის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილესთან, ენდრიუ ბეიკერთან. როგორც სამხარაძემ აღნიშნა, შეხვედრის მთავარი თემა იყო ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გამოსწორება, გაჯანსაღება და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო – ირანის დრონებით თავდასხმებთან დაკავშირებით მზადდება საჭირო საპასუხო ზომები, აგრესიის ეს აქტები უპასუხოდ არ დარჩება

ირანის დრონებით განხორციელებულ თავდასხმებთან დაკავშირებით მზადდება საჭირო საპასუხო ზომები, აგრესიის ეს აქტები უპასუხოდ არ დარჩება, – ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, დრონების ტექნიკური პარამეტრები და თავდასხმების დეტალები გამოძიების პროცესშია.სამინისტროს განცხადების თანახმად, ინციდენტზე სრული პასუხისმგებლობა ირანის ისლამურ რესპუბლიკას ეკისრება.„აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო მკაცრად გმობს ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მიერ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებს, სამხედრო აუცილებლობის არარსებობის მიუხედავად. აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო ამზადებს აუცილებელ საპასუხო ზომებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დასაცავად, მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, აგრესიის ეს აქტები უპასუხოდ არ დარჩება“, – ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ირანული დრონის აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

აზერბაიჯანული წყაროები ნახიჩევანის აეროპორტის ტერიტორიაზე ირანული დრონის აფეთქებისას გადაღებულ ფოტო-ვიდეოს ავრცელებენ

აზერბაიჯანული წყაროები ქალაქ ნახიჩევანის აეროპორტის ტერიტორიაზე ირანული დრონის აფეთქებისას გადაღებულ ფოტო-ვიდეოს ავრცელებენ.ნახიჩევანში დრონის აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. აზერბაიჯანული მედიის თანახმად, კიდევ ერთი დრონი სოფელ შეკარაბადში შეფრინდა.აეროპორტის მახლობლად მდებარე სკოლებში შეჩერდა სასწავლო პროცესი, ხოლო მასწავლებლები და მოსწავლეები ევაკუირებულნი არიან.აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, ბაქო თეირანისგან მოითხოვს, მოკლე ვადაში განმარტოს ზემოაღნიშნული საკითხი, წარადგინოს ახსნა-განმარტება და მიიღოს აუცილებელი და სასწრაფო ზომები, რათა მომავალში მსგავსი ინციდენტები არ განმეორდეს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანული მხარე იტოვებს უფლებას, მიიღოს შესაბამისი საპასუხო ზომები.ამასთან, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მოჯტაბა დერმიჩილუ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

თბილისის ზღვის მიმდებარედ რეკრეაციული და გასართობი სივრცის მოწყობაზე თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თბილისის მერიას, საქველმოქმედო ფონდ „ქართუსა“ და ბრიტანულ საკონსულტაციო კომპანია Leisure Development Partners-ს (LDP) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მხარეებს შორის შეთანხმების საგანია თბილისის ზღვის არეალში გასართობ-სარეკრეაციო თემატური სივრცის შექმნა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.მერიის ცნობით, ხელშეკრულებას თბილისის მერმა კახა კალაძემ, ფონდ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორმა ნიკოლოზ ჩხეტიანმა და Leisure Developmennt Patners-ის წარმომადგენელმა ნატალი ბახლინმა მოაწერეს ხელი.ბრიტანული კომპანია, ფონდ „ქართუსთან“ ხელშეკრულების საფუძველზე, პირველ რიგში, ჩაატარებს პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ ანალიზს, მეორე ეტაპზე კი შეიქმნება კონცეპტუალური დიზაინი.„ფონდ „ქართუს“ დახმარებით, ვიწყებთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას თბილისში ახალი რეკრეაციული და გასართობი სივრცის მოსაწყობად. სასიამოვნოა ასევე ის ფაქტი, რომ, რაც დედაქალაქს უკავშირდება, საზოგადოების უდიდეს ინტერესს იწვევს. თბილისში არაერთი პარკია, მათგან რამდენიმე ისტორიული ღირებულებისაა და საქალაქო მნიშვნელობის სტატუსი აქვს, მაგრამ არ გვაქვს თანამედროვე სტანდარტების მქონე მასშტაბური გასართობი პარკი, რაც არა მხოლოდ თბილისელებისთვის იქნება შეკრებისა და გართობის მიზიდულობის ცენტრი, არამედ ტურისტულ რუკაზეც აისახება. საუბარია თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი სარეკრეაციო-დასასვენებელი ზონის შექმნაზე, სადაც დაგეგმილია, გაშენდეს ატრაქციონების პარკი. სარეკრეაციო ზონა გააერთიანებს, როგორც გართობის, ისე შემეცნებისა და დასვენების ყველა იმ კომპონენტს, რომელიც დღეს გავრცელებულია მსოფლიოში“, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.მისი თქმით, მსოფლიოში ცნობილი საკონსულტაციო კომპანია LDP, გასართობი ინდუსტრიისა და ტურისტული პროექტების ტექნიკურ-ეკონომიკურ ანალიზსა და სტრატეგიის შემუშავებაზეა ორიენტირებული. შესაბამისად, სარეკრეაციო და გასართობი სივრცის მშენებლობის დეტალური პროექტი მათ მიერ შემუშავებული კვლევების მიხედვით მომზადდება.„მინდა, მადლობა გადავუხადო ფონდ „ქართუს“ და მისი დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახს თბილისისთვის მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში ჩართულობისთვის. თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი რეკრეაციული და გასართობი სივრცის შექმნა ხელს შეუწყობს ქალაქის ეკონომიკური და ტურისტული მიმართულების ზრდას, ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას, თბილისის, როგორც თანამედროვე ევროპული ქალაქის იმიჯის გამყარებას და რაც მთავარია, შექმნის პოზიტიურ გარემოს, სადაც ბავშვები, ახალგაზრდები, ყველა ასაკის ვიზიტორები დაისვენებენ და გაერთობიან“, - აღნიშნა კახა კალაძემ.ნიკოლოზ ჩხეტიანის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ფონდი „ქართუ“ დედაქალაქში გამწვანების რამდენიმე მსხვილ პროექტს ახორციელებს, რომელთა შორის მთაწმინდის ფერდის გამწვანებისა და თბილისის ცენტრალური პარკის მშენებლობაა, თბილისს ესაჭიროება ახალი ყაიდის რეკრეაციული ზონა, სადაც გართობასთან ერთად, დასვენების შესაძლებლობა იქნება.„ფონდი „ქართუ“ კვლავ ჩვენი ქვეყნის სამსახურშია და გვერდით უდგას სახელმწიფო სამსახურებს, მათ შორის თბილისის მერიას, იმ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში, რომლებიც ჩვენს ქვეყანას და დედაქალაქს ესაჭიროება“, - აღნიშნა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.ბრიტანული საკონსულტაციო კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით კი, ახალი პროექტი საქართველოს ბაზრისთვის პოზიტიურ ცვლილებებს მოიტანს.„მოხარული ვართ, რომ ჩავერთეთ მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტის განხორციელებაში. დარწმუნებული ვარ, ეს ინვესტიცია მოიტანს საკმაოდ პოზიტიურ ცვლილებებს საქართველოს მოსახლეობისთვის. როგორც კონსულტანტები, ჩვენი როლია, ვმართოთ დიზაინის გუნდი იმისთვის, რომ შევქმნათ საკმაოდ ამბიციური პროექტი და კონცეფცია, რომელიც დაკავშირებულია ბაზრის რეალობასთან და შესასრულებელ სამუშაოსთან. ვფიქრობ, მაქსიმალურად შევძლებთ ამ მნიშვნელოვანი შესაძლებლობის განხორციელებას“, - განაცხადა ნატალი ბახლინმა.ხელისმოწერის ღონისძიებას დაესწრნენ თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, მერის მოადგილეები, რაიონების გამგებლები, საკრებულოსა და პარლამენტის წევრები, ასევე, ფონდი „ქართუსა“ და ბრიტანული კომპანიის წარმომადგენლები.

ბოლო სიახლეები