ჩვენ არასოდეს ზურგი არ შეგვიქცევია, არც ახლა ვემიჯნებით ევროკავშირში გაწევრიანებას, პირიქით იმედს გამოვთქვამთ და ვამბობთ, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობაც და მიზანიც, მოვემზადოთ, იმ ღირებულებების გათვალისწინებით, რომლის გარშემოც იყო მთელი ჩვენი ერი გაერთიანებული, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.
როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, ევროკავშირი არის საშუალება, ჩვენი ქვეყანა გახდეს უფრო ძლიერი, ღირებულებებისა და ეროვნული ინტერესების დაცვით.
„არ შეიძლება, ერთი ევროპარლამენტარის ან ევროსაბჭოს თავმჯდომარის შეხედულებით განისაზღვროს მთლიანი ევროპა და მისი ღირებულებები. ჩვენთვის ევროკავშირი არ წარმოადგენს მიზანს, გინდა, თუ არა, ევროკავშირის წევრი გვინდა, ვიყოთ. ჩვენთვის ევროკავშირი არის საშუალება, ჩვენი ქვეყანა უფრო ძლიერი გახდეს. ის ღირებულებები და ის ხელშესახები ჩვენი ტრადიციები, ეროვნული ინტერესები, სამართლიანობის განცდა, ეს მთელი შეკრული მექანიზმი აღსრულდეს. ამ თვალსაზრისით ვხედავდით ევროპაში ჩვენ თავს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირის შეფასებებმა ქართულ საზოგადოებაში ფასი დაკარგა და ევრობიუროკრატების გზავნილებს აღარ აქვს ის დატვირთა, რაც სამი, ოთხი ან ათი წლის წინ ჰქონდა.
„ჩვენი და ევროკავშირის ურთიერთობები თითქმის ყოველ კვირა, ყოველ თვე იცვლის ხასიათს, თუმცა ძალიან კარგია, რომ საქართველოს მოქალაქეებში რეალური სახე მიეცა ნამდვილ ევროკავშირს, ნამდვილი ევროპის აღქმას და იმ ბიუროკრატიას, რომელსაც კაია კალასი წარმოადგენს.
ჩვენი საზოგადოების თითქმის უმრავლესობა მარტივად ხვდება, რომ ორმაგი სტანდარტი, არასამართლიანი დამოკიდებულება, მათი მხრიდან დარღვეული დიპლომატიური ხედვები, არჩევნებში ჩარევები, ყველაფერი ერთად ქმნის ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებას. ამაში პირდაპირ შეგვიძლია, დავადანაშაულოთ ევრობიუროკრატია, რომელმაც აჩვენა სახე და თავად ევროკავშირის კრიზისი, რომელზეც არა მარტო საქართველო, არამედ ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ძლიერი სახელმწიფო – აშშ, არსებულ ევროკავშირში ჩვენი თანამოაზრე ქვეყნების ლიდერები, უნგრეთი, სლოვაკეთი საუბრობენ, ჩეხეთმაც დაიწყო საუბარი. გერმანიასა და საფრანგეთს შორის უთანხმოებებია, ეს მოასწავებს კრიზისს ევროკავშირში. ჩვენ მუდმივად მოვუწოდებდით ევროკავშირს, ყოფილიყო კონსტრუქციული, სამართლიანი, თანასწორი დამოკიდებულება, ის, რისთვისაც ჩვენ გვაქვს სურვილი, გავხდეთ ევროკავშირის წევრი“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

