ორშაბათი, იანვარი 26, 2026

მიხეილ სარჯველაძე: უნდა ვიპოვოთ ოპოზიციასთან საერთო შეხების წერტილები, უამისოდ ძნელად მესახება რაიმე შეთანხმება შედგეს

უნდა ვიპოვოთ ოპოზიციასთან საერთო შეხების წერტილები, უამისოდ ძნელად მესახება რაიმე შეთანხმება შედგეს. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარე საამისოდ იყოს განწყობილი, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ოპოზიციის იმ ნაწილთან, რომელიც თავს იკავებს საპარლამენტო ცხოვრებაში ჩართვისგან, შეთანხმება შედგეს, ვიპოვოთ საერთო შეხების წერტილები და მათ შეასრულონ ის მოვალეობები, რომლებიც აკისრიათ არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე. მუშაობაში იგულისხმება ყველაზე მთავარი რამ, რომ ვიპოვოთ საერთო შეხების წერტილები პოზიციებს შორის, უამისოდ ძნელად მესახება რაიმე შეთანხმება შედგეს, მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარე საამისოდ იყოს განწყობილი. წითელი ხაზი იყო ახალი არჩევნების ჩატარება, სხვადასხვა კონფიგურაციითა და ვარიაციით. ეს, რა თქმა უნდა, კვლავ მიუღებელია, რადგან ამას არავითარი არგუმენტი არ განაპირობებს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დავით სონღულაშვილი – არსებობს შესაძლებლობა ადგილობრივ პროდუქციაზე ფასის კლების და ორგანიზებულ ქსელებში ქართული აგროსასურსათო პროდუქციის შესვლის ზრდის

განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო ადგილობრივ მწარმოებლებთან შეხვედრა. გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი, პირველ რიგში, რომ არსებობს შესაძლებლობა ადგილობრივ პროდუქციაზე ფასის კლების და ასევე, ორგანიზებულ ქსელებში ქართული წარმოების აგროსასურსათო პროდუქციის შესვლის ზრდის, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა განაცხადა.„დღევანდელი შეხვედრა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ შესაძლებლობას, რომელიც აქვს ადგილობრივ მწარმოებლებს, ერთი მხრივ, გაიზარდოს აგროსასურსათო პროდუქციის ადგილობრივი წარმოება და, მეორე მხრივ, მოხდეს ფასების კლება, რაც, ჯამში, აუცილებლად აისახება პოზიტიურად ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე“, – განაცხადა სონღულაშვილმა.დღეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში ქართველ მწარმოებლებს შეხვდა. როგორც პრემიერმა შეხვედრაზე აღნიშნა, პირველადი ინფორმაციით, არსებული თამაშის წესები ბაზარზე გარკვეულწილად ხელს უშლის ქართველ მწარმოებლებს, რომ უზრუნველყონ საკუთარი პროდუქციის სათანადოდ რეალიზაცია ქართულ ქსელურ მარკეტებში. კომისიის სხდომას ადგილობრივი წარმოების 25 წარმომადგენელი ესწრებოდა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა საბაჟოს საერთაშორისო დღე აღნიშნა

26 იანვარს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა მსოფლიოს საბაჟო ორგანიზაციის (WCO) 180-ზე მეტ წევრ ადმინისტრაციასთან ერთად, საბაჟოს საერთაშორისო დღე აღნიშნეს. 2026 წელს, საბაჟოს საერთაშორისო დღის სლოგანია - ,,საბაჟო - საზოგადოების დაცვის სადარაჯოზე“. მებაჟე ოფიცრებს პროფესიული დღე მიულოცეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა,  ასევე შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, ირაკლი (დაჩი) ბერაიამ და საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა, მიხეილ ჩოკოშვილმა. საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებმა მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის გენერალური მდივნის, იან სონდერსის  ვიდეო მილოცვა მოისმინეს. სამსახურებრივი მოვალეობის ღირსეულად შესრულებისა და მჭიდრო თანამშრომლობისთვის, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის მიერ დაწესებული ღირსების სერტიფიკატები გადაეცა საბაჟო დეპარტამენტის 20 მებაჟე ოფიცერს. აღსანიშნავია, რომ  ღონისძიების ფარგლებში, საბაჟო ადმინისტრაციასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობის საფუძველზე, WCO-ს მიერ დაწესებული ღირსების სერტიფიკატი გადაეცა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს. შემოსავლების სამსახური თითოეულ მებაჟე ოფიცერს და მსოფლიო საბაჟო საზოგადოებას ულოცავს პროფესიულ დღეს.

ანი წითლიძე – ისეთი ხალხი მაინც ნუ საუბრობთ „ნაცებზე“, ვინც დღემდე „ნაცების“ დროს ნაშოვნს ჭამთ, სასახლეებს იშენებთ

ისეთი ხალხი მაინც ნუ საუბრობთ „ნაცებზე“, ვისაც დღემდე ნაცების ნაყიდი ნიფხავი გაცვიათ, „ნაცების“ დროს ნაშოვნს ჭამთ, სასახლეებს იშენებთ და მანდ ცხვრობთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანი წითლიძე სოციალურ ქსელში წერს.როგორც წითლიძე წერს, გულისხმობს ვადო მაჭავარიანს.„ვადო მაჭავარიანს ვგულისხმობ. მიშა მაჭავარიანს გადაეცით, შვილს ასწავლოს, საიდანაც ჭამდნენ, მანდ არ აფურთხებენ, არაკაცობაა ეგ. ისე, მიშა მაჭავარიანი მადას შევარდნაძის დროსაც არ უჩიოდა“, – წერს ანი წითლიძე. 

ირაკლი კობახიძემ საბაჟო სამსახურის თანამშრომლებს მიმართა – მადლობას გიხდით სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობისთვის, თქვენი შრომა სახელმწიფოს ეკონომიკური უსაფრთხოების ფუნდამენტს ქმნის

პროფესიულ დღეს გილოცავთ საქართველოს საბაჟო სამსახურის თითოეულ თანამშრომელს და მადლობას გიხდით იმ მაღალი პროფესიონალიზმისა და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობისთვის, რომლითაც ჩვენს ქვეყანას თითოეული თქვენგანი ემსახურებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლების მიზანია, საქართველო ჩამოყალიბდეს მრავალფუნქციურ რეგიონულ ჰაბად, რაც კეთილდღეობას მოუტანს ყველას, მოქალაქეებსაც და პარტნიორებსაც, და ეს სტრატეგია მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ეფუძნება.„თქვენი შრომა ხშირად შეუმჩნეველია ფართო საზოგადოებისთვის, თუმცა ის ჩვენი სახელმწიფოს ეკონომიკური უსაფრთხოების ფუნდამენტს ქმნის. სწორედ თქვენ უზრუნველყოფთ კანონიერი ვაჭრობის ხელშეწყობას, ბიუჯეტის შემოსავლების მობილიზებას და მოქალაქეების დაცვას კონტრაბანდული თუ სახიფათო პროდუქციისგან. თქვენი სამსახური თანამედროვე, გამჭვირვალე და ეფექტიან სისტემად ჩამოყალიბდა, რაც ეკონომიკური ზრდის, ინვესტორთა ნდობისა და სამართლიანი კონკურენციის ერთ-ერთი მთავარი პირობაა.საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე ჩვენს ქვეყანას ბუნებრივ კარიბჭედ აქცევს. საქართველო საიმედო დასაყრდენია ზღვაზე გასასვლელის არმქონე შვიდი სახელმწიფოსთვის, რომლებსაც გლობალურ სავაჭრო მარშრუტებზე წვდომას საქართველო სთავაზობს. ჩვენი მიზანია, საქართველო ჩამოყალიბდეს მრავალფუნქციურ რეგიონულ ჰაბად, რაც კეთილდღეობას მოუტანს ყველას, ჩვენს მოქალაქეებსაც და პარტნიორებსაც.ეს სტრატეგია ეფუძნება მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, მშრალი პორტები და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი ემსახურება საქართველოს როლის გაძლიერებას შუა დერეფანში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

სოზარ სუბარი: ახლოვადიან პერსპექტივაში ზანგეზურის დერეფანი ჩვენი კონკურენტი ვერ იქნება, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში პირიქით – ერთ სივრცეში რამდენიმე ალტერნატიული გზის არსებობა ხელს შეუწყობს მეტი...

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი და პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებზე, ზანგეზურის დერეფანზე, საქართველოს სატრანზიტო როლსა და რადიკალური ოპოზიციის პოზიციებზე საუბრობს.ე.წ. „ტრამპის დერეფნის“ დერეფნის სრულმასშტაბიანი ამოქმედება - ვგულისხმობ უახლოეს რამდენიმე წელიწადში გამორიცხულია, თუნდაც იქ არსებული რთული რელიეფის გამო. შესაბამისად, ეს დერეფანი ახლო პერსპექტივაში ვერ იქნება საქართველოზე გამავალი სატრანზიტო გზის კონკურენტი, - განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, როცა რეგიონში რამდენიმე ალტერნატიული მიმართულება გაჩნდება, ეს ხელს შეუწყობს ე.წ. შუა დერეფნით დაინტერესებას, შესაბამისად მოხდება მეტი ტვირთების მოზიდვა და საქართველოსთვისაც ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება.„უპირველეს ყოვლისა, ძალიან კარგია, რომ სამხრეთ კავკასიაში დამყარდა მშვიდობა და აზერბაიჯანმა აღიდგინა ტერიტორიული მთლიანობა. დღეს სომხეთის ხელისუფლებაც აღიარებს, რომ ეს პროცესი გარდაუვალი იყო და ყველას ინტერესში შედიოდა, ხოლო სომხურმა საზოგადოებამ იქ ჩატარებულ არჩევნებზე მხარი დაუჭირა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ყარაბაღი აზერბაიჯანის სუვერენულ ტერიტორიად აღიარა. ეს ნიშნავს, რომ ამ პროცესს საზოგადოებრივი მხარდაჭერაც ჰქონდა.მართალია, ორ ქვეყანას შორის ჯერ კიდევ ბევრი საკითხი რჩება გადაუწყვეტელი - დაწყებული საზღვრების დელიმიტაციით, გაგრძელებული ყარაბაღში მოსახლეობის დაბრუნების საკითხით და სხვა მრავალი პრობლემით - მაგრამ მთავარი ის არის, რომ სამხრეთ კავკასიის ერთ ნაწილში აღდგა ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი და დამყარდა მშვიდობა. დარწმუნებული ვარ, დადგება დრო, როდესაც - არა ომით, არამედ მშვიდობით - აღდგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობაც.რაც შეეხება ზანგეზურს და პრეზიდენტ ალიევის განცხადებას — რომ დღეს აზერბაიჯანიდან სომხეთში ტვირთები საქართველოს გავლით გადაადგილდება, თუმცა დადგება დღე, როდესაც ეს ტვირთები აზერბაიჯანიდან პირდაპირ სომხეთში შევა. როდესაც ორი ქვეყანა ერთმანეთის მეზობელია და მათ საერთო საზღვარი აქვთ, სრულიად ბუნებრივია, რომ ტვირთი პირდაპირი გზით შევიდეს ერთი ქვეყნიდან მეორეში და არა მესამე ქვეყნის გავლით. შესაძლოა, საქართველომ ამით მცირე შემოსავალი დაკარგოს, მაგრამ ეს, ჯერ ერთი, არც ეკონომიკურად არის დიდი მოცულობა და მეორე, ეს სავსებით ბუნებრივი პროცესია, ამას მოითხოვს გეოგრაფია და ელემენტარული საღი აზრი.რაც შეეხება ზანგეზურის დერეფანს, რომელიც, პირველ რიგში, ცენტრალურ აზერბაიჯანის თავისსავე ნაწილთან - ნახიჩევანის ავტონომიასთან დააკავშირებს - ეს არის უმოკლესი გზა აზერბაიჯანის ორ ნაწილს შორის. შესაბამისად, ამ გზაზე ტვირთების მოძრაობა სრულიად ბუნებრივი და მისასალმებელია. მეორე - ზანგეზურის დერეფნის გაგრძელება ნახიჩევანიდან თურქეთამდე და აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ახალი სატრანზიტო დერეფნის შექმნა, რასაც დღეს „ტრამპის დერეფანს“ უწოდებენ (პოლიტიკური ტერმინი, რომელიც გამოიყენება პროექტის საერთაშორისო მნიშვნელობის ხაზგასასმელად) - ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ნიშნავს თუ არა ეს საქართველოსთვის ტვირთების ნაწილის დაკარგვას? მე პირიქით, აქ პერსპექტივას უფრო ვხედავ: კავკასია პატარა რეგიონია და ის უნდა აღვიქვათ როგორც ერთი მთლიანი ეკონომიკური სივრცე, რის საშუალებასაც დღემდე ჩვენს სამეზობლოში არსებული კონფლიქტი არ იძლეოდა. როდესაც აქ იქნება კარგად დაცული დერეფანი, რომლის მიმართაც არის მაღალი საერთაშორისო ინტერესი, ეს აუცილებლად გამოიწვევს მისი ცნობადობის გაზრდას და დამატებითი ტვირთების მოზიდვას ამ დერეფნის ყველა განშტოებაზე, რაც საქართველოსთვისაც ძალიან მომგებიანი იქნება.საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის როლთან დაკავშირებული კიდევ ერთი პროექტი საქართველოს რადიკალური ოპოზიციის მორიგ მავნებლურ ნარატივს ამხელს. როდესაც აზერბაიჯანი აცხადებს, რომ მომავალში არა მხოლოდ აზერბაიჯანული, არამედ რუსეთიდან სომხეთისკენ ან თურქეთისკენ მიმავალმა ტვირთებიც შესაძლოა აზერბაიჯანის გავლით გაიაროს, აქ შეუძლებელია არ გავიხსენოთ ის ქვეყნისთვის დამაზიანებელი განცხადებები, რაც რადიკალურ ოპოზიციას ჰქონდა ქვეშეთი-კობის ახალი გზის და რეგიონში უდიდესი გვირაბის წინააღმდეგ, რომელმაც გუდაურისა და ჯვრის უღელტეხილის გვერდის ავლის უნდა დააკავშიროს ისტორიული ხევი, ანუ სტეფანწმინდა და დარიალის ხეობა დანარჩენ საქართველოს.მე პირადად ვარ ამ იდეის იდეის ავტორი: 2012 წელს, როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, მაშინდელ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს ვუთხარი, რომ ეს იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ქვეყნის განვითარებისთვის. სწორედ მაშინ დაიწყო ამ იდეის ჯერ განხილვა, შემდეგ პროექტის დამუშავება და დღეს უკვე მივედით იქამდე, რომ გვირაბი დამთავრებულია და მომავალ წელს ეს გზაც უნდა გაიხსნას.რატომ არის ეს პროექტი მნიშვნელოვანი?ჯერ ერთი, ყოველწლიურად, ზამთრის განმავლობაში, საქართველოს ერთ-ერთი ისტორიული კუთხე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტი 2-3 თვით მოწყვეტილია დანარჩენ საქართველოს. ამავე დროით, ბუნებრივია, შეწყვეტილია ტრანზიტული მოძრაობა, ხალხი წვალობს, ტვირთები არ მოძრაობს. არადა, ეს არის უმოკლესი გზა, რომელიც სომხეთს, თურქეთს და სამხრეთის სხვა ქვეყნებს რუსეთთან აკავშირებს. ბუნებრივია, არავის მოსწონს დერეფანი, რომელიც ყოველწლიურად 2-3 თვით დაკეტილია. შესაბამისად, რადგან ჩნდება ალტერნატივა სომხეთ-აზერბაიჯანის მარშრუტის სახით, ბუნებრივია, რომ მომავალში მთელი ტვირთბრუნვა იქით გადაინაცვლებდა.არადა, ნორმალური ფუნქციონირების შემთხვევაში დარიალის გზა არის უმოკლესი და ყველაზე მოხერხებული სატრანზიტო მაგისტრალი როგორც სომხეთისთვის, ისე თურქეთისა თუ სამხრეთით მდებარე სხვა ქვეყნებისთვის, რომელსაც აზერბაიჯანის ტრანზიტი ვერაფრით ჩაანაცვლებს. ქვეშეთი-კობის გვირაბისა და გზის დამთავრების შემდეგ სტეფანწმინდა-დარიალისკენ მიმავალი გზა კიდევ უფრო მოკლდება, ფართოვდება და, რაც მთავარია, წლის ნებისმიერ დროს იქნება უსაფრთხო და ფუნქციური. სწორედ ეს არ მოსწონს კოლექტიურ ნაცმოძრაობას და ამიტომ ებრძოდნენ ამ გზის მშენებლობას, მიზეზად კი იმას აცხადებდნენ, თითქოს ამ გვირაბით რუსული ტანკები თბილისში უფრო ადვილად შემოვლენო. ლაპარაკია იმ ტანკებზე, რომლებიც, მათი მოღალატური პოლიტიკის გამო, თბილისიდან 30 კილომეტრში, ახალგორში არიან განლაგებული და არაფერში სჭირდებათ დარიალიდან შემოჭრა,“ — განაცხადა სოზარ სუბარმა.

ბოლო სიახლეები