სახელმწიფო აქტიურად ჩაერევა იმ პროცესში, რომ რაც შეიძლება მეტად და ეფექტიანად იქნეს დაცული მომხმარებლის ინტერესი. ვფიქრობთ, რომ გაფართოვდეს წრე მედიკამენტებისა, რომლებზეც დაწესებული იქნება რეფერენტული ფასები, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მიხეილ სარჯველაძემ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დადგენის მექანიზმზე ისაუბრა და განმარტა, რომ ფასების გადახედვა მუდმივად მიმდინარეობს, ამ ეტაპზე კი მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები სამართლიანად არის დადგენილი.
„კონკრეტულ მედიკამენტზე ფასის ცვლილების საჭიროება თუ გამოიკვეთა, ამას დადგენილი პერიოდულობით განვიხილავთ და გადაწყვეტილებას არ ვაყოვნებთ. ჩვენთვის მთავარი მომხმარებლის ინტერესია და მიგვაჩნია, რომ უკვე დადგენილი ფასები სამართლიანია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ, რომლის კომენტარსაც ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მისივე თქმით, მთავარი პრიორიტეტია, რომ მედიკამენტები საქართველოში ხელმისაწვდომი იყოს იმავე ფასად, რა ფასადაც ისინი შესაბამის ოთხ სახელმწიფოში იყიდება.

