საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთმა კომპანიამ დაარღვია ხელშეკრულება და პრობლემები შეიქმნა მის მიერ წარმოებული ინსულინის მოწოდებასთან დაკავშირებით, ზოგადად, ქვეყანაში ინსულინის ხელმისაწვდომობაზე შეფერხება არ არსებობს და მის გარეშე არავინ დარჩება.
სარჯველაძის თქმით, მშობლებს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს, მკურნალობა გაგრძელდეს ალტერნატიული პრეპარატით და მოხდეს მისი ჩანაცვლება.
„მიუხედავად იმისა, რომ მეორე მედიკამენტზე არის მწარმოებელი კომპანიის მხრიდან გარკვეული წყვეტა მოწოდების თვალსაზრისით, საქართველოში ინსულინის მომარაგება არც შეწყვეტილა, არც შეფერხება ჰქონია და ის ხელმისაწვდომია. უბრალოდ, სხვა დასახელების ინსულინზეა საუბარი. ეს ხაზგასმით უნდა აღინიშნოს. გვესმის, რომ არის კეთილგანწყობა კონკრეტულად ამ დასახელების მედიკამენტის მიმართ, აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს დადებული აქვს ხელშეკრულება მომწოდებელთან. მომწოდებელ კომპანიას აქვს გარკვეული შეფერხება, რაც, იმედი მაქვს, ძალიან სწრაფად აღმოიფხვრება. ბევრ ადამიანს, რომელიც შეეცადა, პოლიტიკური დივიდენდების დაწერის მიზნით ხმამაღალი, აჟიოტაჟური განცხადებები ეკეთებინა, წესით, ბოდიშის მოხდა უნდა მოუწიოთ, მათ შორის მშობლების ნერვიულობისთვის. ეცადნენ, მშობლებისთვის შეექმნათ აბსოლუტურად არასწორი, პანიკური მოლოდინი, რომ მათი შვილები, შესაძლოა, ინსულინის გარეშე დარჩნენ. ჯერ კიდევ მანამდე, ვიდრე საზოგადოებისთვის ცნობილი გახდებოდა ამბავი, მშობლებთან გვქონდა კომუნიკაცია. ყველას მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ არავითარ პრობლემას არ შეიცავს მედიკამენტის ჩანაცვლება. ბუნებრივია, სახელმწიფო გამოხატავდა მზადყოფნას, სადაც საჭირო იქნებოდა ექიმის კონსულტაცია და სხვა ნებისმიერი მხარდაჭერა. ბოლოს, როდესაც მშობლებს შევხვდით, ვისაუბრეთ ამ თემასთან დაკავშირებით და შევთანხმდით, რომ ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, ნებისმიერი შესაძლო სირთულის შემთხვევაში, სახელმწიფო მზად არის, უკლებლივ ყველა პრობლემა მოაწესრიგოს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ასეთი პრობლემები არ იქმნება“, – განაცხადა სარჯველაძემ.
ამასთან, სარჯველაძე იმედოვნებს, რომ კომპანია, რომელმაც ხელშეკრულება დაარღვია, ვალდებულებებს შეასრულებს და თანამშრომლობა გაგრძელდება.
„რასაკვირველია, ჯერ კიდევ აპრილიდან მოყოლებული გვაქვს კომუნიკაცია. ყოველდღიურს ვერ ვიტყვი, მაგრამ კვირაში რამდენჯერმე ხდება კომუნიკაცია. აპრილიდან მოყოლებული უწყვეტად გვაქვს ასეთი კომუნიკაცია. თვითონ კომპანიის წარმომადგენელმა გააკეთა განცხადება, რომ ეს არ არის მხოლოდ საქართველოში შექმნილი პრობლემა, მიწოდების პრობლემა აქვთ სხვა ქვეყნებშიც. მიუხედავად ამისა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ინსულინის მიწოდებას პრობლემა არ შექმნია. უბრალოდ, ამ შემთხვევაში დასახელებებია განსხვავებული. რაც შეეხება საკითხს, შეასრულებენ თუ არა ვალდებულებას, მაგალითად, იყო ინსინუაციური განცხადებებიც, თითქოს ვინმე გადის ბაზრიდან, ეს სინამდვილეს არ შეესაბამება. ყოველ შემთხვევაში, ჯერ კიდევ ოქტომბერში პირადად შევხვდი კომპანიას კოპენჰაგენში და იქ მსგავსი არაფერი თქმულა. პირიქით, სურვილი აქვთ, რაც შეიძლება სწრაფად შეასრულონ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და გაგრძელდეს თანამშრომლობა“, – განაცხადა სარჯველაძემ.

