გახარია, რომელიც მოითხოვდა, რომ მე უდანაშაულოდ ვყოფილიყავი ციხეში, რადგან ეს თურმე სტაბილურობას უწყობდა ხელს, ჩემთვის არის ამ რეჟიმის მსხვერპლი და მე მას ვუცხადებ სოლიდარობას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.
ამასთან, სააკაშვილის თქმით, „კატეგორიულად ითხოვს პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“.
„გაყოფის დრო რომ აღარ არის, მგონი, ამას ყველა ხვდება, ყველას სათითაოდ ანადგურებენ. გახარია, რომელიც მოითხოვდა, რომ მე უდანაშაულოდ ვყოფილიყავი ციხეში, რადგან ეს თურმე სტაბილურობას უწყობდა ხელს, არა მგონია, ახლა ამას ფიქრობდეს. ჩემთვის ის არის ამ რეჟიმის მსხვერპლი და მე მას ვუცხადებ სოლიდარობას. ირაკლი ოქრუაშვილს, რომლის ყალბი ჩვენებით მე ვიმყოფები ამ გისოსებს მიღმა, ვუცხადებ სოლიდარობას, რადგან მან გამოიჩინა პრინციპულობა ამ საოკუპაციო რეჟიმთან. მამუკა ხაზარაძეს ერთხელ წამოსცდა, რატომ ალაპარაკებენ სააკაშვილს ციხიდანო, ახლა თვითონაც არის გისოსებს მიღმა და მე მას ვუცხადებ სრულ ადამიანურ სოლიდარობას და აღვნიშნავ მის ვაჟკაცობას, რომ არ ითანამშრომლა ამ რეჟიმთან. მინდა, ვთქვა, რომ კატეგორიულად ვითხოვ მის და სხვა პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.