“მინდა გითხრათ, რომ მთელი ეს პერიოდი უკრაინა ემზადება გამარჯვებისთვის და ჩვენ გვამზადებენ კაპიტულაციისთვის, ჩვენ გვამზადებენ ჩაბარებისთვის ლოზუნგით – აბა ომი ხომ არ გინდათ? მე მინდა ვუთხრა მათ, ვინც ჭამს ამ ლოზუნგს – მეგობრები, ომი და უბედურება დაიწყება მას შემდეგ, რაც ჩაგვაბარებენ.” – ამის შესახებ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმეში ”ბრალდებულმა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქოსასამართლოში დღევანდელ პროცესზე განაცხადა.
“2008 წელს მე გადავარჩინე თბილისი ამ ტრაგედიას იმიტომ, რომ მთელი მსოფლიო დაგვიდგა გვერდით.
ბუჩა ჩაბარებული იყო იმ გაგებით, რომ ოკუპირებული იყო. ის ხალხი ვინც გაკოჭეს, დახოცეს, ყელი გამოჭრეს, იმ ხალხს არ ჰქონდა წინააღმდეგობის თავდაპირველი სურვილი, ის ხალხი უბრალოდ დახოცეს იმიტომ, რომ როდესაც ოკუპანტი შემოდის, ის მერე იწყებს სისხლისღვრას და მერე იწყებს ხოცვას.
გავიგოთ ის, რაც მთავარი საფრთხე გვაქვს, რომ თუ საქართველოს ჩააბარებენ, რუსები, რომლებიც შემოვლენ თბილისში, მათ ჩვენ ვეზიზღებით და მაშინ დაერევიან მოსახლეობას, მაშინ დახოცავენ ხალხს, მაშინ დაეპატრონებიან ჩვენს ქონებას, მაშინ გაანადგურებენ ქართველ ერს.
ის ხალხი ვინც დღეს კაპიტულაციაზე ლაპარაკობს, ჩაბარებაზე ლაპარაკობს. ის ხალხი არის ვინც გვამზადებს ძალიან დიდი სისხლის აბაზანებისთვის, ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი გვქონდეს გაცნობიერებული. ჩვენ არა ვართ მოღალატეების ერი, ჩვენ ვართ მებრძოლი და თავმოყვარე ერი და ეს არაერთხელ დავამტკიცეთ, მათ შორის, 2008-ში როცა გადავარჩინეთ საქართველო” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ეგახსენებ, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედი“-ს დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი – 9 024 367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე და ამ საქმეებზე მიმდინარეობს განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში.
ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე, მიხეილ სააკაშვილი 3 ინსტანციის სასამართლოს განაჩენებით, ცნობილია დამნაშავედ სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით), 25,117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზება) და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს და №12 რუსთავის ციხეში შეასახლეს.