2003 წლის შემდეგ საქართველოში ვცდილობდი ლინგვისტური რევოლუციის მოხდენას, რაც სკანდინავიაში და ჰოლანდიაში გააკეთეს 70-იან წლებში. შემოვიღეთ წესი, რომ ტელევიზიებით ყველა უცხოური ფილმი უნდა გასულიყო არა დადებული ხმით, არამედ ორიგინალის ენით და ქართული სუბტიტრებით, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც სააკაშვილი წერს, ამ წესის აღსრულება მკაცრად კონტროლდებოდა შესაბამისი თანამშრომლების მიერ.
სააკაშვილი ასევე წერს, რომ სოციალურმა ქსელებმა გააკეთა ის, რაც მან ვერ დაასრულა.
„ამ მიდგომის შედეგად სკანდინავები და ჰოლანდიელები თავისუფლად საუბრობდნენ ინგლისურად, განსხვავებით დანარჩენი ევროპისგან, სადაც ფილმები გადიოდა დადებული ხმით. შემდეგ, ჩამომყავდა წელიწადში ორი ათასი ამერიკელი მასწავლებელი. ვემზადებოდით ახალი კანონის მისაღებად, რომლებიც სამედიცინო საინჟინრო, არქიტექტორული ფაკულტეტების კურსდამთავრებულებს დაავალდებულებდა დიპლომის ინგლისურად დაცვას. ივანიშვილმა დახურა ამერიკული მასწავლებლების პროგრამა და გააუქმა ტელევიზიების ვალდებულებები ინგლისური ენის მხარდაჭერის. მას არაფერში სჭირდება, რომ ხალხმა ინფორმაცია მიიღოს ინგლისურენოვანი წყაროებიდან, თუმცა ამასობაში წამოგვეწია ტექნოლოგიური რევოლუცია. სოციალურმა ქსელებმა გააკეთა ის, რაც მე ვერ დავასრულე. ხალხი, განსაკუთრებით ბავშვები და ახალგაზრდები მაქსიმალურად ალაპარაკდნენ ინგლისურად. ამას ვატყობ ჩემი შვილების, ნიკუშას და ალისას მაგალითზე – ორივესთვის ბავშვობიდან ინგლისური მეორე მშობლიური ენაა. ამის პარალელურად, ნიკუშამ ისწავლა იაპონური და ჰინდი, ხოლო ალისამ რუსული და ახლა ფრანგულს სწავლობს. ისინი სახლში კი საუბრობენ ქართულად, მაგრამ განზოგადებულ თემებზე არჩევენ ინგლისურს. კარგია ეს თუ ცუდი? ერთი მხრივ, ძალიან კარგი – თუ გვინდა, რომ კონკურენტუნარიანი ვიყოთ მსოფლიოში, მაგრამ, ამავე დროს, არცერთ შემთხვევაში არ უნდა დავივიწყოთ ქართული, რომელიც ჩვენი უმთავრესი იდენტობაა. ზუსტად იგივე პროცესი მიმდინარეობს მთელ მსოფლიოში და ჩვენ ამ კონტექსტში ვჯდებით“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

