სამშაბათი, მარტი 10, 2026

„მინდა დავაფიქსირო ჩემი, როგორც ერთი მოქალაქის აზრი და პოზიცია…“ – ხვიჩა კვარაცხელია მიმართვას ავრცელებს

ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

„მოგესალმებით, ვადევნებ თვალს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და მინდა დავაფიქსირო ჩემი, როგორც ერთი მოქალაქის აზრი და პოზიცია.

ქართველის ხალხის სურვილი და ნება არის ევროპული გზით სიარული და სვლა, ეს ჩვენი ისტორიული არჩევანია, ერთადერთი სწორი არჩევანი და დაუშვებელია ამ გზიდან გადახვევა. ეს ქვეყანა ეკუთვნის ხალხს და არავინ დგას ხალხის ნებაზე მაღლა.

მტკივა ჩემი ქვეყანა, მტკივა ჩემი ხალხი მტკივნეული და ემოციურია იმ ვიდეოების ყურება, რაც ვრცელდება, შეწყვიტეთ ძალადობა და აგრესია! საქართველო იმსახურებს ევროპას დღეს ისე როგორც არასდროს!“, – წერს კვარაცხელია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის მხრიდან თურქეთის, აზერბაიჯანისა და კვიპროსის წინააღმდეგ ნებისმიერი სახის თავდასხმა უარყვეს და მას „ცრუ დროშის ოპერაცია“ უწოდეს

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ისმაილ ბაღაიმ ირანის მხრიდან თურქეთის, აზერბაიჯანისა და კვიპროსის წინააღმდეგ ნებისმიერი სახის თავდასხმა უარყო და მას „ცრუ დროშის ოპერაცია“ უწოდა.„ჩვენი თავდაცვა არანაირად არ უნდა იქნეს განმარტებული, როგორც რეგიონის რომელიმე ქვეყნის მიმართ მტრული დამოკიდებულება. რაც შეეხება აზერბაიჯანის ისლამურ რესპუბლიკას, თურქეთსა და კვიპროსს, შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ნათლად და ოფიციალურად განაცხადა, რომ ირანის ტერიტორიაზე ან ჩვენი შეიარაღებული ძალების მონაწილეობით მსგავსი ინციდენტები არ მომხდარა. კვიპროსთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის ოფიციალურმა ხელისუფლებამაც კი დაადასტურა, რომ მსგავსი ინციდენტი არ მომხდარა“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.ამასთან, ისმაილ ბაღაის თქმით, აშშ-ის სამხედრო ყოფნა რეგიონში უსაფრთხოების წყაროს არ წარმოადგენს, არამედ პირიქით, რეგიონის ქვეყნებს შორის განხეთქილების მიზეზია.„აშშ-ის სამხედრო ყოფნა რეგიონში არანაირად არ წარმოადგენს უსაფრთხოების ან სტაბილურობის წყაროს. პირიქით, აშშ-ის სამხედრო ყოფნა რეგიონის ქვეყნებში მხოლოდ დაუცველობისა და ქვეყნებს შორის განხეთქილების მიზეზია. ის ისლამურ ქვეყნებს შორის უთანხმოებას იწვევს“, – განაცხადა ირანის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.მისივე თქმით, „აგრესორებისთვის“ არ აქვს მნიშვნელობა, ირანელების რომელ ნაწილს დაესხმებიან თავს და ირანის რომელი ეთნიკური ჯგუფი ან რომელი ნაწილი დაზარალდება.

ირაკლი კობახიძე – თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა, აქედან ჩანს, რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ეს ტრაგედიაა

ჩვენი ექსპორტი ირანში არის ნახევარ პროცენტზე ნაკლები საერთო ვაჭრობაში და იმპორტი ირანიდან არის 1.4%. ასეთ დროს როცა საუბრობენ, რომ საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის, ერთი, რომ ტყუილი და მეორე, ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესების მიზანმიმართული დაზიანების მცდელობა, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.პრემიერმა უპასუხა კითხვას, რომელიც  საჯარო განცხადებებით ირანის თემის აქტუალიზაციას და სხვადასხვა დეზინფორმაციული ნარატივის გავრცელებას ეხებოდა.„ესეც არის საქართველოს მტრობა. ამიტომ ვსაუბრობთ ჩვენ იმაზე, რომ არ შეიძლება, უცხოელმა აგენტებმა საქართველოში განსაზღვრონ რაიმე პოლიტიკური კუთხით. მათ შორის, საუბარი იყო იმაზე, რომ თითქოს საქართველო გამოიყენება სანქციების გვერდის ავლისთვის. ჯერ ჰქონდათ კამპანია რუსეთთან დაკავშირებით. დადასტურდა ყოველ ჯერზე, რომ ყველა ეს განცხადება იყო აბსოლუტური ტყუილი, თუმცა მაინც აგრძელებდნენ და, მგონი, დღემდე აგრძელებენ. რაც შეეხება ირანს. ირანთან რომ აიღოთ ვაჭრობის მონაცემები, ნახავთ, რომ ჩვენი ექსპორტი ირანში არის ნახევარ პროცენტზე ნაკლები საერთო ვაჭრობაში და იმპორტი ირანიდან არის 1.4%. ასეთ დროს როცა საუბრობენ ეს ადამიანები, რომ საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის, ერთი, რომ ტყუილი და მეორე, ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესების მიზანმიმართული დაზიანების მცდელობა. რა თქმა უნდა, ისინი ვერ დააზიანებენ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, თუმცა რა აზრი უტრიალებთ ამ ადამიანებს, ეს არის აბსოლუტურად ცხადი. ეს მონაცემები უკვე ადასტურებს იმას, რომ ასეთი განცხადებები არის ყალბი. სანქციების გვერდის ავლა, ნახევარ პროცენტიანიც რომ არ არის ჩვენი ექსპორტი და 1.4% რომ არის იმპორტი, არის სრული ტყუილი, თუმცა ისინი მაინც ახერხებენ ასეთ პირობებშიც საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე თავდასხმას. ამიტომ ვამბობთ ჩვენ მარტივად, რომ ესენი არიან უცხოელი აგენტები, საზოგადოებამაც უნდა იცოდეს ამის შესახებ.თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა. ერთ დღეში დაადასტურა, რომ ტყუილი თქვა,  თითქოს ასეთი განცხადება არ გაუკეთებია, წინა დღეს თუ 2 დღით ადრე ჰქონდა გაკეთებული. ეს განცხადება საჯაროა და გვარცელდა კიდეც. ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს, რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ეს ტრაგედიაა, სერგო ორჯონიკიძის საქმის გაგრძელებაა, რასაც აკეთებს ეს ქალბატონი.საქართველოს პარლამენტის წინ იკრიბება ხოლმე 100 ადამიანი და აკეთებს ქართული სახელმწიფოს საწინააღმდეგო განცხადებებს. ყველაფერს სჭირდება მართვა. როდესაც ადამიანი გამოდის და საუბრობს უნივერსიტეტზე, რომელსაც ავტორიზაციაც კი არ აქვს მინიჭებული და როდესაც აქ ცდილობს, რომ საქართველოს სახელმწიფოს რაღაც დააბრალოს, აქედან ჩანს, რა მძიმეა უცხოელი აგენტის ბედი, რა მძიმეა ქართველი ახალი სერგო ორჯონიკიძეების ბედი. ეს ადამიანები, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, თინა ხიდაშელი და ა.შ. არიან იმაზე მძიმე მდგომარეობაშიც კი, ვიდრე იყო 1921 წელს სერგო ორჯონიკიძე. სხვას ვერაფერს ვერ შევადარებ“, –  აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ემანუელ მაკრონი – კვიპროსზე თავდასხმა ევროპაზე თავდასხმაა, საზღვაო გადაადგილების დაცვის მიზნით, საფრანგეთი წითელ ზღვაში ორ ფრეგატს გაგზავნის

კვიპროსზე თავდასხმა ევროპაზე თავდასხმაა, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პაფოსში ვიზიტის დროს, კვიპროსის პრეზიდენტთან და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.მისივე თქმით, ევროკავშირის საზღვაო მისიის ფარგლებში, საზღვაო გადაადგილების დაცვის მიზნით, საფრანგეთი წითელ ზღვაში ორ ფრეგატს გაგზავნის.„ჩვენ გვსურს, უზრუნველვყოთ ნავიგაციის თავისუფლება და საზღვაო უსაფრთხოება – აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში, წითელ ზღვაში, სუეცის არხიდან ბაბ ელ-მანდების სრუტემდე. კერძოდ, „ასპიდესის“ ფარგლებში, კოალიციის, რომელიც უკვე არსებობს, რომლის შტაბბინაც საბერძნეთშია განთავსებული და ამჟამად საბერძნეთი უწევს კოორდინაციას. საფრანგეთი ამ გრძელვადიან პერსპექტივაში წვლილს შეიტანს ორი ფრეგატით, რომელიც ამ ძალისხმევისთვის იქნება მიძღვნილი. ჩვენ წმინდა თავდაცვითი, წმინდა ესკორტის მისიის შექმნის პროცესში ვართ, რომელიც როგორც ევროპულ, ასევე არაევროპულ სახელმწიფოებთან ერთად შეიქმნება. მისი მიზანია, კონფლიქტის ყველაზე არასტაბილური ფაზის დასრულებისთანავე რაც შეიძლება სწრაფად უზრუნველყოს კონტეინერმზიდი გემებისა და ტანკერების ესკორტირება ორმუზის სრუტის თანდათანობითი გახსნისთვის, რაც მნიშვნელოვანია საერთაშორისო ვაჭრობისთვის, ასევე გაზისა და ნავთობის მიმოქცევისთვის, რომელთა ტრანსპორტირებაც კვლავ უნდა იყოს შესაძლებელი ამ რეგიონიდან“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

ჯო უილსონი – ირანის დასამარცხებლად „ქართული ოცნება“ დაამარცხეთ

ირანის დასამარცხებლად „ქართული ოცნება“ დაამარცხეთ, – ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი სოციალურ ქსელში წერს.„ანტიამერიკულ პარტია „ქართულ ოცნებას“ ძალიან ეშინია, რომ ამერიკელები გაიგებენ, რომ ისინი ირანის რეჟიმთან თანამშრომლობენ, ამიტომ ყველაფერს აკეთებენ, რომ გააჩუმონ ექსპერტები, რომლებიც ამ ფაქტს აღნიშნავენ. ირანის დასამარცხებლად „ქართული ოცნება“ დაამარცხეთ“, – წერს ჯო უილსონი.

ილჰამ ალიევმა მოჯტაბა ხამენეის ირანის ახალ უზენაეს ლიდერად არჩევა მიულოცა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მოჯტაბა ხამენეის ირანის ახალ უზენაეს ლიდერად არჩევა მიულოცა.„პატივცემულო აიათოლა ხამენეი, გილოცავთ ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერის თანამდებობაზე არჩევას. მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი სამძიმარი თქვენი მამის, აიათოლა ალი ხამენეის, ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერის ტრაგიკული გარდაცვალების გამო. აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის ურთიერთობები გამომდინარეობს ჩვენი ხალხების ნებიდან, რომლებიც ისტორიულად კეთილმეზობლობასა და მეგობრობაში ცხოვრობდნენ.გამოვთქვამ იმედს, რომ, ჩვენი ხალხების ინტერესების შესაბამისად, ურთიერთპატივისცემისა და ნდობის სულისკვეთებით, ერთობლივ ძალისხმევას გავაგრძელებთ ჩვენი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების განვითარებისათვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ მაღალ თანამდებობაზე დანიშვნას. მშვიდობასა და სიმშვიდეს ვუსურვებ ირანის მეგობარ და მოძმე ხალხს“, – ნათქვამია ალიევის მისალოც წერილში.

ბოლო სიახლეები