ოთხშაბათი, ივნისი 18, 2025

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 25 მოქალაქე გააძევეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოდან უცხო ქვეყნის 25 მოქალაქის გაძევება განხორციელდა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოდან გაძევებულ იქნა სომხეთის, უზბეკეთის, ირანის, ნიგერიის, ტაჯიკეთის, ჩინეთის, თურქმენეთის, რუსეთის, ინდოეთის, ალჟირის, ეგვიპტის, თურქეთის, პაკისტანის და ბანგლადეშის, ჯამში, 25 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებმა სასწავლო პრაქტიკა ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის მშენებლობაზე გაიარეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებმა, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან შეთანხმებით, პირადად მინისტრ რევაზ სოხაძის უშუალო ჩართულობითა და რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით, სასწავლო პრაქტიკა არაგვის ხეობაში, ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, ადგილზე გაიარეს. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, სასწავლო პრაქტიკაში, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, ინსტიტუტ „საქგზამეცნიერების“ გენერალური დირექტორი თამაზ შილაკაძე და ფაკულტეტის პროფესორები - თამაზ ხმელიძე, ბორის მაისურაძე, მარინა გრძელიშვილი და კონსტანტინე მჭედლიშვილი, სამშენებლო ფაკულტეტის სწავლების სამივე საფეხურის 35 სტუდენტი მონაწილეობდა.როგორც აკადემიკოსი თამაზ შილაკაძე აღნიშნავს, სტუდენტებს პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად, ობიექტზე მეგზურობას უწევდნენ საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული სამშენებლო პროცესების მართვის სამსახურის უფროსი გიორგი ერაგია და მისი მოადგილე ბესიკ დიასამიძე. თამაზ შილაკაძის თქმით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სტუდენტებს გააცნეს როგორც ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის მშენებლობის სრული პროექტი, ასევე, იმ მონაკვეთის მუშა ნახაზები, რომელსაც სასწავლო პრაქტიკა მოიცავდა.„სტუდენტებს მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ ჩვენი ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების ძირითად პროექტებს და მშენებლობა-რეაბილიტაციის ღონისძიებებს, რომლებიც საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე ხორციელდება, ინფრასტრუქტურის სამინისტრო უწევს კოორდინაციას, ხოლო აღნიშნული პროექტების უშუალო შემსრულებელი საავტომობილო გზების დეპარტამენტია, რომლის წარმომადგენლებმაც სასწავლო პრაქტიკის მონაწილე სტუდენტებს მეგზურობა გაუწიეს. მათთან შეთანხმებით, ახალგაზრდები, საქართველოს სამხედრო გზის ფასანაური-მლეთის შუა მონაკვეთზე მშენებარე მრუდი მოხაზულობის ხიდის მეშვეობით, გადავიყვანეთ არაგვის მარცხენა სანაპიროზე, საიდანაც 1,5 კმ სიგრძის საავტომობილო სამზოლიანი გვირაბი იწყება. საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, ხიდზე და გვირაბში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებზე სტუდენტებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორებმა თამაზ ხმელიძემ და ბორის მაისურაძემ. აღსანიშნავია, რომ სტუდენტები დააკვირდნენ გვირაბის პორტალთან ბეტონ-ტუმბოსა და ავტობეტონსაზიდის სამუშაოებს, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია ახალგაზრდებში. მათ არაერთი შეკითხვა დასვეს გვირაბის გაყვანის, გამაგრების, მოპირკეთების, ექსპლუატაციის, ვენტილაციისა და ქანობის შესახებ, ასევე, ინტერესი გამოიწვია ხიდის საფეხმავლო ტროტუარების, არმატურისა და მოაჯირების დამონტაჟების პროცესმა. ვფიქრობთ, მსგავსი სასწავლო პრაქტიკები მრავალმხრივ მნიშვნელოვანია სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებისთვის“, - აღნიშნავს თამაზ შილაკაძე.სამშენებლო ფაკულტეტის ბაკალავრის, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა, რადგან არაგვის ხეობაში გრანდიოზული სამუშაოები მიმდინარეობს.„ერთია, როდესაც აუდიტორიაში ვისმენთ ლექციებს მშენებლობის ამა თუ იმ საკითხზე, და სულ სხვა ეფექტია, როცა მიმდინარე მშენებლობას ადგილზე აკვირდები და პრაქტიკაში შეგიძლია შეისწავლო. ადრეც ვყოფილვარ არაგვის ხეობაში, მაგრამ აქ თუ ასეთი გრანდიოზული სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა, ვერ წარმოვიდგენდი. აღფრთოვანებული ვართ მეც და ჩემი ჯგუფელებიც. მადლობა ჩემს ფაკულტეტს, პედაგოგებს და ჩემს უნივერსიტეტს“, - ამბობს გიორგი კვირიკაშვილი.როგორც დოქტორანტი მარი თებიძე აღნიშნავს, სასწავლო პრაქტიკამ მისი სამეცნიერო თვალსაწიერი მნიშვნელოვნად გააფართოვა.„აღფრთოვანებული ვარ, რომ შესაძლებლობა მომეცა, სასწავლო პრაქტიკა ასეთ მნიშვნელოვან სამშენებლო ობიექტზე გამეარა. ვფიქრობ, ამით ჩემი სამეცნიერო თვალთახედვა მნიშვნელოვნად გაფართოვდა. უკვე დარწმუნებული ვარ, ნანახიდან ბევრი რამ სადისერტაციო ნაშრომის მომზადებისას გამომადგება“, - აღნიშნავს მარი თებიძე.ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის მშენებლობაზე ჩატარებულ სასწავლო პრაქტიკას პოზიტიურად აფასებს სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ზურაბ გვიშიანი. მისი განცხადებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სასწავლო პრაქტიკების კომპონენტს საგანმანათლებლო პროცესში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია სტუდენტთა პროფესიული მომზადების მიმართულებით.„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის სასწავლო პრაქტიკების კომპონენტი წარმოადგენს განათლების პროცესის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილს. მიგვაჩნია, რომ სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა არა მხოლოდ მიიღონ თეორიული ცოდნა ინჟინერიაში, არამედ განივითარონ პროფესიული უნარები, ჩაერთონ მასშტაბურ სამშენებლო პროექტებში, გავიდნენ ობიექტებზე და ადგილზე, რეალურ დროში დააკვირდნენ მშენებლობის პროცესს. არაგვის ხეობაში, ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობაზე ჩატარებული სასწავლო პრაქტიკა ამის თვალსაჩინო მაგალითია. ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა ჩართულობა და სასწავლო პროცესისადმი საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერა ნამდვილად დასაფასებელია. სწორედ სამინისტროსთან თანამშრომლობით შევძელით სასწავლო პრაქტიკის ორგანიზება ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ერთ-ერთ მშენებარე ობიექტზე. მასპინძლობისა და მეგზურობისთვის ასევე მადლობას ვუხდით საავტომობილო გზების დეპარტამენტს და ობიექტზე მომუშავე პროფესიონალებს.საგულისხმოა, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, როგორც სამშენებლო, ისე ყველა სხვა ფაკულტეტზე, რეგულარულად ხორციელდება სასწავლო პრაქტიკები პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით. ფაკულტეტებს მნიშვნელოვან მხარდაჭერას გვიწევს რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, ასევე, სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი და მისი ხელმძღვანელი, დოქტორი ლევან ფიფია, რომელიც აქტიურად მონაწილეობს საკოორდინაციო საკითხების გადაჭრაში. ვფიქრობ, უნივერსიტეტის მხრიდან მსგავსი პრაქტიკული ინიციატივების განხორციელება საშუალებას მისცემს სტუდენტებს, უკეთ გაიაზრონ თავიანთი პროფესიული გზა, შეიძინონ აუცილებელი უნარ-ჩვევები, რათა სამომავლოდ, დარგის პროფესიონალებად და მკვლევრებად ჩამოყალიბდნენ“, - აცხადებს ზურაბ გვიშიანი.სტუ-ის ინფორმაციით, სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებისთვის სასწავლო პრაქტიკები სასწავლო წლის ბოლომდე გაგრძელდება.

განგაშის უმაღლესი დონე კუნძულ ბალიზე – ვულკანის ამოფრქვევის გამო, გაუქმებულია ავიარეისები

ვულკანის ამოფრქვევის გამო, ინდონეზიის საკურორტო კუნძულ ბალის მიმართულებით ათეულობით ავიარეისი გადაიდო ან გაუქმდა. შეფერხებულია ბალიდან მომავალი რეისებიც. ინფორმაციას BBC ავრცელებს.ქვეყნის ვულკანოლოგიის სააგენტოს ცნობით, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანი - "ლევოტობი ლაქი ლაქი" სამშაბათს, ადგილობრივი დროით 17:35 საათზე ამოიფრქვა, რის შედეგადაც ფერფლის ღრუბელი 11 კილომეტრის სიმაღლეზე აიწია.მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ხელისუფლებამ განგაშის უმაღლესი დონე გამოაცხადა და მოსახლეობას ურჩია, კრატერიდან 7 კილომეტრის რადიუსში აქტივობებს თავი აარიდონ.

„ცაჰალი“: ისრაელმა ირანის ქალაქ ქირმანშაჰში სამხედრო ბაზა დაბომბა და ხუთ ვერტმფრენი გაანადგურა

ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ირანის ქალაქ ქირმანშაჰში მდებარე სამხედრო ბაზა დაბომბა, რის შედეგადაც ხუთი შემტევი ვერტმფრენი განადგურდა. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის არმია („ცაჰალი“) ავრცელებს.ისრაელის თავდაცვის არმიის მტკიცებით, განადგურებულია AH-1 ტიპის ვერტმფრენები.„ცაჰალის“ განცხადებით, ისრაელური თვითმფრინავები ირანის საჰაერო სივრცეში დილიდან დაფრინავენ და სამხედრო მიზნებს ეძებენ.

ევროპარლამენტში სხდომის დაწყებამდე ევროპარლამენტარებმა პატიმრობაში მყოფი პირების მხარდამჭერი ბანერები გაშალეს

დღეს ევროპარლამენტში საქართველოში მედიის თავისუფლების საკითხზე, მათ შორის მზია ამაღლობელის საქმეზე, დებატები გაიმართება.სხდომის დაწყებამდე ევროპარლამენტარებმა რასა იუკნევიჩიენემ, მალგოჟატა გოშევსკამ, პეტრას აუსტრევიჩუსმა და სხვებმა პატიმრობაში მყოფი პირების – მათე დევიძის, მზია ამაღლობელის, ზურაბ ჯაფარიძის, ნიკა მელიას, მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას მხარდამჭერი ბანერები გაშალეს.ცნობისთვის, ევროპარლამენტში დებატებზე შვიდი პოლიტიკური ჯგუფის მიერ მომზადებული რეზოლუციები განიხილება, ხოლო კენჭისყრა ხვალ, 19 ივნისისთვის არის დაგეგმილი.ფოტოს Euroscope ავრცელებს.

თეა წულუკიანი – დაიბადა ახალი თაობა, რომელიც ჩვენზე უფრო მეტს იბრძოლებს, რომ სააკაშვილი ისტორიის წიგნებიდანაც ამოიშალოს

„ქართული ოცნების“ უმრავლესობა გააკეთებს იმას, რომ სააკაშვილის კვალი იყოს მხოლოდ ნეგატიური ქართულ ისტორიაში. ეს არ არის ვიღაცაზე გადაკიდება, ეს არის სიმართლე“, – ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა კომისიის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.წულუკიანის თქმით, მომავალი თაობა იბრძოლებს, რომ მიხეილ სააკაშვილის სახელი ისტორიის წიგნებიდანაც ამოიშალოს.„დღეს ჩვენი შვილები უკვე არიან პოლიტიკოსები. მათ იციან, რა არის შავი და რა არის თეთრი, ეს მათ ტკივილის შედეგად ისწავლეს და სწავლობენ. ის თაობა, რაც მათ მოასწრეს, შეცვალეს და დღეს გარეთ ყვირიან, „ნაცების“ მობრუნების მცდელობას უწყობენ ხელს. ამის ფონზე, დაიბადა და იქმნება ახალი თაობა, რომელიც ჩვენზე უფრო მეტს იბრძოლებს, რომ სააკაშვილი ისტორიის წიგნებიდანაც ამოიშალოს. თავისი თავი ჩაწერა სახელმძღვანელოებში, როგორც სახელმწიფოს დამფუძნებელი. ჩვენი კომისია ყველაფერს გააკეთებს, რომ რეალობა აღდგეს. „ქართული ოცნების“ უმრავლესობა პარლამენტში ამას გააკეთებს, რომ სააკაშვილის კვალი იყოს მხოლოდ ნეგატიური ქართულ ისტორიაში, რადგან ეს არის სიმართლე. ეს არ არის ვიღაცაზე გადაკიდება, ეს არის სიმართლე“, – განაცხადა წულუკიანმა.

ბოლო სიახლეები