ხუთშაბათი, თებერვალი 12, 2026

მთავრობამ პარლამენტში წარადგინა კანონპროექტი, რომელიც ქვეყანაში ექვს წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანას კრძალავს

პარლამენტში წარვადგინეთ კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ექვს წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანაზე აკრძალვის დაწესებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს არის მნიშვნელოვანი ეკოლოგიისთვის, ადამიანების ჯანმრთელობისთვის და ადამიანების კომფორტული გადაადგილების უზრუნველსაყოფად.

„საქართველოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა ბოლო წლების განმავლობაში არის მნიშვნელოვნად და მკვეთრად გაზრდილი. 2012 წელს საქართველოში 864 000 ავტომობილი იყო რეგისტრირებული და წლევანდელი მონაცემებით ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა ორ მილიონს. ვხედავთ, რა მასშტაბის ზრდაზეა საუბარი. ავტომობილების რაოდენობის ასეთი ზრდა იწვევს, ერთი მხრივ, საგზაო მოძრაობის გადატვირთვას და მეორე მხრივ, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესებას. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ აქაც ძალიან მნიშვნელოვანი ზომების მიღება არის აუცილებელი. ამისთვის ჩვენ პარლამენტში წარვადგინეთ კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანაზე აკრძალვის დაწესებას. რა თქმა უნდა, მცირე გამონაკლისები იქნება გათვალისწინებული. ვფიქრობთ, რომ არსებითად მნიშვნელოვანია 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილები არ იყოს შემოყვანილი ქვეყანაში. ეს არის მნიშვნელოვანი ეკოლოგიისთვის, ადამიანების ჯანმრთელობისთვის და ეს არის მნიშვნელოვანი ადამიანების კომფორტული გადაადგილების უზრუნველსაყოფად. მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრს მომზადებული კანონპროექტისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ინიციატივა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ნიკა გვარამია – რაც ვთქვი, ისიც სავსებით საკმარია, რომ ხვალ უკან შემაბრუნონ, მაგრამ მგლის შიშით ცხვარი არ უნდა გაწყვიტო – ენდეთ ქართულ ანდაზებს

რაც ვთქვი, ისიც სავსებით საკმარია, რომ ხვალ უკან შემაბრუნონ, მაგრამ მგლის შიშით ცხვარი არ უნდა გაწყვიტო - ენდეთ ქართულ ანდაზებს, - ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.გვარამიას განცხადებით, „საერთოდ არ აღელვებს, რატომ წაუყენეს ახალი ბრალდება“.„არავის უკვირს ჩვენს თავს რაც ხდება, მაგრამ ჩვენი ოჯახების თავს რაც ხდება, არც ეს უნდა გვიკვირდეს, საკუთარი თანამდებობის პირების ოჯახებს რას უშვრებიან, „აშავებენ“, კატასტროფულად - რომ არ იკადრებ არასდროს, უბრალოდ, ნაცნობის მიმართაც კი. რასაც აკეთებენ, ეს არაფერში წერია. ჩემთვის ბოლო წვეთი იყო ბატონი ანზორი რომ ვნახე, ნიკას ბრალის მერე. ეს მართლა ბოლო წვეთია, რადგან რაღაც ადამიანური საზღვრები არსებობს, „ქოცებისთვის“, ეს საზღვრები არავისთან დაკავშირებით აღარ არსებობს. ნიკას ვინ დაეძებს, საკუთარ ოჯახის წევრებად რომ ჰყავდათ და იმ ცოლებთან და დედებთან რომ დადიოდნენ სავახშმოდ კვირაში ერთხელ, იმ ცოლებს და დედებს, ვინც სუფრას უშლიდნენ, აშავებენ და საშინელებებს წერენ მათზე. ისიც არ გამიკვირდება, რომ მათი ოჯახის წევრებიც დაიჭირონ. დარწმუნებული ვარ, ვინც ბრალი აღიარა და აქ ზის, იმიტომ ზის, რომ მათი დაჭერით ემუქრებოდნენ „ქოცები“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

პაატა ბურჭულაძე – პოლიტიკოსებს შორის მე ვარ ხელოვნების სფეროს ერთადერთი წარმომადგენელი და ყველაზე საშიში დამნაშავის ბრალი მაქვს წარდგენილი, გჯერათ, რომ რაიმე საფრთხეს წარმოვადგენ?

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში პოლიტიკოსებსა და ოპოზიციონერებს შორის მე ვარ ერთადერთი სახელოვნებო სფეროს წარმომადგენელი და გამოვირჩევი იმით, რომ ყველაზე საშიში დამნაშავის ბრალი მაქვს წარდგენილი. გულწრფელად გეკითხებით, გჯერათ, რომ საქართველოსა და მისი სახელმწიფოებრიობისთვის პაატა ბურჭულაძე რაიმე საფრთხეს წარმოადგენს? – ამის შესახებ განაცხადა მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.მისივე თქმით, შემდეგ დაბადების დღეს რუსთაველზე შეხვდება.„ძალიან ამაყად ვზივართ აქ. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე განსაკუთრებული დაბადების დღე მქონდა შარშან, როდესაც რუსთაველის ოპერის თეატრი არ დამითმო „ქართულმა ოცნებამ“ და რუსთაველზე ასობით ათასი ადამიანისგან მივიღე მოლოცვა. წელს სასამართლოზე ვიღებ მოლოცვებს, რაც დაუვიწყარი იქნება ჩემს კარიერაში. როგორც წესი, ამ დღეს არის უამრავი მოლოცვა მსოფლიოს ყველა კუთხიდან, დღეს კი, პროკურორების გადაწყვეტილებით, ჩემს მეუღლესთან, შვილებთან, შვილიშვილებთან სატელეფონო საუბარიც არ შემიძლია. სარწმუნოება გვასწავლის, რომ ბოროტებას სიკეთით უნდა უპასუხო და მეც, როგორც ქრისტიანმა, გადავწყვიტე, დღეს პროკურორებს, განსაკუთრებით, თამარ ბეჟუაშვილს და ვაჟა თოდუას საჩუქარი გაგიკეთოთ და სიკეთით გიპასუხოთ. შემიძლია, წერილი მივწერო ევროპარლამენტს, ევროსაბჭოს, ევროკომისიას, რომ შემთხვევით არ გამორჩეთ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრები დასანქცირებულთა სიაში, რომელიც მომდევნო თვეებში გამოქვეყნდება. მერწმუნეთ, ამ წერილს ანგარიშს გაუწევენ, მაგრამ ამას არ გავაკეთებ, არა იმიტომ, რომ არ იმსახურებთ, არამედ ჩვენ გვაქვს მაგალითები, რომ „ოცნების“ წარმომადგენლებს, გამორჩეულად უარყოფით ადამიანებსაც კი, ჰყავთ შესანიშნავი შვილები და მათი მომავალი მშობლების საქციელს არ უნდა გადავაყოლოთ. ისინიც ჩვენი ქვეყნის შვილები არიან. რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში პოლიტიკოსებსა და კორუფციონერებს შორის მე ვარ სახელოვნებო სფეროს ერთადერთი წარმომადგენელი და გამოვირჩევი იმით, რომ ყველაზე საშიში დამნაშავის ბრალი მაქვს წარდგენილი. გულწრფელად გეკითხებით, თვითონ გჯერათ, რომ საქართველოსა და მისი სახელმწიფოებრიობისთვის პაატა ბურჭულაძე რაიმე საფრთხეს წარმოადგენს? ვისაც გჯერათ, სწრაფ გამოჯანმრთელებას გისურვებთ. შემდეგ დაბადების დღეს რუსთაველზე შევხვდებით“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

მიხეილ ყაველაშვილი: საქართველო, როგორც შუა დერეფნის მნიშვნელოვანი კვანძი, დაინტერესებულია გააღრმაოს თანამშრომლობა ხორვატიასთან და ხელი შეუწყოს სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას ბალკანეთის რეგიონსა და აზიას შორის

ჩვენი ხელისუფლების მიერ არჩეული მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური კეთილდღეობის ვექტორი ურყევია. ამას მოწმობს საქართველოს ტრადიციული სამშვიდობო პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში. ამიტომ მხოლოდ მივესალმებით, როდესაც ამ პროცესს გარე აქტორებიც უერთდებიან, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ხორვატიის პრეზიდენტთან, ზორან მილანოვიჩთან ერთად გამართულ ბრიფინგზე. მისივე თქმით, საქართველო, როგორც შუა დერეფნის მნიშვნელოვანი კვანძი, დაინტერესებულია გააღრმაოს თანამშრომლობა ხორვატიასთან და ხელი შეუწყოს სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას ბალკანეთის რეგიონსა და აზიას შორის. „ახალმა გეოპოლიტიკურმა რეალობამ მნიშვნელოვნად გაზარდა შუა დერეფნის მნიშვნელობა. საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს დერეფნის განვითარებას, მის უსაფრთხოებასა და ეფექტიანად ფუნქციონირებას. საქართველო, როგორც შუა დერეფნის მნიშვნელოვანი კვანძი, დაინტერესებულია გააღრმაოს თანამშრომლობა ხორვატიასთან და ხელი შეუწყოს სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას ბალკანეთის რეგიონსა და აზიის ქვეყნებს შორის.ჩვენ მზად ვართ ხორვატიასთან განვავითაროთ ორმხრივი ურთიერთობები პოლიტიკური, ეკონომიკური, ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო და კულტურული მიმართულებით და ჩვენი წვლილი შევიტანოთ სამხრეთ კავკასიისა და ბალკანეთის რეგიონების დაახლოებაში. ვსარგებლობ შემთხვევით და კიდევ ერთხელ გადავუხდი მადლობას პრეზიდენტ ზორან მილანოვიჩსა და მის დელეგაციის თითოეულ წევრს საქართველოში სტუმრობისთვის“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები დაამტკიცა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის განცხადებით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში კვოტები განაწილდება უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციით დადგენილი „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის პრინციპის“ შესაბამისად, არსებითად, უნივერსიტეტების ტრადიციული პროფილის გათვალისწინებით.კერძოდ, მინისტრის თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიღება გამოცხადდება ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები, პედაგოგიკის გამოკლებით; სამართალი; ეკონომიკა და ბიზნესის ადმინისტრირება; სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები.საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღება გამოცხადდება საინჟინრო-ტექნიკურ დისციპლინებზე.თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მიღება გამოცხადდება მედიცინის სპეციალობებზე.ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მიღება გამოცხადდება პედაგოგიკის პროგრამებსა და ABET აკრედიტაციის მქონე STEM სპეციალობებზე.სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში – აგრარულ სპეციალობებზე, ქართულ-აფხაზური ენის და ლიტერატურისა და პედაგოგიკის სპეციალობებზე.სახელოვნებო უნივერსიტეტები და სპორტის უნივერსიტეტი სტუდენტებს მიიღებენ შესაბამის სპეციალობებზე.ბათუმისა და ქუთაისის უნივერსიტეტები შეინარჩუნებენ მრავალფუნქციურ დატვირთვას.ზუგდიდის, გორის, ახალციხისა და თელავის უნივერსიტეტებში აქცენტი გაკეთდება აგრარულ სპეციალობებზე, ტურიზმის მიმართულებასა და პედაგოგიკაზე.

ზორან მილანოვიჩი – საქართველოს მე-12 საუკუნეში შოთა რუსთაველი ჰყავდა, ამ დროს ყველაზე წინ წასულ ევროპულ ქვეყნებსაც არ გააჩნდათ ასეთი დონის ლიტერატურა, წერდნენ ქაღალდის ფურცელზე

სახელმწიფო, ერი, რომელსაც მე-12 საუკუნეში შოთა რუსთაველი ჰყავდა, ამ დროს ყველაზე წინ წასულ ევროპულ ქვეყნებსაც არ გააჩნდათ ასეთი დონის ლიტერატურა, ხელოვნება და წერდნენ ქაღალდის ფურცელზე, საქართველო იმსახურებს გაგებას, მხარდაჭერას, – ამის შესახებ ხორვატიის პრეზიდენტმა, ზორან მილანოვიჩმა ქართველ კოლეგასთან, მიხეილ ყაველაშვილთან ერთობლივი ბრიფინგისას განაცხადა.მილანოვიჩის თქმით, ხორვატია საქართველოს გვერდით დგას და მას მხარს უჭერს.მე ჩამოვედი ფართო დელეგაციით, ეკონომისტები არიან ჩემთან ერთად, რომლებიც წამყვან ბიზნესებს წარმოადგენენ ხორვატიაში, სკანდინავიურ ქვეყნებს, მათ აინტერესებთ საქართველოს ბაზარი, კავკასიის ეს ზონა. ჩემი და ყველას სოლიდარობა საქართველოსთან, კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას. მე ვთვლი, რომ თქვენ მშვიდობიანად შეძლებთ, აღიდგინოთ ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ გრძნობების დონეზეც კი თქვენს გვერდით ვდგავართ, რადგან ჩვენც გვქონდა უზარმაზარი პრობლემები, ჩვენი მტერი უფრო სუსტი იყო, ვიდრე თქვენი. ვფიქრობ, ეს არ იქნება ინტერპრეტირებული, როგორც პრორუსული აგიტაცია, რადგან ყველაფერი შესაძლებელია დღევანდელ სამყაროში. მე აქ ვიმყოფები დღეს და ხვალ ჩემს მეგობრებთან ერთად, ზოგიერთს წლებია ვიცნობ, მანამდე არ შევხვედრივარ ბატონ პრეზიდენტ ყაველაშვილს, ახლა შევხვდით და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობა იქნება ძალიან მაღალ დონეზე, რომელიც ემყარება ურთიერთპატივისცემას. ნება მომეცით, დავასრულო, რომ სახელმწიფო, ერი, რომელსაც მე-12 საუკუნეში შოთა რუსთაველი ჰყავდა, ასეთი პოეტი, ამავე დროს, ყველაზე წინ წასულ ევროპულ ქვეყნებსაც არ გააჩენდა ასეთი დონის ლიტერატურა, ხელოვნება და წერდნენ ქაღალდის ფურცელზე. საქართველო იმსახურებს გაგებას, მხარდაჭერას და ამისთვისაც ვიმყოფები აქ“, – განაცხადა მილანოვიჩმა.ცნობისთვის, ხორვატიის პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაში არიან:  ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტის კაბინეტის უფროსი  ბარტოლ შიმუნიჩი, პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო და ევროპის საკითხებში ნევენ პელიცარიჩი, პრეზიდენტის სპეციალური მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ველიბორ მაჩკიჩი, ხორვატიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბრანკო ზებიჩი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

ბოლო სიახლეები